დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზურაბ დათუნაშვილის ისტორია გემახსოვრებათ - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ის საქართველოდან წავიდა და კარიერა სერბეთში გააგრძელა. ქართველმა მოჭიდავემ სერბეთის სახელით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო, ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და სერბეთში წლის სპორტსმენადაც დაასახელეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან გამოკითხვაში ლეგენდარულ ნოვაკ ჯოკოვიჩსაც კი აჯობა. შესაბამისად, დათუნაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად უნდა წასულიყო, მაგრამ...

„მოგესალმებით, მეგობრებო. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც, ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება.

ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც, ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი, თუმცა საზოგადოების ნაწილისთთვის ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც.

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო. თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ცხოვრება მთლიანად ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მომავალშიც. მივდივარ აქტიური სპორტიდან, თუმცა ვრჩები ჭიდაობაში და ვაპირებ, ჩემი 26-წლიანი გამოცდილება მოვახმარო ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვას, როგორც საქართველოსა და სერბეთში, ისე მთლიანად მსოფლიოში“, - ეს განცხადება დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა და კარიერის დასრულების შესახებაც ოფიციალურად განაცხადა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე