რუსულ შოუბიზნესს „ტრადიციული ღირებულებების“ სავალდებულო სამსახურში იწვევენ

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2024 წლის ივნისის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიზანია შოუბიზნესში ჩართულ ადამიანებს აუკრძალოს "უღირსი იერითა და უცენზურო გამონათქვამებით" სცენაზე გამოსვლა.

გარდა ამისა, რუსეთში ხელოვნების მუშაკებს ასევე მოეთხოვებათ „ტრადიციული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების“ ფორმირება და გავრცელება.

Current Time-მა (რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი) შეისწავლა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ინიციირებული დოკუმენტი და ესაუბრა რუსული შოუბიზნესისა და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მათზე კრემლის კურსი „ტრადიციულ ღირებულებებზე“ და როგორ იმოქმედებს მათ შემოქმედებაზე მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა.

მორალი და ეთიკა ფონოგრამის კანონპროექტში

კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, არგუმენტების ნაცვლად, იწყება რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის ციტატით:

„კულტურა, რადგან ქმნის ჩვენი ხალხის სულიერ კარკასს და აძლიერებს ჩვენს იდენტობას, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარდამტეხ მომენტებში, მძიმე, თუნდაც ტრაგიკულ წუთებში, რადგან ძალას აძლევს და აძლიერებს ხალხს...“

პუტინმა ეს სიტყვები წარმოთქვა 2024 წლის მარტში კულტურის მუშაკებთან შეხვედრაზე ტვერის რეგიონში, სადაც მან ასევე მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს, რომლებიც, მისი თქმით, „ადამიანის არსებობის მორალურ საფუძველს ქმნიან“.

როგორც კულტურის სფეროს ექსპერტები ამბობენ, ახალი კანონპროექტიც შექმნილია რაღაც მსგავსის გასაკეთებლად, თუმცა სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების ნაწილი „ბრძნულად“ არის გადატანილი უკანა პლანზე, დოკუმენტი კი, რომლის ავტორები ბაშკირეთის სახელმწიფო კრების წევრები არიან, იწყება ფონოგრამის გამოყენების წესების გამკაცრებით.

„მიუხედავად რუსეთში არსებული საკანონმდებლო რეგულაციისა, მომხმარებლები კონცერტებზე აწყდებიან ისეთ ვითარებას, როდესაც შემსრულებლები და კრეატიული ჯგუფები, თუნდაც რამდენიმეათასიანი აუდიტორიის წინაშე, მღერიან ფონოგრამაზე ისე, რომ ამის შესახებ მაყურებელი გაფრთხილებული არ არის. ეს მიუთითებს როგორც მაყურებლის უპატივცემულობაზე, ასევე შემსრულებლების არაპროფესიონალიზმზე“.

არადა, ფონოგრამის გამოყენების შესახებ შეტყობინების გავრცელება დიდი ხანია დარეგულირებულია რუსეთის კანონმდებლობით, კერძოდ, კანონით მომხმარებელთა დაცვის შესახებ. თუმცა, ახალი კანონპროექტის ავტორების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ, მათი თქმით, არსად არ არის ნათქვამი, კონკრეტულად რა შეიძლება ჩაითვალოს ფონოგრამად, ამიტომ ისინი გამოდიან ინიციატივით დეტალურად განიმარტოს და დაკანონდეს „პლუს ფონოგრამის“ ცნება; შემსრულებლებისა და ორგანიზატორების ვალდებულებები, ვალდებულება - აცნობონ მაყურებელს მათ წარმოდგენებში ფონოგრამების გამოყენების შესახებ; მაყურებლის უფლება - დაიბრუნოს თანხა, თუ საჭირო ინფორმაცია დროულად ვერ მიიღო.

ბრძოლა ზნეობრივი იერისთვის

ერთი შეხედვით, არანაირი პირდაპირი კავშირი ფონოგრამის გამოყენებასა და „ტრადიციულ სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებს“ შორის არ არსებობს, თუმცა კანონპროექტების ავტორები სხვაგვარად ფიქრობენ.

„კულტურა არის მძლავრი ინსტრუმენტი ახალგაზრდა თაობის, მთლიანად საზოგადოების განათლებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის“, - აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები და გადადიან დოკუმენტის იმ ნაწილის ახსნაზე, რომელიც ფაქტობრივად აკანონებს სხვა ტიპის ცენზურას. კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია კულტურის დაცემასა და თანამედროვე ახალგაზრდობის დეგრადაციაზე, რომ პოპულარული ვარსკვლავები გარდა იმისა, რომ სცენიდან და ეკრანიდან გაჰკივიან განათლების უსარგებლობის შესახებ, პარალელურად ახალგაზრდებს ასწავლიან სმას, მოწევას და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღებას:

„მოუმზადებელი მსმენელები ექცევიან მათი გავლენის ქვეშ და მორალურად დეგრადირდებიან. ყოველი მორიგი ვარსკვლავური პერსონა თავის მოვალეობად მიიჩნევს აუდიტორიის გახრწნას და ბრბოს შეუქცევად ტრანსფორმაციას. ცნობილია შემთხვევები, როცა შემსრულებლები არაკორექტულად იქცეოდნენ - გამოდიოდნენ სცენაზე არაფხიზელ მდგომარეობაში, შლიდნენ კონცერტებს და ა.შ.“

რუსი კანონმდებლები მოითხოვენ არტისტების სათანადო ქცევის კანონის ძალით უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს:

  • საზოგადოებაში მიღებული ზნეობრივი ნორმების დაცვას
  • შემოქმედებაში უცენზურო და შეურაცხმყოფელ სიტყვებსა თუ ქცევაზე უარის თქმას
  • გინებისგან, სმისგან და ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავებას.

 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას ღონისძიებების (კონცერტების, შეხვედრების) ორგანიზატორებისათვის.

ალექსანდრა, რომელსაც Current Time-ი ესაუბრა, დაახლოებით 10 წელია მუშაობს კონცერტების ორგანიზატორად. ის ახალ კანონპროექტს უყურებს როგორც გაკვირვებით, ასევე პესიმიზმით:

„გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ყველაფერი გაოცებას იწვევს. ახლა იმგვარი ვითარებაა, რომ, თუ ხელისუფლება მოინდომებს, მას აქვს ხელოვანის შეზღუდვის უამრავი პირდაპირი და ეფექტური საშუალება. ამიტომ ეს ინიციატივა ძალიან ჰგავს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კოჭის მორიგ გაგორებას. კანონპროექტიდან აბსოლუტურად გაუგებარია, რა და როგორი პრინციპით უნდა დარეგულირდეს, ვინ უნდა ადევნოს თვალი და ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი. არადა, უკვე არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი და შესაბამისი ორგანო. ჩემი პირადი დამოკიდებულება მკაცრად ნეგატიურია - ზრდასრულ ადამიანებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ რა მუსიკას მოუსმინონ, რა ღონისძიებებს დაესწრონ საკუთარი ხარჯებით, სად გაუშვან შვილები და სად - არა“.

„შიშველი წვეულება“, როგორც უზნეობის მთავარი მაგალითი

როგორ უნდა განხორციელდეს „აღსრულება და ზედამხედველობა“, დოკუმენტიდან გაურკვეველია. „ტრადიციულ ზნეობრივ ფასეულობებში“ შეიძლება იგულისხმებოდეს თითქმის ყველაფერი: პატრიარქალური წესებიდან რელიგიურ ნორმებამდე.

ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად თავისუფლად ხდება ამ ღირებულებების ინტერპრეტაცია, არის ბოლო სკანდალი, რომელიც დაკავშირებულია მომღერალ ოლგა ბუზოვას გამოსვლასთან უფაში VK Fest-ზე. მომღერალი გააკრიტიკეს „თამამი ჩაცმულობის“ გამო. ქალაქის ზოგიერთი მკვიდრის თქმით, ბუზოვას კოსტიუმი სრულიად შეუსაბამო იყო, განსაკუთრებით ბავშვთა დაცვის დღისათვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბუზოვა მართლაც 1 ივნისს გამოვიდა სცენაზე, მისი კონცერტი არანაირ კავშირში არ იყო ბავშვთა დაცვის დღესთან. VK Fest-ზე 12 წლამდე ასაკის ბავშვებს მხოლოდ მშობლების თანხლების შემთხვევაში შეეძლოთ მოხვედრა.მორალის გამძვინვარებულმა დამცველებმა უამრავი წერილი გაუგზავნეს უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის ხელმძღვანელს, ელენა მიზულინას, რომელიც უკვე წლებია მოღვაწეობს საჯარო გაკიცხვის ჟანრში - მის Telegram-არხზე ხსენების შემდეგ შემსრულებლები (მომღერლები, მსახიობები და ა.შ.) საჯაროდ იხდიან ბოდიშს ან იღებენ უწყებებს პროკურატურიდან, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შეტყობინებით. როგორც მოსალოდნელი იყო, მომღერალ ბუზოვას ჩაცმულობა და იმიჯი მიზულინას, რბილად რომ ითქვას, არ მოეწონა.

„უფაშიც მოხდა თავისი „შიშველი წვეულება“ - ოლგა ბუზოვა სცენაზე გამოჩნდა უაღრესად თამამი ჩაცმულობით, რაც ნახა დიდი რაოდენობით ბავშვმა და მოზარდმა. რეგიონის მოსახლეობა სამართლიანად აღაშფოთა მომღერლის საქციელმა. მეც ვიზიარებ მათ გულისწყრომას. ვერ ვხედავ განსხვავებას სენსაციურ „შიშველ წვეულებას“ და ბავშვთა დღეს სცენაზე ასე გამოსვლას შორის“, - დაწერა მიზულინამ თავის ტელეგრამარხზე.

 

კონცერტების ორგანიზატორი ალექსანდრა მიიჩნევს, რომ რუსეთის მუსიკალურ ინდუსტრიაში სპეციალური კანონები დიდი ხანია საჭირო აღარ არის, რადგან ბევრი არტისტი თავისი ნებითაც მზად არის კომპრომისისთვის:

”თუ გადავხედავთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნახსენებ შემთხვევებს, იქაც საუბარია „მუტაბორში“ გამართულ ავბედით შიშველ წვეულებასა და ბუზოვასთან დაკავშირებულ ბოლო ინციდენტზე. საუბარია დიდ პოპარტისტებზე, რომლებიც გამოდიან ცენტრალურ არხებზე, მღერიან ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებზე, მათ აქვთ მილიონობით დოლარის სარეკლამო კონტრაქტები და ა.შ. შოუბიზნესის ამ ნაწილს აქვს თავისი სპეციფიკა, აქ ყველა იმთავითვე წამსვლელია კომპრომისზე. რა თქმა უნდა, შეიძლება რეპერებს მეტი მოხვდეთ უხამსი სიტყვების გამოყენებისა და ნარკოტიკების ხსენების გამო. მაგრამ ამაში ახალი არაფერი იქნება, ჩვენ შევსწრებივართ ასეთ ვითარებებს: საკითხი წყდება ან ბოდიშის მოხდით, ცუდი ტრეკების მოხსნით სტრიმინგიდან და მათ საჯაროდ შესრულებაზე უარის თქმით ან ჩრდილში გადასვლით“.

კურსი ტრადიციული ღირებულებებისა და თვითცენზურისკენ

მსგავსი შემზღუდავი ინიციატივები რეგულარულად ჩნდება კულტურის სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, „არატრადიციული“ სექსუალური ურთიერთობების და „სქესის შეცვლის“ პროპაგანდა აიკრძალა ონლაინ კინოთეატრებში, მედიაში, კინოსა და რეკლამაში. ამგვარად, პუტინმა არა მხოლოდ გააძლიერა კურსი კონსერვატიზმისკენ, არამედ უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა მთელ კინოინდუსტრიას.

თუ ბევრი ფილმი, რომლებიც შეიცავს სახიფათო „არატრადიციულ“ სექსუალურ ურთიერთობებს, კინოგაქირავებაში არ ხვდება იმის გამო, რომ მრავალმა მსხვილმა დასავლურმა კინოკომპანიამ უბრალოდ დატოვა რუსეთი, სტრიმინგთან დაკავშირებით საქმე ბევრად უფრო რთულადაა. ონლაინპლატფორმებს არსებითად სამი გზა აქვთ:

  • განზრახ მოერიდოს „ფეთქებადსაშიშ“ კონტენტს, თუნდაც საინტერესოს მაყურებლისთვის.
  • როგორღაც შეუმჩნევლად შეინახოს კატალოგებში LGBTQ+ თემატიკის პროექტები და გადაიხადოს ჯარიმები.
  • კონტენტის ცენზურა.

ალისა (სახელი შეცვლილია), რომელიც მუშაობდა ერთ-ერთი რუსული ონლაინპლატფორმის მარკეტინგის განყოფილებაში, Current Time-თან საუბარში შემდეგნაირად აღწერს ბოლო წლების თავის გამოცდილებას:

„ჩემს საქმიანობაში გამუდმებით ვაწყდებოდი ცენზურას, განსაკუთრებით ჩვენს პლატფორმაზე ატვირთული სერიალების გამო. ხშირად მიწევდა ამოჭრილი სცენებისათვის ბრძოლა, რადგან ჩემმა კოლეგებმა პროცესი ნამდვილ ცირკად აქციეს. იღებდნენ მასალებს, ამოწმებდნენ მათ კანონთან შესაბამისობას და ამის შემდეგ იწყებოდა ფილმი „ედვარდ ხელმაკრატელა“ (Edward Scissorhands). თუ ედვარდს გამოსდიოდა ლამაზი ბუჩქები, კოლეგების ხელიდან გამოსული სირობის ნახვა შეუძლებელი იყო. ხშირად მიჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ ვუყურებდი კონკურსს „ვინ ამოჭრის ყველაზე მეტს“. მოკლედ, დიდ ცენზურაში უწევს არსებობა თანამედროვე რუსულ სტრიმინგს. საბედნიეროდ, მაყურებელი თვითონ წყვეტს, სად და რა ქრონომეტრაჟში უყუროს ფილმებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი ადამიანი მიმართავს ტორენტებსა და მეკობრეებს, რომლებთან სერიალებისა და ფილმების ნახვა ცენზურის გარეშეა შესაძლებელი“.„აშკარაა, რომ სახელმწიფო „ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების“ დაცვის საბაბით ახდენს მედიის, კინოს, თეატრისა და ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობის დაცენზურებას. ეს არის ერთგვარი ბიუროკრატიული ფოჩიანი ქაღალდი, რომელშიც გახვეულია ნეხვის კანფეტი. საუბარია ქვეყანაზე, რომელშიც დიდი ხანია მორალური ფასეულობების კვალიც კი აღარ ჩანს. ვფიქრობ, რომ სტრიმინგკომპანიებს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ იმაზე, თუ რა ამოჭრან ფილმებიდან და რა - დატოვონ“, - ამბობს ალისა.

ასევე ივნისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო, სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტთან, ფედერაციის საბჭოსთან და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს კინოგაქირავების მოწმობების (სერტიფიკატების) გაცემის რეგულირების მიზნით. კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის დეპარტამენტის დირექტორის დმიტრი დავიდენკოს თქმით, ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებიდან გამომდინარე, იმოქმედებს მკაფიო წესები, რომლებიც დაეხმარება შესაბამის პირებს კონკრეტული ფილმის ტრადიციულ-მორალურ ღირებულებებთან შესაბამისობის დადგენაში.

„ყველაზე სასაცილო ის არის, რომ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა დავიდენკომ თქვა, რომ ახლა მთავარი გმირები სამხედროები არიანო. მაგრამ ომის შესახებ ფილმებზე არავინ დადის. მხოლოდ „ჩებურაშკა“, მხოლოდ ჰარდკორი... ვფიქრობ, რომ ორიგინალური ფილმების ისედაც მცირე ნაწილი, რომელიც ლეგალურად ხვდება რუსეთში, ახლა მაყურებლამდე კიდევ უფრო მეტად გაძარცვული მიაღწევს, ან საერთოდ ვერ მიაღწევს. ასეთი ცვლილებებით კულტურის სამინისტრო კიდევ ერთ ლურსმანს აჭედებს კინოგაქირავების კუბოში“, - ამბობს ალისა.

რას გააკეთებენ საკონცერტო ინდუსტრიისა და შოუბიზნესის მუშაკები, თუ კანონპროექტი, რომელიც მათ ავალდებულებს დაიცვან ტრადიციული ღირებულებები (ასევე დაიცვან მორალი და ზნეობა), მიღებული იქნება? კონცერტების ორგანიზატორი ალექსანდრა ამბობს:

„ნებაყოფლობით არავის სურს „ახალ რეგიონებში“ (უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში. რ.თ.) ე.წ. სინანულის ტურებში მონაწილეობა და არჩევნების მნიშვნელობის შესახებ პოსტების წერა. არავის არ სურს დაუსრულებელი საგადასახადო შემოწმებების გამო საკუთარი კლუბის დახურვა. ამიტომ, არტისტების მთავარი ამოცანაა, არ დაიტეხონ თავზე პრობლემები. ამ ფონზე მუსიკოსებს სთხოვენ, ხელი მოაწერონ ქაღალდებს, რომ არ შეიგინებიან სცენაზე. რომ არ მოწევენ, რომ არ გაშიშვლდებიან. თუ საქმე მივა რომელიმე კონკრეტულ სიმღერამდე, ისინი მზად არიან ამოიღონ ეს სიმღერა სეტ-ლისტიდან. ხშირად იმის იმედად უწევთ ყოფნა, რომ ცენზორები ყველაფერს ვერ გასწვდებიან. ჩინოვნიკებსაც, თუ ძალიან იდეურები არ არიან, ასევე არანაირი ინტერესი არ აქვთ ბოლომდე ჩაეფლონ ამ ამბავში. ამიტომ, „სიების“ შედგენა ძალიან უარყოფითად აისახება ვითარებაზე. ადმინისტრაციები დაიწყებენ იმის გარკვევას, თუ ვინ გამორჩათ, რატომ გამორჩათ და კიდევ ვინ შეიძლება აიკრძალოს ყოველი შემთხვევისთვის. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ, რომ უკეთეს დროებას მოვესწრებით. ვმუშაობთ იმით, რაც გვაქვს და არ ვნებდებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალი ასპექტით დაშორდა დასავლეთს, ჩვენ მაინც ვრჩებით ამ გლობალური კულტურის ნაწილად. არ გამოვა, სოცრეალიზმის დროინდელი ვადაგასული რიტორიკის გამოყენებით ხალხს უარი ათქმევინო იმაზე, რასაც მიეჩვია ამ ფარშს უკან ვერ დააბრუნებენ".

წყარო: რადიო თავისუფლება