რა რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა ტურიზმსა და ავიაციაში - მთავრობის სხდომის ეკონომიკური ასპექტები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, 1 ივლისიდან, პედაგოგების ხელფასი მინიმუმ - 500, მაქსიმუმ - 800 ლარით გაიზრდება. ყველაფერი ეს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების შედეგად განხორციელდება, რამაც მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის 360 მილიონი ლარით გაზრდის შესაძლებლობას მისცა. გაზრდილი ბიუჯეტი კი ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებსა და რეგიონული განვითარების მიმართულებაზე გადანაწილდება.

 

ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პირველი ოთხი თვის განმავლობაში, დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. სწორედ ეს გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას. სამომავლოდ, ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება და ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს 360 მილიონი ლარი დაემატება.

„ეს ზრდა არსებითად გადანაწილდება ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა, ასევე რეგიონული განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტზე და ეს მონაცემებიც ამის ძალიან კარგი მაგალითია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, 1 ივლისიდან, მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა ამოქმედდება, რომლის მიხედვით 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება, სულ მცირე 500 ლარით გაეზრდება, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება - 800 ლარით. პრემიერ-მინისტრის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რეფორმები გაგრძელდება, როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში.

„ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით, 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება 300 ლარით. ყველა პედაგოგს, სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე, ირაკლი კობახიძე ტურიზმსა და ავიაციაში არსებულ რეკორდულ მაჩვენებლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელს, მთავრობა ტურიზმიდან 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს და 7.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ელოდება. პრემიერის თქმით, კვარტალურ ჭრილში დაფიქსირდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან - 808 მილიონი დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40%-ით გადააჭარბა.

„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ 1 300 000 საერთაშორისო მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით, 8%-იანი ზრდაა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - ჩვენს ქვეყანაში, ერთი კვარტლის განმავლობაში, ვუმასპინძლეთ 939 000 ტურისტს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მანვე ავიაციის სფეროში არსებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე შესრულდება 13 600 ავიარეისი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.

„ევროპაში, კონკრეტულად 11 ავიაკომპანია ასრულებს რეისებს, 38 მიმართულებით, რაც ასევე ისტორიულად ყველაზე მაღალი შედეგია. წელს, საქართველოში ოპერირებს 50 ავიაკომპანია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. 2011 წელს, მხოლოდ 23 ავიაკომპანია ოპერირებდა საქართველოში. ასევე, დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი აეროპორტებში მგზავრთნაკადის კუთხითაც - 1 400 000 მგზავრს გადააჭარბა მგზავრთნაკადმა ჩვენს აეროპორტებში. გვაქვს კარგი ტენდენციები და შესაბამისად, ოპტიმიზმის ძალიან კარგი საფუძველი. წლიურ ჭრილში, 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს ველოდებით კონკრეტულად ტურიზმის სფეროდან, რაც შარშანდელი მაჩვენებლის 9%-იანი გაუმჯობესება იქნება. ველოდებით 7.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, 5.2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს, რაც იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ძალიან კარგი მონაცემებია ტურიზმის და ავიაციის სფეროში და ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ზრდის ტემპები, რისი ძალიან კარგი პერსპექტივებიც არსებობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ, იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენასა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებამ, წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად - ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემისთვის, რაც არის ძალიან დიდი შენაძენი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც 979 წლით თარიღდება და ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი, არაჩვეულებრივი მაგალითი. ამ ქველმოქმედებას ბატონი ბიძინა უკვე მრავალი წელია ეწევა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ ქველმოქმედებამ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად - ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. საუკუნეების მანძილზე ჩვენს ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას იოანე ზოსიმეს ეს უნიკალური ხელნაწერი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა საქართველოს ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 18 ივნისიდან დაიწყო.

„საქართველოს ნაკრები იწყებს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. ეს არის დღე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ველოდით მრავალი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო მძაფრად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური და პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე - უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე აღიმართება საქართველოს დროშა, აჟღერდება საქართველოს ჰიმნი და წარმოუდგენელი ემოციაა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის და თითოეული ქართველისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ათი ათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს. ამაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარულები ვართ, რომ ძალიან წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი. 195 ევრო იყო ბილეთის საფასური, რამაც გაუმარტივა ჩვენს გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება. წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს, დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ისინი ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური. ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები და მინდა, მათ ვუსურვო გამარჯვებები, რაც მთავარია - ჯგუფიდან გასვლა. დარწმუნებულები ვართ, რომ მათი ჟინით, ისინი აუცილებლად შეძლებენ და მიაღწევენ ამ მნიშვნელოვან წარმატებას“, - დასძინა პრემიერმა.

ავტორი: მაკა რუხაძე