საქართველო ოლიმპიადისთვის დაირაზმა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

26 ივლისს, პარიზში, ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს. ოლიმპიადა 11 აგვისტომდე გაგრძელდება და საინტერესოა, რომ წელს, ოლიმპიურ თამაშებზე პირველად ვიხილავთ „ბრეიქდანსს“ (?!), ხოლო სკეიტბორდი, სპორტული ცოცვა და სერფინგი უკვე მეორედ იქნება ოლიმპიადის საეობათა სიაში. ისე, სერფინგში შეჯიბრი ტაიტიზე გაიმართება, რომელიც საფრანგეთიდან 16 ათასი კილომეტრით არის დაშორებული. მთლიანობაში, 32 სახეობაში, მედლების 329 კომპლექტი გათამაშდება.

პარიზის ოლიმპიადაზე, 206 ქვეყნის 10 500-მდე სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი და არ გაგიკვირდეთ, რომ პატარა ქვეყნებს მხოლოდ ერთი სპორტსმენი თუ ეყოლებათ - მაგალითად, ანდორას. 588 სპორტსმენი ეყოლება ამერიკას, 33 სპორტსმენი ბელორუსსა და რუსეთს, თუმცა ამ ქვეყნების წარმომადგენლები, ნეიტრალური სტატუსით იქნებიან, აკრძალული აქვთ დროშისა და ქვეყნის დასახელების მაისურზე დატანა და გამარჯვების შემთხვევაში, მათ პატივსაცემად ოლიმპიური დროშა აღიმართება და ოლიმპიური ჰიმნი შესრულდება.

წელს, ოლიმპიადის ისტორიაში პირველად, გახსნის ცერემონია ოლიმპიურ სტადიონზე არ გაიმართება. სტადიონის სარბენ ბილიკზე გამოსვლის ნაცვლად, სპორტსმენები ნავებით, პატარა ფლოტილიით ჩამოივლიან მდინარე სენაზე.

საქართველო, ოლიმპიურ თამაშებზე, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით, მერვედ წარსდგება და ანტირეკორდსაც დაამყარებს. საქმე ის გახლავთ, რომ წინა შვიდ შემთხვევაში, ყოველთვის იმაზე მეტი სპორტსმენი გვყავდა, ვიდრე წელს. რეკორდი 2016 წელს იყო, როცა რიოს ოლიმპიადაზე 40 ქართველი წარსდგა, ანტირეკორდი - 1996 წელს ატლანტას ოლიმპიური თამაშები, წელს კი, მხოლოდ 28 სპორტსმენით ვიქნებით წარმოდგენილი. ამის მიუხედავად, ოქროს არაერთი მედლის მოპოვების იმედი გვაქვს. რაც შეეხება სპორტსმენებს, საქართველო მედლებისთვის შემდეგ სახეობებში იბრძოლებს:

ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი;

თავისუფალი ჭიდაობა: გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი;

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რამაზ ზოიძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი;

ძალოსნობა: შოთა მიშველიძე, ირაკლი ჩხეიძე, ლაშა ტალახაძე;

კრივი: ლაშა გურული, გიორგი ყუშიტაშვილი;

ცურვა: ანა ნიჟარაძე, ნოე ფანცხავა;

მძლეოსნობა: ლიკა ხარჩილავა;

ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა;

ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე;

ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე