სისხლიანი კრიმინალური სკანდალები - ნაცნობი და უცნობი ფაქტები გიორგი გახარიას პოლიტიკური და პირადი ცხოვრებიდან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გმირობიდან მოღალატეობამდე

იყო დრო, როცა მმართელი პარტიის მიმდევრები მას გმირად მიიჩნევდნენ, მაგრამ დღეს იგივე ადამიანები მტრად და მოღალატედ ნათლავენ. რეალურად ვინ არის ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი - მოღალატე თუ კარიერისტი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას „ვერსია“, „რადიო თავისუფლებისა“ და სხვა ონლაინ-გამოცემების მიერ, სხვადასხვა დროს გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით შეეცდება, თუმცა ვიდრე მთავარზე გადავალთ, გიორგი გახარიას ბოლო განცხადებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლის თანახმადაც, ექსპრემიერის პოლიტიკური ძალა თანახმაა, რომ საარჩევნოდ მამუკა ხაზარაძის ლელოსთან გაერთიანდეს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო ლელოა. მათ მაგივრად გადაწყვეტილებას მე ხომ ვერ მივიღებ. გაერთიანებამდე სანამ მიხვალ, ელემენტარული თანამშრომლობა ხომ უნდა იყოს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. არჩევნებს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის ევროპული მომავალი არის დასაცავი. დიდ გლობალურ გაერთიანებაზე რომ საუბრობენ, ერთიან სიებზე და ა.შ., ეს ჩემს ღიმილს იწვევს ხოლმე. გუშინ დაშლილი პარტიები ვერ ნახულობენ ერთმანეთთან საერთო ენას, მერე იქიდან რაღაც კითხვებს ან პრეტენზიებს მე რომ მისვამენ, ამაზე ღიმილის მეტს ვერაფერს ვპასუხობ“, - განაცხადა გახარიამ გადაცემა „პოლიტქალაქში“.

ლელომ გახარიას ამ სურვილს ცოტა ირონიულად უპასუხა ანუ ექსპრემიერის განცხადება ცალმხრივ სიყვარულს შეადარა.

„ეს ყველაფერი ჰგავს ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას  გიორგი გახარიას მხრიდან. ცალსახად და მკაფიო შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც წარსულში არ ყოფილა რამე ტიპის კონსულტაცია და კომუნიკაცია გახარიას გუნდთან, არც აწმყოში მიმდინარეობს და არც მომავალში იგეგმება. საზოგადოებაშიც და „ლელოშიც“ არსებობს შეკითხვები გიორგი გახარიას გუნდის მიმართ წარსულთან დაკავშირეით, თუმცა არ გავაგრძელებ ამ ყველაფერს იმიტომ, რომ „ლელოს“ აქვს მორატორიუმი გამოცხადებული თავდაუსხმებლობის შესახებ, რომ უსაგნო კრიტიკა არ მიმდინარეობდეს ოპოზიციურ პარტიებს შორის“, - თქვა გახარიას პასუხად ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ.

მოკლედ, სანამ გაირკვევა, იწერენ თუ არა პოლიტიკურ ჯვარს ლელო და „გახარიები“, „ვერსია“ გახარიას ერთგვარ X-ფაილს გთავაზობთ. 

***

2012 წლამდე, როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, გიორგი გახარიას საქართველოში, ვიწრო წრის გარდა, თითქმის არავინ იცნობდა, მათ შორის, არც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ვისი მხარდაჭერის გარეშეც გიორგი გახარია შთამბეჭდავ პოლიტიკურ კარიერას, ალბათ, ვერ გაიკეთებდა. ყველაფერი კი 2013 წლის მარტიდან დაიწყო, როცა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახალგაზრდა კადრი, ესე იგი, გიორგი გახარია საქართველოს ბიზნესომბუდსმენად დანიშნა. ამ თანამდებობას ის 2016 წლის ივლისამდე იკავებდა, რის შემდეგაც კარიერულ კიბის მწვერვალზე უსწრაფესად ავიდა. კერძოდ:

2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე გიორგი გახარია მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანია; 2016 წლის 18-დან 30 ნოემბრამდე - მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი; 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2017 წლის 13 ნოემბრიდან - 2019 წლის 8 სექტემბრამდე - შინაგან საქმეთა მინისტრი; 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე - პრემიერ-მინისტრი.

2021 წლის 29 მაისს გახარია პარტია საქართველოსთვის აფუძნებს და მისი თავმჯდომარე ხდება. მალევე ის თბილისის მერობისთვის იწყებს ბრძოლას, თუმცა არ უმართლებს.

2021 წლის 27 სექტემბერს, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებში, გიორგი გახარია მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატს, კახა კალაძესა და მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკა მელიას ჩამორჩებოდა:

კახა კალაძე- 43%;

ნიკა მელია - 30%;

გიორგი გახარია - 12%.

სხვათა შორის, ამ არჩევნების დროს, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ თანაპარტიელსა და ლიდერს „კაცი არავინ“ უწოდა:

ეს კაცი იყო არავინ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა, მოიყვანა და რეკომენდაცია გაუწია ხუხაშვილმა და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად, ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით. ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ესარავინაქცია კაცად“.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე გია ხუხაშვილი არ უარყოფს თავის წვლილს გიორგი გახარიას „პოლიტიკურ დაბადებაში“:

ეს საკითხი რომ ამოვწუროთ, გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: 1. მამამისმა მომიტანა СV; 2. გავესაუბრე; 3. გავაცანი ივანიშვილს; 4. დავნიშნეთ ბიზნესომბუდსმენად; 5. მის შემდგომ კარიერულ სვლაში მონაწილეობა არ მიმიღია“.

რას აკეთებდა პოლიტიკამდე

გიორგი გახარია 1975 წლის 19 მარტს, ზაურ გახარიასა და მზია ლეჟავას ოჯახში დაიბადა.

ზაურ გახარია პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას მიერ დაფუძნებული სახალხო მოძრაობა სამეგრელოს კოორდინატორია, დედა მზია ლეჟავა კი საქართველოს ეროვნული არქივის ყოფილი თანამშრომელი.

1992-1994 წლებში, მომავალი პოლიტიკოსი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა; 1994-1999 წლებში კი - მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

2003-2004 წლებში გახარია ამავე უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნესსკოლაში სწავლობს, რომლის დასრულების შემდეგაც ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხს იღებს.

2006-2009 წლებში, ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი გახლდათ.

2008 წლის ნოემბერიდან 2013 წლის თებერვლამდე Lufthansa Service Holding AG. (LSG, Frankfurt am Main) Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორია აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში

პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები

გიორგი გახარია, სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნისას, ხშირად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ასე, მაგალითად, ბიზნესომბუდსმენობისას, კომპანია „ემ-ენ ჯორჯიას“ მფლობელმა, ვახტანგ გოძიაშვილმა მას ბრალი ზეწოლაში დასდო, რომლის შემდეგაც, კომპანია იძულებული გახდა, მუშაობა შეეჩერებინა. გახარიამ ბრალდებები უარყო:

მივიჩნევთ, რომ მსგავსი განცხადებებით ბიზნესმენი, უპირატესობის მოპოვების მიზნით, განხორციელებული ქმედებების გადაფარვას ცდილობს“.

უკიდურესად ხმაურიანი აღმოჩნდა გიორგი გახარიას ორწლიანი შს მინისტრობაც და აი, რატომ:

ჩატაევის ლიკვიდაცია

2017 წლის 21 ნოემბერს, როცა გიორგი გახარია შს მინისტრად ერთი კვირის დანიშნული იყო, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც 20 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

ორმხრივი სროლის დროს, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, აჰმედ ჩატაევმა კი თავი აიფეთქა, კიდევ ორი პირი ლიკვიდირებულ იქნა.

სპეცრაზმელის დაღუპვამ და ოპერაციის ხანგრძლივობამ ბევრი კითხვა გააჩინა შს სამინისტროს ხელმძღვანელობის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

სარალიძის საქმე

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეები - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სასიკვდილოდ დაჭრეს.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დარწმუნებით განაცხადა, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია, თუმცა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასაკავებლად საჭირო გახდა მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის 18-თვიანი მძაფრი საპროტესტო მოძრაობა და დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა.

ხაზარაძე-ჯაფარიძისა და ანაკლიის საქმე

2019 წელს, „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მათთან ერთად, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებდნენ ტვ „პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლისა და მისი მამის, ავთანდილ წერეთლის კომპანიები.

მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გადასცა, ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს კი „იმედის“ ტრენდზე გადასვლა მოსთხოვა.

ანაკლიის პროექტს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც „თიბისი ჯგუფის“ მაშინდელ ხელმძღვანელებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წლის ტრანზაქცია გაუხსენეს და ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი.

2020 წლის იანვარში, მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება შეუწყვიტა და ოფიციალურ მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.

გიორგი გახარიამ უარყო ბრალდებები და მუქარის წერილის არსებობა.

მალე დაესმება წერტილი ამ წერილის ისტორიას. პროკურატურა, რა თქმა უნდა, როგორც კი შემადგენლობა იქნება, დაიწყებს გამოძიებას, გახარია კი იქნება პირველი, ვინც მივა და ჩვენებას მისცემს“, - განაცხადა მან.

 

ბასიანის საქმე

2018 წლის 12 მაისს, გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე ღამის კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. კლუბებში შეიარაღებული სპეცრაზმი შეიჭრა.

შსს-მ განაცხადა, რომ დააკავეს ნარკოტიკების 8 რეალიზატორი, თუმცა როგორც გაირკვა, ისინი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ღამის კლუბების გარეთ, სხვადასხვა ადგილზე აიყვანეს.

სპეცოპერაციას თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომლის მონაწილეები შს მინისტრისგან მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, საპოლიციო სისტემისა და ნარკოპოლიტიკის რეფორმას ითხოვდნენ.

14 მაისს, აქციაზე, გიორგი გახარია მივიდა და მის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა სპეცოპერაციის დროს, ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის გამო.

მოდი, დავიწყოთ ბოდიშით: ბოდიში!“ - მიმართა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს და პირობა დადო, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით, ხელისუფლება მუშაობას გაააქტიურებდა.

პანკისის ოპერაცია

2019 წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ჰესების მშენებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, პოლიციასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალებისა და ტექნიკის შეყვანამ უკიდურესად გააღიზიანა ადგილობრივები. პოლიციამ რეზინის ტყვიები დაუშინა შეკრებილებს, რომლებმაც დაწვეს და დაამტვრიეს შს სამინისტროს მანქანები და ტექნიკა, ასევე ჰესების მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი.

საღამოს პანკისის ხეობაში მინისტრი, გიორგი გახარია ჩავიდა და აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდებოდა მანამდე, ვიდრე მოსახლეობის უმრავლესობა მშენებლობას არ დათანხმდებოდა. შსს-ს მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 38 პოლიციელი, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

გავრილოვის ღამე

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს, რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება და მასშტაბური საპროტესტო აქცია გამოიწვია.

გვიან ღამით, სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. ხუთი საათის განმავლობაში, გამოყენებულ იქნა რეზინის ტყვიები, გაზისა და წყლის ჭავლი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა: 129 აქციის მონაწილე, 31 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. რამდენიმე ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, მხედველობა დაკარგა, მათ შორისაა მაკო გომური. ამის გამო, გახარიას ხალხმა „თალთხარია“ შეარქვა.

„20 ივნისი ჩემი მორალური ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ“, - განაცხადა მოგვიანებით გიორგი გახარიამ.

გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწერა სიმღერა: როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია!“

პრემიერ-მინისტრად დანიშვნა

„ქართულმა ოცნებამ“ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ წარადგინა. მმართველი პარტიის არც ერთ წევრს, არც კენჭისყრის დროს და არც მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ეჭვი არ შეუტანია გახარიას პროფესიონალიზმსა და ღირსებაში.

მთავარი, რის გამოც გიორგი გახარია ამ პოზიციაზე შეირჩა ის არის, რომ ჩვენ შორის საუკეთესოა“, - თქვა იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

 

საპარლამენტო სიის პირველი ნომერი

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გიორგი გახარია მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იყო და მას უკიდურესად დადებითად ახასიათებდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე:

ვფიქრობ, ის იმსახურებს იმას, რომქართული ოცნებისსიის პირველი ნომერი იყოს. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა COVID-19-ის გამო, მან პროცესების ეფექტური მართვა უზრუნველყო. მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდა და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა“.

ბუზი ყველა ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“, - განაცხადა მმართველი პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

გადადგომა

გიორგი გახარიასადმი მმართველი პარტიისა და ხელისუფლების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა მისი თანამდებობიდან გადადგომისა და საკუთარი პარტიის დაფუძნების შემდეგ.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 2021 წლის 18 თებერვალს, მას შემდეგ გადადგა, რაც მიზანშეუწონლად მიიჩნია ნაციონალური მოძრაობის ოფისში, მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული ნიკა მელიას პოლიციური ოპერაციით დაკავება, რადგან მისი თქმით, ამით საფრთხე შეექმნებოდა მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

2021 წლის 29 მაისს, გიორგი გახარიამ დააფუძნა პარტია „საქართველოსათვის“, რომელშიც მმართველი პარტიიდან წასული ბევრი სახელმწიფო მოხელე გაწევრიანდა.

7 ივნისს, ღია წერილი გაავრცელა „პოლიტიკიდან წასულმა“ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გიორგი გახარიას გადადგომას საკუთარი გუნდისა და საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი უწოდა.

კოკაინშიკი და იუდა

გიორგი გახარია და მის მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსათვის“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა.

როგორც კომპანია „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევამ აჩვენა, გიორგი გახარიას თბილისის მერობას გამოკითხულთა 12% უჭერდა მხარს და ამ მაჩვენებლით, ის მხოლოდ კახა კალაძეს (43%) და ნიკა მელიას (30%) ჩამორჩებოდა.

გიორგი გახარიას განსაკუთრებული სიმძაფრით ყოფილი თანაგუნდელები აკრიტიკებდნენ და დღესაც ასეა.

მავნებლურად წავიდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა, რომ იქნებ, თეორიულად მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს და აქაც მელიას გაუწია სამსახური. ერთი იუდა ყველა გუნდში არის და არაფერი გასაკვირი არ არის“, - განაცხადა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ კი ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკი“ (კოკაინის მომხმარებელი) უწოდა.

გიორგი გახარიამ ბრალდების უსაფუძვლობის დასამტკიცებლად მიმართა არა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, არამედ, ავსტრიაში მდებარე ლაბორატორიას (FTC-Forensisch-Toxikologisches Labor), რომელმაც თმის ნიმუშის კვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ უდასტურდება.

არა ჩადებას“, - დაწერა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში, სადაც ასევე გამოაქვეყნა ავსტრიული კლინიკიდან მიღებული დასკვნა.

ოჯახი

მაშინ, როცა თნამდებობები ეკავა, გიორგი გახარიას პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი. მას შემდეგ, კი რაც ოპოზიციაშია, საზოგადოებამ გაიგო, რომ  მისი მეუღლე 1983 წლის 10 აპრილს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა.

წყვილს შვილი - ანნა ჰყავს.

მარიკა ფანცულაია პროფესიით ექიმ-ბაქტერიოლოგია.

სხვათა შორის, გახარიას დაც, თამუნა, მედიცინის მუშაკია. თამუნა გახარია დაოჯახებული გახლდათ თბილისელ ანდრეი ტოლსტოიზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

***

ერთი სიტყვით, ასეთია გიორგი გახარიას პოლიტიკური და პირადი X-ფაილი. ისე, გახარიას ლელოსთან გაერთიანების სურვილი კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები არ არსებობენ. ასე რომ იყოს, მაშინ გახარია, რომლის თანამდებობაზე ყოფნის დროსაც, ხაზარაძე-ჯაფარიძემ ანაკლიის პორტი დაკარგეს, ხმამაღლა თქმასაც ვერ გაბედავდა, რომ ლელოს ტოლად და სწორად მიიჩნევს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ხომ ყველაფერი „მოსულა“...

 ავტორი: ნინო დოლიძე