ფინანსური დარღვევები საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„2023 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში

გადმოიგზავნა 9 ანგარიში, რომელთა საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 5 საქმეზე, ხოლო 4 ანგარიში თემატურად დაერთო მანამდე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს, 2023 წელს, პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, დევნა დაიწყო 12 პირის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მათგან 9 ბრალდებული, დანაშაულის ჩადენის მომენტში, მუშაობდა საჯარო სექტორში“, - ვკითხულობთ საქართველოს პროკურატურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში. ამ ანგარიშში ერთი თავი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს ეძღვნება.

„ვერსიის“ წინა ნომერში, გენერალური აუდიტორის, ცოტნე ყავლაშვილის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში შემოგთავაზეთ, რომლითაც ის საქართველოს პარლამენტში წარსდგა. გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, რომ 2023 წლის მანძილზე, უწყებამ 21 დასკვნა გადააგზავნა გენერალურ პროკურატურაში, მათ შორისაა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ფინანსური საქმიანობის ანგარიში, რომელიც 2019-2021 წლების ფინანსურ საქმიანობას მოიცავს და რომელიც „ვერსიაში“ შარშან, დეტალურად განვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ 2019-2021 წლებში, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის შემოსავლებმა შეადგინა 8 054 958 ლარი, მათ შორის, საბიუჯეტო დაფინანსება - 5 236 375 ლარი, ხოლო საკუთარი შემოსავლები - 2 818 583 ლარი იყო. ამავე პერიოდში, ფედერაციის ხარჯები - 7 488 413 ლარი გახდლდათ, საიდანაც საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის დაიხარჯა 3 125 425 ლარი, წინასაშეჯიბრო შეკრებებზე - 680 851 ლარი, ადგილობრივ ტურნირებზე - 924 383 ლარი, ხოლო ფედერაციის მართვაზე - 2 757 753 ლარი.

 

ხარვეზები შესყიდვებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ხელბურთის ფედერაცია სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ საჯარო უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპებს. ამ პრინციპების დაცვის მიზნით, ფედერაციის მიერ სპორტული ღონისძიებების ორგანიზების ფარგლებში განხორციელებული, ასევე, სხვადასხვა მომსახურებისა და მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვის თაობაზე არსებული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით.

„სპორტსმენთა ტექნიკური, ტაქტიკური და ფუნქციონალური დონის ამაღლების მიზნით, 2019-2021 წლებში, ფედერაციის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ნაკრების სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების დაფინანსებამ შეადგინა 680 851 ლარი. შეკრებების ორგანიზების ხარჯების დიდი ნაწილი - 292 725 ლარი მოდის სასტუმრო მომსახურებაზე, რომლის შესყიდვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები და ამ პროცესის კონტროლის მექანიზმები გამოირჩევა შემდეგი სახის ნაკლოვანებებით: რიგ შემთხვევებში, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა განხორციელებულია ბაზრის კვლევისა და, შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის/ანალიზის გარეშე. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სასტუმრო მომსახურების ერთეულის ღირებულებები; ხელშეკრულებებით არ არის გათვალისწინებული მიწოდებული მომსახურების ხარისხის ინსპექტირების მექანიზმი, არ არის შეთანხმებული და განსაზღვრული სპორტსმენთა კვებისათვის საჭირო რაციონი და მისი ღირებულება; არ არსებობს შეკრებების ჩატარების პერიოდულობის, ხანგრძლივობის, მათში მონაწილეთა შემადგენლობის და რაოდენობის დადგენის წესი; შეკრებებში მონაწილე სპორტსმენების მიერ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მომსახურების მიღება დადასტურებული არ არის შეკრებების მომზადებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი გუნდის მწვრთნელების მიერ; არ ხორციელდება შეკრებებში მონაწილე პირთა რეგისტრაცია/აღრიცხვა და წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება გაწეული მომსახურების რეალური მოცულობა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2019-2021 წლებში, სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებმა შეადგინა 174 834 ლარი. ამ შემთხვევაშიც, მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია ბაზრის კვლევის გარეშე, უფრო ზუსტად,  მომსახურების 45% ბაზრის კვლევის გარეშეა შესყიდული, თანაც ერთი მიმწოდებლისგან. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების დროს მონაწილე სპორტსმენთა გადაყვანაზე ერთსა და იმავე პერიოდში, მგზავრთა რაოდენობის, მანძილისა და მარშრუტის უცვლელობის პირობებში, ტრანსპორტირების ხარჯი არსებითად განსხვავდება. ამ სხვაობებთან დაკავშირებით, ფედერაციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს სათანადო მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს.

„კერძოდ, 2019 წელს, თბილისში ჩატარებულ მსოფლიოს ერთა ჩემპიონატზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრთა ტრანსპორტირების ხარჯმა, 2019 წლის ივნისში, შეადგინა დღეში 400 ლარი. ამავე წლის აგვისტოში, 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე, დღიურმა ხარჯმა შეადგინა 250 ლარი. ერთი და იმავე მიმწოდებლის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურება ანაზღაურებულია მარშრუტის მანძილიდან გამომდინარე, ურთიერთშეუსაბამო ტარიფებით. კერძოდ, 2020 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თბილისი-ურეკი-თბილისის მარშრუტზე - 632 კილომეტრზე, ორდღიანი სატრანსპორტო მომსახურების ტარიფი, ერთ პერსონაზე შეადგენდა 44 ლარს, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თბილისი-ბორჯომი-თბილისის მარშუტზე - 314 კილომეტრზე, ერთდღიანი მომსახურების ტარიფმა, ერთ პერსონაზე - 36 ლარი შეადგინა“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ შესამოწმებელ პერიოდში, ბაზრის კვლევისა და შესაბამისი ალტერნატიული წინადადებების განხილვის ანალიზის გარეშე, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ შეისყიდა 49 074 ლარის მედიკამენტები და საკვები დანამატები. მედიკამენტებისა და საკვები დანამატების საჭიროების განსაზღვრისა და ხარჯვის პროცესში არ არსებობს კონტროლის მექანიზმები, რაც წარმოშობს სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს.

„შესასყიდი მედიკამენტების, დანამატების მოცულობისა და ნომენკლატურული სტრუქტურის განსაზღვრას საფუძვლად არ უდევს შესაბამისი პროფილის სპეციალისტის დასკვნა; საკვები დანამატებისა და მედიკამენტების ხარჯვის გამოყენების ნორმები დადგენილი არ არის ხელბურთელთა ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე; მედიკამენტებისა და საკვები დანამატების გაცემა არ ხორციელდება ექიმის დანიშნულების მიხედვით. ხელბურთელებზე მედიკამენტებისა და დანამატების გაცემის ფაქტი დოკუმენტურად არ დასტურდება; მიღებული მედიკამენტებისა და საკვები დანამატების ჩამოწერა ხორციელდება ღონისძიების დასრულების შემდეგ, არა ფაქტობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, არამედ, მიმწოდებლის მიერ გამოწერილი ზედდებულის შესაბამისად შედგენილი ჩამოწერის აქტის საფუძველზე, სრულად, ფაქტობრივი ნაშთის დაფიქსირების გარეშე“.

რაც შეეხება საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების მონაწილეთა სატრანსპორტო მომსახურებას, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ევროპის ხელბურთის ფედერაციასა და საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ტურნირებზე მონაწილე გუნდების სასტუმრო მომსახურების, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები უნდა დაფინანსებულიყო მონაწილე ფედერაციების მიერ გადახდილი თანხებიდან. 2021 წელს, საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების მონაწილეთა სატრანსპორტო მომსახურება - 49 450 ლარის ოდენობით, დაფინანსებულია არა მონაწილე ფედერაციების მიერ გადახდილი თანხებიდან, არამედ, კრიტერიუმის შეუსაბამოდ და თანაც საბიუჯეტო სახსრებით!

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ბაზრის კვლევისა და, შესაბამისად, ალტერნატიული წინადადებების განხილვა-შეფასების გარეშე მიმწოდებლების შერჩევა, ზრდის საბაზრო პირობებთან შეუსაბამო ფასისა და მიწოდების პირობების ჩამოყალიბების რისკებს, რაც თავის მხრივ, იწვევს საჯარო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვას, შესყიდვის პროცესში. საკვები დანამატებისა და მედიკამენტების საჭიროების განსაზღვრისა და გაცემისას, კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო, მაღალია მათი არამიზნობრივი გამოყენების რისკები.

 

ხარვეზები დაუდასტურებელ ხარჯებში

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის“ შესაბამისად, მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. ანგარიშვალდებული პირის მიერ შესყიდვების განხორციელება დადასტურებული უნდა იყოს პირველადი დოკუმენტებით.

ვნახოთ, არის თუ არა ეს წესი დაცული საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2019-2021 წლებში, ფედერაციის ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ თანხებზე, რიგ შემთხვევებში, წარდგენილი არ არის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„კერძოდ, 2019 წელს, ფედერაციის საბანკო ანგარიშიდან სატრანსპორტო მომსახურების ანაზღაურების მიზნით, ი/მ გია ბადალაშვილზე გადარიცხულ 42 230 ლარსა და ი/მ მამუკა ლომიძეზე გადარიცხულ 11 000 ლარზე, სულ ორივე შემთხვევაში - 53 230 ლარის ტრანზაქციებზე, არ არსებობს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, ინვოისები, ზედნადებები და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები); 2019-2021 წლებში, მივლინებების სახით სულ გახარჯულია 86 040 ლარი. რიგ შემთხვევებში, მივლინების მიზნით გაცემული თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი არ არის. კერძოდ, 2019-2020 წლებში, ფედერაციაში მივლინების სახით გაცემულ 13 380 ლარზე არ არსებობს ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები; 2019-2021 წლებში, ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გახსნილი ბიზნეს-ბარათის გამოყენებით, ფედერაციის საბანკო ანგარიშებიდან, თბილისში არსებული სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით, გამოტანილია სულ - 451 256 ლარი. აღნიშნული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ფედერაციაში არ არსებობს! სალაროს ოპერაციები ნაღდი ანგარიშსწორებით ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილ თანხებზე ნაწარმოები არ არის. აღნიშნული თანხებიდან, 2021 წელს, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მიერ, საბანკო ანგარიშზე დაბრუნებულია 40 000 ლარი“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში, რიგ შემთხვევებში, სამივლინებო თანხების ხარჯვა არ წარმოებს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად. მივლინების თანხები გაცემულია მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დასაქირავებლად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე. საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გატანილ თანხებსა და სატრანსპორტო მომსახურების სახით გაწეულ ტრანზაქციებზე არ არსებობს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

შიდა კონტროლის ნაკლოვანებები

სახელმწიფო აუდიტორებმა შიდა კონტროლის ნაკლოვანებებიც გამოკვეთეს. კერძოდ, ირკვევა, რომ ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ, საქმიანობაზე წესდებით გათვალისწინებული კონტროლი სათანადოდ არ ხორციელდება. მაგალითად, ყოველწლიური ანგარიში ფედერაციის ქონების მდგომარეობის შესახებ, 2019-2021 წლებში არ არის შედგენილი; 2019-2020 წლებში, პრეზიდიუმის სხდომების ჩატარების შესახებ შესაბამისი ოქმები წარდგენილი არ არის; ფედერაციის ბიუჯეტის პროექტი პრეზიდიუმის მიერ მომზადებული და ყრილობის მიერ არ არის დამტკიცებული; საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში, ფედერაციის თანამდებობის პირთა და დამხმარე პერსონალის საშტატო ერთეულები და სახელფასო ფონდი 2019 წელს არ დამტკიცებულა; ფედერაციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე ანგარიშები არ შედგენილა და ყრილობაზე დასამტკიცებლად არ წარდგენილა; ყოველი წლის ბოლოს, ფედერაციის ფინანსური მდგომარეობა არ განხილულა და მომავალი წლის ბიუჯეტი არ დამტკიცებულა; წესდების შესაბამისად, ფედერაციის საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი ფედერაციის ხაზინადარის წარდგენა და ყრილობის მიერ არჩევა 2019-2020 წლებში არ განხორციელებულა; 2019-2020 წლებში დამოუკიდებელი აუდიტორი არ მოწვეულა და ფედერაციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება არ ჩატარებულა.

„ფედერაციაში არ წარმოებს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. შესაბამისად, არ არის აღრიცხული ხელბურთის ფედერაციაში არსებული ძირითადი საშუალებები, სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები; არ ჩატარებულა აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ფედერაციას კრედიტორული დავალიანების სახით, ხუთი ორგანიზაციის მიმართ გააჩნია ბუღალტრულად აღურიცხავი 292 169 ლარის დავალიანება. აუდიტის პერიოდში ჩატარებული მატერიალურ ფასეულობათა აღწერით გამოვლინდა 73 სხვადასხვა დასახელების, 98 ერთეული ბუღალტრულად აღურიცხავი მატერიალური ფასეულობა, მათ შორის, ძირითადი აქტივები“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განუხორციელებლობა, სუსტი შიდა კონტროლის გარემო და ცალკეულ პროცესში კონტროლის მექანიზმების არარსებობა ზრდის ფულადი სახსრებისა და მატერიალური ქონების არამიზნობრივი, ასევე, არაეფექტიანი გამოყენების რისკებს. შრომითი ურთიერთობები არ ეფუძნება შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს; დასაქმებულთა სამუშაო დროის განსაზღვრის მიზნით, ფედერაციის შინაგანაწესი, ან სხვა სახის დამატებითი წერილობითი დოკუმენტი არ არის მიღებული; არ არსებობს სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა, რაც სუსტი შიდა კონტროლის პირობებში, იწვევს საჯარო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან განკარგვას და ზრდის ფიქტიური შრომითი საქმიანობის ანაზღაურების რისკებს.

 

 

ავტორი: მაკა რუხაძე