რჩეული სტატიები

Grid List

ბრიტანეთში ჰაკერებმა მოიპარეს და პაციენტების დიდი რაოდენობის მონაცემები გამოაქვეყნეს ფარულ საინტერნეტო ქსელში, ე.წ. დარკნეტში.

როგორც ბი-ბი-სი იტყობინება, გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს თითოეული პაციენტის გვარს, დაბადების თარიღს, ჯანმრთელობის დაცვის ნომერს და ანალიზის ტიპს.

ინფორმაცია ეკუთვნის სისხლის ანალიზის კომპანიას. არ არის ცხადი, შეიცავს თუ არა გაჟონილი მასალა დიაგნოზებს. ბი-ბი-სი წერს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კიბერთავდასხმა ბრიტანეთში.

მონაცემები ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში მოიპარეს. ჰაკერებმა ფულის გამოძალვა სცადეს. ჩანს, მათი მოთხოვნა არ შესრულდა და მონაცემები გამოქვეყნდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროში მსგავსი თავდასხმა მოხდა წლის დასაწყისშიც, როცა 22 მილიონი ევრო გადაუხადეს ჰაკერებს. ცნობაში ნათქვამია მხოლოდ, რომ საქმე უცხოელ ჰაკერებს ეხება.

იტალიაში გამართული სამიტის შედეგების საფუძველზე, “დიდი შვიდიანის“ (G7) ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინას ზიანის ასანაზღაურებლად 486 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. თანხა ეფუძნება მსოფლიო ბანკის თებერვლის გაანგარიშებას.

მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ამ ქვეყნებში რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ გადაიხდის მიყენებულ ზიანს.

"ჩვენ კვლავაც ვგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო წესრიგის ფუძემდებლური ძირითადი პრინციპების უხეშ დარღვევას", - ნათქვამია დიდი შვიდიანის“ სამიტის კომუნიკეში.

G7-ის ქვეყნებმა ასევე დაგმეს რუსეთის “უპასუხისმგებლო და მუქარის შემცველი ბირთვული რიტორიკა."

"დიდი შვიდიანი" მოიცავს საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, იაპონიას, გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებსა და კანადას. პირველი სამი წევრია ევროკავშირის, რომელმაც მაისში დაამტკიცა რუსეთის გაყინული აქტივების შემოსავლების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად.

G7-ის ქვეყნებმა ადრე ასევე განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე კიევს 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიაწვდიან, რომლის დაფარვასაც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან გეგმავენ.

დასავლეთის ქვეყნებში დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივებია გაყინული.

რუსეთის რეზერვების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების საკითხი აქტუალური გახდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ვინაიდან ომი უკვე მესამე წელია გრძელდება.

აშშ-ის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. ლონდონმა გააფართოვა რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების სანქციების სია და მას მოსკოვის ბირჟაც დაამატა. სანქცირებულია ასევე ეროვნული კლირინგ ცენტრი (NCC) და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი (NSD), ასევე სანქტ-პეტერბურგის ბირჟა და სადაზღვევო კომპანია Ингосстрах.

საერთო ჯამში, რეესტრი 42 ახალი პოზიციით შეივსო, მათ შორის 35 კომპანია და 7 ფიზიკური პირია. სანქცირებულთა შორისაა მოსკოვის ბირჟის ხელმძღვანელი იური დენისოვი, ასევე Danone-ის რუსული შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი იაკუბ ზაკრიევი და Kismet Capital Group-ის დამფუძნებელი ივან ტავრინი.

„ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას სანქციების მეშვეობით, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი საომარი მანქანა“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გუშინ გააფართოვა. სიაში მოხვდა მოსკოვის საფონდო ბირჟაც, რომელმაც სანქციების შედეგად, დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეწყვიტა.

აშშ-ის დელავერის შტატში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი იარაღის ყიდვისა და ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე დამნაშავედ ცნო.

როგროც BBC წერს, სხდომა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მოწმეები იკითხებოდნენ. სხდომას ჰანტერ ბაიდენის მეუღლე მელისა კოენ ბაიდენი, ბიძა ჯეიმს ბაიდენი და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მის შვილს არ შეიწყალებდა.

 

დღეს არავის შეუძლია თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ომი დასრულდება, ჩვენ აღვადგენთ უკრაინას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

შოლცის თქმით, უკრაინა იქნება უფრო ძლიერი და თავისუფალი, ვიდრე აქამდე იყო.

„უკრაინისთვის და გერმანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დღევანდელ კონფერენციას დასწრებოდნენ რეგიონების, მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ვსაუბრობთ აღდგენაზე და აღდგენის შესაძლებლობებზე. ვფიქრობ უკრაინელებზე, რომლებმაც რუსეთის ტერორისგან თავშესაფარი ჩვენს ქვეყანაში იპოვეს. მილიონზე მეტი შემოვიდა გერმანიაში. დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ომი დასრულდება. ჩვენ აღვადგენთ უკრაინას. ის იქნება უფრო ძლიერი, თავისუფალი და უფრო აყვავებული, ვიდრე აქამდე იყო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში. დიდება უკრაინას“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ევროპარლამენტის ისტორიული არჩევნები გუშინ დასრულდა. წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსს, „ევროპის სახალხო პარტიას“(EPP) ექნება.

გერმანული მაუწყებელი DW შუაღამის შემდეგ, 10 ივნისს გამოქვეყნებულ წინასწარ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 720-ადგილიან ევროპარლამენტში მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს 189 დეპუტატი ეყოლება. წინა, 2019 წლის არჩევნების შედეგად EPP-ს 176 მანდატი ჰქონდა.

მეორე ადგილზე ისევ სოციალ-დემოკრატები არიან, რომლებსაც 135 დეპუტატი ეყოლებათ, რაც წინა არჩევნებში მიღწეულ შედეგზე ოთხით ნაკლებია. ხმები დაკარგა ლიბერალების გაერთიანებამაც Renew Europe. ის მესამე ადგილზეა და სავარაუდოდ, 83 მანდატი ექნება, რაც წინა არჩევნების შედეგზე 19-ით ნაკლებია.

ევროპარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად სულ მცირე 361 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიებმა წინა არჩევნებთან შედარებით შედეგები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს, ევროპარლამენტში კვლავ ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება ევროკავშირის ცენტრის - ძლიერი ბრიუსელის პოლიტიკის მხარდამჭერთა ბანაკი.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დიდი დარტყმა იყო მმართველი პარტიებისთვის გერმანიასა და საფრანგეთში, რომლებიც ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობით პირველ და მეორე ადგილებზე არიან.

გერმანიაში, რომელსაც 96 დეპუტატი ჰყავს, კანცლერ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე აღმოჩნდა ოპოზიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატების და მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის" შემდეგ. საფრანგეთში, რომელსაც ევროპარლამენტში 81 წევრი ჰყავს, პრეზიდენტ მაკრონის პარტიას დამაჯერებლად მოუგო მემარჯვენე პოპულისტების „ნაციონალურმა გაერთიანებამ".

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, სერიოზული მარცხი განიცადა „მწვანეების“ ალიანსმა, რომელმაც 72-დან 53 მანდატი შეინარჩუნა.

ამ შედეგების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტი, ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 30 ივნისს, მეორე კი 7 ივლისს გაიმართება.

მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიამ, რომელსაც ახლა 29 წლის ჟორდან ბარდელა ხელმძღვანელობს, ეგზიტპოლების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის მომხრეებზე ორჯერ მეტი ხმები მიიღო. ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე ადგილზეა სოციალისტური კოალიცია. ულტრამემარჯვენე პარტია „რეკონკისტამ“ ასევე მიაღწია წარმატებას.

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში კვირას დასრულდება. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდება. თუმცა რიგ ქვეყნებში უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენეების წარმატებას ადასტურებენ.

წინასწარი მონაცემებით, ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ფრაქციას 72 დეპუტატი ეყოლება. მემარჯვენე ნაციონალისტების „იდენტობას და დემოკრატიას“ - 58 და მემარცხენეებს - 35. უფრაქციო დეპუტატებს 95 მანდატი ექნებათ.

ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც 6-9 ივნისს ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობა 51% იყო. წინა, 2019 წლის არჩევნებში აქტივობამ 50,66% შეადგინა.

ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოქალაქეები ევროპარლამენტარებს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. თითოეულ ქვეყნას ევროპარლამეტში წარმომადგენლები ჰყავს მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. ყველაზე მეტ, 96 დეპუტატს, გერმანიიდან ირჩევენ, ყველაზე ნაკლებს, 6-6-ს - კვიპროსიდან, მალტიდან და ლუქსემბურგიდან.