„მანჩესტერ სიტიმ“ საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გიორგი ქინქლაძის ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა:
„მანჩესტერ სიტი“ და საქართველო: საამაყო კავშირი“, – წერს ინგლისური გრანდის ვებგვერდი.
კლუბი საკუთარ ვებგვერდზე ვრცელი წერილით ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას გამოეხმაურა, რომელიც ტურნირის უდიდესი სენსაცია გახდა და ევროპელი ფანების გამორჩეული სიმპათია დაიმსახურა. მანჩესტერელებმა „სიტიში“ მოთამაშე ქართველებიც გაიხსენეს.
„მანჩესტერ“ სიტი და საქართველო – საამაყო კავშირი
„საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე უდავოდ დაიპყრო ყველა ადამიანის გული. ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგში 71-ე ადგილზეა, ტურნირის მონაწილე უმეტესი ქვეყნებისთვის მეორე საყვარელი გუნდი გახდა.
პორტუგალიასთან 2:0 მოგებით, ქართველებმა ტურნირზე მათი მოხვედრის კანონზომიერება დაადასტურეს, საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჰკითხეთ „სიტის“ ნებისმიერ გულშემატკივარს და ისინი გეტყვიან, რომ საქართველო მათთვის მეორე საყვარელი გუნდია. ეს იმიტომ, რომ არცერთ ინგლისურ კლუბში არ უთამაშია იმაზე მეტ ქართველ ფეხბურთელს, ვიდრე „მანჩესტერ სიტში“ – კლუბის კავშირები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასთან თითქმის სამ ათეულ წელს ითვლის.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა „მანჩესტერ სიტის“ პრეზიდენტმა, ფრენსის ლიმ 21 წლის გიორგი ქინქლაძის ტრანსფერის თაობაზე თბილისის „დინამოსთან“ ჯენტლმენურ შეთანხმებას მიაღწია. მალევე ქინქლაძემ, რომელიც დიეგო მარადონასავით თამაშობდა, უელსის ნაკრებს შესანიშნავი გოლი გაუტანა და სკაუტები აღაფრთოვანა.
უელსთან თამაშის შემდეგ „სიტის“ სკაუტებმა პრეზიდენტ ფრენსის ლის უთხრეს: „ამ ბიჭთან კონტრაქტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაფორმოთ“.
ლიმ ქინქლაძეში ორი მილიონი ფუნტი გადაიხადა. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ „სიტის“ ახალი მწვრთნელი, ალან ბოლი ვარაუდობდა, რომ გულშემატკივრები ქართველის თამაშის სანახავად სტადიონს გაავსებდნენ და ის არც შემცდარა.
„ქინქი“, როგორც მას ფანებმა შეარქვეს, დიდი ტალანტი აღმოჩნდა, რომელიც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი გრაციოზულობითა და მოცეკვავის მსგავსი მოძრაობებით თამაშობდა. გიო მალე გახდა ფანების კერპი და „საუთჰემპტონთან“ 2:1 მოგებულ მატჩში გაიტანა ალბათ ყველაზე ლამაზი გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს „მეინ როუდს“.
ქინქლაძემ „სელტიკის“, „ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ ინტერესი დაიმსახურა, მაგრამ „სიტის“ პრეზიდენტს სურდა, რომ მისი ყველაზე ძვირფასი მოთამაშე კლუბში დარჩენილიყო და ამისათვის „მანჩესტერ სიტიში“ სხვა ქართველი ფეხბურთელებიც ჩაიყვანა – მაგალითად, მისი ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.
ქინქლაძის „ჯადოქრობის“ მიუხედავად, „სიტი“ 1995/96 წლების სეზონის ბოლოს პრემიერლიგიდან გავარდა, მაგრამ გიო გუნდში დარჩა, რათა პრემიერლიგაში დაბრუნებაში დახმარებოდა. 23 წლის მოთამაშე თვლიდა, რომ ეს მისი ვალი იყო პრეზიდენტისა და გულშემატკივრების წინაშე.
„ეს რთული იყო. მართალია, მქონდა წასვლის შანსი. „ბარსელონამ“ და სხვა გუნდებმა გამოხატეს ინტერესი, მაგრამ ვერ წავედი. მინდოდა, „სიტის“ პრემიერლიგაში დაბრუნებაში დავხმარებოდი“, – განაცხადა მოგვიანებით ქინქლაძემ.
ყაველაშვილი კი იჯარით „გრასჰოპერსში“ წავიდა. წლის ბოლოს „სიტიში“ კიდევ ორი ქართველი მივიდა, ორივე ცენტრალური მცველი – მურთაზ შელია და კახაბერ ცხადაძე. ორივე შესანიშნავი ტრანსფერი იყო, გამოცდილი მოთამაშეები კარგად შეწვნენ ინგლისის მეორე დივიზიონის სტილს. თუმცა ვერც მათ და ვერც ქინქლაძემ ისტორიაში პირველად „სიტის“ ინგლისის მესამე დივიზიონში დაქვეითებას ხელი ვერ შეუშალეს.
ქინქლაძე გადავიდა ჯერ „აიაქსში“, შემდეგ კი -„დერბი ქაუნთიში“, მაგრამ ვერასოდეს მიაღწია იმ სიმაღლეებს, რომლითაც თავი პირველ სეზონში გამოიჩინა. 2000 წლის მარტში კლუბი ყველა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა. ქინქლაძის სიყვარული და ის ხუთწლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოს დროშა რეგულარულად ჩანდა „მანჩესტერ სიტის“ თამაშებზე, ფანებს დღემდე დიდი სიყვარულით ახსენდებათ“, – წერს „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური გვერდი.
ავტორი - მერაბ მამულაშვილი
წყარო: პირველი არხი
„მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური გვერდი - ეს არის ჩვენი საამაყო კავშირი საქართველოსთან, რომლის დროშაც ჩვენს სტადიონზე ხუთი წელი ფრიალებდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი