მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება, კერძოდ, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული, სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პაციენტი სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურის გადახდას.
„გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივები ჯანდაცვის მიმართულებით. აქ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება. ასევე, სამედიცინო პერსონალისთვის და კლინიკებისთვის ანაზღაურების უფრო მეტად სამართლიანი პირობების დადგენა. დიდი მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ამ წინადადების მომზადებისთვის. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული, სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე. რა დროსაც, სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურის გადახდას. რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა. შ. ეს მიდგომა ერთის მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა, მხოლოდ იმის გამო, რომ მას სურვილი აქვს, განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც შეუძლებელი იყო არსებული რეგულაციების პირობებში. მეორე მხრივ, ეს უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით, ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები.
„დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები. ასევე სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსარგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება სამედიცინო სექტორთან აქტიური და ინტენსიური კონსულტაციების გზით. ანუ საქმე ეხება ე.წ. DRG სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება როგორც პაციენტების მდგომარეობაზე, ასევე შესაბამისი კლინიკების ინტერესებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჯანდაცვის სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახლო მომავალში იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები. პირველ რიგში, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს იყო ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რასაც მუდმივად აყენებდნენ კლინიკები და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამ ვადების რადიკალურად შემცირება იგეგმება, რის შედეგადაც არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე კლინიკებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა.
ასევე დარეგულირდება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი, რაც სატარიფო პოლიტიკას გახდის უფრო ცხადს და სამართლიანს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან ამბიციური გეგმები.
„ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, დღეს გვექნება ჩვენ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს პრეზენტაცია. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მათ ჯანმრთელობაზე უკეთ ზრუნვის საშუალებს მოგვცემს ეს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი.
„მშენებლობისას გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე, კომფორტულ და ფუნქციურად გამართულ გარემოში მიიღებენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები წარიმართება ისე, რომ არ შეჩერდეს კლინიკის ფუნქციონირება. როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო სამედიცინო პერსონალის ძალიან მნიშვნელოვანი, ლეგიტიმური მოთხოვნა, რაც ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არსებულ შენობებში, რეაბილიტაციის შემდეგ, იფუნქციონირებს სტაციონარი, რომელიც 400 საწოლზე იქნება გათვლილი, სხვადასხვა თერაპიული თუ ქირურგიული მიმართულები იფუნქციონირებს, ფსიქიატრიული, გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები იქნება განთავსებული.
„განვითარდება სერვისები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სისხლის ბანკი შეიქმნება. ასევე მოეწყობა სასწავლო და საკონფერენციო სივრცეები. ყველანაირი სივრცით იქნება აღჭურვილი ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
აშენდება ახალი, 250 საწოლზე გათვლილი ნაგებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთ სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია და სხვა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, შეიქმნება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბირთვული და სხივური მედიცინის დეპარტამენტი. აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ინფექციური ბლოკი, აქვე განთავსდება GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.
დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი, სადაც ათასობით ექიმი, თანამშრომელი იზრუნებს ჩვენი მოქალაქეების და არა მარტო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. მინდა, მოგილოცოთ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პროექტის განხორციელება სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკას და ხელს შეუწყობს საქართველოში მედიცინის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კლინიკას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს და საავადმყოფო, ათწლეულების განმავლობაში, იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში.
„დღეს, ჩვენ ვიწყებთ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თვისებრივ განახლებას. რეალურად, ვიწყებთ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის კლინიკას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის 1973 წელს გაიხსნა, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, მრავალპროფილური საავადმყოფო. აქ, ათწლეულების განმავლობაში, ფუნქციონირებდა სხვადასხვა პროფილის განყოფილებები, მოღვაწეობდნენ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები; კლინიკაში ათწლეულების განმავლობაში მრავალი პროფესიონალი ექიმი აღიზარდა. კლინიკა ასევე იყო მძლავრი საგანმანათლებლო დაწესებულება - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო ბაზა; ფუნქციონირებდა 14 კლინიკური კათედრა. რესპუბლიკური საავადმყოფო, წლების განმავლობაში, იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში. როგორც წესი, საქართველოში პირველად სწორედ აქ ხდებოდა სიახლეების, ნოვატორული მიდგომებისა თუ მეთოდების დანერგვა. დამოუკიდებლობის მოპოვების ურთულეს პერიოდებში, სწორედ ის წარმოადგენდა მთავარ სამედიცინო დაწესებულებას ქვეყანაში.
დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით მშენებლობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ამ ხანგრძლივ დიდ ტრადიციებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი კონცეფცია შემუშავებულია საერთაშორისო, პროფესიონალი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს არსებული ტერიტორიის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ახალი საავადმყოფოებისა და სამედიცინო ბლოკების მშენებლობასა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მთლიანი ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებისთვის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მთლიანი ტერიტორია სამედიცინო დანიშნულებით იქნება გამოყენებული და მოემსახურება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს.
„თავის დროზე, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ შეიძლებოდა, ამ ტერიტორიის ნაწილი გამოყენებულიყო არასამედიცინო მიზნებისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადავხედეთ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ მთლიანი ტერიტორია, სწორედ, სამედიცინო დანიშნულებით იქნას გამოყენებული. ეს ყველაფერი უნდა მოემსახუროს, რა თქმა უნდა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სეზონის ცვლისას ვიტამინების მიღება საზოგადოებაში წლებია გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს და ხშირად პროფილაქტიკის მიზნით, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ადამიანები სხვადასხვა დანამატებს სვამენ. განსაკუთრებით კი შემოდგმაზე და გაზაფხულზე, რადგან შემოდგომა არის გარდამავალი სეზონი, როდესაც ბევრი თავს უფრო დაუცველად გრძნობს გაციების, გრიპის და დაღლილობის მიმართ, ვინაიდან ტემპერატურა იკლებს და იმუნური სისტემა შეიძლება დაქვეითებული იყოს. ამ პერიოდში ყველაზე ხშირად გამოყენებული დანამატებია C, D და მულტივიტამინების კომპლექტი.
როგორც აღვნიშნეთ, ბევრი ადამიანი არ მიმართავს ექიმს ვიტამინების მიღებამდე, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ურეცეპტოდ და ფართოდ ხელმისაწვდომია, მათი გამოყენება უსაფრთხოა ზოგადი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით დაბალი დოზებით. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ვიტამინების მიღებას პრევენციული მიზნებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ზოგადი კონსენსუსი არის ის, რომ გარკვეული ვიტამინები შეიძლება იყოს სასარგებლო, თუმცა, აუცილებელია მათ მიღებას ფრთხილად მივუდგეთ.
ექიმები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამუდმებით მიგვითითებენ, რომ საჭირო ვიტამინების მისაღებად საუკეთესო საშუალება დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებაა. ადამიანების უმეტესობას შეუძლია მიიღოს ყველა საჭირო ნივთიერება საკვებიდან, დანამატების გარეშე. ასევე, ვიტამინების მიღება საჭიროების გარეშე შეიძლება საზიანო იყოს. ნებისმიერი დანამატის მიღებამდე გონივრულია ექიმთან კონსულტაცია. ჯანდაცვის პროფესიონალს შეუძლია შეამოწმოს გაქვთ თუ არა დეფიციტი და შეგირჩიოთ სწორი დოზა, თუ საჭიროა დანამატები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე, ხაზს უსვამს, რომ მიკროელემენტების დამატება მნიშვნელოვანია გარკვეულ პოპულაციაში, განსაკუთრებით იქ, სადაც დეფიციტი ხშირია. მაგალითად ბავშვებში ან ორსულებში, მაგრამ ჯანმო არ გირჩევთ პრევენციისთვის დანამატების ფართო გამოყენებას დეფიციტის გარეშე.
„ვერსიასთან“ საუბრისას ექიმი ენდოკრინოლოგი სალომე ჟვანია აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის მკურნალობა, თუნდაც ვიტამინების მიღება, მხოლოდ სპეციალისტის გადაწყვეტილებით და ჩარევით უნდა მოხდეს.
„თუ კონკრეტული ვიტამინის დეფიციტის რისკჯგუფს მიეკუთვნებით, გაქვთ თუ არა, საპროფილაქტიკოდ საქმე ექიმმა უნდა განსაზღვროს. სტატისტიკურად რომ მივუდგეთ, 10 პაციენტისთვის თუნდაც რომელიმე ვიტამინი მაგალითად ომეგა-3, თუ 9-ში ეფექტურია, შეიძლება იმ ერთში საერთოდ არ გამოდგეს, უსარგებლო ფინანსური ხარჯი ან ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება მოიტანოს. ამ ინფორმაციის დანერგვა და გავრცელებაა საზოგადოებაში საჭირო. არ არსებობს ნივთიერება ბუნებაში, რომლის ზედმეტად მიღებას შეიძლება კარგი შედეგი ჰქონდეს. ნებისმიერი რაღაც შეიძლება იყოს მავნე თქვენი ჯანმრთელობისთვის, რაც არ უნდა ბევრი ადამიანი სვამდეს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ჩვენ ახლა დანამატებზე ვსაუბრობთ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისეთ ძლიერ მედიკამენტებს იღებენ თვითნებურად, რომ მის მიერ დარღვეული ჯანმრთელობის აღდგენა საერთოდ შეუძლებელია“ - ამბობს სალომე ჟვანია.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღება ეს იყო სწორედ ღირებულებითი არჩევანი. პოლიტიკის ცენტრში უნდა იდგეს ადამიანი, რაც სრულიად განსხვავებულად იყო 2012 წლამდე, პირიქით, ადამიანის ღირსება იყო ის, რასაც ყველაზე მეტად ლახავდა მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
“ჩვენ აქ ციფრებიც წარმოვადგინეთ, 4-ჯერ არის გაზრდილი მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტი, ცალკე ჯანდაცვის დანახარჯები და საბოლოო ჯამში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამები, რაც ამოქმედდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პირდაპირ იძლევა კონკრეტულ შედეგებს ადამიანებისთვის. აქაც კონკრეტული ციფრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც წარმოვადგინეთ. 72 წელი იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და ეს მაჩვენებელი არის 75 წლამდე გაზრდილი. ამის შესაბამისად, იგივე პენსიონერების რაოდენობა რომ ავიღოთ, საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა 155 ათასით არის გაზრდილი. ეს 155 ათასი ადამიანი იყო განწირული წინა ხელისუფლების პირობებში ელემენტარულად უსახსრობის გამო. ადამიანები უსახსრობის გამო ვერ მიმართავდნენ ჯანდაცვის დაწესებულებებს. 5-ჯერ არის შემცირებული იმ ადამიანების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ, რომლებიც ფინანსური სახსრების გამო დღეს ვერ მიმართავენ ჯანდაცვის დაწესებულებებს და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მცირდება და კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ეს არის იმ პროგრამების დამსახურება, რაც ამოქმედდა. ეს პროგრამები იძლევა კონკრეტულ შედეგს. 3 მილიონ 300 ათასმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. 8.5 მლრდ ლარი გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის და არის უამრავი ცალკეული შემთხვევა, რომლებიც დაფინანსდა სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალშიც პროგრამის განხორციელება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რომ საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის პირობებში.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენ მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი, როგორც თბილისში ასევე ქუთაისში. საუბარია სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც ჩვენს სტუდენტებს მისცეს საშუალებას, რომ უშუალოდ საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის პირობებში და შესაბამის გარემოში. ეს მისცემს მათ სრულიად სხვაგვარად საკუთარი ინტერესების რეალიზების საშუალებას. მთელი ყურადღება დაეთმობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც უნდა დასრულდეს 2028 წლისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის, მიმართულებით, რაც არის ჩვენი 4-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალ კოლეგებთან ერთად ყველა ამ გეგმას დიდი წარმატებით განვახორციელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ახალ მინისტრებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„მთავრობის სხდომას პირველად ესწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ალექსანდრე წულაძე, ასევე პირველად ესწრება სხდომას კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი, ქალბატონი თინათინ რუხაძე, ასევე მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ დეკემბრიდან ცალკე გამოიყოფა სპორტის სამინისტრო და ბატონი შალვა დეკემბრიდან დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ყველა მიმართულებით, განათლება, მეცნიერება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი, რაც არის ჩვენი 4-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალ კოლეგებთან ერთად ყველა ამ გეგმას დიდი წარმატებით განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სტუდენტებს საქართველოში ექნებათ იმის საშუალება, რომ უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურის პირობებში, უმაღლესი ხარისხის განათლება მიიღონ საკუთარ ქვეყანაში.
„ასევე, საუბარი გვქონდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებაზე, ინფრასტრუქტურის არსებითად გაფართოებაზე და ეს პროექტიც განხორციელდება, შესაბამისად, ქუთაისი თბილისთან ერთად იქცევა თანაბარმნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად ჩვენი ქვეყნისთვის, 20 000-ს უნდა გადააჭარბოს სტუდენტების რაოდენობამ 2028 წლისთვის უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. აგრეთვე, დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი - ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების სექტორების განვითარებასა და ზოგადად IT-ის სექტორის განვითარებას. აქ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს გასული წლების განმავლობაში და ხელი უნდა შევუწყოთ სექტორის ზრდას. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს, ამ თვალსაზრისით. 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი, მომდევნო წლის განმავლობაში. ანალოგიური წინსვლა გვექნება ასევე საბავშვო ბაღების მიმართულებით, ზოგადად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“.
„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, მოსწავლეთა მონაცემები – პირადი ინფორმაცია, მის მიერ კლასების დაძლევა, მიმდინარე ნიშნები – ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. გარდა ამისა, სისტემაში ასახულია ინფორმაცია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ.
პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის განახლება.
აღნიშნული ემსახურება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას.
მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.
მოვუწოდებთ კონკრეტულ პირებს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ,"სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს, ეს პირადი მონაცემების დარღვევაა"-სალომე ზურაბიშვილი
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში მიმდინარე ღუდუშაურების (სნოს) ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.
სამუშაოების შედეგებს გაეცნენ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებული დავით ნოზაძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილი, სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორები ნიკოლოზ ზაზუნიშვილი და ლაშა შარტავა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა: ტერიტორიის გაწმენდას მიწისა და ბუნებრივი საფრისგან, ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩამონგრეული კედლის აღდგენას და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დაზიანებული გალავნის ფრაგმენტის გამაგრებით სამუშაოებს. არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით გადაეწყო გალავნის ზედაპირზე არსებული მორყეული ქვების წყობა და კედლის წყობებს შორის ნაკერები ამოიგოზა; ასევე, განახლდა ციხის გარე განათების სისტემა; გაკეთდა ციხის ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კიბე და საფეხმავლო ბილიკები.
2022 წლის მაისში უხვი ნალექის შედეგად ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ღუდუშაურების (სნოს) ციხის კლდოვანი ბორცვის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელზეც ციხის გალავნის კედელი იყო დაფუძნებული, ჩამოიშალა. საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც დადებითად შეფასდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, სააგენტომ მიიღო 2024 წლის თებერვალში, რის შემდეგაც გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
2024 წლის 11 აპრილს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ _ ა(ა)იპ-მა „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრმა“. ძეგლის რეაბილიტაციისთვის სააგენტომ 208 302 ლარი გამოყო.
ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2010 წლის 4 ნოემბერს მიენიჭა. ღუდუშაურების ციხე სნოს წყლის მარჯვენა ნაპირას, ბუნებრივი შავფიქალა კლდის ბორცვზეა აღმართული. გალავნით შემოსაზღვრულ ეზოს წრეს მიმსგავსებული გეგმა აქვს. ეზოს ჩრდილოეთით, ყველაზე მაღალ ადგილას, ერთადერთი კოშკია ამოზრდილი, რომელიც რთულ რელიეფზე ნაგებ უსაძირკვლო გალავანშია ნაწილობრივ ჩართული. კოშკის კედლის წყობა – პირმოსწორებული და დაკუთხული დიდი ლოდები, დამახასიათებელია განვითარებული შუა საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობებისთვის.
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოიტანეს.
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ივნისში, ლონდონში, "კრისტის" აუქციონზე, მილიონ ფუნტად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა.
ორენოვან, ქართულ-არამეულ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს, სახარებისეული ტექსტების შესწავლისა და სამეცნიერო-ლიტერატურული თვალსაზრისით უნიკალური მნიშვნელობა აქვს.
როვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანას ეხმაურება. მან ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, გაწეული მამულიშვილური საქმისთვის, მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ხელნაწერი დამთვალიერებლებისთვის გამოიფინება.
"მინდა, რომ, ეროვნული მუზეუმისა და მუზეუმის თანამშრომლების სახელით, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, მორიგი მამულიშვილური საქმისთვის. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ იოანე ზოსიმეს წმინდა წიგნი ჩამობრძანდა საქართველოში და ის თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის საგანძურის გამოფენაზე, ისეთი ექსპონატების გვერდით, როგორიც არის ხახულის ხატი, თამარ მეფის ჯვარი, წილკნის ღვთისმშობელი და სხვა სიწმინდეები. პირველ რიგში, ვინაიდან ასეთი მაღალია საზოგადოებიდან ინტერესი, გადავწყვიტეთ, რომ ხელნაწერი გამოიფინოს დამთვალიერებლებისთვის. მაქსიმალურად ყველამ ნახოს და ამის შედეგ, უკვე ჩაერთვებიან დარგის სპეციალისტები, ხელნაწერების მცოდნეები, ექსპერტები, სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლები და უკვე ასეთი კოლექტიური სპეციალისტების მიერ შედგენილი კომისია შეისწავლის მეცნიერულ დონეზე," - აცხადეს ნიკა ახალბედაშვილი.