როგორ დაგეგმა ქალმა ბავშვობის დაქალის გატაცება - კურიოზული კრიმინალური ისტორია

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფულის გამოძალვის სხვადასხვა ხერხი არსებობს. კრიმინალები, ძირითადად, ოჯახის წევრებს იტაცებენ და შემდეგ პირს, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ფულს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯხის წევრის მოკვლით ემუქრებიან. სამწუხაროდ, დაზარალებულები ცდილობენ, აღნიშნული პრობლემა თავად მოაგვარონ და სამართალდამცავებს არ შეატყობინონ, რაც ძირითადად ცუდი შედეგით სრულდება. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა თავის დაზღვევის მიზნით, გამტაცებლები გატაცებულს ფულის მიღების შემდეგაც კლავენ, რადგან ეჭვი აქვთ, რომ გატაცებულმა, შესაძლოა, ისინი ამოიცნოს. ცხადია, თუ ასეთ ამბავში ოჯახისთვის კარგად ნაცნობი პირი არ ურევია, ყველაფრის დაგეგმვა და განხორციელება თითქმის წარმოუდგენელია.

 

„ერთ მშვენიერ დღეს, მეგობარი მომადგა. საკმაოდ გავლენიანი და შეძლებული კაცი იყო, მაგრამ მასზე აუგს ვერავინ იტყოდა, არც მეგობრობაში ეშლებოდა რამე, არც - კაცობაში და ზოგადად, ყველა პატივს სცემდა. მომადგა და მეუბნება, ამ დილით საფოსტო ყუთში (ვინც არ იცის, საფოსტო ყუთში, ფოსტალიონის მიერ, დილით ჩატენილი გაზეთი ან წერილი რა საინტერესო სანახავი და წასაკითხი იყო, უფროსებს ჰკითხეთ) წერილი დამხვდა, გავხსენი და აგერ, ეს ფოტოა, თან წერილი და არ ვიცი, რა ვქნა, შენ მირჩიეო“, - გვიყვება საინტერესო ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

წერილი გაზეთიდან ამოჭრილი ასოებით იყო აწყობილი (ე.წ. ანონიმკა) და ეწერა, რომ სურათზე ასახული გოგონა ამ კაცის შვილიშვილს ატარებდა მუცლით და თუ სურდა, რომ შვილიშვილი ენახა, 30 ათასი მანეთი უნდა გადაეხადა, რაც მაშინ ძალიან დიდი თანხა იყი.

„ახლა, რაშია საქმე. მე არ ვიცი, ვინ არის ეს გოგონა, ჯერ ჩემი ბიჭისთვისაც არ მინახებია სურათი, მაგრამ თუ ეს გოგო მართლა ჩემი ბიჭისგან არის ორსულად, მე 30 ათასს კი არა, 50-ს გადავიხდი. შვილიშვილს რა სჯობს, ბიჭო? ერთი რამ მაეჭვებს  - ჩემი ბედოვლათი ცოტა კი გაერთო ახალგაზრდა გოგოებით, მაგრამ თითქმის ყველას მაცნობდა, სახლში მოჰყავდა. მომკალი და, ეს გოგო ვერ გავიხსენე“, - ეუბნებოდა გამომძიებელს მეგობარი.

ბატონმა თენგიზმა მილიციაში განცხადების ოფიციალურად დაწერა ურჩია, რადგან ფაქტი საყურადღებო იყო, მით უმეტეს, რომ გოგონას ფოტოზე ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, პირში რაღაც ჩვარი ჰქონდა ჩათხრილი და აშკარად უმწეოდ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დაკითხვაზე მთავარი „ეჭვმიტანილი“ ანუ ის ბიჭ დაიბარეს, რომლისგანაც წესით, გოგონა უნდა ყოფილიყო ორსულად. ბიჭმა ფოტოს დახედა და აღიარა, ორი დღის წინ, ასეთი წერილი მეც მივიღე, შენი შვილის სიკვდილი თუ არ გინდა, ფული გადაიხადეო. სურათს დავხედე, გოგონა ვერ ვიცანი, ყველაფერი უკბილო ხუმრობად ჩავთვალე და წერილიცა და სურათიც იქვე, სანაგვეში ჩავაგდეო. ის კატეგორიულად უარყოფდა გოგოსთან ნაცნობობას და ამბობდა, რომ მასთან ურთიერთობა კი არა, გადაკვეთის წერტილიც კი არასდროს ჰქონია.

ძალოვნებისთვის ყველაზე რთული პროცესი დაიწყო - უნდა გაერკვიათ, ვინ იყო ეს გოგონა და ასაკის მიხედვით, პირველ რიგში, ძებნა ტექნიკუმებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყეს. შედეგმა არ დააყოვნა, გოგონას ერთ-ერთ ტექნიკუმში მიაგნეს და რაც მთავარია, ისიც გაიგეს, რომ იქვე, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. მის ოთახში რომ მივიდნენ...

„ოთახში, სადაც ის მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, სივიწროვე იყო, მაგრამ კედელზე საკმაოდ მოზრდილი სარკე ეკიდა. არ გამკვირვებია, ახალგაზრდა გოგონები, აბა, ფეხბურთელის პლაკატს ხომ არ გამოჭიმავდნენ, სარკე მათთვის უფრო მნიშვნელოვანია. ჰოდა, მაშინ სარკის ჩარჩოში ფოტოების გაკვეხება იცოდნენ ხოლმე და სწორედ ასე იყო გაკვეხებული ერთი ფოტო. ფოტოს თვალი შევავლე და გავშეშდი - ჩემი მეგობრის შვილი, რომელიც მიმტკიცებდა და ლამის დამაჯერა, რომ ეს გოგო არსად უნახავს, სწორედ გატაცებულ გოგონასთან ერთად, ხელგადახვეული იყო გამოსახული. ფოტო კონოთეატრის წინ იყო გადაღებული. გავბრაზდი კი არა, გავცოფდი. გოგონას ოთახში ვინც ცხოვრობდა, ის განყოფილებაში წავიყვანე, იქ დაგკითხავ-მეთქი და ბიჭი მამამისთან ანუ ჩემს მეგობართან ერთად დავიბარე“, -იხსენებს ბატონი თენგიზი.

ბიჭმა ფოტოს დახედა, მერე მხრები აიჩეჩა და ისევ ჯიუტად გაიმეორა, მომკალით და, არ მახსოვსო. არადა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ფოტო ნამდვილი იყო, რაც მთავარია, ბიჭს გოგოსთვის ხელი მხარზე ჰქონდა გადახვეული და გულიანად იცინოდა. ბიჭი მას შემდეგ უფრო გაოცდა, რაც გოგოს დაქალმა დაადო ხელი, კი, სწორედ ეს არის მისი საქმრო, ბეჭედიც აჩუქა, ძვირფასი სუნამოებიც, სუნამოები სახლშია, ბეჭედს კი ხელიდან არ იშორებდაო.

„რაოდენ პარადოქსულადაც  უნდა გეჩვენოთ, ამ მტკიცებულებების მიუხედავად, ბიჭი იმდენად გულწრფელად იყო გაოცებული, რომ მისი უფრო მჯეროდა, ვიდრე ფაქტების, რომლებიც მაგიდაზე მეწყო. ოპერმუშაკები კი გავუშვი საერთო საცხოვრებელში, საიდანაც უცხოური სუნამოს ორი ფლაკონი მოიტანეს, რომელიც თითქოს ბიჭმა აჩუქა გატაცებულ გოგოს, მაგრამ ის ისევ ყველაფერს უარყოფდა, რა სუნამო და ბეჭედი, ხომ არ გადაირიეთ, ცოლის მოყვანას არ ვაპირებ და არც არავინ დამინიშნავს, მით უმეტეს, არ დამიორსულებიაო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამაგიეროდ, დაქალი ამბობდა, რომ ყოველ საღამოს, გოგონა სწორედ მასთან შესახვედრად გადიოდა და სხვადასხვა საჩუქრით ბრუნდებოდა. მეტიც, გატაცებული გოგონა მისი თანასოფლელი, თანაკლასელი იყო, მთელი ბავშვობა ერთად ჰქონდათ გატარებული, ტექნიკუმშიც ერთად ჩააბარეს და გოგონა გათხოვდა კიდეც, თუმცა მისი ქმარი, ღამის ცვლაში მუშაობდა და სწორედ ამიტომ, მეგობართან საერთო საცხოვრებელში ხშირად რჩებოდა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვის შეიძლებოდა გაეტაცებინა დაქალი, მაგრამ დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ორსულობის შესახებაც იცოდა და რაც მთავარია, მათ ქორწილს უახლოეს ორ კვირაში ელოდა.

ამასობაში, ექსპერტიზის ძალიან საინტერესო დასკვნა მოვიდა - სუნამოებიდან ნამდვილი ერთიც არ იყო. უფრო სწორედ, ბოთლი კი იყო ნამდვილი, მაგრამ შიგნით იაფფასიანი სუნამო ესხა და თან წყალგარეული. ამ ამბავმა ბიჭი გაახარა, მე რომ მეჩუქებინა, ნამდვილს მაინც ვაჩუქებდიო, მამამისი კი...

„არ მაინტერესებს, იცნობს თუ არა ჩემი შვილი იმ გოგოს, არაფერი მაინტერესებს. მზად ვარ, გადავიხადო, ოღონდ გოგონა გადარჩეს, ბავშვიც გადარჩეს და რაც მთავარია, შემდეგ ანალიზებით გავარკვევ, რამდენად რეალურია ის, რომ ჩემი შვილიშვილია. მზად ვარ, ფული ნებისმიერ ადგილზე პირადად მივიტანო“, -ეუბნებოდა გამომძიებელს კაცი, რომელმაც რეალურად, ყველაფერი ეს დაიწყო და სამართალდამცავებს შეატყობინა.

ძიება კი გრძელდებოდა, მაგრამ ამაოდ - სიახლე არაფერი იყო და იმის მიუხედავად, რომ გატაცებულის სავარაუდო მამამთილი ამტკიცებდა, ფული გადამახდევინეთ, გოგოს ვუშველოთო, სამართალდამცავები თითქოს რაღაცას ელოდნენ და ეს რაღაცაც მალე გამოჩნდა - ახალი ფოტო და ახალი წერილი ფულის მოთხოვნითა და კონკრეტული ადგილისა და თარიღის მითითებით. სურათი ისევ იმ ოთახში იყო გადაღებული, მაგრამ ექსპერტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მაქსიმუმი გამოეწურათ და გამოუვიდათ კიდეც - ფოტოს დამუშავების შემდეგ, კედელზე მიწერილი ტელეფონის ნომერი ამოიკითხეს. ადრე, კედლებზე, ნომრებს ხშირად აწერდნენ ხოლმე.

„ნომერი შევამოწმეთ და ის გატაცებული გოგონას დაქალის ქმრის მშობლების სახლის ნომერი აღმოჩნდა. მივხვდით, დაქალი ძალიან მალე გამოვრიცხეთ და ეს შეცდომა იყო. მისი ქმარი მოვიკითხეთ და გაირკვა, რომ შვებულებაში გავიდა ზუსტად იმ დღეს, როცა გოგონა გაქრა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, წავედით სახლში, რომელსაც წყვილი სოფლად აშენებდა და დაუმთავრებელი იყო. იქაურმა სოფლის რწმუნებულმა დაგვიდასტურა, კაცი სახლშია, მაგრამ ეზოს გარეთ არ გამოდისო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გატაცებული გოგონაც ნახეს და მისი დაქალი, ქმართან ერთად, დააკავეს კიდეც, მაგრამ ყველას აინტერესებდა, რა მოხდა რეალურად.

„ეს ბიჭი ყველაზე პოპულარული და სასურველი სასიძო იყო. რამდენჯერმე, ვითომ შემთხვევით შევხვდი, ვთხოვე, სურათიც გადავიღოთ-მეთქი და უარი არ უთქვამს, ვიცოდი მისი ყოველი გადაადგილება, რამდენჯერმე, სპეციალურად გვერდით ისე მივყვებოდი, ვიღაცებს ჰგონებოდათ, რომ ერთად ვიყავით. საჩუქრებიც ჩემს თავს თვითონ მივუძღვენი, არც სუნამოა ნამდვილი და არც ბეჭედი, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა და ჩემი შურდათ. ჰო, ყველას შურდა და ორსულობაც ამიტომ მოვიფიქრე. მერე ვიტყოდი, მუცელი მომეშალა და მიმატოვა-თქო“, - ხელები გაშალა გოგონამ და გატაცების შესახებ არაფერი თქვა.

„იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, არასდროს მჯობდა, არასდროს, არც სილამაზით, არც ცოდნით. რომ გავთხოვდი, ერთ კვირაში გამომიცხადა, შეყვარებული მყავსო, მერე ეს ფოტო მოიტანა და გავცოფდი. არ იმსახურებდა იმ ბიჭს, არა. როცა ორსულობის შესახებ გავიგე, მე და ქმარმა გადავწყვიტეთ, ამ სულელზე ფული გვეშოვნა, ჩემს სახლში დავპატიჟე, დასაძინებელი ჩავუყარე და მერე დავაბით. არც იცოდა, სად იყო და რა მოხდა, ქმარი ნიღბით შედიოდა, ხმას არ სცემდა“, - ეს კი გატაცებულის დაქალმა თქვა.

ერთი შეხედვით, ძალიან სასაცილო ისტორია ნაღვლიანად დასრულდა. კაცმა, რომელიც მზად იყო, შვილიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ფული გაეღო, ჩუმად ჩაილაპარაკა, ახლაც მზად ვარ, 30 ათასი გადავიხადო, ოღონდ მანახეთ ქალი, რომელიც ჩემს შვილიშვილს ატარებს მუცლითო. სავარაუდოდ, ხვდებოდა, რომ ვერ მოესწრებოდა. ამ ამბიდან ერთ წელიწადში, ინსულტით გარდაიცვალა.

 

ბათო ჯაფარიძე