ბიძინა ივანიშვილი ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში დამატებით 30 მლნ-ით დაასაჩუქრებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა.

ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატების შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ 23 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი გადაეცემოდა, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ კი, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ეროვნული ნაკრები დამატებით 30 მილიონი ლარით დაჯილდოვდება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.