"ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს" - პრემიერი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გამჭვირვალობის შესახებ კანონი ითვალისწინებს მექანიზმებს, თუ NGO, ორგანიზაცია თვითონ არ ავსებს საკუთარ დეკლარაციას, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია და თავად შეუძლია შეავსოს მათ ნაცვლად ეს დეკლარაცია, გამჭვირვალე გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

პრემიერის თქმით, იდენტური კანონის მიღების პროცესი იყო დაწყებული ევროკავშირში, თუმცა გააჩერეს, კანონი ჩათვალეს რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ ვეღარ მოგვთხოვენ მერე იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას.

რადგან ვსაუბრობთ ამ კანონზე, ერთი საინტერესო დეტალია. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი, პრინციპები იყო ზუსტად იგივე და გააჩერეს და საინტერესო რა არის - განმარტებითი ბარათი არის გამოქვეყნებული ოფიციალურად, სადაც წერია გაჩერების მიზეზი და იქ წერია ასეთი რაღაც, რომ ჩვენ თუ ამ კანონს მივიღებთ, ამ შემთხვევაში საქართველოსთან აღარ გვექნება მორალური უფლება, რომ მოვთხოვოთ არსებული კანონის გამოხმობაო. წარმოიდგინეთ რა ხდება საერთოდ ევროკავშირის სტრუქტურებში, როგორია ის გავლენები, რომლებიც საერთოდ რევს ვითარებას ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში. კანონი ჩათვალეს რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვეღარ მოგვთხოვენ მერე იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, რაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს. ზოგადად, რაც ხდებოდა ამ კანონის გარშემო, ეს იყო საუკუნის აფიორა და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ საუკუნის აფიორაში ჩართული იყვნენ და დღემდე არიან ჩართული, მათ შორის, უცხოელები, მაღალი დონის დიპლომატები, პოლიტიკოსები. ასეთი აფიორები უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვინ ცდილობს რევოლუციების მოწყობას ამ ქვეყანაში და სწორედ ამას ეძღვნება გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქამდე სანქციებთან დაკავშირებით მოთხოვნას დახურულ კარს მიღმა აყენებდნენ, ახლა კი ეს ევროპარლამენტმა საჯაროდ გააჟღერა.

„მე ვერ ვისაუბრებ იმ შეხვედრების შინაარსზე, რომელიც შედგა დახურულ კარს მიღმა ერთი მარტივი მიზეზის გამო. აქაც ვუფრთხილდებით ურთიერთობებს, ველით ურთიერთობების გადატვირთვას, როცა ომი დასრულდება. თუმცა მინდა შეგახსენოთ ის, რაც ხდებოდა საჯარო სივრცეში და ამის გაგრძელებაა, სხვათაშორის, ერთ-ერთი მნიშველოვანი ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, 2022 წლის 24 თებერვალს, მეორე დღიდან ოპოზიცია გამოვიდა ქუჩაში. ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სადაც ომის დაწყებასთან ერთად გვქონდა ოპოზიციის აქციები ქუჩაში. მათ ჰქონდათ ორი კონკრეტული მოთხოვნა - ერთი, ეს იყო სანქციებთან მიერთება და მეორე იყო უკრაინაში, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. პირდაპირი რიტორიკა იყო ომთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ლომჯარიას, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მარგველაშვილის და სხვათა განცხადებებს. პირდაპირი რიტორიკა. ამას მოგვიანებით, რამდენიმე დღეში დაემატა უკრაინის ხელისსუფლების მაღალჩინოსნების პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, იყო ძალიან ფართო კოორდინაცია - ოპოზიცია, „ენჯეოები“, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კონკრეტული უცხოელები, რომლებიც აქეთკენ გვექაჩებოდნენ. საბოლოო ჯამში, ორივე მოთხოვნა, ნიშნავდა ომისკენ სვლას. ირიბი და პირდაპირი ფორმით. რაც შეეხება სანქციებს და საინტერესო რა არის, რომ დღეს, როგორც იქნა, საჯაროდ გამოფინა ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა, ამდენი ხნის განმავლობაში, ამ დახურულ მოთხოვნას არ გვიყენებდნენ საჯაროდ, გაურბოდნენ. იქ იყო კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, კონკრეტული პოლიტიკოსის განცხადება, „ლელოს“ აქვს თავის პროგრამაში შეტანილი ეს ყველაფერი და ა.შ. მაგრამ როგორც ასეთი, მაღალი დონის მოთხოვნა გაჟღერებული არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, ყველა ერიდებოდა, ელჩები ერიდებოდნენ, ქვეყნები ერიდებოდნენ, ევროპარლამენტი ერიდებოდა. პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და საჯაროდ გაახომოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცეები და რასაც უნდა გამოეწვია ამ ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი. ეკონომიკური კოლაფსი იყო საუკეთესო გზა, რომელიც მიდიოდა, საბოლოო ჯამში, ომამდე,“- განაცხადა პრემიერმა.