შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ მიიღო მონაწილეობა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
 
კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - რატი იონათამიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ - გელა გელაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ.
 
ალექსანდრე დარახველიძემ სიტყვით გამოსვლისას დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობას და აუცილებლობას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებთან მიმართებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უწყება მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს და დგამს შესაბამის ნაბიჯებს როგორც საზოგადოების ცნობიერების, ისე, სამართალდამცველთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამინისტროში მოქმედ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტზე ისაუბრა. ალექსანდრე დარახველიძემ კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკის შესახებ, რომელიც 2024 წლის 1 მაისიდან ახალი მანდატით განაგრძობს საქმიანობას და რომლის პრიორიტეტულ მიმართულებას დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სამართალწარმოების ხარისხის მონიტორინგი და ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე კოორდინაციისა და რეფერირების სათანადო წესით განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
 
ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიებზე, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით ხორციელდება.