საერთაშორისო თაღლითურმა ქსელმა უბრალოდ ინვესტორებს მილიარდობით დოლარზე მეტი მოპარა. BBC Eye-იმ შეძლო იმ ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელის იდენტიფიცირება, რომლებიც, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან დგანან. 


პირველად ზარის ხმა გესმის. ხანშიშესული კაცი პასუხობს. 

უცნობი გეცნობა როგორც უილიამ გრანტი, სავაჭრო ფირმა Solo Capitals-იდან. გეუბნება, რომ "დიდი დაწინაურება" უნდა შემოგთავაზოს.

ხანშიშესული კაცი ნერვიულობს და დაბნეულია - "არ მაინტერესებს, არ მაინტერესებს", - ეუბნება ის.

თუმცა, უილიამ გრანტი არ ჩერდება. "მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს" - ეუბნება მოხუცს - "ფულის კეთება თუ გაინტერესებთ?"

იან ერიკი, 75 წლის პენსიონერი შვედეთიდან, კიდევ ერთხელ გახდება თაღლითობის მსხვერპლი. ზარიSolo Capitals-ის ოფისიდან განხორციელდა, ესაა სავარაუდოდ კრიპტოვალუტის სავაჭრო ფირმა, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული. ჩანაწერის მოსმენა რთულია - ხანშიშესული კაცი, იან ერიკი არა მხოლოდ დაბნეულია, ის გარკვევუთ ამბობს, რომ სავაჭრო თაღლითობებში ერთი მილიონი შვედური კრონა (80 000 ფუნტი სტერლინგი) უკვე დაკარგა.

თუმცა, ის, ვინც რეკავს, ეს ყველაფერი უკვე იცის. მან ისიც ძალიან კარგად იცის, რომ პენსიონერი კარგი სამიზნეა, შემდეგი "თანხის დაბრუნების თაღლითობისთვის". ის ბატონ ერიკს ეუბნება, რომ თუ ბარათის დეტალებს გადასცემს და €250-ს გადასცემს, Solo Capitals-ი გამოიყენებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც დაკარგული ინვესტიციის კვალს გაჰყვება და ფულს დააბრუნებინებს.

"ჩვენ მთელი თანხის დაბრუნება შეგვეძლება," - ამბობს უილიამ გრანტი.

მას იან ერიკის დასაყოლიებლად დრო სჭირდება. თუმცა, 30-წუთიანი საუბრის შემდეგ, პენსიონერი საკრედიტო ბარათის დეტალების კითხვას იწყებს.

კომპანიამ ეს აუდიო ჩანაწერი შეინახა სახელით - "მოტყუებული უილიამი შვედეთიდან". BBC-იმ  ეს ფაილი ყოფილი თანამშრომლისგან მიიღო, თუმცა  კომპანიას ამის დამალა  დიდად არც უცდია. ფაქტობრივად, მათ ის ახალ დაქირავებულებს გადასცეს, როგორც კომპანიის ტრენინგის პაკეტი. 

ეს იყო გაკვეთილი, როგორ უნდა ეთაღლითად.  

თაღლითობა

BBC Eye წელიწადზე მეტ ხანს იძიებდა ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის საერთაშორისო თაღლითურ სავაჭრო ქსელს, რომლებმაც იან ერიკის მსგავს წინდაუხედავ მომხმარებლებს თაღლითობით მილიარდ დოლარზე მეტი წაართვეს.

ჩვენმა გამოძიებამ პირველად გამოარკვია თაღლითობის სრულ მასშტაბი, ასევე, ჩრდილოვანი ქსელის უკან მდგომი წარმომადგენლების ვინაობები.

პოლიციისთვის ქსელი ცნობილია როგორც მილტონის ჯგუფი, სახელი, რომელსაც თაღლითები თავდაპირველად, 2020 წლამდე იყენებდნენ. ჩვენ მოვახდინეთ 152-ზე მეტი ბრენდის იდენტიფიცირება, მათ შორის Solo Capotals-ის, რომელიც, როგორც ჩანს, ქსელის ნაწილია. ის ინვესტორების სამიზნეში ამოღებასა და მათ მოტყუებაზე მუშაობს, თანაც ისე, რომ ათასობით, ზოგ შემთხვევაში კი ასიათასობით ფუნტი მოპარონ.

მილტონის ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო ბრენდი უმაღლეს ესპანურ საფეხბურთო კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამას აკეთებდა უმნიშვნელოვანეს გაზეთებში, რათა პოტენციური ინვესტორებისთვის სანდოობა ჩაენერგა.

BBC Eye ნოემბერში თან ახლდა გერმანელ და ქართველ პოლიციელებს ქოლ-ცენტრების რეიდზე, საქართველოს დედაქალაქ თბილისში. კომპიუტერების ეკრანზე უამრავი ბრიტანული ნომრის სიები ვნახეთ. ჩვენ დავურეკეთ რამდენიმეს და ვესაუბრეთ ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ეს-ესაა, ფული რაღაცაში ჩადეს.  ერთ-ერთ დაფაზე ხელით დაწერილი შეხსენება იყო, თაღლითებისთვის საჭირო სახელები და გამოსადეგი დეტალები: "სახლის მესაკუთრე, არ აქვს ვალი"; "50 000 დანაზოგში", "პოლონეთიდან, ბრიტანეთის მოქალაქე", "50 000 აქციებით".

ბრიტანელი კაცის სახელის გვერდზე ეწერა: "10 000-ზე ნაკლები დანაზოგი, ძალიან მშიშარა, მალე მოტყუვდება".

მილტონის ჯგუფის ოფისი კიევში

მსხვერპლთა უმრავლესობა ამ ყველაფერს მას შემდეგ თანხმდება, რაც სოციალურ მედიაში რეკლამა ხვდება. ისინი დაახლოებით 48 საათში იღებენ ზარს და ეუბნებიან, რომ დღეში 90%-მდე სარგებელს ნახავენ. ძირითადად, ზარი ქოლ-ცენტრიდანაა, რომელსაც ლეგალური ბიზნესის ბევრი მატყუარა მახასიათებელი აქვს: თანამედროვე ოფისი HR დეპარტამენტით, თვიური სამიზნეებითა და ბონუსებით, შვებულებებითა და საუკეთესო მოვაჭრის შეჯიბრებებით. ზოგიერთი ქოლ-ცენტრი ფონად ენერგიულ მუსიკას რთავს. თუმცა არის ელემენტებიც, რომლებსაც ლეგალურ ბიზნესში ვერ შეხვდებით - ჩამოწერილი მითითებები, თუ როგორ უნდა მოხდეს პოტენციური ინვესტორის სისუსტეების ამოცნობა და ამ სისუსტეების მათსავე წინააღმდეგ გამოყენება.

პირველი ზარის შემდეგ, მსხვერპლი შეიძლება გადაამისამართონ რეგულირებულ ან დაურეგულირებელ კომპანიასთან, ოფშორულ დაწესებულებებთან. ზოგიერთ მსხვერპლს, რომელიც ფორმდება  მილტონის ჯგუფის რეგულირებულ ბრენდებთან, მითითებებს აძლევენ მათი ბროკერები, რომ ფული ჩადონ სავაჭრო გარიგებაში. ეს გარიგება გათვლილია მომხმარებლის ფულის დაკარგვასა და ბროკერის მიერ ფულის შოვნაზე, რაც გაერთიანებული სამეფოს რეგულაციებით არალეგალურია. ზოგიერთ მსხვერპლს აძლევენ მითითებას, რომ გადმოწერონ პროგრამა, რომელიც თაღლითებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად გააკონტროლონ პერსონალური კომპიუტერები და მათ ნაცვლად ივაჭრონ, რაც ასევე არალეგალურია. მილტონის ჯგუფის ბრენდების ყოფილი თანამშრომლების ცნობით, ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობს, რომ მართლაც ვაჭრობაშია ჩართული, თუმცა, მათ ფულს უბრალოდ იპარავენ.

"მსხვერპლები ფიქრობენ, რომ მათ კომპანიასთან რეალური ანგარიში აქვთ, მაგრამ არანაირი რეალური ვაჭრობა არ მიდის, ეს მხოლოდ სიმულაციაა" - თქვა ალექსმა, რომელიც მილტონის ჯგუფის უკრაინის ოფისის ყოფილი თანამშრომელია.

იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეს კონკრეტული თაღლითობის სქემა, BBC შეინიღბა როგორც მონდომებული მოვაჭრე და დაუკავშირდა Coinevo-ს, მილტონის ჯგუფის ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმას. ჩვენ დაგვაკავშირეს მრჩეველთან, რომელიც პატრიკის სახელით გაგვეცნო და გვითხრა, რომ მხოლოდ ერთ დღეში 70, 80 ან 90%-იან მოგებას ვნახავდით. მან გვითხრა, რომ ვაჭრობის დასაწყებად 500 დოლარის ღირებულების ბიტკოინი გადაგვერიცხა.

პატრიკი ჩვენს გადაცმულ კლიენტს უბიძგებდა, რომ პასპორტის ასლი მიეცა. ყალბი ასლის გადაცემის შემდეგ, შევძელით, გვემართა ანგარიში ორი თვის განმავლობაში, სანამ Coinevo მიხვდებოდა, რომ ის ყალბი იყო. ამის შემდეგ პატრიკი ელექტრონული ფოსტით დაგვიკავშირდა, გაგვლანძღა და კონტაქტი გაწყვიტა.

თუმცა BBC-ის ჩადებული ფული უკვე სისტემაში იყო. ჩვენ შევძელით, გავყოლოდით მის კვალს, როცა დაყვეს მცირე ნაწილებად და ბიტკოინის ბევრ სხვადასხვა საფულეში გაანაწილეს, რომლებიც, როგორც ჩანს, მილტონის ჯგუფთანაა კავშირში. ექსპერტებმა BBC-ის უთხრეს, რომ ნამდვილი საფინანსო ინსტიტუციები ფულის დიდ რაოდენობას ასე არ დებენ. ლუი აბოტმა, ადვოკატმა, რომელიც სპეციალიზდება კრიპტოვალუტსა და თაღლითობაში, შეამოწმა ფულის დინება და თქვა, რომ ყველაფერი მიუთითებს "ფართომასშტაბიან ორგანიზებულ დანაშაულზე". აბოტის თქმით, რომ თანხის სხვადასხვა ბიტკოინის საფულეზე განაწილების მიზეზია, "მაქსიმალურად გართულდეს მსხვერპლის ან ადვოკატის მიერ პოვნა".

საუკეთესო სამიზნე

ამ სატელეფონო ზარების თაღლითობების მსხვერპლების წინააღმდეგ ხშირად მათსავე გარემოებებს იყენებენ. ხალხი, ვინც დიდ დანაზოგს ააშკარავებს, დიდ ინვესტიციებს აიძულებენ. მარტოსულ ადამიანებს თაღლითები უმეგობრდებიან.

პენსიაზე ახლახანს გასული ჯეინი (რომლის სახელიც შევცვალეთ) შესანიშნავი სამიზნე იყო. მან მცირე ხნის წინ დატოვა სამსახური საკუთარი ნებით, დაახლოებით 20 000 ფუნტი სტერლინგის დანაზოგი ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ  ჭკვიანურ ინვესტიციას ჩადებდა, მომავალ წლებში პენსიასთან ერთად ფული რომ ჰქონოდა.

2020 წლის ივნისში, პირველი ლოკდაუნის დროს, მან ნახა კომპანია EverFX ონლაინ რეკლამა. ამავდროულად, EverFX ერთ-ერთი საუკეთესო ესპანური საფეხბურთო გუნდის, Sevilla FC-ს ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. კლუბის ვარსკვლავები სავაჭრო პლატფორმის რეკლამას სოციალურ მედიაში აკეთებდნენ, ეს ჯეინმაც შეამოწმა. კომპანია დარეგულირებული იყო გაერთიანებული სამეფოს საფინანსო სამმართველოს მიერ.

ჯეინმა EverFX-ს მისწერა ვებგვერდის მეშვეობით, საპასუხოდ მიიღო ზარი და დაუკავშირდა პირს, რომელიც უფროს ტრეიდერად გააცნეს. მას უთხრეს, რომ ოდესიდან, უკრაინიდან ურეკავდნენ და მისი სახელი დევიდ ჰანტი იყო. მისი აქცენტი აღმოსავლეთ ევროპელისას ჰგავდა -  თქვა ჯეინმა. მას ის მომენტალურად მოეწონა.

"მართლაც იცოდა საქმე, იცოდა, როგორ მუშაობდა ბაზარი. ჩამითრია", - თქვა მან. 

მცირე ხნის შემდეგ, ისინი თითქმის ყოველ დილას საუბრობდნენ, ჯეინი ელაპარაკებოდა კონკრეტულ რაღაცებზე, რისთვისაც ფული სჭირდებოდა - ჭერის ძვირადღირებული შეკეთება, პენსიის გარდა სხვა შემოსავალი. ჰანტმა ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ გამოიყენა, უთხრა, რომ გარკვეული გადაცვლები მას "ჭერის შოვნასა" და "მომავლისთვის" დაეხმარებოდა.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯეინმა 15 000 ფუნტი სტერლინგის ინვესტიცია მოახდინა. მაგრამ მისი ვაჭრობა კარგად არ მიდიოდა. ჰანტმა ურჩია, ფული გამოეტანა და სხვა პლატფორმაზე დაებანდებინა, BproFX-ზე, სადაც უკეთეს მოგებას ნახავდა.

ამ დროისთვის, ჯეინი ჰანტს სრულად ენდობოდა. "ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კარგად ვიცნობდი და ვფიქრობდი, გულში ჩემი ინტერესი ჰქონდა, ამიტომაც ცვლილებაზე დავთანხმდი". - თქვა მან.

რაც არ იცოდა, იყო ის, რომ BproFX-ი არარეგულირებული, ოფშორული, დომინიკაში დაფუძნებული დაწესებულება იყო. რეალურად, EverFX-ს გაერთიანებული სამეფოს მიერ მინიჭებული რეგულირებულის სტატუსი ბრიტანეთის მოქალაქეების მოტყუებაში ხელს არ უშლიდა, თუმცა BproFX-ზე გადასვლა ჯეინს გაერთიანებული სამეფოს კანონის ფარგლებში არსებულ ამ მცირე დაცვასაც კი აცლიდა. BBC-იმ იპოვა რამდენიმე დაზარალებული, რომლებმაც არარეგულირებულ კომპანიებში მსგავსად გადაინაცვლეს.

2020 წლის სექტემბერში ჯეინი დათანხმდა, რომ 20 000 ფუნტი სტერლინგი BProFX-ში დაებანდებინა და ჰანტი მას მომდევნო რამდენიმე თვე სხვადასხვა გადაცვლის მითითებას აძლევდა. თუმცა, ის ფულს კვლავ კარგავდა.

სხვა დაზარალებულებმა BBC-ის უთხრეს, რომ ამ გზით მოატყუეს. ლონდონელმა ბერი ბარნეტმა თქვა, რომ მან ინვესტიცია EverFX-ის რეკლამის ნახვის შემდეგ დაიწყო, მაგრამ რამდენიმე ადრეული სარგებლის შემდეგ, მოულოდნელად 10 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი 24 საათში დაკარგა. მრჩეველმა ის დაიყოლია, რომ კიდევ 25 000 ფუნტი სტერლინგი ამ დანაკარგის ამოსაღებად ჩაედო.

"ყოველ ორ საათში ექვს ზარს მაინც ვიღებდი. ხალხი მთხოვდა, რომ მეტი ფული ჩამედო", - თქვა ბერიმ.

ჯეინი დევიდ ჰანტისგან ასეთივე ზეწოლის ქვეშ იყო. "ის მეუბნებოდა, რომ რაც უფრო მეტს ჩავდებდი, უფრო მეტს ავინაზღაურებდი", - თქვა მან.

საბოლოოდ ორივემ გადაწყვიტა, რომ დაბანდება შეეწყვიტათ. საერთო ჯამში, ბერიმ 12 000, ჯეინმა კი 27 000 ფუნტი სტერლინგი დაკარგა.

"შეძრწუნებული და გამოფიტული ვარ", თქვა ბერიმ. ორივემ ათობით უშედეგო ზარი განახორციელა, დანაკარგების კვალდაკვალ. დევიდ ჰანტი ჯეინის ზარებს აღარ პასუხობდა. მან იცოდა, რომ ყველაფერი დაკარგა.

"დღე, როცა ამას მივხვდი, ჩემი დაბადების დღე იყო", - თქვა ჯეინმა - "პანდემია იყო და ჩემი ოჯახი გარეთ გასვლას გეგმავდა, ტორტი მიყიდეს, ვცდილობდი, ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი. ამ პლანეტაზე ყოფნა აღარ მინდოდა".

მას თვეები დასჭირდა იმისთვის, რომ მოეკრიბა გამბედაობა და ვინმესთვის ეთქვა, რაც გააკეთა.

სრული სურათის აწყობა

შვედური გაზეთი Dagens Nyheter-ი და სხვები აქამდეც იძიებდნენ მილტონის ჯგუფის საქმეებს, თუმცა BBC-იმ საერთაშორისო თაღლითობის მთავარი ფიგურების ვინაობის დადგენა შეძლო.

ჩვენ დავიწყეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შემოწმებით, რათა მილტონის ჯგუფის კომპანიებს შორის კავშირი აღგვეწერა. ყველაზე ხშირად ხუთი სახელი მეორდებოდა: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მილტონის სავაჭრო პლატფორმების ან დამხმარე ტექნიკური კომპანიების დირექტორებად იყვნენ გაფორმებულები.

ჩვენ ამ ხუთ სახელს ვეძებდით პანამის დოკუმენტებში, 2016 წლის მასობრივ გაჟონვაში, რომელიც ოფშორულ კომპანიებს ეხებოდა, ოთხი მათგანი აღმოვაჩინეთ: ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი - ისინი ნახსენები იყვნენ როგორც მილტონის ჯგუფამდე არსებული ოფშორული და სასუბსიდიო კომპანიების დირექტორებად ან მაღალი რანგის ფიგურებად.

ამ არა-მილტონის კომპანიებიდან ბევრის კვალი მიდიოდა ერთ ფიგურამდე: დავით კეზერაშვილამდე, საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანამდე, რომელიც 2 წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო.

კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლეს და მომავალში დაუსწრებლად გაასამართლეს მთავრობის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ევროს მითვისების ბრალდებით. ამ დროს ის ლონდონში ცხოვრობდა. გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარი უთხრა.

არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს  მილტონამდელ ქსელთან აკავშირებს, მაგრამ პანამის დოკუმენტებში მისი სახელი მეორდებოდა და მეორდებოდა, დოკუმენტები აიდენტიფიცირებდა მას, როგორც ან ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლად ან როგორც მათ მთავარ მეწილედ. სცენის მიღმა, კეზერაშვილი ქსელის ცენტრში ჩანდა.

რაც შეეხება მილტონის ჯგუფს, ასევე არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რაც თაღლითურ კომპანიებს კეზერაშვილთან დააკავშირებდა და არ არსებობს სამხილი, რომ მას მილტონის ბრენდებთან პირდაპირი ფინანსური ინტერესები აქვს.

თუმცა, მილტონის ჯგუფის რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა ანონიმურად გვითხრა, რომ მათ კეზერაშვილთან პირდაპირი შეხება ჰქონდათ და ის მილტონის ჯგუფში იყო ჩართული. 

კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს. ბიზნეს სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის საკუთარ ანგარიშს თითქმის ექსკლუზიურად იყენებდა მილტონთან დაკავშირებული კომპანიების სამუშაოების რეკლამირებასთვის და აზიარებდა მათ პოსტებს.

BBC-იმ შეძლო, ეპოვა რამდენიმე სხვა სამხილი, რომელიც ყოფილ თავდაცვის მინისტრს მილტონის ბრენდებს უკავშირებს. რამდენიმე კომპანია, რომელსაც კეზერაშვილი ფლობდა, იყენებდა იმეილის კერძო სერვერს, რომლის ერთადერთი სხვა მომხმარებლებიც მილტონის ჯგუფის კომპანიები იყვნენ. მისი ვენტურული კაპიტალური ფირმა Infinity VC-ის ეკუთვნოდა ბრენდინგისა და ვებ დომენები კომპანიებისთვის, რომლებიც თაღლითებისთვის სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას უზრუნველყოფდნენ.

კეზერაშვილს ასევე ეკუთვნის შენობა, რომელიც კიევის ოფისია თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX-ისთვის და პროგრამების უზრუნველმყოფელი ტექნოლოგიური ფირმისთვის - ამ ოფისში პოლიციამ რეიდი ნოემბერში მოაწყო. მას ასევე თბილისში ეკუთვნის ოფისები, რომლებშიც ასევე განთავსებულია ზოგიერთი იგივე ფირმა.

როდესაც BBC-იმ შეამოწმა მილტონის ჯგუფის მაღალი რანგის წარმომადგენელი ოთხი კაცის სოციალური მედიის პროფილები, ქორწილის წვეულებებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების ფოტოებიდან ცხადი გახდა, რომ ყველა მათგანს ახლო სოციალური კავშირი აქვს კეზერაშვილთან. კეზერაშვილი არის მილტონის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული, სულ მცირე, 45 ადამიანის Facebook-მეგობარი, ხოლო BBC-ის იდენტიფიცირებული ოთხი მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.

BBC კეზერაშვილის კვალს ლონდონში, 18 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სახლამდე გაჰყვა და მასთან საუბარი ითხოვა, მაგრამ გვითხრეს, რომ არ ეცალა. მან BBC-ის ადვოკატთა მეშვეობით უთხრა, რომ მკაცრად უარყოფს მილტონის ჯგუფთან შეხებას და თაღლითობის გზით ფინანსურ სარგებელს. მისი თქმით, იცოდა, რომ EverFX ლეგიტიმური ბიზნესი იყო და ადვოკატების მტკიცებით, კავშირი, რომელიც ჩვენ უკან მდგომ ხალხთან და IT-სთან დავადგინეთ, "არაფერს ნიშნავდა".

ბატონმა ჭელიძემ და გოგეშვილმა ასევე მკაცრად უარყვეს ჩვენი ბრალდება და თქვეს, რომ EverFX-ი ლეგიტიმური, რეგულირებული პლატფორმა იყო. მათ უარყვეს EverFX-ის ნებისმიერი კავშირი მილტონთან და სხვა იდენტიფიცირებულ ბრენდებთან, რომლებიც, მათი თქმით, EverFX-ის წყაროს კოდსა და ბრენდს სხვა მომხმარებლების შეცდომაში შესაყვანად ბოროტად იყენებდნენ.  მათ თქვეს, რომ EverFX-ს კრიპტო საფულე არასდროს ჰქონია და არ აქვს კონტროლი, მესამე მხარის საგადამხდელო პროცესორები თანხას როგორ ანაწილებენ. 

ბატონმა მგელაძემაც უარყო ჩვენი ბრალდება და გვითხრა, რომ არასდროს ფლობდა არანაირ ქოლ-ცენტრს, რომელიც ინვესტიციებს ბოროტად და თაღლითურად ყიდდა. მისი თქმით, არც მილტონის ჯგუფის შესახებ იცოდა რამე.

ბატონმა ბენინიმ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.

EverFX-მა ჩვენი ბრალდებები უარყო, თქვეს, რომ ისინი ლეგიტიმურ და რეგულირებულ პლატფორმას წარმოადგენენ, სადაც რისკებს სრულად ხსნიან. მათ თქვეს, რომ გამოიძიეს ბერი ბარნეტის საქმე და დაადგინეს, რომ ის საკუთარ დანაკარგზე პასუხისმგებელი თავადვე იყო.

ჯეინის საქმეზე გვითხრეს, რომ მისი დანაკარგი გამოიწვია დაუკავშირებელ კომპანიასთან გადასვლამ. მათი თქმით, სრულ კო-ოპერაციაში არიან ფინანსურ სამმართველოსთან და გაერთიანებული სამეფოსგან განსაკუთრებული სარეგულაციო საჩივრები არ მიუღიათ.

საფეხბურთო კლუბმა სევილიამ BBC-ს მხოლოდ ის უთხრა, რომ როცა EverFX-თან მათი კონტრაქტი დასრულდა, კომპანიასთან კონტაქტი აღარ ჰქონიათ.

გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში თაღლითობის დანაშაული უტოლდებოდა 4 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტს. მოიაზრება, რომ ონლაინ ინვესტიციების სქემები ყოველ წელს ასობით მილიონის ღირებულებას უტოლდება. თუმცა, ბრიტანულ პოლიციას მსხვერპლები აკრიტიკებდნენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეების სახელით მოქმედი თაღლითების წინააღმდეგ საკმარის ზომებს არ იღებენ. 

ჯეინმა რამდენიმე გზით, სახლშიც და საზღვარგარეთაც, სცადა, დაებრუნებინა დაკარგული თანხა, მაგრამ ვერაფერი შეძლო. გაერთიანებული სამეფოს ლონდონის პოლიციამ მისგან განაცხადი მიიღო, მაგრამ "არაფერი მოჰყვა". ვერც ბანკი დაეხმარა, "რამდენიმე წერილის გარდა".

"და რატომ დამეხმარებიან, მართლაც?" - თქვა მან და მხრები სევდიანად აიჩეჩა.

ასე რომ, მან ერთადერთი რამ ქნა, რისი მოფიქრებაც შეეძლო. ათეულობით ვებსაიტზე შევიდა და დაწერა შეფასება იმ სავაჭრო ბრენდების, რომლებმაც მოატყუეს.

"მსურდა, გამეფრთხილებინა ყველა, ვინც შეიძლება მოტყუვდეს... ამაში დიდი მონდომება ჩავდე. იმედი მაქვს, ვინმე ამას დაინახავს"  - თქვა მან.

 

წყარო: BBC 

ბოლო წლებში ამერიკაში ოპიოიდების კრიზისია. მილიონობით ადამიანის სიცოცხლე სრულებით შეიცვალა, ასობით ათასი კი დაიღუპა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემები აჩვენებს, რომ ხშირად მოქალაქეებმა არც კი იციან რომ ნარკოტიკი მიიღეს. ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ეს?

სქემას ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხსნის.

"ჩინეთიდან ფენტანილის დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნაერთები ჩადის მექსიკაში, სადაც ნარკოკარტელების ლაბორატორიებში მზადდება ფენტანილის ფხვნილი. შემდეგ ხდება მისთვის ფორმის მიცემა. მექსიკაშივე მზადდება იდენტური წამლები, როგორიც იყიდება ამერიკაში, კანადასა და ევროპაში. ფორმები და წარწერები იდენტურია. ამის შემდეგ კონტრაბადის გზით ის შემოაქვთ ამერიკაში და მას ყიდიან სოციალური ქსელების საშუალებით,"- ამბობს ენ მილგრამი, ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 

სანამ სქემას უფრო დეტალურად განვიხილავთ და ვაშინგტონის დამოკიდებულების შესახებ ვისაუბრებთ, გადავხედოთ სტატისტიკას, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს ამერიკაში 106 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით. რაც ნიშნავს იმას, რომ "ჩვენ თითო ამერიკელს ვკარგავთ ყოველ ხუთ წუთში,"- ამბობს რაულ გუპტა ამერიკის მედიკამენტის კონტროლის პოლიტიკის ოფისიდან.

ოპიოიდების კრიზისი ამერიკაში წლებია მიმდინარეობს ეს კი კონგრესში როგორც რესპუბლიკელებს, ისე დემოკრატებს აშფოთებს. მხოლოდ 3 წელში ზედოზირებით 300 000-მდე ადამიანი დაიღუპა, მათი დიდი ნაწილი - ფენტანილით.

 

სტატისტიკასთან ერთად, მძიმე ვითარებას კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს მემორიალი "ფენტანილის სახეები" რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ცენტრალურ შენობაში მდებარეობს. დაფაზე ამ დროისთვის 4 000 ფოტოა, მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც სინთეტური ოპიოიდების ზემოქმედებით დაიღუპნენ - ძირითადად ახალგაზრდები.

 

ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანის ფოტო, რომელსაც ამ კედელზე შეხვდებით, 17 თვისაა. ყველაზე ასაკოვანი - ჯეიმს კოქსია 79 წლის. ეს ფოტოები ჩვენ ყოველდღიურად გვახსენებს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამერიკელთა სიცოცხლის გადასარჩენად,"- ამბობს ენ მიგრამი ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მძიმე რეალობიდან გამომდინარე, ვაშინგტონი ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებას აძლიერებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამისთვის ამერიკის კონგრესმა დამატებით 40 მილიონი ამერიკული დოლარიც გამოყო, რაც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.

ჩინეთი - სქემის საწყისი წერტილი

სქემას თავიდან მივყვეთ, "სინთეტური ოპიოიდების, მათ შორის ფეტანილისთვის საჭირო ქიმიური ნაერთების მთავარი დისტრიბუტორი ჩინეთია,"- ამბობს სენატორი ჯიმ რიში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ამ ქიმიკატების ექსკლუზიური მწარმოებელი არ არის - წარმოება ხდება ინდოეთშიც. თუმცა ამერიკის სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტები განმარტავენ, რომ ინდოეთიდან მექსიკაში და შემდეგ ამერიკაში ქიმიკატები და შესაბამისად, არც ფენტანილი არ ხვდება.

"ჩვენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აგრესიულ პოლიტიკას ვიყენებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. არ გვაქვს მაგალითები რომ ინდოეთიდან მექსიკაში და შემდეგ ამერიკაში ეს ნივთიერებები შემოდის. უმრავლეს შემთხვევაში ამ სქემის უკან ჩინეთი დგას,"- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი.

 

2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ფენტანილის შემცველი ქიმიური ნივთიერებების შემოტანა სრულად აკრძალა. ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციიდან გამომდინარე, ფეტანილისა და მისი შემადგენლობის სხვა ნივთიერებებზე რეგულაციების გამკაცრება მოუწია პეკინსაც.

გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად ჩინეთში ფენტანილისა და მისთვის საჭირო ქიმიური საშუალებების წარმოება კვლავ გრძელდება, ძირითადად - არალეგალურად იატაკქვეშა ლაბორატორიებში. თუმცა, არა ყოველთვის.

სწორედ ამიტომ ვაშინგტონში ამბობენ, რომ პეკინის მიერ აქამდე გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის და პრობლემა, რომელიც ჩინეთიდან იღებს სათავეს, ამ დრომდე მოგვარებული არ არის. ამიტომ ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ ჩინეთს, უფრო აქტიურად ჩაერთოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში. ბრალდებებს "ჩინეთის კომუნისტური პარტია" უარყოფს. პეკინში ამბობენ, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართულნი.

 

"დროა მოკავშირეებთან ერთად ვიფიქროთ, ჩინეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე. სი ძინ პინის პოლიტიკა არ ვფიქრობ, რომ საკმარიასია. სწორედ ამიტომ, თუ პეკინი არ ითანამშრომლებს კეთილსინდისიერად, მოგვიწევს სავიზო შეზღუდვების გაფართოება და დამატებითი სანქციების ამოქმედება - რათა დავიცვათ ამერიკელი ხალხი,"- ამბობს ბობ მენენდესი, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

სქემის მეორე ნაწილი - მექსიკური ნარკოკარტელები

ვაშინგტონში ამბობენ, რომ ჩინეთი საწყისი წერტილია, თუმცა სად ხდება ფენტანილის დამზადება და როგორ ხდება ამერიკაში კონტრაბანდულად ფენტანილის შემოტანა?

"ჩინური ნარკოკარტელები და ფულის გამთეთრებლები აქტიურად თანამშრომლებენ მექსიკურ ნარკოკარტელებთან. ამ გზით ხდება საჭირო ქიმიკატების გაცვლა ქვეყნებს შორის,"- ამბობს ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი.

 

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, სანამ მექსიკაში კონტრაბანდულად ქიმიკატები ჩავა, მანამდე ის რამდენიმე ქვეყანას გადის. ჩინეთში იატაკქვეშა ლაბორატორიებში მიღებული ქიმიური ნაერთები ამის შემდეგ მექსიკის ასევე არალეგალურ ლაბორატორიებში ხვდება და იწყება ფენტანილის წარმოების პროცესი. სქემას მექსიკაში კონკრეტული პასუხისმგებლები ჰყავს.

"ჩვენთვის ცნობილია მთავარი პასუხისმგებლები. ეს ორი ძირითადი კარტელია მექსიკაში - "სინალოა" და "ჯალისკო". სწორედ ამიტომ ეს ორი ნარკოკარტელია ჩვენი სამიზნე,"- ამბობს ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელი.

"სინალოას" და "ჯალისკოს" კარტელების მფარველობის ქვეშ მოქმედ იატაკქვეშა ლაბორატორიებში თავდაპირველად ფენტანილის ფხვნილის მიღება ხდება, შემდეგ კი მას წამლის ფორმას აძლევენ, იდენტურს, როგორიც იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა თუ ევროპაში. ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო განმარტავს, რომ ამ ორი ნარკოკარტელის მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადაა.

უკვე დამზადებული პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ კონტრაბანდული გზით ხვდება. "ხშირად ფენტანილი გადმოაქვთ მსუბუქი, სატვირთო ავტომობილებით. არის შემთხვევები, როცა მას საბურავებშიც მალავენ,"- ამბობს ენ მილგრამი. ბოლოს 2022 წლის დეკემბერში ამერიკა მექსიკის საზღვარზე დიდი ოდენობით ფენტანილი ქოქოსიდან ამოიღეს.

რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი ფიქრობს, რომ მექსიკის საზღვარზე კონტროლი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

 

"ჩემი და დაიღუპა ზედოზირებით. ამ პრობლემას ხელს ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკაც უწყობს. აუცილებელია კონტროლი გამკაცრდეს საზღვარზე,"- ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი, რომელიც ასევე იზიარებდა ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის იდეას, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ჯო ბაიდენის ბრძანებით შეჩერდა. ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საზღვრის კონტროლის უკეთესი მექანიზმები არსებობს და ამ მხრივ მუშაობას აგრძელებენ.

სქემის მესამე ნაწილი - "მკვლელი" აბები

"ამ აბებს სიკვდილი მოაქვს აქ, ამერიკის მიწაზე,"- ამბობს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი და განმარტავს, რომ ეს არის ომი, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სენატორის მოსაზრებას სხვა ამერიკელი კანონმდებლებიც იზიარებენ. სქემის მესამე ეტაპი სწორედ ამერიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

 

როგორ ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შემოსული აბები იდენტურია იმ სამედიცინო საშუალებებისა, რომლებიც სერტიფიცირებულ აფთიაქებში ექიმის დანიშნულებით იყიდება.

"პირადად შევხვედრივარ ბავშვებს, მოზარდებს, ზრდასრულებს. ისინი ფიქრობენ, რომ იღებენ "ადეროლს", "ოქსიკოდონს" ან სულაც "პერკოცეტს" - რეცეპტით გამოწერილ წამალს, თუმცა სინამდვილეში მასში ფენტანილია. კვლევა აჩვენებს, რომ ათიდან ექვსი სასიკვდილო დოაზას შეიცავდა," - ამბობს ამერიკის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი.

მექსიკიდან ამერიკაში არალეგალურად შემოტანილი აბები გაცილებით იაფია, ვიდრე აფთიაქებში გაყიდული ნამდვილი პრეპარატები. უკანონო აბების გაყიდვა სოციალური ქსელების დახმარებით ხდება. ამერიკელი სენატორების ინფორმაციით, ძირითადად გამოიყენება "ვოთსაფი", "ვაიბერი", "ტიკტოკი" და "ინსტაგრამი". გამომდინარე იქიდან, რომ მიმოწერაზე კონტროლი ვერ ხდება და ნარკოტიკების გამსაღებლები მიწოდების სხვადასხვა ხერხებს ირჩევენ, სამართალდამცავები დროულად ვერ რეაგირებენ.

"ჩვენ გვქონდა საუბრები ტექნოლოგიურ გიგანტებთან, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის,"- ამბობს ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელი.

სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ ვაშინგტონში დამატებითი რეგულაციები აამოქმედონ, რაც მათ დაავალდებულებს, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

 

ამ ეტაპზე ცნობილი არა არის, რა ცვლილებების მიღება იგეგმება ამ კუთხით და მოხერხდება თუ არა მისი დამტკიცება საერთოდ, თუმცა ამერიკის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ეს ხელს ნარკოტიკებთან ბრძოლას ვერ შეუშლის და ამერიკა მზად არის პრობლემის მოსაგვარებლად, უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგას.

"საკმარისზე მეტი შესაძლებლობა გვაქვს ამ პრობლემას შევუტიოთ... ყველა რესურსს ვიყენებთ, აქტიურად ვმუშაობთ მექსიკის მთავრობასთან, რათა აღმოვაჩინოთ, დავხუროთ ლაბორატორიები, სადაც ფეტანილის დამზადება ხდება,"- ამბობს ამერიკის გენერალური პროკურორი.

გაზრდილი დაფინანსებით და პარტნიორებთან აქტიური მუშაობით ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძეელებს ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციაც. ამ მხრივ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობს საქართველოც.

ავტორი: სალომე ნოზაძე

„ვერსია“ აგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, მამის მამა მასზე სისტემატურად ძალადობდა. „ვერსიამ“ ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში არაერთი სტატია მოამზადა,თვეების მანძილზე ვაგროვებდით ინფორმაციას და კვლავ ვაგრძელებთ ამ სკანდალური ამბის გამოძიებას.

„ვერსიამ“ გაარკვია, რომ ბაბუას, რომელსაც შვილიშვილის გაუპატიურება ედებოდა ბრალად, 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გთავაზობთ ბრალდებულის ადვოკატ ზურაბ თოდუას კომენტარს:

„შოკში ვართ ყველა. ეს გადაწყვეტილება, რაც მოსამართლემ მიიღო, არის სრულიად გაუგონარი და დაუსაბუთებელი. ბრალდებული ყველა ბრალდებაში ცნო დამნაშავედ და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებლს აქვს სამი სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებული, რომლითაც დგინდება, რომ რა ბრალიც აქვს წარდგენილი, ფიზიკურად ვერ განახორციელებდა. დაზარალებული ბავშვი, რომელიც ჰყვება, რომ გაუპატიურებულია 60-ჯერ, არ დასტურდება სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და დაზარალებლის მთლიანი ჩვენება მხოლოდ ვიღაცის დარიგებულია, რადგან ის, რასაც ეს ბავშვი ამბობს, წარმოუდგენელია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ეს ბავშვი არის მკაცრად დარიგებული, ვიღაცას აქვს სერიოზული ინტერესი ამ ადამიანის მიმართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოსამართლე ქართული სამართლის ისტორიიდან წაიშალოს. ეს პრაქტიკა, რაც მან დაამკვიდრა, არის სრულიად გაუგონარი, არათუ ევროპული კანდიდატობისკენ მიმავალი ქვეყნისთვის, არამედ სადაც ვართ, იქაც არ დაგვტოვებენ ამ განაჩენით. ვერ წარმოუდგენია ვერავის, პროკურორიც კი გაოცებული იყო. 4 ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებას როგორ აუარა გვერდი და როგორ აპირებს ამ გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებას, არ ვიცი. ველოდებით ამ დასაბუთებულ განაჩენის დასაბუთებას და სავარაუდოდ, ათ დღეში უნდა მოგვცეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე შემიძლია, ვთქვა, იმის დასაბუთებას, რაც ამ ადამიანმა დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენის სახით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით ვერ შეძლებს. ეს მხოლოდ შეუძლია მონა რეჟიმში მყოფ მოსამართლეს.

ვაპირებთ, გავასაჩივროთ ეს განაჩენი არამარტო სააპელაციო სასამართლოში, არამედ ამ მოსამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხიც უნდა დადგეს. მოსამართლე ვერ ერკვევა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ბრალდებულს არ აქვს სექსუალური პოტენცია წლების მანძილზე. ვერ ერკვევა იმაში, რომ საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევა შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ ჯანმრთელი სექსუალური პოტენციის მქონე მამაკაცისგან. მოსამართლე უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ ასეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. ბრალდებული არაფერს ამბობს, ჯერჯერობით, არ ელოდა მსგავს განაჩენს.“

ექიმები ერთმანეთს ხელს აფარებენ - ადამიანის უფლებათა ცენტრის დასკვნით, სამედიცინო სფეროში მომხდარი დანაშაულების გამოძიება წლების განმავლობაში ჭიანურდება, რადგან ექსპერტებს კოლეგების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ სურთ.

2020 წელს 26 წლის ეთერ მეტივიშვილი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. დაიწყო მოკვლევა და დაინიშნა ექსპერტიზა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ იპოვეს ექსპერტი, რომელიც დასკვნას დაწერდა.

„არავინ არის თანახმა“, - ამბობს ნინო ჩალაძე ადამიანის უფლებათა ცენტრიდან.

თუ ეჭვია, რომ საავადმყოფოში დანაშაული მოხდა, ექსპერტიზაა საჭირო, ექსპერტიზის ჩასატარებლად კი - დარგის ექიმი, რომელიც ვითარებას შეაფასებს და იტყვის, რა როგორ მოხდა.

გამოძიებაში ექსპერტების ჩართულობას ჯანდაცვის მინისტრის 2017 წლის ბრძანება N245/ნ არეგულირებს (21.08.2017). ამ ბრძანების საფუძველზე ექსპერტიზაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ პრობლემას სწორედ ეს ნებაყოფლობითობა ქმნის - ქართულ რეალობაში ექიმებს ერთმანეთის საწინააღმდეგო დასკვნის დაწერა არ სურთ და საქმეები წლების განმავლობაში თაროებზეა შემოდებული.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ათამდე საქმე მაინც გვქონდა, სადაც ექსპერტის ჩართვას ვერ ახერხებდნენ. კანონი არცერთ ექიმს არ ავალდებულებს ექსპერტიზაში ჩაერთოს, თავად მაქსიმალურად ერიდებიან. ამიტომ ძალიან მძიმე შემთხვევებზეც კი ვერ დგინდება, ვინ იყო დამნაშავე“, - განმარტავს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი.

9 წელი საავადმყოფოში


ნიკოლოზ დიდებაშვილი სამი თვის იყო, როდესაც 2014 წელს მ. იაშვილის კლინიკაში მიიყვანეს. ნიკოლოზი კომაში ჩავარდა. მას შემდეგ ბავშვი არ გამოუწერიათ.

მეათე წელია მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით. 3 თვისას სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. გადაწყვიტეს ინტუბაცია გაეკეთებინათ. ვერ გაუკეთეს კარგად, ჩაუხიეს ხორხი, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია. ბავშვს 20 წუთი გული ჰქონდა გაჩერებული. ამან ტვინი დაუზიანა. შემდეგ ისევ თავად აუმუშავდა გული და აპარატზე შეაერთეს. ერთ კვირაში ისევ გაუჩერდა. ოთხჯერ მაინც გაუჩერდა გული“, - ამბობს ნიკოლოზის დედა ნინო თარიმანაშვილი.

მშობლებმა იურიდიული დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს. ცენტრში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობა კლინიკის პერსონალის უყურადღებობის გამო გაუარესდა. საქმე აღიძრა, მაგრამ გამოძიება 5 წელია დასკვნას ვერ წერს - საჭირო ექსპერტიზის ჩატარებაზე ვერავინ დაიყოლიეს.

„ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ყველა ორგანო დაზიანებული აქვს, არ ვიცი ხვალინდელი დღე გაუთენდება თუ არა. ხმას რომ ამოვიღებდი, საავადმყოფოში ისევ მე მეჩხუბებოდნენ. იმდენჯერ არის პატრული გამოძახებული, ვერც ვითვლი. ერთმანეთს აფარებენ ხელს. ბავშვს 24 საათი თავზე ვადგავარ, ყველაფერს მე ვუკეთებ, ისინი არ ვიცი რას როგორ იზამენ“, - ამბობს ნიკოლოზის დედა.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე ყველა შესაბამის უწყებაში მისცეს განმარტება და საქმეს იძიებენ.

2016 წელს რეგულირების სააგენტომ ნიკოლოზის მკურნალობაში დარღვევები გამოავლინა. პროფესიული განვითარების საბჭოს ხუთი ექიმის საქმე გადაეცა განსახილველად. 2018 წელს საბჭომ ორ ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცა, ორს კი სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა, ერთს ორი თვით, მეორეს - ერთით.

პროფესიული განვითარების საბჭო არაპროპორციულ სასჯელს აწესებს იმ ექიმებისთვის, რომლებიც სერიოზულად არღვევენ. ეს ან წერილობითი გაფრთხილებაა, ან სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერება. ჩვილის კომატოზურ მდგომარეობამდე მიყვანის გამო საბჭომ ექიმს მხოლოდ 2 თვით შეუჩერა სერტიფიკატი“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსი ნინო ჩალაძე.

ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ „ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საბჭო უმეტესად მხოლოდ წერილობით გაფრთხილებას აძლევდა ექიმებს. 86% შემთხვევაში ამით შემოიფარგლებოდა. რაც შეეხება სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმებას, 2017, 2020 და 2021 წლებში სერტიფიკატი ერთი ექიმისთვისაც კი არ გაუუქმებიათ“, - ამბობს ჩალაძე.

გლანდების ოპერაცია ფატალური შედეგით


2018 წლის იანვარში მარნეულის სამედიცინო ცენტრ „ადიკში“ 13 წლის ბიჭი მახარ კულიანოვი მშობლებმა გლანდების ოპერაციის გასაკეთებლად მიიყვანეს.

10-15 წუთი სჭირდება ამ ოპერაციას. რომ ვიკითხე, თუ დასრულდა-მეთქი, კი, ოღონდ რაღაც პრობლემააო. საათები ისე გავიდა, არაფერი გვითხრეს. შემდეგ შევედით და უგონოდ იწვა ბავშვი. მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო“, - ამბობს ბავშვის მამა რუზგარ კულიანოვი.

კომაში ჩავარდნილი მოზარდი მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ საქმეს არც ამან უშველა. ბავშვი გარდაიცვალა. მარნეულის პოლიციის სამმართველო საქმეს დღემდე იძიებს. პრობლემა აქაც ის იყო, რომ ექსპერტიზის ჩატარებაზე არავინ თანხმდებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრში ჰყვებიან, რომ ბოლოს ექსპერტების მოძიება მათი ჩართულობით მოხერხდა.

„4 წლის განმავლობაში ველოდებოდით სამხარაულის დასკვნას, ვერ ვნახულობდით ექსპერტებს, სპეციალისტებს, რომლებიც ამ დოკუმენტაციას შეისწავლიდნენ. კარდაკარ, საავადმყოფო-საავადმყოფო დავდიოდით, რომ ექიმები დასკვნის დაწერაზე დაგვეთანხმებინა“, - ამბობს ცენტრის იურისტი დიმიტრი ნოზაძე.

მეგი ბაქრაძის საქმე


ახალგაზრდა ექთანმა მეგი ბაქრაძემ 2021 წლის მარტში კოვიდის საწინააღმდეგო აცრა ერთ-ერთმა პირველმა გაიკეთა. აცრიდან ნახევარი საათის შემდეგ მან გონება დაკარგა და მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, მეორე დღეს გარდაიცვალა.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. მნიშვნელოვანი იყო მიზეზის დროულად დადგენა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო თითქმის ერთი წელი ეძებდა ალერგოლოგ-იმუნოლოგს, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაწერდა. მას შემდეგ, რაც მრავალმა ექსპერტმა უარი თქვა, ექსპერტიზის ჩასატარებლად ექიმი თურქეთიდან მოიწვიეს.

არაერთი ადამიანი მოგვართავს დახმარების თხოვნით, მაგრამ ხელები გვაქვს შეკრული. თუ სამხარაულის დასკვნა არ გვექნება და არ გვეყოლებიან სპეციალისტები, რომლებიც შიშის, კოლეგიალობისა და მორიდების გარეშე გასცემენ შესაბამის დასკვნებს, ჩვენ ყოველთვის ასეთი მძიმე შედეგის წინაშე ვიდგებით“, - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.

პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი, ექიმი გივი ჯავაშვილი ამბობს, რომ კოლეგიალურ განხილვებზე ექიმები აზრის გამოთქმისგან თავს არ იკავებენ.

სასამართლო პრაქტიკაზე ვერაფერს ვიტყვი, შეხება არ მქონია, მაგრამ პროფესიული განვითარების საბჭოს განხილვებზე არ მახსოვს, ვინმეს თავი შეეკავებინა. რამდენიმე ექსპერტს ეგზავნება საქმე და ისინი გამოხატავენ საკუთარ აზრს. ცხადია, საბჭო ცდილობს, ექიმს ინტერესთა კონფლიქტი არ ჰქონდეს. ეს საზღვარგარეთაც ასე ხდება, იქაც ურჩევნიათ, სხვა შტატის, სხვა რეგიონის ექიმს ჰკითხონ ხოლმე. თუ ერთად მუშაობენ და კარგად იცნობენ ერთმანეთს, გაუჭირდება კოლეგაზე რამე თქვას. საქართველო პატარა ქვეყანაა, იცნობენ ერთმანეთს. სხვა შემთხვევაში არ მინახავს, სხდომაზე უკან დაეხიოს ექიმს და პროფესიულად არ ემსჯელოს“, - ამბობს გივი ჯავაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, შექმნას დამოუკიდებელი ორგანო, დაკომპლექტებული ექიმ-სპეციალისტებისგან, რომლებიც ვალდებულები იქნებიან სასამართლო სამედიცინო დასკვნის მომზადებაში ჩაერთონ.

წყარო: რადიო თავისუფლება

ვერსიააგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, მამის მამა მასზე სისტემატურად ძალადობდა. „ვერსიამამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში არაერთი სტატია მოამზადა და კვლავ ვაგრძელებთ ამ სკანდალური ამბის გამოძიებას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ეტაპზე გადადის, რვა ივლისს შესაძლოა საბოლოო განაჩენი დადგეს. „ვერსია“ ბრალდებულის ადვოკატ ზვიად თოდუას ესაუბრა:

„მორჩა ყველა მტკიცებულების გამოქვეყნება და მოწმეების დაკითხვა, რვა ივლისს არის ჩემი საბოლოო დასკვნის წარდგენა. პროკურორი მოითხოვს, იგივე მუხლებით, რაც ჰქონდა შეფარდებული ბრალდებულს, გამამტყუნებელი განაჩენის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექსპერტიზით დასტურდება, ბავშვი გაუპატიურებული არ არის და ასევე ყველა ექსპერტიზის დასტურდება, რომ ბრალდებულს ჰქონდა იმპოტენცია და ფაქტობრივად, ვერ შეძლებდა მსგავსი ქმედების ჩადენას. ბრალდებულის ყოფილი მეუღლეც დაიკითხა სასამართლოზე, რომელმაც თქვა, რომ 2008 წლიდან განქორწინების მიზეზიც სწორედ ეს გახდა, რადგან ქმარი ექიმთან არ მიჰყვებოდა. საბოლოო განაჩენი შესაძლოა, 8 ივლისს გამოცხადდეს. ბრალდებული, როგორც მოგეხსენებათ, ცუდად იყო, მას ჩაუტარდა გულის სერიოზული ოპერაცია და ახლა თავს კარგად გრძნობს. ბრალდებულმა გუშინ მისცა თავიდან ჩვენება და დეტალურად ყველა კითხვას უპასუხა და ფაქტობრივად, დარჩა ერთადერთი მოქმედება, დასკვნითი სიტყვა, რომელსაც ახლა ვამზადებ და რვაში წარვდგები სასამართლოს წინაშე“ - ზურაბ თოდუა

 

ავტორი-სალომე ნოზაძე

ავტორი-სალომე ნოზაძე

ვერსიააგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, მამის მამა მასზე სისტემატურად ძალადობდა. „ვერსიამამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში არაერთი სტატია მოამზადა და კვლავ ვაგრძელებთ ამ სკანდალური ამბის გამოძიებას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება 12 ივლისს ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის ცხრა თვე გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდებული გათავისუფლდება წინასწარი პატიმრობიდან. გთავაზობთ ბრალდებულის ადვოკატის კომენტარს :

„ბრალდებულს ხუთი დღის წინ დაუდგინდა გულის ძალიან მძიმე დიაგნოზი, რაც სასწრაფო ოპერაციას გულისხმობს. ამის გამო 17-ში ჩანიშნულ სხდომაზე პატიმარი ვერ მოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა წარმოდგენილი ფორმა ნომერი ასი და მოთხოვნა, რომ გადაედოთ სხდომა და ჩაეტარებინათ ოპერაციის შემდეგ, მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა და ბრალდებული მაინც მოიყვანეს ონლაინ სხდომაზე.

ეს ადამიანი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, ყავარჯნების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია.  გვაქვს ექიმის ცნობა, რომ მას აქვს ტაქიკარდია და დაუყოვნებლივ ოპერაციას საჭიროებს. მიუხედავად ასეთი დიაგნოზისა, ექიმის მითითებით დღესაც არ მოიყვანეს ბრალდებული სხდომაზე და ისევ ონლაინ ჩართვას დაესწრო. ბრალდებულს ონლაინ სხდომაზე მისვლაც უჭირს, რადგან არ აქვთ ადაპტირებული გარემო და პირობები. ბრალდებულმა უნდა გაიაროს 300-350 მეტრი ფეხით, უნდა ავიდეს მესამე სართულზე  და დაესწროს ონლაინ სხდომას. ეს მისთვის ადამიანის უფლებათა ეროვნული კონვეციის პირდაპირი წამების მოპყრობის ტოლფასია, რამეთუ წამებად ითვლება ნებისმიერი მოქმედება, რომელმაც შეიძლება პატიმარს ზიანი მიაყენოს. მე დავაყენე შუამდგომლობა ონლაინ სხდომის შეწყვეტის შესახებ, რომელიც უკვე გაუქმებულია. მოსამართლემ დღეს გაიზიარა ჩემი შუამდგომლობა და სხდომა გაგრძელდება ბრალდებულის საკანში. შესაძლოა ბრალდებულს რამდენიმე დღეში ჩაუტარდეს ოპერაცია.“

 

გახმაურებული საქმე

 „ეს საქმე არ დამთავრებულა“

  თათია გოჩაძე

 

ხუთი წლის წინ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვნები - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. ამ საქმეზე, 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ, დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ სცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი - 10 წლით და 6 თვით პატიმრობა - დაუმძიმა და 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე. 21 აპრილს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნო არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოგვიანებით, გიორგი მენაბდეც დააკავეს. დაკავებული დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა, თუმცა ამ მიმართულებით, თავდაპირველად, გამოძიება არ დაწყებულა... გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ის ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წელი და 6 თვე.

 

როგორ აფასებს 5 წლის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე მიღწეულ სამართალს დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველი? - „ვერსია“ ნესტან ლონდარიძეს ესაუბრა:

 

- ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ სამართალი მიღწეულია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რის შედეგად იქნა მიღწეული. რომ არა ზაზა სარალიძის ასეთი ბრძოლა საქმის დარღვევების გამოსააშკარავებლად, ალბათ, ეს შედეგი არ გვექნებოდა, თუმცა აქვე ხაზგასასმელია  - ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს საქმე დასრულებულია. მართალია, საქმეში დანაშაულის ჩამდენი პირები მიეცნენ პასუხისგებაში და მათ მიიღეს კუთვნილი სასჯელი, თუმცა, ალბათ, ეს საკმარისი იქნებოდა იმ დროისთვის, მაშინვე კანონით გათვალისწინებულ ვადებში რომ გამოვლენილიყო, მაგრამ ვინაიდან ასეთი უპრეცედენტო ბრძოლა დასჭირდა იმას, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი. მიგვაჩნია, რომ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვისი ბრალეულობითაც ეს საქმე აქამდე მივიდა. ამაში ვგულისხმობ სამოხელეო დანაშაულს, ჩვენი ცენტრი, ზაზასთან ერთად, ამ საქმეს ვადევნებთ თვალს და იქამდე არ გავჩერდებით, სანამ გარკვეულ შედეგამდე არ მივალთ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არ შეიძლება, სამართალი ისევ იმ ხალხის ხელში იყოს, რომლებმაც ამ საქმეზე დარღვევები ჩაიდინეს. თუ იმ პროკურორებს, გამომძიებლებს ახალი საქმეების გამოძიებას მივანდობთ, იმის გარანტია და ნდობა არ გვექნება, რომ მიუკერძოებლად მიუდგებიან და გამოიძიებენ. მათ მიმართ საზოგადოებაში ისედაც მცირე ნდობა არსებობს და ამას სწორედ ის უწყობს ხელს, რომ იმ საქმეებში, სადაც ვლინდება სამოხელეო დანაშაული, არ მახსენდება, ვინმე დასჯილიყო.

ჩვენ თუ მივაღწევთ იმას, რომ გამოვლინდეს და პასუხი აგონ პირებმა, ეს საგამოძიებო სტრუქტურებისადმი საზოგადოების ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

- როგორც ცნობილია, გიორგი ჯანაშიამ უკვე დატოვა საპყრობილე. მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე კი სასჯელს იხდიან...

- დიახ, გიორგი მენაბდის პროცესი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა და, ალბათ, უზენაეს სასამართლოშიც მოხდება ამ საქმის განხილვა.

- საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ბრალი დაუმტკიცდა მკვლელობის მუხლით...

- დიახ. ჩვენ ვის ქმედებებშიც ვხედავდით სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ყველა იმ პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. განსაკუთრებით, ეს ბრძოლა ყველას, ალბათ, მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში ახსოვს. რაც შეეხება ჯანაშიას, რამდენადაც ცნობილია, საპროცესო შეთანხმებას ჰქონდა ადგილი და შემდეგ მან პირობით, ვადამდე ადრე დატოვა დაწესებულება. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბევრი კითხვა არსებობდა, ხომ არ იყო ზაზა სარალიძის წერილობითი თანხმობა. მაშინაც არაერთხელ ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო დადასტურებულად, რომ ხელმოწერა არც ზაზასი და არც ჩემი, როგორც მისი უფლებადამცველის, ამ საქმეში არ დევს.

ჩემთვის პრიორიტეტი ახლა სამოხელეო დანაშაულია. მართალია, ამ ეტაპზე საზოგადოების წინაშე ისე აქტიურად არ ვჩანვართ, მაგრამ ამაში გარკვეული როლი იმანაც შეიტანა, რომ სპეციალური, მიზანმიმართული ჭორების გავრცელებით შეეცადნენ ზაზა სარალიძის სახელი დაეკავშირებინათ გარიგებებთან და ა.შ. თუმცა, ჩვენი მხრიდან არასწორი იქნებოდა მტკიცება იმისა, რომ ეს ასე არ არის.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და არ ვაპირებთ იქამდე გაჩერებას, სანამ სამოხელეო დანაშაულზეც არ გვექნება სამართლიანი შედეგი.

 

 

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საჯარო მმართველობით დაინტერესდა. აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარებას ეხება. საჯარო მმართველობის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად, მნიშვნელოვანია პროფესიონალი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსების არსებობა და მათი ეფექტიანი მართვა, რაც სტრატეგიული მიზნების მიღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად ითვლება. საჯარო სამსახურის ბიურომ, რეფორმის ფარგლებში, დასაქმებულთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, არაერთი აქტივობა განახორციელა, თუმცა სახელმწიფო აუიტორების მტკიცებით, რიგი საკითხები კვლავ აქტუალურია, რისთვისაც სათანადო ღონისძიებების გატარება აუცილებელია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აუდიტი, რომლის მოკლე მიმოხილვასაც ამჯერად გთავაზობთ.

 

ხარვეზები ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიებში

ზოგადად, ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ორგანიზაციებში შემუშავებული იყოს ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგია, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო, საკუთარი ფუნქციებიდან გამომდინარე, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, შეისწავლის, აანალიზებს და მონიტორინგს უწევს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას.

სახელმწიფო აუდიტორების მიერ შერჩეული ოთხი სამინისტროდან, ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგია არ შეუმუშავებიათ განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ, აუდიტორებისთვის წარდგენილი სტრატეგიები შემუშავებული და დამტკიცებული იყო 2021 წელს. შესაბამისად, გათვალისწინებული აქტივობების უმეტესობას ჰქონდა მიმდინარე სტატუსი.

„აქედან გამომდინარე, პროფესიული განვითარების მიმართულებით, საჯარო სამსახურის ბიურომ ვერ განახორციელა ადამიანური რესურსების სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და მიდგომების მიმოხილვა და შეფასება. მიუხედავად საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების ხელშესაწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა, აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა საჭიროებს გაუმჯობესებას“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, საჯარო სამსახურის ბიურო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაციას და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მოხელეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსავითარებლად, აწარმოებს და აანალიზებს საჯარო მოხელეთა შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო სექტორს და აღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებსაც ამზადებს. ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს აუდიტორებმა ამ ნაწილში:

„საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო, რომელიც იკრიბება ექვს თვეში ერთხელ, თუმცა ბიუროს განმარტებით, აუდიტის პერიოდში, საბჭო არ შექმნილა!“

აუდიტის მიმდინარეობისას, ოთხი სამინისტროს მაგალითზე, გაანალიზდა პროფესიული განვითარების საჭიროების დადგენის პროცესი, სასწავლო გეგმებისა და მისი შემდგომი უზრუნველყოფის შესახებ მონაცემები, ასევე, აღნიშნული პროცესის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ბიუროს მიერ გატარებული აქტივობები.

 

ხარვეზები საჯარო სამსახურის ბიუროში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ იმ ოთხ სამინისტროს, რომლებიც აუდიტისთვის შეარჩიეს, საჯარო სამსახურის ბიუროში არ ჰქონდათ წარდგენილი პროფესიული განვითარების გეგმები, ან წარდგენილი გეგმები არ იყო სრულყოფილი. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ პროფესიული განვითარების გეგმების წარდგენა ფორმალურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ბიუროს მხრიდან არ არის უზრუნველყოფილი ინფორმაციის სრულყოფილი ანალიზი და შეფასება:

„პროფესიული განვითარების გეგმების შედგენის პროცესში, არ იკვეთება მკაფიო კავშირი შესწავლილი სამინისტროების მიერ დაგეგმილ ტრენინგებს, ორგანიზაციის პრიორიტეტებსა და ამოცანებს შორის, რადგან დაგეგმილი ტრენინგები ზოგადი ხასიათისაა და ნაკლებადაა ორიენტირებული დარგობრივი მიმართულებით კომპეტენციების ამაღლებასა და განვითარებაზე. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი სპეციალიზებული და პრიორიტეტული მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების განვითარების შესაძლებლობა. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, ზემოაღნიშნული გარემოებები კვლავ გამოწვევად რჩება“.

სახელმწიფო აუდიტორებმა შესწავლილი სამინისტროებიდან მიწოდებული ინფორმაცია გააანალიზეს და გამოკვეთეს, რომ პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამების ჯამური შესრულების მაჩვენებელი მცირე იყო - საშუალოდ, 14% შეადგინა. დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ფაქტობრივად ჩატარებულ ტრენინგებში დარგობრივი თემატიკის ტრენინგების წილი, რომელმაც ჯამურად ჩატარებული დამატებითი ტრენინგების 17% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დარგობრივი მიმართულებით ჩატარებული ტრენინგები არ იყო გათვალისწინებული პროფესიული განვითარების გეგმებში, რაც აუდიტორების მტკიცებით, მიუთითებს ორგანიზაციული მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების სათანადოდ შესრულების რისკებისა და დაგეგმვის პროცესის ნაკლოვანებაზე.

„ოთხი სამინისტროს შემთხვევაში, რეალურად ჩატარებული ტრენინგებისა და მონაწილე თანამშრომლების რაოდენობა ნაკლები იყო გეგმით გათვალისწინებულზე, რაც მიუთითებს პროფესიული განვითარების პროცესის დაგეგმვისა და მისი შემდგომი უზრუნველყოფის ხარვეზებზე. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, აღნიშნული გარემოებები კვლავ გამოწვევად რჩება. შესწავლილ ორგანიზაციებს არ აქვთ შემუშავებული პროფესიული საჭიროების დადგენის მეთოდოლოგიები. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ზოგადი ხასიათის „მოხელის პროფესიული განვითარების სახელმძღვანელო“, არ მოიაზრებს პროფესიული განვითარების მიმართულებით კონკრეტული ორგანიზაციების საჭიროებებს“.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ტრენინგების ჩატარება, ძირითადად, უზრუნველყოფილია დონორებისგან მიღებული დაფინანსებით, რადგან სამინისტროების ბიუჯეტი არ არის საკმარისი პროფესიული საჭიროებების სათანადოდ უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ დონორები აქტიურად არიან ჩართულები სწავლების პროცესის მხარდასაჭერად, ხშირ შემთხვევებში, სამინისტროებისთვის რთულია, წინასწარ, მეტი სიზუსტითა და საჭიროებების გათვალისწინებით განსაზღვრონ პროფესიული განვითარების გეგმები.

 

ხარვეზები პროგრამების ხარისხის კონტროლში

საჯარო მოსამსახურეების პროფესიული გადამზადების ნაწილში, აკრედიტაციას ექვემდებარება მხოლოდ საბაზისო პროგრამები, დამატებითი პროგრამები კი, შესაძლებელია დაექვემდებაროს აკრედიტაციას, თუმცა საჯარო დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მსგავსი მოთხოვნით, აუდიტის პერიოდში, ბიუროსთვის არ მიუმართავთ.

„ცხრა სამინისტროდან მოწოდებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ დამატებითი სასწავლო პროგრამებისა და მასში მონაწილეთა წილი გეგმაში, საშუალოდ, 90%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საბაზისო პროგრამების მაჩვენებლებს. დამატებითი სასწავლო პროგრამების სტანდარტისა და ხარისხის კონტროლის პროცედურები არ არის დადგენილი, ხოლო საჯარო დაწესებულებების უმეტესი ნაწილისთვის შეფასება შემოიფარგლება სწავლების შემდგომ პროგრამაში მონაწილეთა მიერ შევსებული „კმაყოფილების“ კითხვარით, რაც კარგი პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროსთვის საჯარო სამსახურში არსებული კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონის შესწავლა გამოწვევად რჩება და არსებობს რისკები, რომ დამატებითი სასწავლო პროგრამების მიზნები ვერ შესრულდეს“.

გაირკვა ისიც, რომ აუდიტის პერიოდში, ცხრა სამინისტროდან, ექვსის შემთხვევაში, არ იყო მოწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია დაგეგმილი სწავლებების შესახებ ადამიანური რესურსების მართვის - eHRMS სისტემაში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ენიჭება HR-ის მიმართულებით, ეფექტიანი მართვის განხორციელების მხარდასაჭერად. იმავდროულად, შესრულების ნაწილში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სწავლებაში მონაწილე თანამშრომელთა რაოდენობა ასახულია ჯამურად, რაც ართულებს საჯარო სამსახურის ბიუროს შესაძლებლობას, გააკეთოს სრულყოფილი ანალიზი, შეფასებები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები.

„აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესიული განვითარების გეგმები არ გამომდინარეობს პროფესიული განვითარების საჭიროებების დადგენის პროცესის შედეგებიდან, ვინაიდან ორგანიზაციებში აღნიშნულ პროცესს სრულყოფილად ფორმალიზებული ხასიათი არ აქვს. სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელებული გარკვეული ქმედებების მიუხედავად, ამ პროცესთან დაკავშირებული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება“.

საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს პანდემიით გამოწვეული ეფექტები, რამაც, აუდიტორების მტკიცებით, უარყოფითი გავლენა იქონია პროფესიული განვითარების პროცესზე.

რა ვიცით „გრინსერვის პლუსზე“ და რის გამო იყვნენ დაკავებულები რამდენიმე წლის წინ კომპანიის დამფუძნებლები

ავტორი-სალომე ნოზაძე

„ვერსია“ აგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, მამის მამა მასზე სისტემატურად ძალადობდა. „ვერსიამ“ ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში არაერთი სტატია მოამზადა და კვლავ ვაგრძელებთ ამ სკანდალური ამბის გამოძიებას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება.

იმის გასარკვევად, თუ რა სიახლე გამოიკვეთა საქმეში, „ვერსია“ სავარაუდო დაზარალებულის მამას, დაუკავშირდა. მისი თქმით ის აპირებს ყოფილ ცოლს მეურვეობა ჩამოართვას :

„ბოლო პროცესზე დაიკითხა ბავშვის ფსიქოლოგი, რომელიც ვერ იძახის ბავშვი იტყუება თუ არა. ამბობს, რომ შეიძლება იტყუებოდეს კიდეც. უკვე ეჭვი მეპარება ამ ფსიქოლოგს რამე გამოცდილება ჰქონდეს ან დამთავრებული ჰქონდეს ფსიქოლოგიური. მას კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ აქვს და სამწუხაროა ის რომ, ჩვენ ვაპირებდით ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა, მაგრამ უარი მივიღეთ. ეს ფსიქოლოგი ვერ გვცემს პასუხებს ჩვენ კითხვებზე, ამიტომ გვინდოდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა უშედეგოდ. სიმართლეს ამბობს თუ არა ბავშვი იმასაც კი ვერ ხვდება და ყველაზე ცუდი ამ აბავშია ის, რომ ფსიქოლოგი ბავშვს მკურნალობს როგორც გაუპატიურებულს, და ბოლოს ამბობს, რომ ვიცოდი, რომ ბავშვი გაუპატიურებული არ იყო, თუმცა მაინც ესე ვმკურნალობო. ანუ არასწორად მკურნალობოდა და ვფიქრობ, რომ ბავშვი მან უარეს დღეში ჩააგდო. ვაპირებ გამოვიძიო საერთოდ აქვს თუ არა ამ ფსიქოლოგს რაიმე გამოცდილება და შეუძლია თუ არა ნორმალურად მიაქციოს ჩემს შვილს ყურადღება...ასევე ფსიქოლოგი სხდომაზე კითხულობს რატომ არ ვუკავშირდებოდი ჩემს შვილებს. თურმე ბავშვი ნერვიულობს ამას, არადა ძალიან ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ყველგან დამბლოკეს და აუკრძალეს ჩემთან ურთიერთობა. ჩემი ყოფილი ცოლი ზემოქმედებს ბავშვებზე. სასამართლოზე ისე გამიარეს, ვერც შემამჩნიეს ვიყავი იქ თუ არა. თუ ბავშვი ამას მართლა ნერვიულობს სასამართლოზე ერთხელ მაინც გამოეხედა. რატომ დამბლოკეს სოციალურ ქსელებში ან არ მპასუხობენ როდესაც ვურეკავდი?! კითხვაზე თუ რატომ დამბლოკეს,ერთ-ერთმა შვილმა ისიც კი მიპასუხა, ესე იყო საჭირო და იმიტოო. ამ ეტაპზე ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს ჩემს შვილებთან კონტაქტი.

ასევე მე არავის სარწმუნოებას არ ვეხები, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სასამართლოზე ბავშვების განცხადებით ისინი იეჰოვას მოწმეები გახდნენ. ჩემი ყოფილი მეუღლე იყო იეჰოვას მოწმე და მისი ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ ჩემი შვილებიც, მაშინ, როდესაც ისინი მონათლულები გვყავდა და მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. ჩემი ყოფილი მეუღლეც, როდესაც ერთად ვიყავით, მაშინ მოვნათლეთ მართლმადიდებლად, მაგრამ დაშორების შემდეგ გახდა იეჰოვას მოწმე და ბავშვებიც მოაქცია. მე არ მსიამოვნებს ეს ფაქტი. ძალიან დიდი ზეგავლენის ქვეშ არიან ბავშვები. ეს ჩემი აზრია და ასე ვხედავ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, ჩემი ყოფილი მეუღლე არ ზრუნავს ჩემს შვილებზე და ვაპირებ, რომ მეურვეობა ჩამოვართვა. ბავშვების ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული და ჩემ შვილებს არ ექცევათ არანაირი საჭირო ყურადღება.“

More Articles ...