ლეგიონერებმა დაიწყეს - ხვიჩა დაამტვრიეს, მამარდა ისევ საუკეთესოა, მიქაუტაძემ პენალტი ვერ გაიტანა, ქოჩორამ და ჩაკვეტაძემ იფრინეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ უქმეებზე, ევროპაში პრაქტიკულად ყველა ჩემპიონატმა აიღო სტარტი და ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებიც საქმეში ჩაერთვნენ. რაღა თქმა უნდა, მათი ასპარეზობა და იმის ნახვა, თუ როგორფორმაში არიან ბიჭები სანაკრებო მატჩების წინ, ძალიან საინტერესო გახლდათ. „ნაპოლით“ და ხვიჩა კვარაცხელიათი დავიწყოთ, რადგან ყველაზე მძიმე უქმეები სწორედ მას ჰქონდა.

ნეაპოლელები „ვერონას“ სტუმრობდნენ და იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი და ახალი ამბიციები აქვს, ფავორიტებადაც ითვლებოდნენ. აშკარად გამოჩნდა, რომ ანტონიო კონტემ გუნდის შეტევები მთლიანად ქართველზე ააწყო და კვარაცხელია საწყის 45 წუთში საუკეთესოც იყო, თუმცა... „გამოცხადებული ნადირობა ხვიჩაზე“ - ასე გამოეხმაურნენ იტალიური გაზეთები იმას, რასაც „ვერონას“ მცველები ქართველის მიმართა აკეთებდნენ. ისინი აშკარად უხეშობდნენ და მსაჯმა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი, რამაც ისინი გაათამამა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, სრულიად უწყინარ სიტუაციაში, მეტოქის ფეხბურთელი კვარას შეგნებულად შეეჯახა და თვალში თითი ატაკა. შეჯახება იმდენად ძიერი იყო, რომ კვარაცხელიამ მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მისი გუნდი კი, 3-0 დამარცხდა.

„გარდა იმისა,რომ მცველმა ხვიჩას თვალი დაუზიანა, მას კუნთი დაეჭიმა და შეჯახების შედეგად, ეჭვი ტვინის მსუბუქ შერყევაზეც გვაქვს“,-განაცხადა ნამატჩევს „ნაპოლის“ ექიმმა.

ურთულესი გამოცდა ჰქონდა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“. „ღამურები“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ მასპინძლობდნენ და მართალია, 1-2 დამარცხდნენ, ქართველი კიპერი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

„შეხედეთ ფანებს, ისინი 90 წუთის განმავლობაში გუნდის სახელს კი არ სკანდირებდნენ, არამედ ორ სიტყვას - გიორგი დარჩი! არ დავმალავ, მამარდაშვილთან დაკავშირებით, რამდენიმე წინადადება გვაქვს და ახლა ვერ ვიტყვი, შევინარჩუნებთ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს“,-თქვა ნამატჩევს კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ.

აბსოლუტურად ყველა გამოცემა აღიარებს, რომ მამარდაშვილის გადაბირება „ლივერპულს“ სურლს, მერსისაიდელებს გიორგისთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვთ და ახლა საუბარი მხოლოდ სატრანსფერო თანხაზე მიდის, მაგრამ იგივე მედია იმასაც აღნიშნავს, რომ საქმეში შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ჩაერთოს. თუ ასე მოხდება, ბრიტანელების აზრით, „წითელ ეშმაკებს“ შესაძლებლობა ექნებათ, როგორცკლუბს, ისე მეკარეს, უკეთესი პირობები შესთავაზონ. მართალია, მანჩესტერელთა კარს ახლა ონანა იცავს, რომელშიც ასევე სოლიდური თანხაა გადახდილი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მისი ასპარეზობით კმაყოფილი აშკარად არ არის.

ახალ გუნდში დებიუტი ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს. მისი „ლიონი“ „რენს“ სტუმრობდა და ჟორჟმა მოედანზე 90 წუთიც გაატარა, მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი. მასპინძლებმა ორი გოლის გატანა პირველივე ტაიმში მოახერხეს და მეორე ნახევარში სტუმრები ბევრად მოტივირებულები გამოვიდნენ. მათმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და 71-ე წუთზე „რენის“ კარში 11-მეტრიანიც დაინიშნა. პენალტის ნიშნულთან მიქაუტაძე მივიდა და... მეკარემ აუღო. მატჩის მიწურულს „რენმა“ კიდევ ერთი გაიტანა და ანგარიშიცგამანადგურებელი გახადა.

სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე „ლევანტე“ პირველ ტურში „სპორტინგს“ სტუმრობდა. გიორგი ქოჩორაშვილის გუნდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და სწრაფი გოლიც გაიტანა - სტუმრები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის გარდამტეხი მომენტი 42-ე წუთზე დადგა, როცა მეტოქის კარიდან დახლოებით 30 მეტრში, ჯარიმა დაინიშნა. საჯარიმო ნიშნულთან ქართველი მივიდა და მაშინ, როცა ყველა ჩაწოდებას ელოდა და მეტოქის კიპერმაც სწორედ იმ კუთხისკენ დაიწყო მოძრაობა, სადაც ჩაწოდება უნდა განხორციელებულიყო, ქოჩორაშვილმა პირდაპირ კარში დაარტყა და ულამაზესი გოლიც გამოუვიდა. საბოლოო ჯამში, შეხვედრა „ლევანტეს“ სასარგებლოდ, 2-1 დასრულკდა, ანუ ქართველის გოლი გამარჯვებისა იყო.

ორი ტურის შემდეგ, ორი მოგებით, ლიდერთა შორის არის ინგლისის ჩემპიონშიპში მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“. ორივე შეხვედრის მოგებაში, ჩვენებურმა ლომის წილი დაიდო და თუ პირველ ტურში გატანა მოახერხა, ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალა. თუ „უოტფორდი“ აღებულ ტემპს შეინარჩუნებს, პრემიერლიგაში გადასვლა რთული ნამდვილად არ იქქნება. რაც შეეხება ქართველს, ის ორივე შეხვედრაში საუკეთესო გახლდათ და როგორც მწვრთნელი, ისე ადგილობრივი მედია წერს, რომ როცა ჩაკვეტაძე ფორმაშია, მისი შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელია და ის მოედანზე მეტოქეებ,ს როგორც პატარა ბავშვებს, ისე უსწორდება.

კარგი მატჩი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს. მისი გუნდი ქვეყნის თასზე რეგიონალ ლიგის „შპორტფროინდეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად, 5-0 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც მოედანზე 71 წუთი გაატარა, ერთისაგოლე გადაცემა მიითვალა და ერთი გოლიც სეაგდო.ზოგადად, ბუდუ აშკარად კარგ ფორმაშია, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბომბარდირთა შორისაა და ნაკრებში აშკარად კარგ ხასიათზე უნდა ჩამოვიდეს.

და ერთიც - იტალიის სერი A-ს პირველ ტურში, მთავარ სენსაციასთან ახლოს იყო „ტორინო“. ტურინელები „სან სიროზე“ „მილანს“ სტუმრობდნენ და 88-ე წუთამდე 2-0-საც იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ჰოდა, შეხვედრის 84-ე წუთზე, „ტორინოს“ თავკაცმა დაცვის გასაძლიერებლად მოედანზე საბა საზონოვი შეუშვა და იტალიური მედია ამტკიცებს, სტუმრებმა პირველი გოლი სწორედ ქართველის შეცდომის შედეგად გაუშვეს, ალვარო მორატა სწორედ მას გაექცაო. მართალია, საბა სწორედ მორატას მეურვეობდა, მაგრამ იმას რატომ არავინ ამბობს,რომ იმ კონკრეტული შეტევისას, საბას ზურგს უკან, მილანელთა კიდევ ერთი შემტევი აღმოჩნდა, რომელსაც არავინ მეურვეობდა და საზონოვმაც ყურადღება მასზე გადაიტანა, რის შემდეგაც მორატა გაუსხლტა. საბოლოოდ კი, ისე გამოვიდა, რომ სწორედ საბას მეურვემ შეაგდო და ის მეორე ფორვრდი აღარავინ ახსენა. არადა, ქართველს გუნდში ისედაც ცოტა სათამაშო დრო აქვს და აქ რომ გამართლებოდა, ეგებ მწვრთნელისგან უფრო მეტი ნდობა ჰქონოდა.

საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დებიუტი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს. მართალია, მისი „სენტ ეტიენი“ სტუმრად დამარცხდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი აშკარად აქტიური იყო და გუნდის ლიდერის ფუნქციებსაც გადასარევად ითავსებდა. ზურიკოსთვის საფრანგეთში თამაში უცხო არ არის და იმედი გვაქვს, მომავალ ტურებში მის გოლებსაც ვიხილავთ.