რჩეული სტატიები

Grid List

ამერიკელმა სწავლულებმა აშშ-ს მაიოს კლინიკიდან, გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რნმ-მესენჯერის საფუძველზე შექმნეს ვაქცინა, რომელსაც ძვლების შეხორცების სტიმულირება შეუძლია. დაზიანების შემდეგ, ადამიანის ძვლის ქსოვილი ორი მეთოდით აღდგება: სტრომალური უჯრედებიდან (ღეროვანი უჯრედები) პირდაპირი წარმოქმნით, ანდა ენდოქონდრიალური ოსიფიკაციით ანუ ხრტილის ჩამოყალიბებით, რომელიც შემდეგ გაძვალდება. ამ მექანიზმების მოშლის და ასევე ორგანიზმში სხვა დარღვევების გამო, მოტეხილობები აღარ ხორცდება, რასაც ამპუტაციამდე მივყავართ. ასეთი შემთხვევებისთვის მკვლევარებმა მკურნალობის ახალი მეთოდი შექმნეს, რომელსაც ძვლის ქსოვილის აღდგენის სტიმულირება შეუძლია. ჯერჯერობით, სწავლულებმა ახალი პრეპარატი მღრღნელებზე დატესტეს, რამაც მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება აჩვენა, ერთი დოზის გადასხმის შედეგადაც კი. ამ მიმართულებით კვლევები კვლავ გრძელდება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხვალიდან, 24 ივლისიდან ძალაში შედის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.

სარჯველაძის თქმით, გრძელდება მუშაობა პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის.

"გასულ კვირას ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლითაც ახლებურად მოწესრიგდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურები. კერძოდ, თუ პაციენტს გადასხმამდე უწევდა ჯერ რეცეპტისთვის მიკითხვა კლინიკაში, შემდეგ მედიკამენტის ძებნა სააფთიაქო ქსელებში, მისი აღება, იმავე კლინიკაში მიბრუნება, ეს შეიცვალა ძირეულად და ამიერიდან, კლინიკა აღარ შეაწუხებს პაციენტს, თავად დაახვედრებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტს.

ბრძანება ხვალიდან შედის ძალაში. მის მიღებას წინ უძღოდა ნაყოფიერი მუშაობა კლინიკებთან და ონკოლოგიური პაციენტების ორგანიზაციებთან. მინდა, მადლობა გადავუხადო სამუშაო პროცესში ჩართულ თითოეულ მხარეს და მონაწილეს. აღნიშნული ცვლილება პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სამწუხაროდ, ამ კონკრეტული თემით არ შემოიფარგლება პაციენტთა, განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტთა საჭიროებები და მათი უფლებების, ინტერესების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების შესაძლებლობები, სივრცეები. ვაგრძელებთ მუშაობას პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. მინდა, თითოეულ პაციენტს ვუსურვო, რომ ეს ცვლილებაც ყოფილიყოს მათთვის კიდევ სხვა მრავალი სიხარულის მომტანი. თითოეულ მათგანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო - პაციენტები, სერვისს უფასოდ მიიღებენ. პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ, როცა მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება.

"პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე - პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.

B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ.

იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან", - წერია განცხადებაში.

სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს - პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამინისტრო ამბობს, რომ სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვისთვის ანალიტიკური სამუშაოები გრძელდება და შედეგების ანგარიში, ისევე როგორც სამომავლო რეკომენდაციები, წლის ბოლოს გახდება ცნობილი - ამის შესახებ უწყებამ BM.GE-ს ოფიციალური კითხვის საპასუხოდ მისწერა.

საქმე ისაა, რომ გასულ თვეში განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში მოხსენებისას, სასკოლო კვების პროგრამაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 13 ივნისს მინისტრმა აღნიშნა, რომ “სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით დეტალები 1-2 თვეში” გახდებოდა ცნობილი.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება სკოლებში უფასო კვების დანერგვაზე 2019 წლიდან მუშაობს და განათლების ექსპერტები ამილახვრის ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ, BM.GE დაინტერესდა, ამჟამად რა ეტაპზეა პროგრამაზე მუშაობის პროცესი, რა ტიპის მოდელები განიხილება და რას უნდა ელოდონ მოსწავლეთა მშობლები 2024-25 სასწავლო წლისგან - შესაბამისი კითხვებით განათლების სამინისტროსაც მივმართეთ.

“გაცნობებთ, რომ ბოლო ათეული წლების მანძილზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სასკოლო კვების პროგრამის არარსებობაა. შესაბამისად, სასკოლო სისტემის კვების ასაწყობად განსავითარებელია ბევრი კომპონენტის ერთობლიობა: ინფრასტრუქტურა, მომწოდებელთა ქსელი, სტანდარტები, კვალიფიციური პერსონალი და ა.შ. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და პარტნიორ სამინისტროებთან თანამშრომლობით ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით.

სასკოლო ინფრასტრუქტურის შესწავლისა და სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პირველ ეტაპზე გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა სკოლების ნაწილში მოქმედი ბუფეტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. პარტნიორი სამინისტროებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები.

დამტკიცდა „სასკოლო კვების პროგრამა“, რომლის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა სასკოლო კვების ორგანიზების მოდელების შესარჩევად. შეიქმნა შესაბამისი ჯგუფი, განისაზღვრა სამუშაოების დეტალური გეგმა, მომზადდა კითხვარი და განხორციელდა საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით. ჯგუფის მიერ თითოეულ სკოლაზე შეგროვდა საჭირო ინფორმაცია და ფოტომასალა კვების მოდელების შესაბამისობის დასადგენად, სკოლების შესაძლებლობებთან და პოტენციალთან მიმართებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანალიტიკური სამუშაოები, რის საფუძველზეც განისაზღვრება რომელ სკოლას სასკოლო კვების უზრუნველყოფის რომელი მოდელის განხორციელების შესაძლებლობა ექნება. შედეგების ანგარიში და სამომავლო რეკომენდაციების შემუშავება სასკოლო კვების პროგრამის განვითარებისთვის დაგეგმილია წლის ბოლოსთვის”, - ნათქვამია სამინისტროს წერილში.

სამინისტროსთან გაგზავნილ წერილში კითხვები კვების განხილულ მოდელებსა და სავარაუდო ბიუჯეტსაც შეეხებოდა, თუმცა უწყებამ ამ კითხვებზე არ გვიპასუხა.

სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვაზე ჯერ კიდევ 2021 წელს ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე უკვე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და შედგენილი იყო კონკრეტული გეგმა.

პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 74 ხმით მიიღო. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას.

კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები).

"კანონს დაემატება გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები" , - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

დღეიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. 37 ათას მასწავლებელს, რაც პედაგოგთა 70%-ს შეადგენს, ხელფასი 500-დან 800 ლარამდე გაეზარდა. 25%-ს ანაზღაურება საშუალოდ 300-დან 400 ლარამდე. დარჩენილ 5%-ს კი, მინიმუმ 200 ლარიანი სახელფასო მატება აქვს.

ახალი სახელფასო სისტემა მასწავლებლების ღირსეულ ანაზღაურებას და სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

მთელი ერთი თვეა, რაც ჩვენს სახლში მხოლოდ ეს სიტყვებიღა ისმის. მაშინ, როდესაც მამაკაცები მთელს დროს ქვევრების რეცხვას, საწნახელის გაწყობას, გოდრების წვნას, სართველოდ ვენახის გამოწმენდას ანდომებენ, დედაკაცები სულ ჩურჩხელების სამზადისში არიან. რვა ენკენისთვეს კაკლის ბერტყვა დაიწყო, დედათქვენმა კრეფის დროსვე საუკეთესო კაკლები გადაარჩია, დაკროლა, წენგოსაგან გასუფთავებული, დიდს ჭილობზედ გაგვაშლევინა, მზის გულზედ და თვითონ აივნიდგან თვალმოუშორებლივ, ორი-სამი დღე უყარაულა.

- იქით, იქით, ონავარო, - ეუბნებოდა პატარა ნიკოს, რომელიც, წუწკ ციცუნიასავით ოთხზედ დამდგარი, ეპარებოდა კაკლებს.

- საჩურჩხელეა, საჩურჩხელე, არ მიეკარო, თორემ ხელებზედ გცემ.

- ხელი, ხელი არ ახლო, - სასტიკად შეუყვირა მზარეულს - გიგუას, რომელსაც ერთი-ორი კაკალი უნდა აეწაპნა ჩასაკნატუნებლად.

- განა, სხვა კაკალი არ მოიპოვება სახლში, რომ მაგას არ წაეტანო?! არ იცი, რომ საჩურჩხელეა?!

მესამე დღეს, საღამოზედ, ჩაის შემდეგ, ჭილობზედ შეგროვილი, გამშრალი კაკალი ქალბატონის ოთახში შევიტანეთ, გარს შემოვუსხედით, წინ ბრტყელი ქვები დავიწყეთ, ხელში - მრგვლები, და შევუდექით მტვრევას და რჩევას: მებაღის ცოლი მართა, იმისი ქალი ნუშკა, ჩვენი პატარა გოგო ანუა, ტარამანაანთ ნინუა და თქვენი მოსიყვარულე გამდელი თინათინა. ქალბატონი მაგიდასთან იჯდა და ჩვენს მიწვდენილს ქაღალდივით თეთრს ნიგოზს დიდ სინებზედ აგროვებდა. მტვრევის დროს ვმღეროდით, ვიცინოდით, რძესავით გემრიელს ნიგოზს ვღეჭავდით და თან ვანგარიშობდით, თუ რამდენი ჩურჩხელა უნდა აგვესხა, რომ ყველას, ჩვენო ძვირფასებო, გყოფნოდათ და ჩვენთვის - სტუმარ-მასპინძლისათვისაც ბლომად დაგვრჩენოდა. ათ საათამდის ვიმუშავეთ, ათზედ კი ყველანი ჩავჩუმდით, თვალზედ რული მოგვეპარა, ხელების აღებ-დაღებას ვუკელით, ქვების რაკარუკი მიყუჩდა.

ქალბატონმა დაღალულობა შეგვატყო და საქმეზედ ხელი აგვაღებინა.

- კმარა, კმარა დღეს, დანარჩენი ხვალ საღამოსთვის იყოს, - თქვა, სავსე ლანგრებს გაზეთის ფურცლები გადააფარა და განჯინაში შეაწყო.

დილით წუხანდელი დარჩეული ნიგოზი მზეზედ გავფინეთ. საღამოზედ კვლავ ვამტვრიეთ კაკალი. ქალბატონი კი თავისის ჯიბის დანით, დილით, გამხმარს ნიგოზს საჩურჩხლედ სჭრიდა. ჩვენ კიდევ ვიცინოდით, ვმღეროდით, ვამტვრევდით, ვარჩევდით და ვღეჭავდით რძით სავსე ნიგოზს. ბევრჯერ მოგიგონეთ თქვენ: ვანო, ლადო, ნატო, კატო! საწყლებო, რამდენი წელიწადი აღარ მოსწრებიხართ რთველს, ჩურჩხელების გავლებას, ბროლივით თეთრის და შაქარივით ტკბილის თათარას წინწკლების ლოკვას ტაბაკებზედ!

რაღა ბევრი გავაგრძელო, მთელი ექვსი დღე ვასხამდით ჩურჩხელებს. ორი დღე მარტო თავდებები ვუკეთეთ მე და ქალბატონმა და მერე, ჯარივით ჩარახტული გრძელ სარზედ, მზეზედ ჩამოვკიდეთ. ახლა ნარკვევის რჩევას შევუდექით. მთელი სამი დღე ჩავკირკიტებდით ჭვავით სავსე ხორბალს და ძლივს ბოლო მოვუღეთ. ასე გარჩეული ხორბალი წისქვილში მე თვითონ ჩავიტანე. ხვიმირა ჩემის ხელით ამოვწმინდე, იქაურობა დავგავ-დავწმინდე, რომ მტვერი არ მიჰკარებოდა საჩურჩხელე ხორბალს და ჩემის ხელითვე დავაყარე წისქვილს. მანამ ხორბალი ჩამოვიდოდა, წინდით ხელში იქვე, წისქვილის კარებში, ჩავჯექ და ყურს ვუგდებდი სარეკელას, ღარში დაქანებულის წყლის ჭრიალს, წისქვილის ქვის ერთგვარს გრიალს, და იქვე ტომარაზედ მიყრდნობილს, ტკბილად მძინარე გოგიას.

ხორბალი ჩამოვიდა, სიფრთხილით ავკრიფე თეთრს პარკში, თეთრი ფქვილი ჩემისვე ხელით შინ ამოვიტანე, დიდი სათათარე ქვაბები დავაკალვინეთ, ციცხვები დავფხიკეთ, ხონჩები დავარაკრაკეთ, ბადაგის გადასასხმელი ქილა-ხელადები ქვიშით დავხეხეთ და ასე გამზადებულნი მივეგებეთ რთველს პირველს ღვინობისთვეს. იჰ, რა სანეტაროა ეს რთველი! რა სიხარულს და კმაყოფილებას გრძნობს ყოველი ადამიანი! მეტადრე მოზარდი თაობაა ხოლმე გადარეული და თქვენ კი, ჩემო ჭრუკებო, აქ წიგნებში ხართ თავჩაღუნულნი.

რთველი გაჩაღებული იყო. ქალები კალათებში კრეფდნენ ყურძენს, კაცები მოსაკიდებში აგროვებდნენ, მებაღეები საწნეხელისკენ ეზიდებოდნენ. ქალბატონი ვენახის ბოლოში, კაკალქვეშ იჯდა და თეთრს, დამკრახულს ყურძენს საჩურჩხელედ არჩევდა. საჩურჩხელე ცალკე ნავში დავწურეთ და მარნიდან პირდაპირ დიდის ქვაბებით ზედადგარზედ შემოვდგით. საღამო ჟამი იყო, თბილი საღამო. მთვარე, ოდნავად ბურუსში გახვეული, მკრთალად ანათებდა სოფელს და ჩვენი სახლის კარ-მიდამოს, რომელიც სათათარავე ტკბილების ქვაბების ქვეშიდან აპრიალებული ცეცხლის შუქით იყო გაჩირაღდნებული. აქვე ქვებზედ, კიბეებზედ ვისხედით ჩვენ, ყველანი და ქვაბების ადუღებას ველოდით. კარგა შუაღამე გადავიდა, საგრძნობლად აცივდა, როდესაც დუღილით დანახევრებული ქვაბები ცეცხლიდგან გადმოვდგით და წითლად დარაკრაკებულს ქილა-ხელადებში გადავასხით. მეორე დღეს, ადრიანად მობადაგებული ტკბილი, ქილებში დაწმენდილი, ნელ-ნელა, დიდის სიფრთხილით ისევ ქვაბებში გადავიღეთ, ისევ ცეცხლზედ შემოვდგით, გავაცხელეთ, ბადაგში გალესილი, მომზადებული ფქვილი ჩავასხით და ნიჩბებივით დიდის ციცხვებით ვიწყეთ რევა, ზელვა, თან ცეცხლს გამხმარი სარის შეშას ვუმატებდით. ერთს საათზედ თათარამ მოიწია. ბედს მადლობა მივუძღვენ, რომ კიდევ შემასწრო ამ ბედნიერ დღეს და პირველად, ეს მთელ-მთელლებნიანი, გრძელი ჩურჩხელები ამოვავლე.

„ეს ჩემს მშვენიერს ვანოს, ეს ჩემ გონიერ ლადის, ეს დახატულს ნატოს, ეს დაბრძენებულს კატოს“, - ვამბობდი და ჩურჩხელებს ქალბატონის გამოწვდილი ხელის თითებზედ ვაცმევდი.

ქალბატონი აწოდებდა სარზე წამოსაცმელად ძალუათქვენს, ელისაბედს, ელისაბედი - მართას, მართა - თავისს ქალს ნუშკას, ნუშკა - გოგია მზარეულს, რომელიც გავსებულს სარებს წყნარად, სიფრთხილით, რომ ჩამოკონწიალებული ჩურჩხელები ერთმანეთს არ მიჰკარებოდა, წინადვე მომზადებულ ჯინჯიბახებზედ ჰკიდებდა.

მშვენიერი ბრწყინვალე მზე იდგა, მკათათვესავით ცხელოდა. სწორედ საჩურჩხელე დარი იდგა. ქალბატონი პირზედ ღიმილით ამბობდა: თუ ასეთი დარი დაიჭირა, ერთ კვირაზე ჩურჩხელები ქალაქს გაიგზავნებაო. ხუთასი ჩურჩხელა გავავლეთ, ოცდაათი სარი გამწკრივებული ეკიდა ჯინჯიბახებზედ, ქალბატონს წელი ასტკივდა ქვაბთან დახრითა და დგომით, მე მარჯვენა მიცახცახებდა ციცხვის ქნევით, მაგრამ გათავებას არ ვჩქარობდით. ლხინში ადამიანს ჭირი ყოველთვის ავიწყდება! ჩურჩხელებქვეშ გაყრილ სუფთა ხონჩებზედ მეზობელ გლეხთა გოგო-ბიჭები ჩურჩხელის წინწკლებს გაფაციცებით ლოკავდნენ; ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ, სცემდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ, ნამდვილი დღესასწაული იყო...

მზე მიილულა და ქვაბების ძირებიც გამოჩნდა. ჩურჩხელებს მოვრჩით და ახლა გასქელებული თათარის დარიგებას მოვუნდით. ყველა მეზობელს, მოსამსახურეს, მუშებს თეფშებზედ თითო ციცხვი დავუგლისე. სამხრობა გადასული იყო, როდესაც დიდი ხნით მოკეცილი, ჯდომით დაბუხული ძლივსღა ამაყენეს, ქალბატონი, წელში გაწყვეტილი ფეხზე დგომით, ძლივსღა ავიდა აივანზედ. მხოლოდ ახლა მოაგონდა, რომ მთელი დღე ნაყრი არ ჩასულა ჩვენს პირში და სადილის სამზადისს შეუდგა. ჯერ მუხლებში წყალი არ ჩაგვდგომოდა, ლუკმა ყელს არ ჩაგვცდენოდა, რომ ქარმა წამოისისინა, ჩურჩხელებმა რხევა დაიწყეს.

- არიქათ, არიქათ, მიეშველეთ ჩურჩხელებს, - დაგვიკიჟინა ქალბატონმა.

- ქარი სულ ძირს დასცემს და ამდენი ხნის ამაგს მტვერში ამოგვივლებს. საჩქაროდ გავცვივდით, დიდი და პატარა სარების აკრეფას შევუდექით. ნელ-ნელა ამოგვქონდა კიბეზედ და სასტუმრო ოთახში, ორი მაგიდის შუა ვკიდებდით. მერე შემშრალი ჩურჩხელები სარის შუა წელზედ შევაგროვეთ და, როცა ხუთასი ჩურჩხელა ერთს ალაგს შევაგროვეთ, ქალბატონმა დიდი ჯამით ბადაგი შემოიტანა და იატაკზედ დაჩოქილმა, თითო-თითოს, ცალ-ცალკე, ორივ ხელით ბადაგი ჩამოუსვა.

მერე თეთრი სუფრა შემოახვია ჩურჩხელის გროვას, სუფრას ზემოდგან დიდი, თბილი შალი, და ასე შეფუთნული ჩურჩხელები კარდაკეტილში დავტოვეთ.

- სიფრთხილეს თავი არა სტკივა, სულმა არავის წასძლიოს, - სთქვა ქალბატონმა: - ხილს რომ პირი ჰქონდეს, თავის თავს თვითონვე შესჭამდაო, ნათქვამია. მესამე დღეს, დილით, სუფრა შემოვხსენით და თეთრად შეშაქრული ჩურჩხელები კვალვ გავწი-გამოვწიეთ სარებზედ და ჯინჯიბახებზედ გავიტანეთ. ასე შეგვქონდა და გაგვქონდა მთელი ერთი კვირა. ქარი, ღრუბელი გულს გვიხეთქავდა და ყოველს წამს თავს დავტრიალებდით. მერვე დღეს, სარებს დავაძრეთ ჩურჩხელები, ქალბატონმა თავდებები დააჭრა, ჩურჩხელები გაანაწილა და საოჯახო ნაწილი იმ დიდს წითელს სკივრში ჩააალაგა, რომელსაც თქვენ ყველანი კარგად იცნობთ და, რომელიც ნოეს კიდობანივით ყოველთვის სავსეა თქვენთვის ტკბილეულის სასუსნავით. თქვენთვის გადაწყობილი კი ცალ-ცალკე, თეთრ პარკებში ამოკერა და აი, ჩემი ხელით გაახლათ. მიირთვით და შეექეცით, კეთილად შეგარგოთ, მრავალს რთველს და მოსავლის შეკრებას შეგასწროთ, სწავლა მალე დაგასრულებინოთ და პირადად თქვენ თვითონ შეგაძლებინოთ ამ მძიმე, მაგრამ ქართულის ოჯახის სამხიარულო და სახალისო საქმის გაწყობა, სოფელი არ დაგავიწყოთ და მისი საქმე და ჩვეულება გულში ჩაგინერგოთ!..

... ასე გაგვახარა ჩვენმა გამდელმა, ბებერმა თინამ, თეთრი, დაშაქრული ჩურჩხელებით - ცალკე და ჩურჩხელების მძიმე სამზადისის მოთხრობით - ცალკე.

 

ეკატერინე გაბაშვილი

 

 

 

კულტურის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, „კულტურის სტრატეგია 2025-ის“ შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებდა კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობას ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარების, ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ინტერნაციონალიზაციის, კულტურის ხელმისაწვდომობისა და სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საანგარიშო პერიოდში „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 500-მდე პროექტი; მათ შორის - 60-მდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა/გამოცემის პროექტი, სხვა პროფესიული კონკურსები თუ ღონისძიებები.

„საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 130-მდე პროექტი; აქედან 100-ზე მეტი - საზღვარგარეთ; 17 ახალგაზრდა არტისტს დავეხმარეთ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობაში. მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 20 პროექტი. მიმდინარეობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების გამოვლენა, შესწავლა, ინვენტარიზაცია. დასრულდა 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია; ამჟამად მიმდინარეობს 19 ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მომზადდა 10 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი; მიმდინარეობს 8 ძეგლის პროექტირება. მომზადდა ახალი კანონპროექტი „თეატრების შესახებ“, რომელიც უზრუნველყოფს თეატრების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო თეატრების სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამინისტრო აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობას ღია კონკურსის წესით ათამდე პრიორიტეტული მიმართულებით.

„შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა 60-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალი. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მუზეუმებმა გამართეს 194 გამოფენა-ღონისძიება და 1291 საგანმანათლებლო აქტივობა; სამინისტროს მუზეუმებს სტუმრობდა 600 ათასზე მეტი დამთვალიერებელი. გაგრძელდა საფრანგეთში ლევილის მამულის რეაბილიტაციის სამუშაოები; კაპიტალურად აღდგა „გუშაგის სახლი“, მამულში მოეწყო 6 საცხოვრებელი სივრცე, სრულად შეიცვალა შატოს სახურავი. წელს 40%-ით გაიზარდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიაში, 25%-ით გაიზარდა ანაზღაურება - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფიროსმანის გამოფენები გაიმართა ევროპის თანამედროვე ხელოვნების 4 საერთაშორისო მნიშვნელობის საგამოფენო ცენტრში. ქართული კულტურული მემკვიდრეობის უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა − „ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება“ გაიხსნა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში. წელს პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარსდგა. ესეც არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც განხორციელდა კულტურის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის თქმით, ალავერდის ტაძარს, რომელიც გუშინ სტიქიის შედეგად დაზიანდა, სიღრმისეული შესწავლა სჭირდება და პროცესში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებენ სპეციალისტები მუშაობას, რის შემდეგაც გაირკვევა, რა დრო და რა ტიპის სამუშაოები დასჭირდება ტაძარს.

"ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შესაბამისად მარტივი სამუშაო არ არის. საჭიროა ღრმა შესწავლა, რომ სწორედ დაიგეგმოს პროცესები, რაშიც შემდგომში ყველა ჩაერთვება, ვინც ჩასართავი იქნება. დღეიდან შესწავლის პროცესი ალბათ დაიწყება და არ ვიცი, რა დრო დასჭირდება, მაგრამ სპეციალისტები გვეტყვიან, რა ტიპის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რა ვადებში ჩატარდება და რა მოცულობებზე იქნება საუბარი"- თქვა ბეგიაშვილმა.

25 ივნისს, კახეთში ტორნადოს შედეგად ალავერდის ტაძარი დაზიანდა. დაზიანებულია ეკლესიის გუმბათი, სტიქიის შედეგად დაზიანებულია კელიები, კელიის ჭერი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე ეკლესიის ეზოში მოგლეჯილია ხეები.