ტალახაძემ კაარიერა დაასრულა?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა, მას მთავარი კითხვა დაუსვეს - გააგრძელებდა თუ არს ის სპორტულ კარიერას, რაზეც მაშინ ლაშამ პირდაპირ თქვა, რომ მეოთხე ოლიმპიადაზე იფიქრებდა და მეოთხე ოლიმპიური ოქროს მოგებას აპირებდა. მერე კი, ყველასთვის მოულოდნელად, ტალახაძე მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის ათეულში აღმოჩნდა და ლოგიკურიც იყო, რომ მას იგივე კითხვა დაუსვეს.

„ალბათ, წასვლის დრო იყო. ვარჯიშს არ ვწყვეტ, იმიტომ, რომ ჯანმრთელობას არ უხდება. მსუბუქად გავაგრძელებ ცხოვრებას ჯანსაღი წესით, სპორტულად ვიცხოვრებ, მაგრამ, ამ ეტაპზე, აქტიურ სპორტში გაჩერებას აღარ ვაპირებ. მოკლედ რომ ვთქვა, შევეშვი, ოღონდ ჯერჯერობით. ახლა საქართველოს სხვა კუთხით ვჭირდები და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება. ყველა ვარჯიშზე ტრავმას ვიღებდი, მაჯაა, წელი, მუხლი... ყველაფერი ჩათრეული იყო და შიშებიც გამიჩნდა“,-განაცხადა ტალახაძემ.

ის, რომ ლაშას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმაც დაადასტურა. მისი თქმით, პარიზის ოლიმპიადამდე, ტალახაძეს არაერთი ინექცია გაუკეთეს, მაგრამ ტრავმები ძალიან სერიოზული იყო თუნდაც იდაყვის ტრავმა, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევდა, შტანგის აწევის შემდეგ, ხელი ჩაეკეტა და ერთი ხელი იდაყვში მოხრილი რჩებოდა.

„მე გპირდებით, რომ ლაშა იქნება დარბაზში იმ კომპონენტით, რაშიც დღემდე იყო. პირობას გაძლევთ, რომ შეჯიბრზე წასაგებად არასოდეს წავიყვან. ეს არის ჩემი ამოცანა და მიზანი, ვინაიდან გაფრთხილება უნდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მის ავტორიტეტსა და მის ფენომენს“,-ეს განცხადება კი, ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს ეკუთვნის.

სხვათა შორის, მმართველი გუნდის სიაში მყოფმა მეორე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმაც განაცხადა, კარიერას არ ვასრულეებო, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ისინი კანონშემოქმედებით საქმიანობასა და პარალელურად ისეთ ვარჯიშს, რომელიც შედეგის მისაღწევად არის საჭირო, ძნელი სათქმელია.