საბერძნეთში მყოფი ქართველი ადვოკატი ნანა აბულაძე "კურიერთან" იმ ბრალდებებს განმარტავს, რის საფუძველზეც, ქალაქ სალონიკში 85 ქართველ პენსიონერს ასამართლებენ. გამოძიების ინფორმაციით, ყოველთვიური შემწეობის დანიშვნის მიზნით, მათ სოციალური სოლიდარობის ორგანიზაციაში ყალბი დოკუმენტები წარადგინეს და 2018 წლიდან დღემდე, ყოველთვიურად სოლიდური თანხები ერიცხებოდათ, ზოგ შემთხვევაში თანხა 13 ათას ევროს აჭარბებს.
ბერძენი სამართალდამცველები იკვლევენ, თუ ვინ იდგა ორგანიზებული თაღლითური სქემის უკან. საბერძნეთში ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ გარკვეული ჯგუფი თავს პროფესიონალ ადვოკატებად ასაღებს და საქართველოს მოქალაქეებს დანაშაულებრივ სქემაში ითრევს. დანაშაული, რაშიც ასამდე ქართველ პენსიონერს ადანაშაულებენ, 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ქართველმა პენსიონერებმა საბერძნეთის სოციალური სოლიდარობის ორგანიზაციაში წარადგინეს დოკუმენტები, რომელიც თითქოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იყო გაცემული. თბილისში საბერძნეთის საელჩოს მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს არცერთი ოფიციალური ორგანოდან, მსგავსი დოკუმენტი არ გაცემულა.
ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ქართველი პენსიონერების მიერ წარდგენილი დოკუმენტები გაყალბებული იყო და მას არ ჰქონდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების შტამპი. ახლა გამოძიება თაღლითური სქემის ორგანიზატორის დადგენას ცდილობს, ქართველი პენსიონერების საქმის განხილვას კი სალონიკის სასამართლო აპრილში განაახლებს.
85 ქართველი პენსიონერი ბერძნული მართლმსაჯულების წინაშე - რა სქემით ეუფლებოდნენ ისინი ათასობით ევროს, საბერძნეთის სოციალური სამსახურის ბიუჯეტიდან
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი