რჩეული სტატიები

Grid List

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით, საკმაოდ პოპულარულია მათ შორის, რომლებსაც წონაში მოკლება სურთ. თუმცა, აქამდე, მათ თავად უხდებოდათ შესაფერისი პროდუქტების შერჩევა და საკვების მომზადება. ტაილანდის დედაქლაქ ბანგკოკში, პირველი რესტორანი გაიხსნა, რომელიც კლიენტებს მდიდარ მენიუს სთავაზობს, სისხლის ჯგუფების მიხედვით. დაწესებულებას The Third Floor ჰქვია და მას ოთხი სახის მენიუ აქვს - ცალ-ცალკე, სისხლის ყოველი ჯგუფისთვის. კერძის საფუძველი, შესაძლოა, ერთი და იგივე იყოს, მაგალითად, პელმენი, მაკარონი, შემწვარი ბრინჯი, მაგრამ მეორე ჯგუფის სისხლის მქონეთათვის, ის ბერძნულ სალათთან ერთად მიაქვთ, მეოთხესთვის - კრევეტებთან ერთად, ხოლო პირველი და მესამე ჯგუფისთვის - ქათმის ხორცის თანხლებით. კლიენტს შეუძლია, სისხლის ჯგუფი არ დაასახელოს და რესტორნში კერძი სხვა ჯგუფიდან შეუკვეთოს, თუმცა ოფიციანტებსა და მზარეულებსაც არ უყვართ ასეთი გაუაზრებელი სტუმრები და ისინი შეფისგან კომპლიმენტსაც ვერ დაიმსახურებენ.

 

ერთმა ინგლისელმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მათი სახლი გიგანტურ სკად გადაიქცა, როცა კედლებიდან თაფლმა დაიწყო ჟონვა. ქეით დემპსი ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად, სახლის კედლებზე რამდენიმე მუქი ლაქა შენიშნა და როცა დააკვირდნენ, აღმოაჩინეს, რომ ეს ჩვეულებრივი თაფლი იყო. გაოგნებულებმა იატაკზეც პატარა ხვრელი გააკეთეს და იქ საოცრება დახვდათ - ორმეტრიანი ფიჭები და ლიტრობით თაფლი. ცოლ-ქმარმა დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართეს, მაგრამ მათ იმხელა თანხა მოითხოვეს, რასაც ვერ შესწვდებოდნენ. ქეითმა და მისმა ქმარმა პრობლემის მოგვარება მეგობრებთან ერთად გადაწყვიტეს. მათდა გასაოცრად, ფუტკრებს „მუშები“ არ შეუწუხებია. მთლიანობაში, დაახლოებით, ოთხი კვირა დასჭირდათ, რათა სახლიდან თაფლი ამოეღოთ.

 

ასაკში შესულ მანდილოსნებს ძვლების დაცვა ოსტეოპოროზისგან ლუდის მეშვეობით შეუძლიათ, - განაცხადეს კემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლულებმა. დღის განმავლობაში, ნახევარი ლიტრი ქარვისფერი სასმელი ორგანიზმს ასაკში საშიში მოტეხილობებისგან იხსნის. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ლუდი დიეტური სილიკონის იდეალური წყაროა, რომელიც აუცილებელია ძვლის მასის ჩამოყალიბების პროცესისთვის. ასკთან ერთად, ეს მასა ილევა და დეფორმირდება, რაც ოსტეოპოროზს იწვევს, სილიკონი კი ორგანიზმს მის აღდგენაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინგრედიენტს ზოგიერთი მცენარე და პარკოსნებიც შეიცავენ, მაინც მის ყველაზე მდიდარ წყაროდ ლუდს ასახელებენ. სასმელი იდეალურია ორგანიზმის მიერ, სილიკონის აბსორბციიდან გამომდინარე. მკვლევარები ექსპერიმენტებისას, ძვლების ფორმირების პროცესზე ლუდის ზეგავლენას აკვირდებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ ეთანოლი, რომელსაც შეიცავს ალკოჰოლი, ძვლის მასის გალევას ეწინააღმდეგება. სილიკონი კი, თავის მხრივ, ძვლის ახალი მასის ფორმირებას უწყობს ხელს. ესტროგენთან კომბინაციაში, სილიკონი დადებით ეფექტს გვაძლევს, - აღნიშნავენ სწავლულები. ამიტომ, ასაკოვან მანდილოსნებს ნამდვილად არ აწყენთ, დღეში ნახევარ ლიტრამდე ლუდის მიღება.

ჩინელმა მამამ, საკუთარ 11 წლის ბიჭს, 17 საათის განმავლობაში, მობილურში თამაში მიუსაჯა. როგორც კაცი ამბობს, ამგვარად მას „სმარტფონზე“ დამოკიდებული შვილის დასჯა სურდა. ჩინური მედიის ცნობით, მამამ აღმოაჩინა, რომ ბიჭი ღამღამობით, ძილის ნაცვლად, ჩუმად თამაშობდა ტელეფონში. გაოგნებულმა კაცმა შვილს განუცხადა, რომ ნებას აძლევს, მეორე დღემდე ითამაშოს, მხოლოდ ერთი პირობით - არ უნდა დაიძინოს. გარდა ამისა, მამამ შვილის მასწავლებელს სკოლიდან ერთი დღით გათავისუფლება სთხოვა. შედეგად, გადაბმული 17-საათიანი თამაშის შემდეგ, ბიჭს დაძინების უფლება მიეცა, რადგან მან გააცნობიერა საკუთარი საქციელი და ბოდიში მოიხადა. ეს ამბავი მამამ სოციალურ ქსელში გაახმაურა და კრიტიკის ქარცეცხლშიც მოექცა _ ბავშვთან ასეთი მიდგომისთვის. კაცი აცხადებს, რომ მისი შვილი კარგ ფიზიკურ ფორმაშია და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა სხვა მშობლებს მაინც არ ურჩევს მისი მეთოდის გამეორებას.

იტალიაში, ქალაქ ბარის ერთ-ერთ კლინიკაში, პატარა ონკოპაციენტების მკურნალობის პროგრამაში მუსიკა შეიტანეს. ანესთეზიისა და ქიმიოთერაპიის წინ, ბავშვებს ძალიან ეშინოდათ ამ პროცედურების და ღელავდნენ, ზოგი კი საერთოდ უარს ამბობდა მათზე. თუმცა, ახლა, მუსიკალური თერაპიის წყალობით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. კლინიკას საკუთარი მუსიკალური თერაპევტი ჰყავს, რომელიც ონკოლოგების, მედდების, ანესთეზიოლოგებისა და ფსიქოლოგების გუნდთან ერთად მუშაობს. პაციენტებსა და მათ ახლობლებზე ზრუნვა მკურნალობის ტრადიციული და მთავარი მეთოდების ეფექტიანობას ამაღლებს. მუსიკამ საშუალება მოგვცა, იმ კოლოსალურად დადებითი შედეგებისთვის მიგვეღწია, რაც ბოლო დროს, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაში გვაქვს, - აცხადებენ იტალიელი მედიკოსები.

ესპანეთის ანდალუსიის სასამართლომ მამაკაცს ყოფილი ცოლისთვის 200 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, 25 წლის განმავლობაში, სახლის საქმეების შესრულებისთვის. ეს თანხა, ოჯახური თანაცხოვრების განმავლობაში, მინიმალური შემოსავლის გათვალისწინებით დაითვალეს. როგორც მომჩივანმა ესპანელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, ყოფილ ქმარს, ქორწინებაში ყოფნის დროს, არ სურდა, რომ ცოლს სახლის გარეთ ემუშავა. ამის გამო, განქორწინების შემდეგ, ქალი უსახსროდ დარჩა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ის სამართლიანად მიიჩნევს. „ახლა მშვიდად ვიქნები, რადგან მე ეს კომპენსაცია დავიმსახურე“, - ამბობს კმაყოფილი ესპანელი.