კრიმინალური ავტორიტეტის დედის საყვარელმა „ობშჩიაკი“ მოიპარა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ობშჩიაკი“ - სიტყვა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში წმინდაა. არაერთი „კანონიერი ქურდი“ გაუჩერებიათ იმის გამო, რომ „ობშჩიაკიდან“ ფული მოიპარა. ზოგადად, ციხეში არსებულ „ობშჩიაკს“ ძნელია, რამე მოაკლო იმიტომ, რომ გარეთ ვერ გამოიტან, იქ კი ვერ გამოიყენებ ისე, როგორც თავისუფლებაზე. აი, ის ხალხი კი, ვისაც „სვაბოდაზე“ „ობშჩიაკი“ აქვთ მიბარებული, ცდუნებას ვერ უძლებენ და ფულს იპარავენ. ზოგი „ნაგლად“ იპარავს და იმალება, ზოგი კი, ფიქრობს, რომ „ობშჩიაკის“ ფულით ბიზნესს დაატრიალებს, მერე თანხას დააბრუნებს და... ყველაფერი ეს, ხშირ შემთხვევაში, მკვლელობით თუ არა, სხეულის უმძიმესი დაზიანებით აუცილებლად სრულდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ობშჩიაკიდან“ დაუკითხავად ფულის აღება იმ შემთხვევაშიც კი ისჯება, თუ უკან ორმაგს და სამმაგს დააბრუნებ. აი, ოფიციალურად რომ ითხოვო „ობშჩიაკის“ ფული და ბიზნესი დაიწყო, თუ დაგთანხმდნენ „კანონიერი ქურდები“, შავ დღეში ვარდები - თუ ბიზნესი არ გაამართლებს, ფული დასაბრუნებელია და თან ნამატით, ხოლო თუ გაამართლებს, ფული მაინც დასაბრუნებელია და პარალელურად, მთელი მომდევნო პერიოდი, მოგების 20%-ს სწორედ „ობშჩიაკში“ იხდი. მერე კი, თუ კრიმინლებს ძალიან მოეწონებათ თქვენი ბიზნესი, შესაძლოა, საერთოდ წაგართვან და ყველაფრის გარეშე დაგტოვონ. ასე ყოფილა, ასე არის და ასე იქნება მანამ, სანამ „კანონიერი ქურდები“ არ გაქრებიან და მთთან ერთად, არ გაქრება „ობშჩიაკის“ ცნება, „კაი ბიჭების“ ცნება, „მაყურებლების“ ინსტიტუტი...

 

პოლიციის განყოფილებაში ქალმა დარეკა კივილით, ჩემი შვილი მოკლეს, მიშველეთო. ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს ახალგაზრდა კაცი თავგატეხილი დახვდა, დედა იქვე იყო და კიოდა, მეზობლები კი... მეზობლები მოშორებით იდგნენ და თითქოს მიკარებას ვერ ბედავდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადა საპატრულო ეკიპაჟს ფეხდაფეხ მიჰყვა, ექიმმა ჩუმად ჩაილაპარაკა, პულსი ესინჯება, გადარჩენის დიდი შანსიაო და ბიჭი ჯერ მანქანაში, შემდეგ კი საავადმყოფოში გააქანეს. დაზარალებულის დედას საავადმყოფომდე მიყვანა პატრულის თანამშრომლებმა შესთავაზეს და თან ეს კარგი საშუალება იყო, მისთვის კითხვები დაესვათ.

„ზუსტად ვიცი, ვინ ჩაიდინა დანაშაული. მაგ ბინაში გოგო ცხოვრობდა ქირით, ჩემმა შვილმა ორი დღის წინ, სახლში ჩანთით ფული მოიტანა, მისმა ბიზნესმენმა მეგობარმა მიაბარა და უნდა წაეღო. ჰოდა, იმ გოგომ ნახა ჩანთა და წაიღო, სხვა ამას ვინ იზამდა? ახლა სახლში არც ის ჩანთაა და არც ის გოგო“, - სახლის მეპატრონე ცოტა არეულად საუბრობდა, მაგრამ ეჭმიტანილის სახელი, გვარი და სამსახურის მისამართი კი დაასახელა. სანამ პოლიციელთა ერთი ნაწილი გოგონას მოსაძებნად იყო წასული, მეორე ნაწილი დაზარალებულის ვინაობას არკვევდა. გოგონა მალე აიყვანეს და როცა უთხრეს, რის გამო დააკავეს, თავი ჩაღუნა, არ მეგონა, თუ იჩივლებდა, ბოლომდე ნაძირალა ყოფილაო.

„ჰო, ვაღიარებ, რომ იმ არაკაცს თავში ბოთლი მე ჩავარტყი, მაგრამ აბა, რა უნდა მექნა? გაუპატიურებას მიპირებდა. მაგის გამო, გუშინ და დღეს სახლში აღარ მივსულვარ, თანამშრომელთან ვრჩები“, - თქვა გოგონამ და გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს. ეჭვმიტანილის ჩვენებით, მან დაზარალებულს თავში ბოთლი ორი დღის წინ ჩაარტყა და მას შემდეგ აღარ უნახავს. რაც შეეხება გამქრალ ჩანთას და ფულს, იმ დღეს მომხდარ ინციდენტს, ქალს საერთოდ არაფერი სმენოდა და ძალოვნებს პირდაღებული უსმენდა.

„რა ვქენი? დღეს კი არა, გუშინწინ რომ წამოვედი, იმის შემდეგ, მაგ უბანში არც კი გამივლია. დღესაც, მთელი დღე სამსახურში ვიყავი და ამას ბევრი თანამშრომელი დაადასტურებს. მოკლედ, გეტყვით, როგორ მოვხვდი ბინაში, იმ არაკაცთან ერთად. სამი თვის წინ, ქმარს ვეჩხუბე და სახლიდან წამოვედი. წასასვლელი არსად მქონდა, ამიტომ ბინა ვიქირავე. „ხაზეიკა“ იმავე სართულზე ცხოვრობს, ორ-ოთახიანში, სამ-ოთახიანს კი აქირავებდა. უფრო ზუსტად, სამ-ოთახიანის ერთ ოთახს, ორი დაკეტილი ჰქონდა. მერე, მოულოდნელად, მისი შვილი გამოუშვეს ციხიდან, „ხაზეიკამ“ ჩემთან ვერ ვაცხოვრებ, მამაკაცი მაკითხავს ხოლმე და შვილი ამას ვერ აიტანსო, ბინა დამიცალეო. არადა, სამი თვის ქირა მქონდა მიცემული. გადაწყდა, რომ იმ ორ ოთახს გააღებდა, იქ მისი შვილი იცხოვრებდა, ჩემს ოთახში - მე, სამი თვის მერე კი წავიდოდი. მე სახლში არ ვარ ხოლმე, მარტო დასაძინებლად მივდივარ, თან ოთახის კარი იკეტება და ამიტომ დავთანხმდი. თუმცა, მერე ისე გამოვიდა, რომ ვაჟბატონმა ღამე ჩემთან დაძინება მოინდომა და როგორი გაგრძელებაც ჰქონდა ამ ამბავს, უკვე გითხარით. მართლა არ ვიცი, მოსაკლავად ვინ გაიმეტა და იმედია, გადარჩება, მერე კი იტყვის, რომ მეორე თავდასხმა მე არ განმიხორციელებია“, -განაცხადა ქალმა.

ამასობაში, ექსპერტმა დაადასტურა, რომ მამაკაცს ადრინდელი დაზიანებაც აღენიშნებოდა ანუ დაკავებული მართალს ამბობდა, მაგრამ ვინ იყო მეორე თავდამსხმელი, სად გაქრა ფული და რაც მთავარია...

„დაზარალებული ციხიდან სამი დღის გამოსულია. გამოდის, რომ სამ დღეში უზარმაზარი თანხა იშოვა. როგორ და საიდან, ეს არის საინტერესო და ისიც საინტერესოა, ვადაზე ადრე გათავისუფლება რატომ შეახეს კაცს, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში სერიოზული გავლენა აქვს, ზონაზეც ქურდულად ცხოვრობდა და ვადაზე ადრე არ უნდა გამოსულიყო“, - გამომძიებლებს ბევრი თავსატეხი ჰქონდათ.

ყველაფერთან ერთად, აგენტურული ქსელიც ამუშავდა, როგორც გარეთ, ისე - ციხეში და მალე ძალოვნებისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. პირს, რომელსაც ერთ-ერთი რეგიონის „ობშჩიაკი“ ებარა, ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე მოკლა. არადა, „ობშჩიაკში“ 200 ათასამდე ნაღდი ფული იყო და ამ ფულს პატრონი სჭირდებოდა. სად ინახავდა „ქურდულ საერთოს“ გარდაცვლილი, ორმა ადამიანმა იცოდა, თუმცა ორივე ციხეში იმყოფებოდა და გრძელვადიანი სასჯელის გამო, გარეთ ვერ გამოვიდოდნენ. აი, იმ პირს კი, რომელსაც ფული მოპარეს, თუ წაართვეს, სულ რაღაც სამი თვე ჰქონდა დარჩენილი და... ეჭვი გაჩნდა, რომ „უდო“-ს კომისიის წევრებმა ქრთამი აიღეს, თუმცა ეს ვერსია მალევე გამოირიცხა - კომისიის ყველა წევრის მოქრთამვა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ზემოდან დახმარების გარეშე, დაზარალებული ციხეს რომ ვერ დატოვებდა, ყველა ხვდებოდა, თუმცა ახლა დამნაშავე და ფული უნდა ეძებნათ, კორუმპირებული ჩინოვნიკი კი არსად გაექცეოდათ.

ამასობაში, ორი მეზობელი გამოჩნდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, დაზარალებულს მუდმივად ახლდა მამაკაცი, რომელიც მას ფეხდაფეხ დაჰყვებოდა, ვხვდებოდით, რომ უთვალთვალებდა, ალბათ, დაზარალებულიც ხვდებოდა, მაგრამ ეს ამბავი დისკომფორტს არ უქმნიდაო, თუმცა ის მამაკაცი სახლში არასდროს ასულა, ეზოში ელოდა ხოლმე დაზარალებულს და ისიც ამ ამბაავს მშვიდად აკვირდებოდა. ჰოდა, ეს ყველაფერი მეზობლებს იმიტომ გაახსენდათ, რომ ის კაცი ამჯერად საავადმყოფოს ეზოში ნახეს. იქ დაზარალებულის დედის გასამხნევებლად იყვნენ მისულები და მამაკაცი ეზოში ნერვიულად სცემდა ბოლთას. სამართალდამცავებმა მისი დაკავება გადაწყვიტეს და მართლაც, საავადმყოფოს ეზოში აიყვანეს. გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ისიც ნასამართლევი იყო და მან ციხე ორი თვის წინ დატოვა. მას აყვანის დროს, იარაღიც უნახეს, ნაგანი - სავსე „ბარაბნით“ და ეს საკმარისი იყო მის ციხეში შესაბრუნებლად. გამომძიებელმა გარიგება შესთავაზა - შენ ყველაფერს მომიყვები, მე კი ამ იარაღზე მხოლოდ პირობითს მოგცემ და ისევ თავისუფლებაზე დარჩებიო. კაცს, რომელსაც 9 წელი „ოტ ზვანკა, დო ზვანკა“ ჰქონდა მოხდილი, თავისუფლება ძვირად უღირდა.

„ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც თქვენ გგონიათ. ევროპაში მყოფმა ქურდება გადაწყვიტეს, რომ ეს ციხიდან გამოსულიყო, „ობშჩიაკი“ აეღო და შეენახა. დიდ ფულზეა საუბარი. მე კი, დამევალა, რომ მას გვერდიდან არ მოვცილებულიყავი, რადგან „ობშჩიაკის“ ამბავი კიდევ ბევრმა იცოდა და თუ საჭირო იქნებოდა, დამეცვა და ვინმე ფულის „გაწევას“ თუ მოინდომებდა, მემოქმედა. ფული სახლში აიტანა, მერე კი, მოხდა ის, რაც მოხდა და მე ჩემი ეჭვმიტანილი მყავს - მგონია, რომ ჩანთა იმ გოგომ კი არა, დაზარალებულის დედის საყვარელმა წაიღო. უცხო სადარბაზოში არავინ შესულა და იმ კაცმა „ობშჩიაკის“ შესახებ იცოდა“, - განაცხადა დაკავებულმა.

მისივე თქმით, საავადმყოფოს ეზოში, ის დაზარალებულს კი არა, სწორედ მისი დედის საყვარელს ყარაულობდა, რომელსაც ჭირისუფლის როლი ჰქონდა მორგებული და ქალს არ შორდებოდა. ძალოვნებმა დაკავებული პატიმრობაში დატოვეს, თვალთვალი კი თავად დაიწყეს და იმავე საღამოს, საავადმყოფოდან გამოსულ კაცს უკან გაჰყვნენ. ის სახლში მივიდა, ნახევარ საათში, ეზოში ტაქსი გაჩერდა. მძღოლთან გასაუბრების შემდეგ, ოპერებმა გაარკვიეს, რომ ტაქსი სწორედ ეჭვმიტანილმა გამოიძახა. მძღოლს მარტივად აუხსნეს, რა ხდებოდა, ის მანქანიდან გადმოსვეს და საჭესთან ოპერმუშაკი დაჯდა. მამაკაცი სადარბაზოდან მოზრდილი სპორტული ჩანთით გამოვიდა, ჩანთა უკანა სავარძელზე დადო, წინ თავად დაჯდა და მოკლედ მოჭრა - „ვაგზალზე“! „ტაქსის მძღოლმა“ გზად ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა, აქაოდა, საწვავი უნდა ჩავისხაო, მანქანა ჩააქრო და ეჭვმიტანილი მშვიდად, ხმაურის გარეშე აიყვანეს. ჩანთაში „ქურდული ობშჩიაკი“ იდო.

ერთადერთი, რასაც დაკავებული მოსამართლეს სთხოვდა, ის იყო, რომ ჩვეულებრივ ზონაზე არ გაეშვათ, რადგან ზუსტად იცოდა, რა ელოდა „ობშჩიაკის“ მოპარვისთვის. ამოღებული ფული ბიუჯეტში გადაირიცხა, ბიუჯეტიდან კი, სრულად სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ჩაურიცხეს.

 

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე