უცნაურად ემთხვევა მედვედევის მითითებებს - პრეზიდენტი პროკურატურაში დაბარებაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს "უცნაურად ემთხვევა დიმიტრი მედვედევის მითითებებს".

28 ოქტომბერს დიმიტრი მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის "გადაყენებასა და დაჭერაზე" მიუთითა.

"პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემი მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა", - თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", გამოძიება დაიწყეს.

მათი თქმით, გამოკითხვაზე იბარებენ პრეიზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

გუშინ, 29 ოქტომბერს ცესკო-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უწყებას "უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმიან თავს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ".

განცხადებაში ცესკომ მიმართა პროკურატურას, "გარემოებების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსების განცხადებები", დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება.