ფასდაუდებელი ხატი, რომლის გამოც ქალიშვილს მამა შემოაკვდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, არაერთმა ოჯახმა ძველი ნივთების გაყიდვა დაიწყო. სამწუხაროდ, მაშინ ნივთების რეალური ფასი არავინ იცოდა, ამიტომ შესაძლოა, ოჯახი ისეთ ნივთს შელეოდა 100 თუ 200 დოლარად, რომლის ფასიც ასეულობით ათასს აჭარბებდა. სწორედ ამიტომ, ადამიანთა იმ კატეგორიამ, რომელმაც ანტიკვარიატის ფასი და რაც მთავარია, ცნობა იცოდა, სოფლებში სიარული დაიწყო და მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით ძველ ნივთებს ყიდულობოდა. უფრო სწორად, ყიდულობდნენ თითქმის ყველაფერს - ხანჯლებს, დანებს, ხატებს, ვერცხლეულს, ფაიფურის ჭურჭელს... ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ჰყვებოდა, რუსმა ნაცნობმა სურათი მაჩვენა, ვერცხლის ლანგარზე ვერცხლის დოქი და 6 ჭიქა იდო, არ იყო ძველი ნაკეთობა, მაგრამ ძალიან მჭირდება და 40 ათას დოლარს გადაგიხდიო. ჰოდა, ამ კაცმა, ასეთ ვერცხლეულს სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიაგნო და ვაჭრობის შემდეგ, მეპატრონეებს 800 დოლარი გადაუხადა (თურმე, ისინი 1000 დოლარს ითხოვდნენ). ასე, ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ გაზიდეს საზღვარგარეთ ის ანტიკვარული ნივთები, რომლებიც ოჯახებში ინახებოდა და ვაი, რომ მაშინ საშველიც არსაიდან ჩანდა.

 

ჰოდა, 90-იანი წლების გარიჟრაჟზე, სწორედ ასეთი ანტიკვარიატით მოვაჭრე მამაკაცი იპოვეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი და რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებს მიმართეს.

„ეს ჩემმა დედინაცვალმა ჩაიდინა. ასე მგონია, რომ მამა არასოდეს უყვარდა და ახლაც მგონია, რომ ერთადერთი, ვისაც მისი მოკვლა შეეძლო, სწორედ დედინაცვალია“, -განაცხადა გარდაცვლილის ერთადერთმა შვილმა.

გოგონა ამბობდა, რომ ოჯახიდან მხოლოდ იმიტომ წავიდა, დედინაცვალი ვერ აიტანა, რომელიც მას შემდეგ, რაც მამამისს მისთხოვდა, უბრალოდ, გალოთდა და ოჯახს ხომ არ უვლიდა, ზოგადად, ყველაფერი ფეხზე ეკიდა და ისეც ხშირად ხდებოდა, რომ მთვრალი კიბეზე ასვლას ვერ ახერხებდა და ხან მეზობლებს აჰყავდათ, ხან - მამა ჩადიოდა. ძალოვნებმა ქალი მოიკითხეს, თუმცა ვერსად მიაგნეს, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ, ქალი ნასვამი მოვიდა და როცა უთხრეს, შენი ქმარი მოკვდაო, მკერდზე მჯიღი დაირტყა და დაბეჯითებით თქვა - „მე მოვკალი“. რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ ისეთი ნასვამი იყო, მის დაკითხვას აზრი არ ჰქონდა. სამაგიროდ, შვილი ჰყვებოდა ბევრ საინტერესო დეტალს.

„მამა ინჟინერი იყო, მაგრამ როცა მისი პროფესია არავის დასჭირდა, მეგობრის რჩევით, სოფლებში სიარული და ანტიკვარული ნივთების ყიდვა-გაყიდვა დაიწყო. ამან ისე გაიტაცა, რომ მე ანტიკვარიატის სპეციალისტს მიმაბარა და აღნიშნული სფეროს შესწავლა დავიწყე. მინდა გითხრათ, არცთუ ურიგოდ შევისწავლე და როცა მამა რამეს ყიდულობდა, მუდმივად მე მანახებდა, რამდენჯერმე სოფელშიც კი ვახლდი და მინდა გითხრათ, საკმაოდ სარფიანი გარიგებებიც დავდეთ. დედა სიმსივნით გარდაიცვალა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მამამ ეს უჯიშო ქალი მოიყვანა საიდანღაც და ჩვენი სიმშვიდეც მაშინ დასრულდა. საბედნიეროდ, ადრე ნაყიდი ერთოთახიანი ბინა გვქონდა და იქ გავექეცი დედინაცვალს, არ შემეძლო ყოველდღე მისი სახის ყურება. ახლაც მგონია, რომ მამა სიმთვრალით მოკლა, ან შემოაკვდა“, - ამბობდა გოგონა.

საინტერესო ის იყო, რომ პირველადი ვერსიით, მამაკაცს თავში რაღაც ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაირკვა, რომ ბლაგვი საგანი არ ყოფილა, მამაკაცი დაეცა და თავი კომოდის კუთხეს ჩამოარტყა. ექსპერტებმა თავიდან ვერ შენიშნეს კუთხეზე შერჩენილი თმა, მაგრამ მეორე დათვალიერების შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

„იქნებ, ყველაფერი ძალიან მარტივია, იქნებ, მამაკაცმა ფეხი წამოსდო რამეს და თავი თავისით ჩამოარტყა? სისხლის სამართლის საქმეც დაიხურება და დაკავებულსაც გავათავისუფლებთ“, - იოცნება გამომძიებელმა, მაგრამ ექსპერტებმა მის ოცნებას ცივი წყალი გადაავლეს - კაცს მკერდზე საკმაოდ მკაფიო კვალი ჰქონდა იმისა, რომ ვიღაცამ ძლიერად მიარტყა ხელი ანუ უჯიკა, რის შემდეგაც, ის წაიქცა და ყველაფერი ფატალურად დასრულდა. იმედი ისევ დედინაცვლის ჩვენება იყო.

„რა? ჩემი ქმარი მოკლეეს? კი, მაგრამ... მე რატომ დამიჭირეთ? სიმთვრალეში მაგას კი არა, ლენინის მკვლელობასაც დავიბრალებ. ხომ არ გადაირიეთ, რატომ უნდა მომეკლა კაცი, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი და ამის გამო, ჩემს ყველა სისულელეს იტანდა. მე არ ვიყავი იდეალური ცოლი და ყველაზე კარგად, ეს სწორედ მე ვიცოდი. ღმერთო, ახლა რა მეშვლება... ისე, არ დავმალავ, მგონი, სამი დღის წინ მითხრა, რაღაც ისეთი ვიყიდე, რომელიც მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაგვატარებინებსო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა იყიდა, ვისგან იყიდა და როდის. ზოგადად, მის საქმეში არ ვერეოდი, მთავარი იყო, დილით, შუადღეს, ან საღამოს, მოკლედ, დღის განმავლობაში, ფული მეშოვნა და სასმელი მეყიდა. ისე, არაყი არ მიყვარს, მუდმივად ღვინოს ვსვამ“, -განაცხადა დედინაცვალმა.

გარდა ჩვენებისა, რომელიც დედინაცვალმა გამოძიებას მისცა, გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მკვლელობის დროს, ქალი ერთ-ერთი სასადილოს წინ იჯდა და ღვინოს წრუპავდა. სამი საათის განმავლობაში, მან ორი ბოთლი ღვინო დალია და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა. მკვლელობა კი, სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქალი „განცხრომაში“ იყო.

„არცთუ დიდი ხნის წინ, მამამ ვიღაც სოფლელისგან ვერცხლის საათი იყიდა, ჯიბის საათი და იმ ნივთს „კუდი“ მოჰყვა. კაცი ჩამოვიდა იმავე სოფლიდან და გამოგვიცხადა, ის საათი დააბრუნეთ, ოჯახური რელიქვიაა, ჩემმა ლოთმა ძმამ მოგყიდათ და თუ არ დააბრუნებთ, სათითაოდ დაგხოცავთო. არ ვიცი, მამამ ის საათი დააბრუნა თუ არა“, - თქვა გოგომ და მართალია, კაცის სახელი და გვარი არ იცოდა, მაგრამ სოფლის დასახელება ზუსტად ახსოვდა.

სამართალდამცავები სოფელში ჩავიდნენ და მამაკაცი მალე იპოვეს. მან მხრები აიჩეჩა, მე რა შუაში ვარ, ის საათი დამიბრუნა და ჩემს იდიოტ ძმას კიდევ რომ არ გაეყიდა, სიდედრ-სიმამრთან გადავიტანეო. ძალოვნებმა გადაამოწმეს და მართლაც, საათი მის სიმამრთან ინახებოდა. რაც მთავარია, მან საათი მკვლელობამდე ორი დღით ადრე მიიტანა ანუ ინტერესი არ ჰქონდა, ანტიკვარის სპეციალისტი მოეკლა, მაგრამ ვიღაცამ ხომ მოკლა და ვინ იყო ის ვიღაც? ეგებ, ასეთი გამწარებული კიდევ ჰყავდა და სად, ან ვინ უნდა ეძებნათ ასობით ადამიანში, ძალოვნებმა არ იცოდნენ.

ამასობაში, ერთმა მეზობელმა გაიხსენა ძალიან საინტერესო რამ. მისი თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, კიბეზე აიარა და გაიგონა, როგორ უყვიროდა ვიღაც ქალი სახლის პატრონს და მეზობელი ამბობდა, ის ვიღაც... მისი ქალიშვილი იყოო. სამართალდამცავებისთვის წარმოუდგენელი ჩანდა საქმეში გოგოს მონაწილეობა, რადგან მკვლელს ისიც გამწარებული ეძებდა, მაგრამ მეზობელი გაჯიუტდა, გინდა თუ არა, იმის ხმა იყოო. ძალოვნებმა შორი გზის მოვლა არჩიეს და გარდაცვლილის ქალიშვილს ჰკითხეს, ხომ არ ყოფილა ისეთი ნივთ, რომეელიც მამამ იყიდა და მას ისეთი ფასი შეიძლებოდა ჰქონოდა, მთელი ცხოვრება უზრუნველად ეცხოვრაო. გოგონამ ხელები გაასავსავა, ასეთი არაფერი ყოფილაო, მაგრამ გამომძიებელი მიხვდა, რომ მიზანში მოარტყა, გოგონამ რაღაც იცოდა. ამიტომ, სანამ ის აზრზე მოვიდოდა და მოქმედებას დაიწყებდა, მისი ერთოთახიანი ბინა სასწრაფო წესით გაჩხრიკეს. ყველაზე საეჭვო თუ საყურადღებო, რაც ბინაში ნახეს, ძველებური ხატი იყო. ის შესაფასებლად ექსპერტებს წაუღეს.

„თქვენ გვთხოვთ იმ ხატის შეფასებას, რომელსაც ფასი არ აქვს, შეუფასებელია. მერვე-მეცხრე საუკუნის ხატწერაა და ამას, უბრალოდ, ვერ გაყიდით, რადგან წარმომავლობას თუ არ დაამტკიცებთ, დაგიჭერენ. მილიონი და ორი მილიონი სასაცილო თანხაა, ეს თუ გაიყიდება, ბევრად მეტს გადაიხდის ევროპის ნებისმიერ მუზეუმი“, - ასეთი იყო ექსპერტთა პასუხი.

ცხადი გახდა, რომ გარდაცვლილი სწორედ ამ ხატს გულისხმობდა, როცა უზრუნველ ცხოვრებაზე საუბრობდა, მაგრამ... ამის გამო, მამა რატომ უნდა მოეკლა? ნუთუ, ის ერთადერთ შვილს არაფერს უწილადებდა?!

„როცა ეს ხატი მანახა, დავმუნჯდი და ასე მითხრა, კლიენტი მყავს, ნახევარ მილიონს მაძლევსო. მივხვდი, რომ ვიღაც ატყუებდა, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ეს საოცრება საქართველოდან გავიდოდა. მამას მუხლებში ჩავუვარდი, მე მაჩუქე, მუზეუმს მივუტან-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. მაშინ ვკარი გამწარებულზე ხელი და ისე გამოვიდა, რომ მამა მოვკალი. მართლა მუზეუმისთვის მინდოდა ეს ხატი და თუ გნებავთ, ნუ დამიჯერებთ“, - განაცხადა გოგონამ.

გაგიკვირდებათ და, სასამართლომ მას პირობითი მსჯავრი მისცა. მიზეზად ის დასახელდა, რომ ბრალდებულს მუზეუმისთვის ბოლო პერიოდში არაერთი ნივთი ჰქონდა უსასყიდლოდ გადაცემული და მოსამართლემ დაიჯერა, რომ ის ხატსაც, სწორედ მუზეუმისთვის ამზადებდა.


 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე