TESLA სამი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს - რა ვიცით მათ შესახებ?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Tesla-ს აქციონერების შეხვედრაზე, კომპანიის დირექტორმა, ილონ მასკმა დააანონსა სამი ახალი მოდელი. მართალია, მათი ფოტოები დაფარული იყო, მაგრამ ვიზუალური მახასიათებლები მაინც მიანიშნებდა მათ ფორმებსა და დიზაინზე.

ერთ-ერთი მოდელი გამოირჩევა მაღალი, ყუთისებური ფორმით, რაც მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს Tesla-ს მინივენი, რომელიც, დიდი ალბათობით, Cybervan-ის სახელით იქნეს ცნობილი. მოგეხსენებათ, Tesla-ს ადრეული პრეზენტაციები უკვე მიუთითებდა კომპანიის სურვილზე, შესულიყო კომერციული და სამგზავრო ვენების ბაზარზე. Tesla-ს ახალი ელექტროვენი კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელებს, როგორიცაა Ford E-Transit, Mercedes-Benz eSprinter და Ram ProMaster EV.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მეორე მოდელი გამოირჩევა დაბალი და ელეგანტური პროფილით, რომელიც სპორტულ პროპორციებზე მიუთითებს. სავარაუდოდ, ეს იქნება ახალი Roadster-ი, რომელიც პირველად 2017 წელს იყო წარმოდგენილი და მისი წარმოების დაწყება 2020 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა მისი გამოშვების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. როგორც მასკი ამბობს, Tesla Roadster-ს უფრო სწრაფად შეეძლება აჩქარება, ვიდრე ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა სერიულ ავტომობილს და ამ მახასიათებლებით ის კონკურენციას Ferrari-სა და Lamborghini-ს გაუწევს.

რიგით მესამე მოდელი, სავარაუდოდ, არის თვითმართვადი Robotaxi, რომლის შესახებაც მასკი დიდი ხანია საუბრობს. მისი განცხადებით, Robotaxi აგვისტოში იქნება წარმოდგენილი და მას ექნება Tesla-ს ავტოპილოტის პროგრამული უზრუნველყოფა. ამ მოდელს, შესაძლოა, არ ჰქონდეს არც საჭე და არც სატერფულები, რაც მას სრულიად თვითმართვად ავტომობილად აქცევს.

ასევე არსებობს ვარაუდი, რომ უახლოეს მომავალში წარმოდგენილი ერთ-ერთი მოდელი შესაძლოა იქნეს Tesla Model 2, ანუ დაბალფასიანი მოდელი, რომელიც Tesla-ს სამოდელო იერარქიაში Model 3-ზე უფრო დაბლა იქნება წარმოდგენილი. ამ მოდელის ფასი შესაძლოა $25,000-ზე ნაკლები იყოს, თუმცა მასთან დაკავშირებით ჯერაც არსებობს კითხვის ნიშნები.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოდელები Tesla-ს გეგმებშია უკვეა გათვალისწინებული, მათი წარმოება ჯერ კიდევ შორს არის. ამჟამად, Tesla კონცენტრირებულია Cybertruck-ისა და Semi-ს მასობრივი წარმოების დაწყებაზე. ახალი მოდელები, სავარაუდოდ, წარმოებაში მას შემდეგ შევა, რაც კომპანია წარმატებით დაიწყებს ამ ორი მოდელის მასობრივ წარმოებას.

ახალი ავტომობილების ანონსი მიუთითებს იმაზე, რომ Tesla განვითარებას არ წყვეტს. სავარაუდოდ, მათი გამოშვება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს კომპანიის პოზიციას ელექტრომობილების ბაზარზე და უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის უფრო ფართო არჩევანის შეთავაზებას, რასაც ისინი უკვე დიდი ხანია ითხოვენ. 

 

წყარო:bm.ge