მოძალადეს დედა-შვილის სასარგებლოდ უპრეცედენტოდ მაღალი კომპენსაცია, 25 000 ლარი დაეკისრა

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უფლებები საქართველოს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძალადეს დედა-შვილის სასარგებლოდ უპრეცედენტოდ მაღალი კომპენსაციის, 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ორგანიზაციის ცნობით, ბენეფიციარები წლების განმავლობაში იყვნენ მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები.

"უფლებები საქართველო დედა-შვილის ინტერესებს 2019 წლიდან იცავდა სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელიც მოძალადე კაცის დამნაშავედ ცნობით დასრულდა. გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ კი, ორგანიზაციის იურისტებმა, მოძალადისგან კომპენსაციის მიღების მიზნით, სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში სამოქალაქო სარჩელზე დაიწყეს მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ადვოკატებმა სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად მტკიცებულებები წარმოადგინეს, რომლებიც მორალური ზიანის არსებობაზე მიუთითებდა. მათი ცნობით, ადვოკატთა არაერთი შუამდგომლობისა და განცხადების განხილვის შემდეგ, სასამართლომ სრულად გაიზიარა დედა-შვილის სასარჩელო მოთხოვნა და 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოძალადეს მორალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, 10 000 ლარი - არასრუწლოვანი შვილის, ხოლო 15 000 ლარი დედის სასარგებლოდ დააკისრა.

"აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, ძალადობის შემსწრე არასრულწლოვანი დაზარალებულად არ იყო ცნობილი. თუმცა, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ მსხვერპლად მიიჩნევა ის ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა, ხოლო სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის თანახმად, "მოწმის" ცნება გულისხმობს არა მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებმაც იხილეს ძალადობა, არამედ - მათაც, ვისაც "ესმით ძალადობით გამოწვეული ყვირილი და ხმები".

საბოლოოდ, სამოქალაქო საქმეთა განმხილველმა სასამართლომ გაიზიარა უფლებები საქართველოს იურისტების პოზიცია და ძალადობის შემსწრე ბავშვი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირად მიიჩნია", - წერს ორგანიზაცია.