პრეზიდენტთან დღეს "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობის" და გახარიას გუნდის წევრები მივლენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოლაპარაკების მეორე რაუნდი ორბელიანების სასახლეში - დღეს პრეზიდენტთან შესახვედრად ათონელის რეიზიდენციაში კოლიცია „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის„ და გახარიას პარტიის ლიდერებს ელოდებიან. განხილვის მთავრი თემა - არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაა. პრეზიდენტი ქარტიის ხელმომწერებს დროებით პროფესიულ მთავრობას და პრემიერს სთავაზობს, რომელმაც სწრაფი რეფორმები უნდა გაატაროს იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის მოლაპარაკებების კარი გახსნას. ოპოზოციის ის ნაწილი, ვინც პრეზიდენტს უკვე შეხვდა, მის იდეას ეთანხმება.

შეხვედრები ორბელიანის სასახლეში დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული. პარტიები, რომლებიც დღეს პრეზიდენტთან მისვლას აპირებენ, ამბობენ, რომ ზურაბიშვილთან კონსულტაციები მნიშვნელოვანია, თუმცა მიაჩნიათ, რომ თანამდებობების გადანაწილება ჯერ ნაადრევია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის როლი სახელმწიფოში, ის არის მნიშვნელოვანი ხმა ქართველი ხალხის დასავლეთში ჩვენი პარტნიორების წინაშე. ჩვენ ქარტიას მოვაწერეთ ხელი კოალიციის წევრმა პარტიებმა, შესაბამისად, დღეს ვაპირებთ, რომ პრეზიდენტთან მივიდეთ კონსულტაციაზე.

ვფიქრობთ, რომ აქტიური საარჩევნო კამპანიის პირობებში, მაშინ, როდესაც ძალიან მნიშნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მოგვისმინონ, ჰქონდეთ იმედი გამარჯვების და მოგვისმინონ, რა დაპირებას ვაძლევთ მათ, რომ მართლა მივხედავთ ამ ქვეყანას 27 ოქტომბრის შემდეგ, წინასწარ კანდიდატებზე და თანამდებობებზე საუბარი არის კონტრპროდუქტიული და სასარგებლო არ არის, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე.

ამავე აზრს იზიარებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

პირნათლად შევასრულებთ ქარტიას, იქ არის რეფორმები, იქ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მთავრობაზე საუბარი, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი. თანამდებობები, ვინ რას დაიკავებს, ამის დრო არის არჩევნების შემდეგ. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, მაგრამ რა თქმა უნდა, მოვუსმენ სალომე ზურაბიშვილს. ახლა, მე, მაგალითად, ვისურვებდი, რომ მასთან ერთად ყველანი მთელ საქართველოში დავდიოდეთ, ხალხს ვხვდებოდეთ, მოტივაციას ვაძლევდეთ, ვიბრძოდეთ იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რაც საქართველოში არის და არა შეხვედრებში ვკარგავდეთ დროს, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გუშინ დაიწყო.