ცოლმა ქმრის საყვარელი მოკლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მკვლელი ქალის სკანდალური აღიარებითი ჩვენება

 

ოჯახური ძალადობის შესახებ უკვე პატარა ბავშვებმაც კი იციან. ყველაფერი ეს, იმდენად მომრავლდა თუ ყოველდღიურობად იქცა, რომ არავის უკვირს. არადა, თითქოს ადრე ასე არ იყო, ან იყო და ვერ თუ არ ამბობდნენ, არ ახმაურებდნენ. ისე, მგონია, რომ სოციალური პრობლემებია ძალადობების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. უფულოდ და უპერსპექტივოდ მყოფი ადამიანები ნერვების გაკონტროლებას ვეღარ ახერხებენ და შემდეგ იწყება პროცესი, რომელიც ყოველთვის ცუდად სრულდება. ისე, ურიგო არ იქნება, თუ იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვებზე, ქალებზე ძალადობენ, რამე ამომცნობი ნიშანი ექნებათ, მაგალთად, იძულებით მკლავზე, ან კოჭთან, სპეციალური შეფერილობის ლენტის ტარება და თუ ამას არ გააკეთებენ, 30 დღით ციხეში ყოფნა. სისასტიკეა? არა, ბატონებო, მოძალადე უკუდო ამპარტავნები ვერ შეეგუებიან, რომ მათი ძალადობის შესახებ სხვამაც გაიგოს, რომ ქუჩაში იცნონ და რაც მთავარია, ისინი ქალებთან არიან დიდ გულზე, მათთან, რომლებიც სუსტები არიან, რომლებსაც ერევიან, თორემ ისე, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ლაჩრები და ქვეშაფსიები გახლავან.

 

80-იანი წლების გარიჟრაჟზე, მაშინ, როცა თითქოს კომუნისტურმა რეჟიმმა მარწუხებს მოუშვა, მოსახლეობამ უფრო მეტად გაიხედა დასავლეთისკენ და სწორედ მაშინ დაიწყო, არცთუ მცირე რაოდენობით, უცხოური ფილმების შემოსვლა, რომელთაც ასევე ჩუმად, „სპეკულიანტებთან“ ნაყიდ ვიდეომაგნიტოფონში უყურებდნენ და საბჭოთა ხელისუფლება ამას ებრძოდა. ებრძოდა ერთადერთი მიზეზით - დასავლურ ფილებში ძალიან ბევრი ძალადობაა და მოსახლეობაც ამისკენ მიდრეკილი გახდებაო.

ჰოდა, სწორედ იმ პერიოდში, მილიციის განყოფილებაში 15 წლის ბიჭი მივიდა, განცხადების დაწერა მინდა, მგონი, დედაჩემი მამაჩემმა მოკლაო. ოჯახის წევრისგან ასეთი რამის თქმა მოულოდნელი იყო, მაგრამ თქმას ვინ ჩივის, ბიჭი იძახდა, პასტა და ფურცელი მომეცით, ოფიციალური განცხადება უნდა შემოვიტანოო.

„დედა და მამა ხშშირად კამათობდნენ, ბოლოს კი, მამა დედას ხელითაც შეეხო. პირველად ეს, დაახლოებით, ექვსი თვის წინ მოხდა, მერე კი, სისტემატიური ხასიათი მიიღო. დედას ეჭვი ჰქონდა, რომ მამას საყვარელი ჰყავდა, მამა უარყოფდა, ნერვებს მიშლიო, ამბობდა და როცა დედის საყვედურებს ვერ უძლებდა, უბრალოდ, სცემდა. ახლაც, მამამ გამოაცხადა, სამსახურიდან სხვა ქალაქში მივლინებით მივდივარო და წავიდა, ერთ საათში კი, დედამ თქვა, ვიცი, სადაც წაეთრა, თავზე უნდა დავადგეო და ისიც წავიდა. კიდევ ერთი საათის შემდეგ, მამა სახლში დაბრუნდა, დედა კი, აგერ, უკვე მეორე დღეა, არ გამოჩენილა. მამა ამბობს, მივლინება გადამედოო, დედა კი არ ჩანს და არ მჯერა, რომ მივლინება გადაიდო. მგონია, რომ მამამ დედა მოკლა და სადღაც გადააგდო. ახლა, მე და ჩემს 7 წლის დას, ბებო გვივლის, რომელიც მამამ სოფლიდან ჩამოიყვანა, მაგრამ მე დედა მინდა და თუ ის მართლაც მამაჩემმა მოკლა, მკაცრად უნდა დაისაჯოს“, - თქვა ბიჭმა და რაღა თქმა უნდა, მას განცხადება ოფიციალურად დააწერინეს.

პირველ რიგში, სამართალდამცავებმა მამაკაცის დაკითხვა გადაწყვიტეს და მას სახლში მიაკითხეს. ძალოვნების გამოჩენამ კაცი, ცოტა არ იყოს, შეაკრთო, მაგრამ როცა უთხრეს, რომ მასზე განცხადება შვილმა შეიტანა, თავი გადაიქნია და თავისთვის ჩაილაპარაკა - „სულელი“.

„ჰო, მყავს მეგობარი ქალი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ, ისიც ბედნიერია ჩემთან ყოფნით და გვაქვს ის ურთიერთობა, რომელიც გვაქვს. არც მე ვაპირებ ცოლთან დაშორებას და არც ის მეუბნება, გინდა თუ არა, გაეყარე და დაშორდიო. ჩემი ცოლი კი, ყველაფერ ამისგან ტრაგედიას ქმნის და ბოლო დროს, კონფლიქტი ხშირად გვქონდა. მივლინების ამბავიც იმიტომ მოვიფიქრე, რომ ცოტა დასვენება და ნერვების განიავება მინდოდა. ჩემს საყვარელთან უნდა ვყოფილიყავი, არ უნდა გამოვსულიყავი ბინიდან და ამიტომ ბაზარში წავედი, ბევრი რამ ვიყიდე და ტაქსით მისი ბინისკენ რომ დავიძარი, დავინახე, სადარბაზოსთან ჩემი ცოლი იდგა. მივხვდი, მე მყარაულობდა, ამიტომ, დიდხანს არ მიფიქრია და იქაურობა დავტოვე, სახლში დავბრუნდი იმის იმედად, რომ ცოლს ვეტყოდი, მივლინება გადაიდო-თქო და თან კოზირიც ხელში მექნებოდა, საყვარელი არ მყავს-თქო. პროდუქტები მოვიტანე, საჭმლის კეთება დავიწყე, სამსახურიდან ერთკვირიანი შვებულება მაქვს აღებული და მინდოდა, ცოლისთვის მეთქვა, აგერ, შენი გულისთვის რას არ ვაკეთებ-მეთქი, მაგრამ ის არ გამოჩნდა. მეორე დღეს, დილით, საყვარელთან გავედი, მაგრამ კარი არავინ გამიღო, ისევ  შინ დავბრუნდი და აღარ ვიცოდი, რა მექნა. ამ დროს კიდევ, ბიჭი ამიტყდა, გინდა თუ არა, დედა მოკალი და დამარხეო. არ მეგონა, მილიციაში თუ მოვიდოდა, მართლა არ მეგონა. ცოლს თუ იპოვით, კარგი იქნება და არც ის იქნება ცუდი, თუ ცოლთან ერთად, საყვარელსაც მონახავთ. მართლა აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ცოლი და საყვარელი ერთად გაქრნენ“, - ამობდა მამაკაცი, მაგრამ სამართალდამცავებს რაღაც არ მოეწონათ და ის ყოველი შემთხვევისთვის, 48 საათით დააკავეს. უფრო ზუსტად კი, გამომძიებლებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ცოლიც და საყვარელიც მან გააქრო, ამის მტკიცებულებებს მალე იპოვიდნენ და კაცისთვის მერე რომ არ ედევნათ, „საქმე წინ წაიგდეს“.

პირველ რიგში, სამართალდამცავები საყვარლის ბინაში წავიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, თუმცა არ დაიბნენ, პროკურორს ჩხრეკის ორდერი გამოართვეს და სამი მეზობლის თანდასწრებით, ბინის კარი შეამტვრიეს. პრინციპში, შეამტვრიეს ხმამაღალი ნათქვამია, შესაბამისმა სპეციალისტმა „ატმიჩკებით“ მარტივად გახსნა. ბინის ჩხრეკის გარდა, მუშაობა ექსპერტებმაც დაიწყეს და ძალიან მალე, ერთ-ერთმა დამაჯერებელი ტონით თქვა - „სამზარეულოში, კაფელის გადაბმის ადგილებს შორის, სისხლის კვალია. ვიღაცამ საგულდაგულოდ კი იმუშავა მის წასაშლელად, მაგრამ სპეციალური ხსნარის გარეშე, ამის გაკეთება შეუძლებელია. არსებობს შანსი, რომ სამზარეულოში ქათმის ან საქონლის ხორცის სისხლი იყოს, მაგრამ მეეჭვება, რომელიმეს კაფელზე ამუშავებდნენ“.

ბინაში სხვა საინტერესო ვერაფერი ნახეს, მეზობლები გამოჰკითხეს და ვერც მათ გაიხსენეს რამე ისეთი, რაც ეჭვის საუძველი იქნებოდა, მხოლოდ ერთმა თქვა, მგონი, ჩვენი მეზობელი, ორი დღის წინ, გვიან ღამით წავიდა, რადგან როცა მისი კარი იკეტება, უცნაურ ხმას გამოსცემს და ეს ხმა ნამდვილად გავიგონეო.

ორივე ქალზე ძებნა გამოცხადდა და როგორც გაირკვა, არცერთი მათგანი სამსახურშიც არ გამოცხადებულა, არავინ იცოდა, სად იყვნენ. ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი იყო, რომ ორივე ერთად სადმე გამგზავრებულიყო. ამასობაში, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბინაში, კაფელის ჭრილებს შორის აღმოჩენილი სისხლი ადამინის იყო და რაც მთავარია, მალე ისიც გაირკვა, რომ სისხლის ჯგუფი სახლის პატრონისას ემთხვეოდა. სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდეგ, გამომძიებლები დარწმუნდნენ, რომ სისხლი სწორედ მამაკაცის საყვარელს ეკუთვნოდა და...

„ბოლო დროს, ჩემი ცოლი ისეთი იმპულსური გახდა, არ გამოვრიცხავ, ცხელ გულზე, ჩემი საყვარელი მოკლა და სადმე დამარხა. ჰო, დამარხა, რადგან მას არაერთხელ უთქვამს, შენს საყვარლებს სათითაოდ გავუთხრი საფლავსო“, - განაცხადა მამაკაცმა, მაგრამ ისიც დააყოლა, წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება იმალებოდესო. ამასობაში, სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცის კანონიერ მეუღლეს უახლოესი მეგობარი ჰყავდა და მისგან აგარაკის გასაღები ინათხოვრა, თან კატეგორიულად გააფრთხილა, არავის უთხრაო, მაგრამ როცა საქმე სავარაუდო მკვლელობას ეხება, ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს და არავის სურს, თანამზრახველი გახდეს. ამიტომ, მან დაქალი მარტივად ჩაუშვა და ძალოვნებმაც ის სწორედ აგარაკზე დააკავეს. მიდამოს დათვალიერების შემდეგ, ახალი მიწაყრილიც ნახეს, სადაც მამაკაცის საყვარლის გვამი გახლდათ დამარხული.

„ყველაფერი შემთხვევით მოხდა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ქმარი მივლინებაში არ მიდიოდა, რადგან სამსახურში გადავამოწმე და მითხრეს, რა მივლინება, შვებულება დაწერაო. მისი საყვარლის სახლთან ველოდებოდი, მაგრამ რომ არ გამოჩნდა, ავედი და საქმის გარჩევა მასთან დავიწყე. მივხვდი, ის ჩემს ქმარს ელოდა, რადგან შილიფად ეცვა, საძინებელში გაუხსნელი „შამპანური“ და ორი ჭიქა იდო. სამზარეულოში გავედით სასაუბროდ, ხელი ვკარი, კაფელზე ფეხი აუცურდა, კეფა დაარტყა და სისხლმა გაასხა. სისხლი იმდენად დიდი ოდენობით მოდიოდა, რომ მივხვდი, გადარჩენის შანსი არ იყო. შემეშინდა, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მერე კი... მერე სისხლი მოვწმინდე, გვამი ჯერ ცელოფნის ტომარაში ჩავდე, შემდეგ საძილე ტომარა ვიშოვე... ჯანი არ მაკლია, სადარბაზოში მე ჩავიტანე, ტაქსიც მე მოვიყვანე, დაქალს გავუარე, გასაღები გამოვართვი და ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობდი, როგორ და რანაირად გამეგრძელებინა ცხოვრება“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ განზრახ მკვლელობა ვერ დაადგინა, მაგრამ მიმალვისა და გვამის დამარხვის გამო, დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით მიუსაჯა.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე