რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87,34% მიიღო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს, 18 მარტს, გამოქვეყნებული ეს შედეგი ოქმების 98%-ის დამუშავებით მიღებულ მონაცემებს ეფუძნება.
პუტინმა ყველაზე მეტი ხმა, 98,99% ჩეჩნეთში მიიღო. ოფიციალური შედეგებით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში პუტინის მხარდაჭერა 85,57%-ია.
მეორე ადგილზეა სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი(4,3%). მას მოსდევს დუმის ვიცე-სპიკერი, პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი(3,8%). მეოთხე ადგილზეა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი(3,17).
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15-17 მარტს ჩატარდა, პუტინის გარდა, მონაწილეობდა ის სამი კანდიდატი, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ. მათ შორის ვერ მოხვდა, მაგალითად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი, რომელიც სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით პუტინს და უკრაინის წინააღმდეგ ომს ღიად აკრიტიკებდა.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება.
სამდღიანი კენჭისყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. მათ შორის, არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს.
17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ". მისი ინიციატორები იყვნენ ციმბირის კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები.
დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედიაპროექტის, ОВД-Инфо-ს ცნობით, 18 მარტის 04:24 საათისთვის ცნობილია, რომ რუსეთის 21 ქალაქში სულ მცირე 86 ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი, 28 - ყაზანში.
რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 74,22% შეადგინა. წინა, 2018 წლის არჩევნებში ეს მაჩვენებელი 67,54% იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 76,69%-ით გაიმარჯვა.
ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი.
რუსეთის საარჩევნო კომისიის დათვლით, პუტინი ხმების 87%-ით იმარჯვებს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი