სამხედრო ნაწილის მზარეული სასიკვდილოდ მოწამლეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

რა ჩვენება მისცა ნაწილის უფროსის დამ გამოძიებას და რატომ მოიცილა თავიდან მზარეული

ავტორი: ბათო ჯაფარიძე 

კომუნისტების დროს, საბჭოთა ჯარის ნაწილები, პრაქტიკულად, ყველა რესპუბლიკის დიდ ქალაქში იყვნენ განლაგებულნი. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მაგალითად, ქართველი წვევამდელები სავალდებულო სამსახურს სამშობლოში მოიხდიდნენ, უფრო პირიქით - სხვადასხვა რესპუბლიკის მცხოვრებლებს სხვადასხვა ქვეყანაში ერეკებოდნენ. ძალიან იშვიათად ხდებოდა, რომ მაგალითად, ქართველს - საქართველოში, აზერბაიჯანელს - აზერბაიჯანში, სომეხს კი სომხეთში ემსახურა...

ჯარის ნაწილი არ იყო მხოლოდ მკაცრად დაცული ობიექტი. ეს იყო მთელი ინფრასტრუქტურა - მომარაგებით, კვებით ანუ პატარა ქალაქი ქალაქში. ყველაფერთან ერთად, საბჭოთა კავშირი ჯარისკაცების ძალასაც ჯეროვნად იყენებდა, შედეგად, „სტროი-ბატალიონები“ აშენებდნენ კორპუსებს, ქარხნებს... სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელებად, ძირითადად, რუსი ოფიცრები ინიშნებოდნენ და ეს სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ჯარისკაცს არ ჰქონდა უფლება, ნაწილის მეთაურის ნებისმიერი ბრძანება არ შეესრულებინა და ამიტომ, ვიღაცის ხელში, 3 ათასი შეიარაღებული ბიჭის ყოლა სარისკო გახლდათ. შიში იმისა, რომ შეიძლებოდა, რომელიმე რესპუბლიკას დამოუკიდებლობისთვის ნებისმიერ დროს გაებრძოლა, მუდმივად არსებობდა. ნაწილის ხელმძღვანელები ცოტა ჯამაგირს არ იღებდნენ, დამატებითი შემოსავალიც ჰქონდათ, თუნდაც ჯარისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების ნაწილის გასხვისებით, ან სამხედრო ტექნიკის გაქირავებით ანუ ისინი საჭირო ადამიანები იყვნენ და მათთან მეგობრობა ყველას სჭირდებოდა.
„ერთ-ერთი ასეთი ნაწილის უფროსთან მეც ვმეგობრობდი, არ იყო ცუდი კაცი. ჰოდა, შემიჩნდა, კარგი მზარეული მაპოვნინე, ახლა ვინც მყავს, სალაფავს ამზადებსო. აბა, მე მზარეული სად უნდა მეშოვნა და ერთ დღესაც გამომიცხადა, დღეს ჩამოდის ჩემი მზარეული, რამდენიმე ნაწილში, რუსეთში მსახურობდა, ოქროს ხელები ჰქონია, იქაურმა გენერალმა მიპოვნა და მაჩუქაო. ბავშვივით უხაროდა და მეც წარმატებები ვუსურვე. საღამოს კი“... - პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი იმ ისტორიას გვიყვება, რომელსაც გრიფით „საიდუმლო“ ედო.
იმავე საღამოს, გამომძიებელს ნაწილის უფროსი შინ მიადგა და ლამის, ბოლო ხმაზე ბღაოდა - „მიშველე, თენგო, მიშველე, მზარეული მომიკლეს“...
გამომძიებელმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ნაწილში მას არავინ შეუშვებდა, მაგრამ მეთაურს მოსკოვში, ნაცნობ გენერალთან უკვე დარეკილი ჰქონდა. შესაბამისად, იქიდან აქ არავინ ჩამოვიდოდა და ყველაფერი შსს-სა და სამხედრო პროკურატურას უნდა შეესწავლა. გენერლის საშუალებით, ნაწილის ხელმძღვანელმა იმდენი მოახერხა, რომ საგამოძიებო ჯგუფში, სწორედ ბატონი თენგიზი ჩართო და ყველაზე მეტადაც, სწორედ მისი ეიმედებოდა.
და მაინც, რა მოხდა და ვინ გაიმეტა მზარეული სასიკვდილოდ, რომელმაც ნაწილში სულ 4 საათი გაატარა? ქალი აეროპორტიდან ნაწილში სამხედრო მანქანით მიიყვანეს, გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება, გაიკეთა შესაბამისი აცრა, შევიდა სამზარეულოში, უკვე გამზადებული „ბორშჩიდან“ ერთი კოვზი მოსვა და... უსულოდ დაეცა. რა თქმა უნდა, „ბორშჩიცა“ და კოვზიც ანალიზზე წაიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, გამოძიება გაკვირვებული დარჩა - არც კოვზზე და არც „ბორშჩში“ მომწამვლელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს. ახლა საინტერესო ის იყო, რას იტყოდა ექსპერტიზა გვამის გაკვეთის შემდეგ.
„ვხვდებოდი, რომ ძალიან ჩახლართული საქმე იყო. ჩემს მეგობარს ვუთხარი კიდეც, თუ რუსეთიდან გამოთხოვილ მასალებზე უარს მეტყვიან, საქმეს შევეშვები-მეთქი და მან ისევ გენერალს დაურეკა. ამ მიმართულებით, პრობლემა მოხსნილი იყო და დარწმუნებული გახლდით, რომ დანაშაულის მიზეზი ქალის წარსულში უნდა მეძებნა, რადგან გამორიცხული იყო, აეროპორტიდან ნაწილამდე და შემდეგ ნაწილში, ვინმე ისე გაებრაზებინა, მოსაკლავად გაემეტებინა. გვამური ლაქები კი იმაზე მიანიშნებდა, რომ ქალი მოწამლეს, მაგრამ ვინ და რატომ?!“-გვიყვება ბატონი თენგიზი.
ექსპერტმა რამდენიმე დასკვნა დადო. ქალს ქვედა კიდურებზე სერიოზული დამწვრობა ჰქონდა, თუმცა დაახლოებით, ნახევარი წლის წინანდელი. ექსპერტთა ვარაუდით, მას ფეხებზე მდუღარე გადაესხა.
რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, მზარეული დიაბეტით იყო დაავადებული და ინსულინის საჭირო დოზა მუდმივად თან ჰქონდა. მის სხეულში კი შეიყვანეს წამალი, რომელიც ინსულინთან რეაქციაში შევიდოდა და ფატალურ შედეგს გამოიწვევდა ანუ თუ ქალს შაქარი აუწევდა და ინსულინს გაიკეთებდა, ყველაზე კარგ ვარიანტში, სიკვდილი 10-15 წუთში დადგებოდა. სამზარეულოში დაადასტურეს, რომ ინსულინი გაიკეთა, შემდეგ დამხმარეებს მითითებები მისცა, „ბორშჩი“ გასინჯა და როგორც ჩანს, ეს მომენტი ინსულინისა და სხვა პრეპარატის რეაქციაში შესვლას, უბრალოდ, დაემთხვა.
ახლა, მთავარი იმის გარკვევა იყო, ვინ გაუკეთა სხვა პრეპარატის დოზა და ვინ ერკვეოდა ასე კარგად მედიცინაში, რომ ეს ორი წამალი ერთმანეთს დაუკავშირა?!
„მაშინვე გამახსენდა, რომ სამზარეულოში შესვლამდე, გარდაცვლილს სრული სამედიცინო შემოწმება გაატარეს, ეს პროტოკოლით მკაცრად იყო გაწერილი და შესაბამისი აცრებიც ჩაუტარეს. ნაწილის ჰოსპიტალში სულ რამდენიმე მედდა და ექიმი მსახურობდა. პასუხისმგებლობა ძირითადად ორ მათგანს ჰქონდა აღებული საკუთარ თავზე და ამ ორიდან ერთი - ნაწილის უფროსის და იყო, მეორე - ცოლი. ამიტომ, ნაწილის უფროსს ვთხოვე, რომ მათი დაკითხვის ნება მოეცა“, - ამბობს ბატონი თენგიზი.
ორივემ კატეგორიულად უარყო მედიკამენტებს შორის დასახელებული პრეპარატის არსებობა და რაც მთავარია, ცოლს ალიბი ჰქონდა - როცა მზარეული აეროპორტიდან ნაწილში მოჰყავდათ, ის თავბრუსხვევამ შეაწუხა, ამიტომ თავის საცხოვრებელ ოთახში ავიდა, წნევა გაიზომა და მასთან ერთად, ერთ-ერთი მედდა და ჯარისკაცი იმყოფებოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოში გადაეყვანათ. ნაწილის უფროსი ცოლზე გიჟდებოდა, ამიტომ მას გადამეტებულ ყურადღებას აქცევდა.
რაც შეეხება დას, მან დაადასტურა, რომ მზარეულს აცრა თავად გაუკეთა, გვამზე აჩვენა ის ადგილი, სადაც ნემსი გააკეთა და ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ამ შემთხვევაში, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ გვამს მეორე მკლავზეც ჰქონდა ნაჩხვლეტი ანუ იქ, სადაც მომაკვდინებელი სითხე შეუშვეს. ნაწილის უფროსის დამ მხრები აიჩეჩა, მე ნემსი რომ გავაკეთე, ოთახიდან გამოვედი, პაციენტი მარტო დავტოვე, შესაძლოა, ვინმე შევიდაო. ჩხრეკამ არაფერი მოიტანა და ახლა გამოძიება რუსეთიდან გამოგზავნილი მასალების იმედად იყო. ჰო, რაც მთავარია, ყველა ამბობდა, რომ მზარეულს პირველად ხედავდნენ და იმის მიუხედავად, რომ თითოეულ მათგანს სხვადასხვა ნაწილში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, ისინი მზარეულთან არასდროს გადაკვეთილან. ვიღაც აშკარად ტყუოდა და გამომძიებლებს სწორედ ეს ვიღაც უნდა ეპოვათ. ამიტომ, მომსახურე პერსონალის პირადი საქმის შესწავლაც დაიწყეს და თან მოსკოვიდან საბუთებს ელოდნენ.
„მესამე დღეს, რუსეთიდან გამოგზავნილი საბუთები აღარ მჭირდებოდა. გარდაცვლილს პირადი საქმე თან ჰქონდა, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ის ერთ-ერთ ნაწილში, სწორედ იმ დროს მუშაობდა მზარეულად, როცა იმავე ნაწილში, მედდებად... თბილისური გარნიზონის ამჟამინდელი უფროსის ცოლი და და მუშაობდნენ, თუმცა ნაწილის უფროსი მაშინ დაქორწინებული არ იყო და საერთოდ, სხვა მხარეს მსახურობდა ანუ რეალურად, ის მზარეულს არ იცნობდა, თუმცა ქალებს რომ ერთმანეთი არ სცნობოდათ, გამორიცხული იყო. შესაბამისად, მთავარი ეჭვმიტანილები ჩემი მეგობრის და და ცოლი გახდნენ. რა უნდა მექნა, დის დაკითხვა განმეორებით გადავწყვიტე“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.
„დიახ! მე მოვკალი და ჩემი ძმის ოჯახი გადავარჩინე. როცა ერთად ვმსახურობდით, ჩემი ძმა სხვა ნაწილში იყო, ლოთობდა, დაკარგული კაცი იყო, არადა, ნიჭიერი სამხედრო. ჩემს მომავალ რძალს ძალიან დავუახლოვდი, ვუთხარი, ჩემს ძმას უნდა გაგაყოლო ცოლად, შენ უნდა გამოასწორო და გადაარჩინო-მეთქი. ერთ დღეს, ჯარისკაცებმა მოახერხეს და ჩემს მომავალ სარძლოს დასაძინებელი დაალევინეს, მას ჩაეძინა და ახლაც არ ვიცი, რამდენმა ჯარისკაცმა ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით. მაშინ 12 ჯარისკაცი ჩასვეს ციხეში. ამის მიუხედავად, ჩემს ძმას გავაცანი და მათ საოცარი ოჯახი შექმნეს. ძმა ლოთობას გადაეჩვია და კარიერული აღმასვლაც დაიწყო. ეს ისტორია მზარეულმა იცოდა, ორჯერ გამოგვძალა ფული, გვემუქრებოდა, ყველაფერს ქმარს მოვუყვებიო. ჩემი ძმა სხვანაირად ამაყია, თუ არ დაშორდებოდა, აუცილებლად გალოთდებოდა. როცა აქეთ წამოვედით, დავისვენეთ და უცებ გავიგეთ, რომ მზარეულად ეს მოდიოდა. საიდანღაც გაუგია, აქეთ რომ ვიყავით და ყველაფერი გააკეთა, რომ თვითონაც წამოსულიყო. ფეხები დამწვარი რატომ აქვს, კარგად მოიკითხეთ, ბოლოს სადაც მსახურობდა, იქაც გრძელი ენის გამო დასაჯეს და მდუღარე „ბორშჩი“ ფეხებზე მისმა დამხმარე ქალმა გადაასხა. იმ დღეს ორი აცრა გავუკეთე, ქიმია ჩემი მეორე სპეციალობაა და ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი“, - დასრულა ქალმა მოყოლა.
ქართველი გამომძიებლის პატაკის შემდეგ, ნაწილის უფროსი, მისი ცოლი და და, სასწრაფო წესით, მოსკოვში გაიწვიეს. როგორც მერე თქვეს, სადღაც მივარდნილ მხარეში გაუშვეს სამსახურის მოსახდელად და ამაშიც გენერალი დაეხმარა. მოსკოვიდან მოსულ დოკუმენტებში კი გარდაცვლილის დამწვრობის მიზეზად, მასსა და მის დამხმარეს შორის მომხდარი „გაუგებრობა“ სახელდებოდა.