რჩეული სტატიები

საბერძნეთში მყოფი ქართველი ადვოკატი ნანა აბულაძე "კურიერთან" იმ ბრალდებებს განმარტავს, რის საფუძველზეც, ქალაქ სალონიკში 85 ქართველ პენსიონერს ასამართლებენ. გამოძიების ინფორმაციით, ყოველთვიური შემწეობის დანიშვნის მიზნით, მათ სოციალური სოლიდარობის ორგანიზაციაში ყალბი დოკუმენტები წარადგინეს და 2018 წლიდან დღემდე, ყოველთვიურად სოლიდური თანხები ერიცხებოდათ, ზოგ შემთხვევაში თანხა 13 ათას ევროს აჭარბებს. 

ბერძენი სამართალდამცველები იკვლევენ, თუ ვინ იდგა ორგანიზებული თაღლითური სქემის უკან. საბერძნეთში ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ გარკვეული ჯგუფი თავს პროფესიონალ ადვოკატებად ასაღებს და საქართველოს მოქალაქეებს დანაშაულებრივ სქემაში ითრევს. დანაშაული, რაშიც ასამდე ქართველ პენსიონერს ადანაშაულებენ, 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

გამოძიების ინფორმაციით, ქართველმა პენსიონერებმა საბერძნეთის სოციალური სოლიდარობის ორგანიზაციაში წარადგინეს დოკუმენტები, რომელიც თითქოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იყო გაცემული. თბილისში საბერძნეთის საელჩოს მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს არცერთი ოფიციალური ორგანოდან, მსგავსი დოკუმენტი არ გაცემულა. 

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ქართველი პენსიონერების მიერ წარდგენილი დოკუმენტები გაყალბებული იყო და მას არ ჰქონდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების შტამპი. ახლა გამოძიება თაღლითური სქემის ორგანიზატორის დადგენას ცდილობს, ქართველი პენსიონერების საქმის განხილვას კი სალონიკის სასამართლო აპრილში განაახლებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის კარებში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, 2023 წელს საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 77,175 კგ. ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი ნივთიერება, რომლის გადაზიდვასაც ბულგარეთის მიმართულებით ახორციელებდა. ამავდროულად, ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკულ საშუალება - ,"ბუპრენორფინის" შემცველ აბებს პირადად ინახავდა.

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეოთხე ნაწილის ,"ა" ქვეპუნქტით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა,"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ყანჩაველმა 20 ივნისს დაზარალებული ორი მოსარჩელის სასარგებლოდ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

სააპელაციო სასამართლოს 26 დეკემბრის გადაწყვეტილებების მიხედვით, ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა 50 000 - 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, მათგან ერთ-ერთის, გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით, საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ შემთხვევაში, მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა დააკისრა, 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. მეორე დაზარალებულის, კერძოდ, გიორგი სულაშვილის შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ სამინისტროს მხოლოდ მორალური ზიანის 20 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება დააკისრა, ყოველთვიური სარჩოს გადახდა კი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია 15-მდე ადამიანის უფლებებს იცავს - მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე - შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.

ყველაფერი 2019 წლის 20 ივნისის დილას რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე დაიწყო - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.

ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის, დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას", რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის საშუალება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს.

ოპოზიციის ლიდერებმა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.

22 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია გართულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები.

21 ივნისს თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

შესაძლოა, ახლა ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენება, მაგრამ 90-იანი წლების საქართველოში, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, მათ, ვისაც მცირედი სამკაული მაინც გააჩნდა, საგულდაგულოდ ჰქონდა სახლში გადამალული. ზოგი რბილ ავეჯში აკერებდა, ზოგი ყვავილის ქოთანში მალავდა, ზოგიც - მურაბისა თუ კომპოტის ქილაში და ყოფილა შემთხვევები, როცა ბინაში შესულ ქურდებს ასეთი სამალავისთვის ვერ მიუგნიათ. თუმცა, ხშირად, სწორედ მურაბის, კომპოტის ქილებსა და ყვავილის ქოთნებს ამტვრევდნენ.

მილიციის განყოფილებას ასაკიანმა ქალმა მიმართა, ბინიდან ოქროული დავკარგე და ეჭვი ჩემი შვილიშვილის საქმროზე მაქვს, სხვა ვერავინ მოიპარავდაო. მისი თქმით, კარი გასაღებით იყო გაღებული და რაც მთავარია, მძარცველს არაფერი უძებნია, პირდაპირ იმ მურაბის ქილასთან მივიდა, სადაც მოხუცს ოქრო ჰქონდა შენახული, ქილა პირდაპირ სამზარეულოს იატაკზე ამოაპირქვავა, ოქროული წაიღო და წავიდა. როგორც დაზარალებული ამბობდა,  უცხოთაგან მხოლოდ მისი შვილიშვილის საქმრომ იცოდა ოქროულის სამალავი და იმის გათვალისწინებით, რომ მისი ბინის გასაღები შვილიშვილსაც ჰქონდა, ასლია გაკეთება მას არ უნდა გასჭირვებოდა. რა თქმა უნდა, საქმე აღიძრა და სანამ შვილიშვილის საქმროს დაჰკითხავდნენ, მანამ ექსპერტი გაუშვეს იმის შესამოწმებლად, ბინის კარი ძირითადი ან  გასაღებით იყო გაღებული ან ასლით.

შვილიშვილის საქმრო დაკითხვაზე იყო შეყვანილი, როცა ექსპერტმა დაბეჯითებით უთხრა გამომძიებელს, რომ კარი არა ძირითადი გასაღებით, ან ასლით, არამედ ე.წ. „ატმეჩკებით“ იყო გაღებული და ნამუშევარი პროფესიონალს ჰქონდა, რადგან შიდა მექანიზმს მინიმალური დაზიანებები ჰქონდა. მთავარი ეჭვმიტანილის როლს დაკავებული იდეალურად ერგებოდა - ერთი წლის წინ ექვსი თვით, ხულიგნობის ბრალდებით ციხეში იჯდა და გაარკვიეს, რომ მისი თანამოსაკნეები, ბინის გამოცდილი ქურდები იყვნენ. შესაბამისად, დიდი იყო იმის შანსი, რომ მას მეგობრებისთვის ეთხოვა კარის გაღება და საცოლის ბებიის ოქროულის მოპარვა. დაკავებულმა ბრალდებას პირდაღებულმა მოუსმინა და კბილებში გამოსცრა - „მაშინაც ტყუილად დამაკავეს, ახლაც ტყუილად მიკერავთ საქმეს. მე პატიოსანი ადამიანი ვარ, ის გოგოც გულწრფელად მიყვარს და არ ვიცი, რამდენის იყო ის ოქროული, შეაფასოს, მითხრას, ორმაგს გდავუხდი და შემეშვას. მე მაგ ბებერს თავიდანვე არ მოვეწონე, ნასამართლევიაო, ასე ამბობდა, ამიტომ მტენის ახლა ქურდობას, შეიძლება ის ოქროული თავადაც კი დამალა...“

გამომძიებლები მხოლოდ წამით დაფიქრდნენ, შეეძლო თუ არა მოხუცს ტყუილის თქმა, მაგრამ მაშინვე უარყვეს ეს მოსაზრება - „ატმეჩკებით“ 80 წელს გადაცილებული ქალი ნამდვილად ვერ ირბენდა. არც შვილიშვილის საქმრო ჩანდა იმ ოქროულის წამღები და მართლაც მზად იყო, ოქროს საფასურის ორმაგი თანხა დაებრუნებინა, ოღონდ კი მას ყველა შეშვებოდა. შესაბამისად, ოქროს მოპარვას მისთვის აზრი არ ჰქონდა და არც ისე უჭირდა, ბებიის ოქროს დახარბებოდა. გამოდიოდა, რომ იყო კიდევ ვიღაც, ვინც ზსტად იცოდა, რომ მოხუცი ძვირფასეულობას სწორედ მურაბაში ინახავდა, მაგრამ ქალი ჯიუტობდა, გამორიცხულია, ამის შესახებ მხოილოდ ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ იცოდნენ, რომლებიც 15 წლის წინ, ავარიაში გარდაიცვალნენ, შვილიშვილი მარტომ გავზრდე და თუ ვინმემ მათგან იცოდა რამე, აქამდე არ მოიცდიდაო. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა მოხუცს სთხოვეს, კარგად გაეხსენებინა ბოლო ერთი, ან ორი თვის განმავლობაში მომხდარი ისეთი რამ, რაც მას უცნაურად ეჩვენა. ქალმა მხრები აიჩეჩა და დაიწყო.

„ერთადერთი, რაც ბოლო ორ თვეში მოხდა და ცოტა არ იყოს, ჩემი ყოველდღიური ერთფეროვნება შეცვალა, ჩემი გერის გამოჩენა გახლდათ. სკვერში სასეირნოდ დავდივარ ხოლმე. დაახლოებით 4-5 კვირის წინაც ასე გავედი, დავჯექი, სუფთა ჰაერი ჩავყლაპე და შინ რომ დავბრუნდი, მხოლოდ ორი საათის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სკვერში სკამზე ჩანთა დამრჩა. წასვლა დავაპირე, როცა კარზე დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა დამიკაკუნა, ჩანთა მომაწოდა და გამიღიმა, ვერ მიცანიო? ვერ ვიცანი და ჩემი გერი აღმოჩნდა. თურმე, შემთხვევით იპოვა ჩანთა, ჩანთაში პასპორტი იდო, მერე იქვე ჰკითხა მოხუცებს, ხომ არ იცნობთო და მომაგნო. შემოვიპატიჟე, ჩაი დავალევინე, სხვათა შორის, მურაბით და წავიდა. თუმცა, მასზე ეჭვს ვერ მივიტან, ჯერ ერთი, ყველაფერი მართლა შემთხვევით იყო, მეორე - ჩანთა ბოლო დროს ხშირად მრჩება და მესამეც, მან არ იცოდა, ოქროულს მურაბის ქილებში რომ ვინახავდი“,- განაცხადა მოხუცმა.

მისი მონაყოლიდან ერთ საათში, გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ მისი გერი ბინის ქურდობისთვის სამჯერ ნასამართლევი რეციდივისტი იყო. მის დასაკავებლად ოპერ-ჯგუფი გავიდა და დაკავების შემდეგ, მისი ბინის ჩხრეკის დროს, დაკარგული ოქროული იპოვეს.

„რა უნდა ვთქვა? უკვე სტუდენტი ვიყავი, მამაჩემს ეს ცანცარა ქალი რომ შეუყვარდა და მე და დედა მიგვატოვა. არადა, სწორედ მაშინ მჭირდებოდა მისი ყურადღება, მაგრამ ვეკიდეთ მეც და დედაც. მერე ყველაფერი ამერია, ჯერ ერთხელ მოვხვდი ციხეში, მერე მეორედ, მესამედ... მამა არც მიძებნია, მთხრეს გარდაიცვალაო და შევეშვი. მანამდე, მასთან და ამ ქალთან სტუმრად ორჯერ ვიყავი და ერთხელ მარტო მამა დამხვდა. მურაბა მიყვარს, ქილა დავინახე, გახსნა დავაპირე და მამა მითხრა, სხვა გახსენი, მანდ ოქროულს ინახავსო. სკვერში ჩანთა მართლა შემთხვევით ვიპოვე და როცა პასპორტს ჩავხედე, ელდა მეცა. მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა ქალი, რომელმაც ცხოვრება დამინგრია. მოვედი, ჩაიზე დამპატიჟა და როცა მურაბას იღებდა, კუთხეში გადადებული, ცალკე მდგარი მურაბის ქილა დავინახე. მივხვდი, იქ ოქრო იქნებოდა და ცოტა პერიოდი გავუშვი, ჩემი ამბავი რომ მივიწყებოდა, მერე მოვედი და არც შევმცდარვარ, ოქრო ვიპოვე. როგორც ჩანს, ამ კუდიანმა მაინც გამიხსენა და დამაკავშირა ამ ამბავთან“,- თავი გადააქნია მამაკაცმა, რომელსაც სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პატიმარი #0578

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოში, ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა ჩვეულებრივ ამბად იქცა. უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ არც თუ იშვიათად, ეს ბავშვი როგორც მამისთვის, ისე დედისთვის, საკმაოდ დიდი ტვირთია. ახლადშექმნილი ოჯახების მალე დანგრევის სტატისტიკა ცალკე ტრაგედიაა და ვერ გეტყვით, როდის შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს, ან როგორ შეიძლება, სახელმწიფო ამ სტატისტიკაში ისე ჩაერიოს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეტრიალდეს. იშვიათი არც ის შემთხვევაა, როცა გოგონა შვილს ცოლიანი კაცისგან აჩენს, შემდეგ ოჯახის დანგრევით ეუმუქრება, ან ალიმენტს ითხოვს, ან ქორწინება უნდა... ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, არც გმირი ჰყავს, არც ანტიგმირი. ეს ერთი შეხედვით, რადგან ყველა ცდილობდა სარგებელი ენახა და ეს ყველაფერი გარდაცვლილი კაცის ხარჯზე გაეკეთებინათ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, გარკვეულ წრეში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი, გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი სიკვდილი როგორც მეგობრებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის მოულოდნელი იყო, კაცი გულს არასოდეს უჩიოდა. პრინციპში, რაღა ოჯახის წევრებისთვის, მას მხოლოდ ცოლი ჰყავდა, შვილები კი არა. მამაკაცი დაასაფლავეს და გასვენების მეორე დღეს, ქვრივს კარზე ახალგაზრდა გოგონამ დაუკაკუინა, რომელსაც ხელში 3-4 თვის ბავშვი ეჭირა და რაც შეიძლებოდა მშვიდად თქვა - ეს თქვენი ქმრის შვილია, ქონების ნახევარი თუ არა, იმ სამი ბინიდან ერთ-ერთი მაინც ეკუთვნის, რომელიც ქმრისგან დაგრჩათ. ქვივს ნამდვილი შოკი ჰქონდა, მაგრამ ყოველგვარი ხმაურის და აყალ-მააყაალის გარეშე, სტუმარს კარი მიუხურა და სანამ ამას გააკეთებდა, ჩუმად უთხრა, სასამართლოში თუ არ იჩივლებ, ვერაფერს მიიღებ და იქ კიდევ, უნდა დაამტკიცო ,რომ ნამდვილად ჩემი ქმრისშვილს ზრდიო.

ამის მიუხედავად, გოგონა სასამართლოში წასვლას არ ჩქარობდა, ის ქვრივს ხან სახლთან ხვდებოდა, ხან სამსახურთან და ყველას გააგებინა, რომ მისი ქმრისგან შვილს ზრდიდა. გარდაცვლილი გამოუწსორებელი მეექალთან რომ იყო, ყველა ააღიარებდა, ქალიც თითქოს შეგუებული იყო იმაას, რომ ქმარი ღალატობდა, მაგრამ ნამდვილად არ ელოდა, რომ მას შვილი ეყოლებოდა. მითუმეტეს, თავად ქვრივსაც მარტივად შეეძლო ბავშვის გაჩენა, მაგრამ კაცი თავს იზღვევდა და ამბობდა, რომ ბავშვი არ სურდა. გოგონასგან შეწუხებული ქვრივი სასამართლოში თავად წავიდა, აქაოდა, მომაცილეეთ ეს გოგო, ცხოვრება გამიმწარა, მეტი აღარ შემიძლიაო. ძიებაც ამის შემდეგ დაიწყო. როგორც წესი, ასეთი საქმეები ან მარტივად სრულდება, ან უსაშველოდ იწელება, მაგრამ ეს საქმე არ იყო არც მარტივი და არც რიგითი. სასწორზე დიდი ფული იყო, უფრო სწორედ, უზარმაზარი ფული თუნდაც ახლანდელი საზომებით ,რადგან თუ დამტკიცდებოდა, რომ ბავშვი მართლაც გარდაცვლილს ეკუთვნოდა, ის კანონიერ ცოლთან ერთად, პირველი რიგის მემვკვიდრედ ჩაითვლებოდა. ეს კი, მხოლოდ ერთ ბინაზე კი არა, ბიზნესზე უფლებებსაც გულისხმობდა.

თავიდან თითქოს ყველაფერი მარტივად ჩანდა, გოგონამ პირველივე დაკთხვაზე, დნმ-ის დასკვნა წარადგინა, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ბავშვი ნამდვილად გარდაცვლილის შვილი იყო. დასკვნის მიუხედავად, ქვრივი თავს უნდობლად ქნევდა, არა მგონია, ასე იყოს, მართალია, ქმარი ძალიან, ძალიანხშირად მღალატობდა, მაგრამ მეეჭვება, სადმე შვილი ჰყოლოდა და ამის შესახებ არ მცოდნოდაო. მეტიც, ქალი ამტკიცებდა, ქმარმა ზუსტად იცოდა, შვილი რომ ჰყოლოდა, მას მივიღებდი და მოვუვლიდიო. რაც შეეხება უშვილობის მიზეზს...

„ჩვენ სიყვარულით ვიქორწინეთ, ყველაფერი ერთად დავიწყეთ ნულიდანდა უზარმაზარი ბიზნესი შევქმენით. როცა ბავშვებისთვის მოვიცალეთ, ჯერ მამაჩემი მოხვდა ფსიქიატრიულში, რაღაც ვერ აეწყო და შემდეგ ჩემი ძმა. მანამდე, ჩემი დიდი ბაბუაც ფსიქიატრიულის პაციენტი იყო. ჰოდა, ჩემს ქმარს ეშინოდა, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები არ იქნებოდნენ. ვერაფერს ვაპროტესტებდი, ან როგორ უნდა გამეპროტესტებინა, როცა ჩემი ოჯახის სამ წევრს ჰქონდა ეს ისტორია. შედეგად, ბევრ რამეზე ვხუჭავდი თვალს და ქმარს ვეუბნებოდი, რომ მისი შვილი მოეყვანა, გავზრდიდი, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. არც დაშორებაზე გვისაუბრია, რომ მოესურვებინა, მარტივად მოახერხებდა და თან ისე, რომ ბიზნესიდან საკმარის წილს მომცემდა და თავად არაფერი დაეტყობოდა. ამიტომ მჯერა, რომ ეს გოგო იტყუება, თუმცა მოვიკითხე და ჩემს ქმარს მასთან ურთიერთობა მართლაც ჰქონდა“,-განაცხადა ქვრივმა.

სამართალდამცავებმა გარდაცვლილის პარტნიორის დაკითხვა გადაწყვიტეს. ისინი კრსელები იყვნენ, ბიზნესიც ერთად დაიწყეს და იმის მიუხედავად, რომ ორვიეს უკვე ცალ-ცალკე კომპანია ჰქონდათ, მთელ თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, ოჯახებით მეგობრობდნენ და ერთმანეთის ყველა საიდუმლო იცოდნენ. მან დაადასტურა, რომ გარდაცვლილს გოგონასთან ურთეთობა მართლაც ჰქონდა, ისიც თქვა, ორსულად რომ იყო, ვიცოდი, მერე ამ გოგოს შეეშვა და საერთოდ მიმავიწყდა, ახლა, როცა გამოჩნდა, ქვრივთან კი გავიკვირვე, მაგრამ სინამდვილეში, ამას ველოდიო. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ შვილი მისი გარდაცვლილი მეგობრის იყო და იმასაც ამტკიცებდა, რომ სცოდნოდა, უყურადღებოდ არ დატოვებდა, ბავშვზე ყოველთვის ოცნებობდაო. აი, ყველაზე საინტერესოც სწორედ ეს იყო, რატომ არ უთხრა გოგონამ კაცს რომ მისგან შვილი ჰყავდა?

„ვუთხარი, მაგრამ არ დამჯერეა. მერე, დნმ-ისთვის საჭირო საბუთების შეგროვება და რაც მთავარია, ფულის მოძიება დავიწყე. როგორც იქნა, ყველაფერი გავაკეთე და სამწუხაროდ, პასუხის მიღების დღეს, ის გარდაიცვალა“,-განაცხადა ქალმა.

ძებამ თავის საქმე დაასრულა და სასამართ₾ოს გადასცა. სავარაუდოდ, ყველაფერი გოგონას და ბავშვის სასარგებლოდ გადაწყდებოდა, რომ არა ქვრივის გაჯიუტება - მან დამატებითი ექსპერტიზა და ახალი დნმ ანალიზის ჩატარება მოითხოვა, ოღონდ სხვა საბორატორიაში. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ გოგონა მას ისევ ეახლა და უთხრა, სასამართლოს შევეშვათ, მხოლოდ ერთ-ერთი ბინა მომეცი და ხელწერილს დაგიწერ, რომ სხვა წილები არ მინდაო. ქვრივს ეჭვი გაუჩნდა, რომ გოგონა იტყუებოდა, თორემ რატომ უნდა ეთქვა უარი დაახლოებით მილიონის ქონებაზე? ის სულელი ნამდვილად არ ჩანდა, მაგრამ ქვრივი ფიქრობდა, რომ საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა. სასამართლომ ახალი ექსპერტიზა დანიშნა და... პირველ იდასკვნა თავდაყირა დადგა - გარდაცვლილს ბავშვთან საერთო არაფერი ჰქონდა. ქვრივი გამარჯვებას კი ზეიმობდა, მაგრამ საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა და გოგო უკვე არა როგორც მოწმე, არამედ როგორც ბრალდებული, ისე დაიბარეს.

„მე არაფერი დამიშავებია, გემუდარებით, ნუ დამსჯით. შვილი გარდაცვლილის ძმაკაცისგან მყავს, როცა დავშორდით, ბევრი ვიტირე, მას დავურეკე, დასამშვიდებლად მოვიდა, მერე ცოტა დავლიეთ და არც კი ვიცი, როგორ მოხდა, რომ ურთიერთობა მასთან დავიწყე და შვილიც მისგან მეყოლა. მას ბავშვის გაგონება არ სურდა, თავისი 4 შვილი ჰყავდა და მეუბნებოდა, ბინაას გიყიდი, მაგრამ მეტი არაფერი მთხოვოო. მე კი მეტი მინდოდა და გეგმა მან მოიფიქრა, გარდაცვლილისთვის მათქმევინა, ვითომ მისი შვილი იყო, უკან არ დაიხევს, ყველაფერს გაუკეთებსო. მან კი დნმ-ის ანალიზი მოითხოვა. ჩემი შვილის ნამდვილი მამა დამპირდა, საჭირო ანალიზის პასუხს მე გავაკეთებინებო და მართლაც მისი პარტნორის გარდაცვალების დღეს მომცა საბუთი, თუმცა აზრი? მერე მაიძულა, ქვრივთან მივსულიყავი, მაგათ ბინა გამოართვი, მე კიდევ ბიზნესიდან ცმირე ნაწილს „მოგიჭრი“, შენ და შენს შვილს გეყოფათ, მე ჩემი შვილებიც საკმარისად მყავსო. გაგრძელება კი იცცით, მე დამნაშავე არ ვარ“,-განაცხადა გოგონამ.

სამართალდამცავებმა არამარტო მამაკაცი, არამედ იმ ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებიც დააკავეს, რომლეებმაც საბუთი გასცეს, მაგრამ ისინი მალე გაათავისუფლეს, რადგან გაირკვა, რომ თმის ნიმუში, რომელიც მათ მიუტანეს, გარდაცვლილის თმის ნიმუშად გაასაღეს, სინამდვილეში კი მისი პარტნიორის იყო. ანუ, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებიც უბრალოდ მოატყუეს.

„მზად ვიყავი, ამ გოგოსთვის და ბავშვისთვის ყველაფეი მიმეცა, მაგრამ აბსოლუტურად ყველა უძრავ-მოძრავი ქონება ცოლის სახელზე მაქვს. შესაბამისად, რაიმე რომ გამეყიდა ან გამეჩუქებინა, ცოლის თანხმობა იყო საჭირო. ქეში კი იმდენი არ მქონდა, რაიმე მეყიდა და ეს სქემაც ამიტომ მოვიფიქრე. რა მოხდებოდა? გაიზრდებოდა ეს ბავშვი მის სახელზე და კაცი გახდებოდა, ახლა კი...“,-ხელი ჩაიქნია კაცმა.

მას თაღლითობისთვის მხოლოდ პირობითი სასჯელი აკმარეს, სასამართლოში კი, ახლა სწორედ მისი ქონების გაოფაზე დაიწყო მოსმენა. გოგონას და ბავშვს ძლიერი ადვოკატი... ქვრივმა დაუქირავა.

პატიმარი #0578

მწარე რეალობაა, მაგრამ საქართველოში ახალი წლის დადგომიდან 2-3 დღეც არ არის ხოლმე გასული, როცა მორიგი მკვლელობის შესახებ ვიგებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის კლავს, მთავარი ის გახლავთ, რომ სადღესასწაულო დღეებშიც კი, ადამიანები ერთმანეთს იმეტებენ და აგერ, ფემიციდის შემთხვევა გვქონდა, სადღაც მინდორში გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს... და ცხოვრება გრძელდება, თითქოს არაფერი ხდება და უკვე მერამდენედ გვიწევს იმის თქმა, რომ ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა, სიკვდილს შეეგუა. აღარ არის ტრაგედია საზოგადოებისთვის ახალგაზრდის თუ მოხუცის გარდაცვალება, უბრალდო სტატისტიკაა და ბოლომდე ტრაგედიად მხოლოდ ოჯახებისთვიც რჩება. დანარჩენი საზოგადოება კი აღშფოთებას თუ მწუხარებას, სოციალურ ქსელში 2-3 დღის განმავლობაში გამოხატავს და ამით ყველაფერი სრულდება.

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ ახალი წლის დღეებში მოხდა, მაშინ, როცა დედაქალაქი თოვლით იყო დაფარული და თეთრი საფარი საახალწლო განწყობას ხალისს მატებდა. უხდება ახალ წელს თოვლი, ძალიან უხდება. პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი სამსახურიდან ბრუნდებოდა, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ერთი სული ჰქონდა, შინ მისულიყო, მითუმეტეს, მისი მოთხოვნით, მეუღლემ ახალ წლამდე ოთხი დღით ადრე გაუკეთა საცივი და ახლა, საყვარელი კერძის დაგემოვნების გარდა, სხვაზე არაფერზე ფიქრობდა. მის წინ ახალგაზრდა გოგონა მიდიოდა აჩქარებული ნაბიჯით და სკვერისკენ გადაუხვია. უეცრად გოგონას ფეხი აუცურდა და დაეცა, გამომძიებელი ღიმილით მიუახლოვდა, წამოყენება დაუპირა, რომ დაიხარა, ტაბელური იარაღი გადმოუვარდა ბუდიდან და პირდაპირ გოგონას ფეხებთან დაეცა.

„არ მომკლათ, გემუდარებით, არ მომკლათ. მე არაფერი დამიშავებია. არავის ვეტყვი, რომ თქვენი სახე დავინახე, ჩემი დაქალის სიკვდილი იკმარეთ“,- თქვა გოგონამ და ისეთი კივილი მორთო, უახლოეს კორპუსებში პრაქტიკულად ყველა ფანჯარა გაიღო და ყველამ თავი გამოყო. გამომძიებელი გაოცებული, უხერხულად იდგა საკუთარი იარაღით ხელში, გოგონა კი ბოლო ხმაზე კიოდა და ვერ ჩუმდებოდა. რამდენიმე ადამიანი საშველად გამოვარდა, მაგრამ იარაღიან კაცს ვერ მიუახლოვდნენ და მხოლოდ შორიდან უყვიროდნენ, მოკვლა არ გაბედოო. ადგილზე სამართალდამცავების ექვსი ეკიპაჟი მოვიდა. მათ დანახვაზე გამომძიებელმა იარაღი ბუდეში დააბრუნა, ცალი ხელით საბუთი ჰაერში შემართა, სახელი, გვარი და თანამდებობა დაასახელა, თუმცა ეს საჭირო არ იყო - ის მილიციის რამდენიმე თანამშრომელმა იცნო და უშიშრად მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვეს, საქმიანად და ცოტა შეშფოთებით ჰკითხეს, რა ხდებაო. გამომძიებელმა ხელი ჩაიქნია, ოპერმუშაკებს უთხრა, მეც და ეს გოგოც განყოფილებაში წაგვიყვანეთ, მეც ძალიან მაინტერესებს, რა ხდებაო.

გზაში გოგონა დაწყნარდა, მიხვდა, რომ წივილ-კივილი ტყუილად ატეხა და როცა დასაკითხად ის კაცი დაუჯდა წინ, რომელსაც ლამის მკვლელობა დააბრალა, უხერხულობისგან ატირდა. ბატონმა თენგიზმა ჰკითხა, რომელ მოკლულ დაქალზე იყო საუბარი და საერთოდ, რატომ ჩათვალა, რომ ვიღაცას უნდა მოეკლა.

„მე და ჩემი ორი დაქალი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ჯერ ბაღში, მერე სკოლაში, მერე ტექნიკუმში და ახლაც, ერთად დავიწყეთ მუშაობა ქსოვილების საწარმოში. ფილმი „თოჯინები იცინიან“ ხომ გინახავთ? მარტო ერთი ბიჭი რომ არის მთელ საწარმოში? ჰოდა, ასე მოვიდა ჩვენთან ერთი ბიჭი და მთელ საამქროს შეგვიყვარდა. ისეთი ამბავი ატყდა, ლამის დაქალებიც კი გავებუტეთ ერთმანეთს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ის ბიჭი ქართველი არ არის, რუსეთიდან ჩამოვიდა ჩვენთან, როგორც გვითხრეს, უბრალოდ კვალიფიკაციისთვის და მალე დაბრუნდება უკან. ჰოდა, გოგოებს გვეგონა, რომ რომელიმეს თან წაიყვანდა. ყველაფერი კი, იმით დასრულდა, რომ იმ ბიჭს ჩემი ერთ-ერთი დაქალი მოეწონა, მასთან ერთად კინოში წავიდა, თეატრში... ჩვენთან ერთად, ერთი გოგონა მუშაობს, ძმა ნაციხარი ჰყავს, ის დაემუქრა, თუ ამ ბიჭს არ შეეშვები, მოგკლავო და ჩემი დაქალი მართლაც მოკლული იპოვეს. მერე ეს ბიჭი ჩემზე გადმოერთო, მე დამპატიჟა კინოში და ის გოგო ახლა მე დამემუქრა, შენც მოკვდებიო და მეგონა, თქვენ ჩემს მოსაკლავად იყავით. გამოძიება არაფერს აკეთებს, გამომძიებელს მოვუყევი ყველაფერი, მაგრამ მითხრა, იმ ბიჭსაც და გოგოსაც ალიბი აქვთო“,- ტირილით ჰყვებოდა გოგონა.

ბატონმა თენგიზმა ეს საქმე კარგად იცოდა, გოგონა დანის დარტყმით მოკლეს და საქმეს მისივე განყოფილება, ოღონდ სხვა გამომძიებელი იძიებდა, თუმცა წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა. მთავარი ეჭვმიტანილი მართლაც იმ გოგონას ძმა იყო, რომელიც იმუქრებოდა, მაგრამ მკვლელობის მომენტში, ის ეზოში მეზობელს შპალერის გაკვრაში ეხმარებოდა და ამის მოწმე კიდევ რამდენიმე მეზობელი იყო. ალიბი ჰქონდა გოგოსაც, რომელიც მეგობრებთან ერთად დაბადების დღეზე იმყოფებოდა და ამის მოწმეებიც არსებობდნენ, სხვას კი, მოტივი უბრალოდ არ ჰქონია.

იყო ვარაუდი, რომ საამქროში სხვა გოგოს მოსწონებოდა ერთადერთი ბიჭი და მას ეძია შური, მაგრამ ჯერ ერთი, გოგონების მიერ ჩადენილი დანაშაულის თავად გამომძიებლებს ნაკლებად სჯეროდათ და მეორეც - ისე არ იყო საქმე, როგორც თუნდაც ახლა დაკითხული გოგო ჰყვებოდა, სულ 3-4 გოგო ირეოდა იმ რუსეთიდან ჩამოსულ პრაქტიკანტზე, დანარჩენები ყურადღებას არ აქცევდნენ - ნაწილი გათხოვილი იყო, ნაწილს შეყვარებული ჰყავდა. ამიტომ, საქმე უიმედოდ ჩანდა, მაგრამ ფაქტია - იმ გოგოს მკვლელობამ მისი მეგობრები დააფრთხო. დაკითხვის შემდეგ, გამომძიებელმა თავად მიაცილა გოგონა სახლამდე და, როგორც იქნა, ნანატრი საცივიც დააგემოვნა, თუმცა თავში ისევ ეს საქმე უტრიალებდა და მეორე დღეს კოლეგას ჰკითხა, თავად ის რუსეთიდან ჩამოსული პრაქტიკანტი თუ გამოჰკითხეო და მანაც დაუდასტურა, გამოვკითხე, ალიბიც შევამოწმე, მთელი დღე, საერთო საცხოვრებელში იმყოფებოდა და მართალია, მოწმე არ ჰყავს, მაგრამ საერთოს შესასვლელში მყოფმა ქალმა დაგვიდასტურა, არსად გასულაო და მეოთხე სართულიდან კიდევ ვერ გადახტებოდაო.

რეალურად, ეს იყო ალიბი, მაგრამ არამყარი. ამიტომ, რუსი დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს და მისი დაკითხვა ამჯერად ბატონმა თენგიზმა გადაწყვიტა. თითქოს არაფერი ახალი და საინტერესო, ბიჭი კითხვებს მოკლედ და მკაფიოდ პასუხობდა. სწორედ ამან დააეჭვა გამომძიებელი, აშკარა იყო, რომ მას ძალოვნებთან ურთიერთობა ადრეც ჰქონდა და ჰკითხა კიდეც, ნასამართლევი ხომ არ ხარო, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ის გაუშვეს, მისი სახელი და გვარი კი, ქართველმა სამართალდამცავებმა მოსკოველ კოლეგებს გადაუგზავნეს, აქაოდა, გადაგვიმოწმეთ, ესა და ეს კაცი ან ძებნაში ხომ არ არის, ან სამართალში ხომ არ ყოფილა მიცემულიო. რუსეთის დედაქალაქიდან საინტერესო პასუხი მოვიდა - ამ სახელისა და გვარის კაცი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა და არც არასდროს უცხოვრია. ამჯერად, ქართველებმა, მონაცემებთან ერთად, მისი ფოტოც გაგზავნეს და პასუხი არ მიუღიათ, რადგან მოსკოველმა კოლეგებმა ტელეფონით დარეკეს და უთხრეს, რომ სურათზე ასახული პიროვნება, რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი გახლდათ და მას ბრალად ორი გოგონას მკვლელობაც ედებოდა.

გამომძიებლებმა მის დასაკავებლად ოპერჯგუფი გაგზავნეს და თავადაც თან გაჰყვნენ, თუმცა საამქროში განაცხადეს, ის დაგვემშვიდობა, პრაქტიკები დაუსრულდა და წავიდაო. ბიჭი არც საერთო საცხოვრებელში აღმოჩნდა, მეტიც, ის იქ ნივთების წასაღებადაც არ დაბრუნდა, ანუ იეჭვა, რომ შეიძლებოდა დაეკავებინათ და თავს უშველა. მასზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა, მაგრამ ამაოდ - მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მის კვალს ვერ მიაგნეს.

ერთი წლის შემდეგ, აღნიშნული პიროვნება ბელორუსში დააკავეს და მოსკოვს გადასცეს გასასამართლებლად. იმის გათვალისწინებით, რომ რუსმა კოლეგებმა იცოდნენ საქართველოში მომხდარი დანაშაულის შესახებ, აქაური საქმეც გამოითხოვეს. იმის მიუხედავად, რომ დაკავებულმა საქართველოში ჩადენილი მკვლელობა არ აღიარა, მას რუსეთსა და ბელორუსში ჩადენილი დანაშაულები სასჯელის უმაღლესი ზომისთვის მარტივად ეყო.

პატიმარი #0578

ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე და რატომ ჩამოიხრჩო თავი გოგონას მამინაცვალმა - გრიფით „საიდუმლო“ საქმის დეტალები 

იგი სასჯელს სტივენ სიგალის დარეკეტების გამო იხდიდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ბატნერის ფედერალურ ციხეში, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა გამბინოს კლანის ბოსი პიტერ არტურ გოტი. იგი იყო მაფიის მეთაურის ჯონ გოტის უფროსი ძმა, რომელმაც მისი ადგილი 2002 წელს, ჯონის გარდაცვალების შემდეგ, დაიკავა.

პიტერი ერთ-ერთი იყო 13 შვილიდან, მათგან ჯონ ჯოზეფ გოტსა და ფილომენტა დე კარლოს ხუთი ვაჟიშვილი ჰყავდა, უფროსი კი სწორედ პიტერი იყო. გამბინოს კლანში შედიოდნენ პიტერ გოტი, ჯონ გოტი, გამბინი კაპო ჯინ გოტი, კაპო რიჩარდ გოტი და ვინსენტ გოტი, რომელიც კლანის ხელმძღვანელი ვერ გახდა და ბოლომდე იტალიური მაფიის ჩვეულებრივ „ჯარისკაცად“ დარჩა.

პიტერ გოტის ჰყავდა ერთადერთი ვაჟი - პიტერ გოტი უმცროსი, რომელიც მაფიის სამყაროში ცნობილია მეტსახელით „ცალთვალა“, რადგან გლაუკომის გამო ერთი თვალით დაბრმავდა. მაფიის მეთაური - ჯონი არ ფიქრობდაა, რომ მისი უფროსი ძმა პიტერი საკმარისად ჭკვიანი იყო საიმისოდ, რომ მაფიის წევრი ყოფილიყო და, ალბათ, სწორედ ამიტომ იგი გახდა ცნობილი, მეტსახელით - „უჭკუო დონი“. პიტერი მამის კვალს გაჰყვა და ნაგვის მანქანაზე მუშაობდა მანამდე, სანამ მან თავი არ დაარტყა გიგანტური ამერიკული ნაგვის მანქანის ბორტს და არ მიიღო ინვალიდობის პენსია. პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი დაკავებული იყო რეკეტით, რაც შეერთებულ შტატებში ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობაა.

დიდი ხნის განმავლობაში ჯონ გოტი წყლიდან მშრალი გამოდიოდა (ძირითადად მისი ადვოკატის - ბრიუს კატლერის ძალისხმევით), მაგრამ 1992 წელს მას საბოლოოდ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურას დიდად დაეხმარა წარმატებით დამონტაჟებული მიკროფონი და განგსტერი სემი გრავანო, მეტსახელად „ხარი“, რომელიც ჯონის მარჯვენა ხელი იყო და 19 ადამიანი მოკლა, მაგრამ დაკავების შემდეგ ჩვენება მისცა მის წინააღმდეგ.

პიტერი, ბუტნერის ციხეში სწორედ „ხარის“ მკვლელობის შეკვეთის გამო მოხდა, მან მოღალატის მკვლელობა 70 000 დოლარად შეუკვეთა. გრავანოს მკვლელობა ჩაიშალა, „ხარს“ მოსწყინდა მოწმეთა დაცვის პროგრამით ცხოვრება. მიატოვა იგი და დაუბრუნდა ჩვეულ საქმიანობას. ცოტა ხანში იგი დააკავეს ნარკოტიკების რეალიზაციის გამო, წარსული დამსახურებების მიუხედავად, ეს ფაქტი მას არ აპატიეს და ციხეში გაუშვეს.

ჯონ გოტის გასამართლების შემდეგ, მისი ვაჟი ჯონ უმცროსი და პიტერ გოტი ნათლიის ბრძანებებს გადასცემდნენ გამბინოს კლანის წევრებს. 1999 წელს თავად ჯონ უმცროსიც ციხეში მოხვდა, ხოლო პიტერი, ანუ „უჭკუო დონი“, ოფიციალურად გახდა კლანის ლიდერი.

2002 წელს, ჯონ გოტის საპყრობილეში გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ფებეერ“-მა პიტერსაც რეკეტირების ბრალი წაუყენა, იგი ამჯერად გამოძალვას, ფულის გათეთრებას, დოკერებისგან და სატრანსპორტო კომპანიებისგან ხარკის შეგროვებასა და ბოლოს, კინომსახიობ სტივენ სიგალის დარეკეტებას ეხებოდა. ეკრანზე სიგალი ვაჟკაცურად ანადგურებს მკვლელებსა და განგსტრებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მაგრად შეშინდა.

ბრუკლინში პიტერ გოტის სასამართლო პროცესამდე 12 წლით ადრე, მსახიობი მონაწილეობდა გადაღებებზე ფილმისა „სამართლიანობის სახელით“, სადაც იგი მუშტებით, ფეხებითა და ბილიარდის ჯოხით გაუმკლავდა ყაჩაღებს. მაგრამ როდესაც მაფიოზები 2000 წელს მას ტორონტოში ეწვივნენ, სადაც ის „გამჭოლ ჭრილობებს“ იღებდა და მას ბრუკლინის რესტორანში შეხვედრა დაუნიშნეს, სიგალმა, მისი თქმით, შიში იგრძნო, თუმცა ის, როგორც ყოველთვის, იარაღით იყო და მისი დაცვაც იქვე ტრიალებდა.
2003 წლის თებერვალში, როდესაც ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში დაზარალებული სიგალი ჩვენების მისაცემად მივიდა, 7 განგსტერის, მათ შორის სამი გოტის, მოსამართლეს ფრედერიკ ბლოკს მანამდე ნახევრადცარიელი დარბაზი, გადაჭედილი დახვდა.

სასამართლო დარბაზში წლების განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი „ცხვირის ცხვირს", ან "ცხვირს", როგორც რუსმა კრიმინალებმა თავიანთ კოლეგა ამერიკული მაფიის წარმომადგენლები უწოდეს, მაგრამ მისი ნომენკლატურა ასე ახლოდან პირველად ვხედავდი.

დარბაზში შესულმა პიტერ გოტიმ მეგობრულად უთხრა პრესას „დილა მშვიდობისა“ და სასამართლოს მხატვარს ჰკითხა: „როგორ მოგწონთ ჩემი ჰალსტუხი?“ ჯონ გოტი ცნობილი ფრანტი იყო, ათასდოლარიანი იმპორტირებული კოსტუმები ეცვა (მაშინ ეს ფული იყო) და ხელით შეღებილი აბრეშუმის ჰალსტუხები ეკეთა. პიტერს ამჯერად ოქროსფერი ჰალსტუხი ეკეთა.

სანამ სიგალს დაკითხავდა, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. ზოგი ბრალდებული ადგა, პიტერ გოტი და მისი ნათესავები მიუახლოვდნენ დაბალ ბარიერს, რომელიც საზოგადოებას მათგან აშორებდა და მცირე საუბარი დაიწყეს სასამართლოს მხატვრებთან, დედა-შვილ შეპარდებთან, რომლებიც ბარიერს მიუახლოვდნენ. მეორე მხრიდან და მაფიოზებს ესკიზები აჩვენეს, რომელიც მოეწონათ. განგსტრები იყვნენ დახვეწილები, გალანტურები და გამოირჩეოდნენ მომხიბვლელობით. მათ სისხლის სამართლის საქმეში არ იყო არც ერთი მკვლელობა, რაც ძალზე იშვიათია ამ წრეში.

სიგალი შემოიყვანეს არა დარბაზის ფართო კარიდან, რომლითაც პრესა და საზოგადოება შემოდიოდა, არამედ მოსამართლის უკანა კარიდან, რომელსაც ჩვეულებრივ ნაფიცი მსაჯულები იყენებენ. მსახიობს აბრეშუმის პერანგი და ყავისფერი პიჯაკი ეცვა.

მოკლედ, მისმა ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ბრუკლინის ფარმაცევტმა, ჯულიუს ნასომ, სიგალს მოსთხოვა ვალი გადაეხადა. სიგალს სჯეროდა, რომ მას არაფერი ევალებოდა. ნასომ დახმარებისთვის მიმართა თავის ძველ მეგობარს ენტონი სიკონს, რომელიც ბრალდებული იყო არა მხოლოდ სიგალის, არამედ დოკის მუშების რეკეტშიც. მათგან მიღებული ხარკი კონვერტებში მოათავსეს და კლანის ნომენკლატურის ზედა ნაწილს, ანუ გოტებს გადასცეს. თავდაპირველად, სიგალმა ძალიან ჩუმად უპასუხა პროკურორის კითხვებს და მოსამართლემ სთხოვა, უფრო ხმამაღლა ესაუბრა.

მსახიობს ჰკითხეს, რატომ არ დაურეკა მაშინვე FBI-ს. სიგალმა განმარტა, რომ თუ იგი მოწმეების დაცვის პროგრამით ისარგებლებდა, მას გაუჭირდებოდა ფილმებში თამაში. „ისინი ვერ დამეხმარებიან,“ - თქვა მან FBI– ს შესახებ, „მათ არ შეუძლიათ ჩემი დაცვა“.

როდესაც ფედერალური ბიურო მასთან მივიდა, მან უარი თქვა კითხვებზე პასუხის გაცემაზე, კონსტიტუციის მეხუთე შესწორების მოტივით, რომელიც იცავს ადამიანს თვითდანაშაულისგან. პროკურატურას მოუწია მისი სასამართლოში გამოძახება და იმუნიტეტის დაპირება.

მან ახსნა, თუ როგორ ისწავლა საბრძოლო ხელოვნება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. ასევე შენიშნა, რომ ზოგჯერ გაკვეთილებს აძლევდა სამართალდამცავებს. მას ჰკითხეს, თან იარაღი ხომ არ გაქვსო და „სულ ვატარებო“, - უპასუხა სიგალმა.

- ახლაც თან ხომ არ გაქვს, შემთხვევით? - მხიარულად იკითხა მოსამართლემ (აშშ-ს სასამართლოში შესვლისას FBI–ს ოფიცრებიც კი ვალდებულნი არიან, იარაღი დაცვას გადასცენ).

ბრუკლინში, რესტორან Gage & Toller-ში შეხვედრის აღწერის დროს, მსახიობმა აღნიშნა, რომ როდესაც სიკკონმა დამიღრიალა, „მიყურე, როცა ლაპარაკობ!“, განგსტერული ფილმი გაახსენდა. ბრალდებულების ადვოკატმა ჯორჯ სანტ-ანჯელომ სარკასტულად იკითხა თუ რატომ იმალებოდა სიგალი მეხუთე შესწორების უკან, თუ იგი უდანაშაულო მსხვერპლი იყო, და რატომ ცდილობდა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ყოფილი თანამშრომლის დაქირავებას ვინმეს მოსაკლავად.

თუ სანტ-ანჯელოს სურდა სიგალი წონასწორობიდან ამ გზით გამოეყვანვა, მიზანი მიღწეული იქნა. მსახიობმა ხელები აიქნია და აყვირდა: „ეს გიჟია! მე აქ ბრალდებული არ ვარ!“ მოსამართლემ ადვოკატს დაავალა თემა შეეცვალა. დაცვის მხარის თქმით, სიკკონი სიგალს კი არ დაემუქრა, მას უბრალოდ სურდა დახმარებოდა მხარეებს საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. სიკკონი ნასამართლევი იყო ისევე, როგორც მისი თანამზრახველები.

ამის შემდეგ, პიტერ გოტი მანჰეტენში სხვა დანაშაულისთვის გაასამართლეს, დამნაშავედ სცნეს და 25 წელი მიუსაჯეს. შარშან, მისმა ადვოკატმა ორჯერ მიმართა სასამართლოს გამოეშვათ მოხუცი, რომელიც უკვე 17 წელია იჯდა. მან ასევე სასამართლოს გადასცა გოთის 22 დაავადების სია, პოდაგრიდან დაწყებული დემენციით დამთავრებული, თუმცა მოსამართლემ უარი განაცხადა პიტერის გათავისუფლებაზე.

რუსეთში ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდის“, გიორგი უგლავას (მეტსახელად ტახი) სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რუსი სამართალდამცავები მას კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას და არაერთი დანაშაულის ჩადენას ედავებიან. უფრო ზუსტად, რუსული მართლმსაჯულება ამტკიცებს, რომ „ტახი“ ამ დაჯგუფებას მართავდა და თავად არც ქურდობაში იღებდა მონაწილეობას, არც _ ძარცვასა და ყაჩაღობაში.
საერთო ჯამში, რუსები ამტკიცებენ, რომ უგლავას მიერ შექმნილმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ 163 (!) დანაშაული ჩაიდინა, დაზარალებულთა რიცხვი 280 ადამიანს აჭარბებს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ არცერთი დაზარალებული და არცერთი დაკავებული ხელს „ტახისკენ“ არ იშვერს და არ ამბობს, რომ მას მომხდარ დანაშაულებთან საერთო აქვს.
როგორც რუსული მედია ამტკიცებს, ყველაზე „ცუდ“ შემთხვევაში, „კანონიერი ქურდის“ სტატუსის გამო, უგლავას რამდენიმე წლით აღუკვეთენ თავისუფლებას.
პარალელურად, მოსკოვში, კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“, დავით ფანჩვიძე (იგივე, გიორგი ყიფიანი) დააკავეს. მას ნარკოტიკების შენახვა ედება ბრალად, თუმცა დიდია შანსი, რომ ფანჩვიძეც სწორედ სტატუსის გამო გაასამართლონ. ბოლოს ის ციხიდან სამი წლის წინ გათავისუფლდა, თუმცა „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ მიღებული კანონის მიუხედავად, რუსეთი არ დაუტოვებია და მოსკოვის პრესტიჟულ უბანში მშვიდად ცხოვრობდა.

ბათო ჯაფარიძე