ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში შეფასებულია საქართველოს მიერ ცხრა რეკომენდაციის შესრულება.
1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა.
2023 წლის დეკემბერში მთავრობამ მიიღო 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია და 2024 წლის მაისში მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მედიაწიგნიერების ამაღლებაზე, დეზინფორმაციის გამოვლენასა და მონიტორინგზე, სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის განახლებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა სტრატკომმა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით აწარმოა საინფორმაციო კამპანიები და ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა აქტივობა. ადგილობრივმა ანალიტიკურმა ცენტრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფაქტების შემმოწმებელმა და საგამოძიებო მედიასაშუალებებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მაგრამ ამ სფეროში არ ყოფილა დიალოგი და კოორდინაცია.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულირება. კერძოდ, 2024 წლის აპრილში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის შემდეგ, პერიოდული გახდა ევროკავშირის საწინააღმდეგო მწვავე გზავნილები, რომლებსაც აქტიურად ავრცელებდნენ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები და დეპუტატები. საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციული ნარატივები გავრცელდა და გაძლიერდა, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების და მთავრობასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან.
2. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება.
საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) სფეროში, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი მუდმივად დაბალი იყო და 49%-ს შეადგენდა. საქართველო არ შეუერთდა რუსეთთან, ირანთან და ბელარუსთან დაკავშირებულ ყველაზე შემზღუდველ ზომებს და კიდევ უფრო გაზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთის სხვადასხვა მიმართულებით. მან განაგრძო თანამშრომლობა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციაზე და ამავე დროს მიიღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ოფშორული სახსრების საქართველოში გადასახადების გარეშე გადარიცხვის ნებას რთავს.
საანგარიშო პერიოდში საქართველო კვლავ უერთდებოდა უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივების, მათ შორის გაერო-ს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციებს.
3. პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.
პოლიტიკური პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ. ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე მრავალპარტიული თანამშრომლობა ძალიან შეზღუდული იყო, რადგან შესაბამისი კანონმდებლობის უმეტესი ნაწილის დამტკიცება და დანიშვნები ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ხდებოდა. პარლამენტმა არ უზრუნველყო სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა საკანონმდებლო პროცესებში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მუქარა ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ გაგრძელდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციური პარტიების რამდენიმე საკვანძო ფიგურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა. 23 აგვისტოს მმართველმა პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების უმეტესობის აკრძალვის გეგმა გამოაცხადა. საანგარიშო პერიოდში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა, პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონების მთელ რიგს, რომლებიც, მისი შეფასებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ.
4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
2024 წლის თებერვალში მთავრობამ მოიწვია ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, მოიცავს ამომრჩეველთა 90%-ს და გამოყენებული იქნება ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების დაახლოებით 70%-ზე. მარტში პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც უგულვებელყოფდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დიდი ხნის რეკომენდაციებს. ცვლილებები ითვალისწინებს ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს არაპარტიული წევრების დანიშვნას პარლამენტის წევრთა უბრალო უმრავლესობით და არ ითვალისწინებს სხვა ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ეფექტურ ჩართულობას. აპრილში პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე დანიშნა. ვენეციის კომისიისა და ეუთოს/ოდირის ერთობლივი შფასებების წინა რეკომენდაციები ჯერ კიდევ არ არის სრულად შესრულებული. მათ შორისაა საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია, მედიაკამპანიის რეგულაციების ცვლილება და ამომრჩეველთა დაშინების წინააღმდეგ პრევენციული ზომები. 2024 წლის მაისში ოპოზიციასთან წინასწარი ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე საარჩევნო კოდექსში შეტანილმა შემდგომმა ცვლილებებმა გააუქმა სახალხო დამცველისა და სადამკვირვებელო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი. იმავე თვეში პარლამენტმა კენჭი უყარა საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას, რაც მანამდე 2032 წლამდე იყო გახანგრძლივებული. 16 აგვისტოს ცესკო-მ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, ყველა სახის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა უნდა ჩატარდეს ხმის მიცემამდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა, ხმის მიცემის დღის ნაცვლად. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა დასკვნებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. აღნიშნული სისუსტეები მოიცავს საარჩევნო პროცესის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული ხშირ დარღვევებს, პროცედურულ შეუსაბამობებს, ამომრჩევლების მიმართ დაშინებას და ზეწოლას, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა ძირითად რეკომენდაციებში.
5.საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
2024 წლის მარტში პარლამენტმა საპარლამენტო ნდობის ჯგუფში ვაკანტური ოპოზიციური ადგილის შესავსებად პროცესი დაიწყო, მაგრამ ხანგრძლივი შემოწმების პროცედურები ნიშნავდა, რომ არჩეული პირი საკანონმდებლო პერიოდის დასრულებამდე პრაქტიკულად ვერ დაიკავებდა თანამდებობას. ნდობის ჯგუფში კიდევ ერთი ვაკანტური ადგილი მაშინ გაჩნდა, როცა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაინიშნა. უსაფრთხოების 23 სამსახურზე ზედამხედველობის ხარისხი შეზღუდული დარჩა. 2021 წელს ფართომასშტაბიანი უკანონო მოსმენების ბრალდებების გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი სამართლებრივი დევნა არ მოჰყოლია.
2024 წლის მარტში მიღებული საარჩევნო ცვლილებები (იხ. ასევე ნაბიჯი 4) ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. არანაირი ქმედება არ განხორციელებულა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და სამეურვეო საბჭოს ყველა წევრის გამჭვირვალედ და კონკურენტულად დანიშვნის უზრუნვესალყოფად. 2023 წლის მარტიდან მმართველის დასანიშნად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და საბჭოს ზოგიერთი თანამდებობა ვაკანტური რჩება.
6. ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელება.
2024 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, რომელიც არ ითვალისწინებს 2023 წლის გაფართოების ანგარიშის სისტემურ და არსებით რეკომენდაციებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ, მათ შორის სამართლიანობის შემოწმების სისტემასთან დაკავშირებით. კანონი ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ერთ მთავარ რეკომენდაციას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ და შეიცავს რამდენიმე უმნიშვნელო პოზიტიურ ელემენტს, მათ შორის გამჭვირვალობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ეტაპობრივ განახლებასთან დაკავშირებით.
შესწორებები არ მოიცავს სასამართლო რეფორმას ერთიანი და ეფექტიანი სახით და არანაირი მომზადება არ ჩატარდა სამართლიანობის შემოწმების განსაკუთრებული სისტემის დასანერგად.
2024 წლის ივლისში უბრალო უმრავლესობით დაინიშნა ახალი გენერალური პროკურორი, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ და 2024 წლის ივლისში ახალი წევრების დანიშვნა ხუთი თვით აუკრძალა. მეტიც, 2024 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ბაზა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა.
პარლამენტმა „კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რამაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტის და მამხილებელთა დაცვა გააძლიერა. თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს ამჟამინდელი ინსტიტუციური სტრუქტურა არ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს, რადგან ცვლილებები არ ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ინსტიტუტის დამოუკიდებლობასთან, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და მაღალი დონის კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო ფუნქციებთან.
ასევე, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა მაღალი დონის კორუფციის დასაძლევად და ფართომასშტაბიანი პირადი ინტერესებისა და მათი გავლენის მოსაგვარებლად როგორც პოლიტიკურ, ასევე სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებში. საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა ანტიკორუფციული რისკის შეფასების განახლება, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. საქართველო არ შეუერთდა OECD-ის ანტიკორუფციული მონიტორინგის ქსელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის.
პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონებში, რომლებიც ითვალისწინებენ ვენეციის კომისიის ზოგიერთ რეკომენდაციას, მათ შორის შერჩევის პროცესსა და საგამოძიებო იურისდიქციას. ძალაში რჩება ძირითადი შეშფოთება სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნასა და იმუნიტეტთან დაკავშირებით, მაღალი თანამდებობის პირების გარიცხვასთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ეფექტიანობასა და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით.
8. დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე, ინკლუზიური პროცესის წარმოებით ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვით.
2023 წლის სექტემბერში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა „პირად“ მიდგომას და 2023 წლის ნოემბერში მთავრობამ მიიღო დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა ეფუძნება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს „სისტემური“ მიდგომის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სახელმწიფო შესყიდვებზე, კონკურენციის პოლიტიკაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დაფინანსებაზე ფოკუსით. გეგმა არ ითვალისწინებს რეგულარულ საკონსულტაციო მექანიზმს ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამოცანების განაწილება და ვადები რჩება ზედმეტად ფართო. საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში და მიიღო რამდენიმე პირველადი და განმახორციელებელი აქტი კონკურენციის პოლიტიკის შესახებ. 2024 წლის აპრილში პარლამენტის მიერ დაჩქარებული პროცედურებით მიღებულ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ოფშორული სახსრების გადასახადის გარეშე გადარიცხვის საშუალებას იძლევა, არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
9. ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება.
2023-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია არ შეცვლილა 2023 წლის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების გათვალისწინებით. 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიის განხორციელებისთვის დამტკიცდა 2023 წლის დეკემბერში შეზღუდული კონსულტაციებით და არ შეიცავს დებულებებს ლგბტქ ადამიანებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ.
2024 წლის 17 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობის პაკეტი, რომელიც შედგებოდა „ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონისა და მოქმედ კანონებში შეტანილი 18 ცვლილებისგან, წინასწარი საჯარო კონსულტაციების, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე. ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო კანონის პროექტი შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებლად მიიჩნია და რეკომენდაცია არ გაუწია მის მიღებას. საკანონმდებლო საქმიანობისა და ჰომოფობიური სიძულვილის ენის მუდმივი გავრცელების შედეგად, ლგბტქ პირები საქართველოში სულ უფრო მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს წინაშე დგანან. 2021 და 2023 წლების „პრაიდის“ მოვლენების ძალადობის ორგანიზებაზე გამოძიება არ დასრულებულა.
საქართველო განაგრძობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას, თუმცა რჩება გენდერზე დაფუძნებული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების ხარვეზები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულ იქნა 2024 წლის მაისში ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ამ კანონის მთლიანად გაუქმების შესახებ. კანონი ხელყოფს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას. ანგარიშგების რთული მოთხოვნები და იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციების კონტროლისთვის ზრდის შერჩევითი და თვითნებური გამოყენების რისკს.
გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერების და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების რიცხვი, განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციების კონტექსტში. შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ სათანადოდ გამოსაძიებელია.
მოსალოდნელია, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და შეამცირებს მათ ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში. გარდა ამისა, კანონის შედეგად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეწყვიტეს 2023 წლის ოქტომბრის თანამშრომლობის მემორანდუმი პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმასთან.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და 2024 წლის სექტემბერში „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ შეასუსტა ძირითად უფლებათა დაცვის ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო.
„ორივე ინიციატივა არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. კერძოდ, გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა შეზღუდული კონსულტაციის პროცესის შედეგად. პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონი 2024 წლის მაისში შეიცვალა, მაგრამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
„თბილისის პრაიდი“ 2024 წელს არ გაიმართა რეპრესიებისა და ძალადობის შიშის გამო. პარლამენტში სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების გაუქმებით, პარლამენტმა გააუქმა ამ კვოტების 2032 წლამდე გახანგრძლივების ვალდებულება, რომელიც კომისიამ დადებითად შეაფასა 2023 წელს, როგორც გენდერული თანასწორობის პრიორიტეტის განხილვის საფუძველი. კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და ძალაში რჩება. საქართველომ მომავალ წელს უნდა გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“; მიიღონ ეროვნული სტრატეგიები ყველა სახის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასაცავად; გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება; მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები სიძულვილის ენისა და დანაშაულების აღკვეთისა და თავიდან აცილებისთვის; გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი; გამოიძიოს და დაისაჯოს 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს „თბილისი პრაიდზე“ ძალადობის ორგანიზატორები; შეცვალოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ პირების უფლებების სრულად დაცვა; უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემა და დაცვა. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმით, მათ შორის დაინტერესებული მხარეების ფართო მონაწილეობით; ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ჩარჩო; გააძლიეროს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კუთხით, საქართველო ზომიერად არის მომზადებული.
„ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია და 49%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების თავიდან არიდების პრევენციის მიზნით, ქვეყანა არ შეუერთდა რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ მიმართული შემზღუდველი ზომების (სანქციების) უმრავლესობას. საანგარიშო პერიოდში საქართველო არ მონაწილეობდა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციაში. გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და კვლავ ძალაშია.
მომავალ წელს საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა და თავი შეიკავოს ცალმხრივი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციებს; გააგრძელოს იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არ იქნეს გამოყენებული ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდებისთვის, განსაკუთრებით რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში; განიხილოს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის საკითხი“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშთან ერთად ევროკომისიამ გამოაქვეყნა პრესრელიზიც, სადაც საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საპარლამენტო არჩევნებში. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივი საარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა დასკვნებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. აღნიშნული სისუსტეები მოიცავს საარჩევნო პროცესის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული ხშირი დარღვევები, პროცედურული შეუსაბამობები, ამომრჩევლების მიმართ დაშინება და ზეწოლა, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა ძირითად რეკომენდაციებში. ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაციები და მიიღოს გაფართოების პროცესში მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები. ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაციები და მიიღოს გადაწყვეტილებები გაფართოების პროცესში მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ევროკომისიამ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი