რა ქონებას ფლობს „ნაცების“ ახალი სახე - ოთხწლიანი დაძველებით

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წელიწადზე მეტია, ვხედავთ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას, რომ ოპოზიციამ იაროს შეთანხმებით, კომპრომისით, რათა ოქტომბერში ქართული ოცნება დამარცხდეს. ჩვენ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით. მე დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მსგავს, ერთიანობის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ, საერთო თანხმობით, კოალიციურად დავამარცხებთ ქართულ ოცნებას. ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება ამით არის ნაკარნახევი, - განაცხადა თამარ კორძაიამ ახალი პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის პრეზენტაციაზე.

ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია 8 ივლისს, ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გაიმართა. უფრო ზუსტად, ეს პლატფორმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა დააფუძნეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ვიხილავთ გია ჯაფარიძეს, ლაშა ბაქრაძეს, თამარ კორძაიასა და არმაზ ახვლედიანს. „ვერსიაა“ თამარ კორძაიას ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, თუმცა მანამდე, ტრადიციულად, მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ.

 

დეპუტატის ბიოგრაფია

თამარ კორძაია დაიბადა 1977 წლის 18 ივლისს, ქალაქ სოხუმში. 1999 წელს, დაამთავრა თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ხოლო 2003 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2002-2012 წლებში, თამარ კორძაია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების პროექტებს ხელმძღვანელობდა; 2012-2013 წლებში იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; 2010 წლიდან - საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი; 2013-2016 წწ. - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“; 2013-2015 წწ. - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი; 2013 წელს - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი; 2013-2015 წწ. - საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი; 2015-2016 წწ. - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი; 2016 წელს - თამარ კორძაია ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილეა; 2020 წლიდან - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლმენტის წევრია პარტიული სიით, ბლოკიდან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

2021 წლის 4 ივნისს, თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.

 

ქონებრივი დეკლარაცია

ქონებრივი დეკლარაცია თამარ კორძაიას, ბოლოს, 2024 წლის 25 თებერვალს შეუვსია. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ჰყავს შვილი - ლაშა გურჩიანი. რაც შეეხება ქონებას, დეკლარაციდან ირკვევა, რომ მის საკუთრებაშია 1210 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთის ძირში. უფრო ზუსტად, ეს არის თამარ კორძაიასა და მისი ძმის - ლევან კორძაიას საკუთრება, თუმცა 2021 წლის 22 ივლისს, ამ სახლის 50%-იანი წილი, სწორედ ძმას უჩუქებია.

გარდა ამისა, თამარ კორძაიას 100%-იან საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, ერთი - მარჯანიშვილის ქუჩაზე, 38.18 კვ. მეტრი ფართობის, რომელიც 2017 წელს, 35 000 აშშ დოლარად შეუძენია და მეორე - ვარკეთილი 3-ის დასახლებაში, 93 კვ. მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2009 წელს, 26 000 აშშ დოლარად იყიდა.

დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2023 წელს, თამარ გურჩიანის, როგორც ილიაუნში მიწვეული ლექტორის წლიური შემოსავალი 20 484 ლარი ყოფილა, როგორც პარლამენტის წევრის წლიური შემოსავალი - 48 269 ლარი, რროგორც საქართველოს უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის წლიური შემოსავალი კი მხოლოდ 3 370 ლარი. რაც შეეხება ლაშა გურჩიანს, ის აუდიტორული კომპანია KFMG-ის ასისტენტი გახლავთ და მისი წლიური შემოსავალი 2023 წელს - 11 976 ლარი ყოფილა.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თამარ კორძაიას 50 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი და 1915 ლარის განვადებით ნასყიდობის სესხი ჰქონია აღებული. რაც შეეხება 3 799 ლარის განვადებით ნასყიდობის სესხს, ის 2023 წელს დაუსრულებია.

 

 

 ავტორი-მაკა რუხაძე