ვინ არის ილია ღამბაშიძე, რომელსაც კრემლის დაკვეთილი დეზინფორმაციული კამპანიისთვის აშშ-ის სანქციები შეეხო?

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დასკვნით, ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის უკან, რომლის მიზანიც აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვაა, რუსი პოლიტიკური სტრატეგი ილია ღამბაშიძე დგას.

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ღამბაშიძის ციფრული მარკეტინგის სააგენტო, კრემლთან თანამშრომლობით, ქმნის ყალბი ამბების საიტებს, ზოგჯერ კი რეალური მედიის საიტების კლონებს.

თუ იქ გამოქვეყნებული პუბლიკაციების შინაარსით ვიმსჯელებთ, ამ საიტების მიზანი ხშირად და ძირითადად უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებაა.

2024 წლის მარტში, ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ, ღამბაშიძე, მისი ბიზნესპარტნიორი და მათი კომპანია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების სიაშიც მოხვდა.

სწორედ ამით მიიპყრო ყურადღება ნაკლებად ცნობილმა პოლიტიკურმა სტრატეგმა, რომელიც ადრე რუს დეპუტატებსა და რეგიონალურ პოლიტიკოსებზე მუშაობდა.

2013 წლიდან 2020 წლამდე, ღამბაშიძის ან მისი ახლო ნათესავის მთლიან ან ნაწილობრივ მფლობელობაში მყოფმა კომპანიებმა დაახლოებით 180 მილიონი რუბლის (2,7 მილიონი აშშ დოლარი 2016 წლის საშუალო კურსით) ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს. და ეს არ არის ღამბაშიძის საკუთრებაში არსებული ყველა კომპანია.

როდესაც ბოლო წლებში ის უცხოური ბაზრისკენ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო, კრემლში მისი სავარაუდო კურატორი იყო ერთ-ერთი თანამდებობის პირი ქალი, რომელიც ხშირად მონაწილეობდა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ყალბი ამბების შექმნასა და გავრცელებაში, დეზინფორმაციის ექსპერტების შეშფოთებას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ილია ღამბაშიძე მუშაობს შეერთებულ შტატებში სოციალური და პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციაზე, მისი ვაჟები კვლავაც აგრძელებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებას.

ეს ინფორმაცია “ამერიკის ხმას” ღამბაშიძის ყოფილმა მეუღლემ დაუდასტურა, რომელიც უკვე 15 წელია აშშ-ში ცხოვრობს.

ის და მისი ახლანდელი მეუღლეც (მათ სახელებს არ ვასახელებთ) მიიჩნევენ, რომ ღამბაშიძის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესება დარტყმას მის შვილებს აყენებს:

„ჩვენი აზრით, ერთადერთი, რასაც ეს სანქციები აკეთებს, მოკრძალებულ ზიანს აყენებს მისი შვილების ცხოვრების წესს", - ღამბაშიძის შვილების მამინაცვალი ამბობს, რომ „ისინი უბრალოდ ჩვეულებრივ სკოლაში დადიან, საზოგადოებრივ კოლეჯში.”

“ამერიკის ხმის” გამოძიება აჩვენებს როგორც მჭიდრო კავშირს რუსეთის ბიზნესინტერესებსა და კრემლის საგარეო პოლიტიკას შორის, ისე იმას, თუ როგორ უყურებენ დასავლეთს ადამიანები, რომლებიც თავად დასავლეთის ინსტიტუტების დისკრედიტაციაზე მუშაობენ.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსი თანამშრომლის და ლონდონის კინგს კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტის მკვლევრის, ჯეიდ მაკგლინის აზრით, პოლიტიკური ტექნოლოგიების სამყაროში არ არის ყოველთვის ადვილი ერთმანეთისგან ფინანსური და იდეოლოგიური მოტივები განასხვაო.

„დიახ, კონკრეტული ქმედებები შესაძლოა ფინანსურმა მოგებამ განაპირობოს, მაგრამ გაბატონებული იდეოლოგიური სივრცე - მაშინაც კი, თუ ამ საკითხში სრული იდეოლოგი არ ხარ - ამ სამუშაოს ბევრად კომფორტულს და მისაღებს ხდის”.

თავად ღამბაშიძემ “ამერიკის ხმის” კითხვებს არ უპასუხა.

ჩვენ მოვახერხეთ მასთან ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ გვთხოვა, რომ კითხვები მესენჯერში მიგვეწერა, თუმცა იქ შეტყობინებებს აღარ უპასუხა.

რა ვიცით ღამბაშიძის შესახებ?
ილია ღამბაშიძის სრული ბიოგრაფიის მოპოვება ღია წყაროებიდან რთულია, მაგრამ ძირითადი მონაცემები ხელმისაწვდომია.

საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) (რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ის სანქციების აღსრულებაზე) ინფორმაციით, პოლიტიკური სტრატეგი 1977 წელს, კიევში დაიბადა.

2008 წელს ღამბაშიძემ დაიცვა დისერტაცია სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

მისი ნაშრომის თემა კი იყო: ”ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების თავისებურებები რუსეთის ფედერაციაში პარტიული სისტემის ტრანსფორმაციის კონტექსტში”.

როდესაც ღამბაშიძე 2009 წელს მოსკოვის ჩრდილოეთ ოლქის პრეფექტის თანაშემწედ მუშაობდა, ის გატაცების უცნაური მცდელობის მსხვერპლი გახდა. როგორც ჩანს, დაახლოებით ამ პერიოდში წავიდნენ მისი ყოფილი ცოლი და შვილები ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ღამბაშიძე რუსეთში დარჩა, სადაც ის მუშაობდა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის, პიოტრ ტოლსტოის მრჩევლად, რასაც მოწმობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის 2017 წლის სხდომის ოქმი.

მედიის ცნობით, ღამბაშიძე ასევე მუშაობდა ყალმუხეთის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ბათუ ხასიკოვთან, ხოლო 2023 წლის არჩევნების წინ, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან (ЛДПР).

იმავე წელს რუსეთის პოლიტიკურ კონსულტანტთა ასოციაციამ სამი პროექტისთვის დააჯილდოვა ის გუნდები, რომელთა წევრი ღამბაშიძეც იყო.

ამ პროექტებიდან ორი ძალიან უჩვეულო იყო - ЛДПР-ის დამფუძნებლის, 2022 წელს გარდაცვლილი ვლადიმირ ჟირინოვსკის ძეგლი და სამირველმაისო მიტინგი ვიდეოთამაშისთვის Minecraft და ასევე, ნეიროქსელი “ჟირინოვსკი” - ეს უკანასკნელი გარდაცვლილი პოლიტიკოსის ერთვარი ვირტუალური ვერსიაა, რომელიც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, რომელსაც შეუძლია ჟირინოვსკის სტილში (და ხმაზე) კითხვებზე პასუხის გაცემა.

2024 წლის მარტში, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ღამბაშიძის გუნდმა, მისი ერთ-ერთი თანამოაზრის თქმით, შექმნა იუმორისტული კამპანიის რეკლამა ტამბოვის მცხოვრებლებისთვის.

მუსიკალურ ვიდეოში, ბიჭები და გოგონები რუსული ხალხური სამოსით, ცეკვავენ დათვებისა და მგლების კოსტიუმებში გამოწყობილ ანიმატორებთან ერთად, უკრავენ აკორდეონებსა და ბალალაიკაზე და მღერიან ინგლისურად (დამახასიათებელი რუსული აქცენტით) თავიანთი სურვილის შესახებ - მონაწილეობა მიიღონ სახალხო ნების გამოხატვაში.

„ხალხური წესია, ყველა მივდივართ საარჩევნო უბნებზე!", „არ არსებობს ავტოკრატია, ჩვენ დემოკრატიაში ვცხოვრობთ!", "ჩვენ არ გვაქვს ავტოკრატია, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში".

ამ შეფასებას დამოუკიდებელი ექსპერტები და დასავლური მთავრობები არ ეთანხმებიან.

კრემლის დეზინფორმაცია


2022 წლიდან სოციალური მედიის პლატფორმები, მკვლევრები, დასავლური მთავრობები და ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად უკავშირებენ ღამბაშიძის ორ კომპანიას პროექტთან, რომლის მიზანიც უკრაინაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და შეერთებულ შტატებში დეზინფორმაციის გავრცელებაა.

2022 წლის ნოემბერში მეტამ თქვა, რომ წაშალა 2300-ზე მეტი ანგარიში და გვერდი თავის სოციალურ ქსელებში - Facebook-სა და Instagram-ზე „კოორდინირებული არაავთენტიკური ქცევისთვის“.

ეს ანგარიშები აზიარებდნენ მასალებს სამთავრობო გვერდებიდან და ასევე იმ ვებსაიტებიდან, რომლებიც თავს რეალურად მედიასაშუალებებად ასაღებდნენ. ეს სტატიები „აკრიტიკებდნენ უკრაინას, ადიდებდნენ რუსეთს და ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ნეგატიურ შედეგებს მოიტანდა“, - წერდა მეტა.

დეზინფორმაციის სამიზნე იყო ევროპა და უკრაინა. მოგვიანებით ევროპელმა მაღალჩინოსნებმა კამპანიას "Doppelganger" ("ორეული") უწოდეს.

მეტამ ეს კამპანია დაუკავშირა ორ რუსულ ფირმას: მარკეტინგულ კომპანია “სოციალური დიზაინის სააგენტოს” (ASP) და IT-ფირმა “სტრუქტურას”, რომლებმაც ჯამში დაახლოებით 105 000 დოლარი დახარჯეს რეკლამაში Facebook-სა და Instagram-ზე.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია ASP დაარსდა ღამბაშიძის მიერ, ფორმალურად კომპანია რეგისტრირებულია ქალის სახელზე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ტამბოვში ღამბაშიძის პოლიტტექნოლოგიურ პროექტებთან.

ღამბაშიძე “სტრუქტურის” თანადამფუძნებელი იყო, დღეს კი ის ნიკოლაი ტუპიკინს ეკუთვნის. მის შესახებ საჯაროდ კიდევ უფრო ნაკლები ინფორმაცია იძებნება - ტუპიკინის მხოლოდ ერთი "ოფიციალური" ფოტო არსებობს რუსულენოვანი ტელეგრამარხიდან სტარტაპების შესახებ.

ტუპიკინმა უარი თქვა „ამერიკის ხმასთან” სატელეფონო კომენტარზე და არც ელფოსტით გაგზავნილ თხოვნას უპასუხა.

2023 წლის ივლისში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ღამბაშიძეს და მის ამ ორ კომპანიას.

რამდენიმე თვის შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ დაადანაშაულა Doppelganger-ის კამპანია ისრაელსა და ჰამასს შორის ომის ფონზე, საფრანგეთში შფოთის გაღვივებაში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა პარიზის ქუჩებში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც დავითის ვარსკვლავი იყო გამოსახული.

მოგვიანებით საფრანგეთის პოლიციამ დააკავა მოლდოვის ორი მკვიდრი, რომლებიც, სავარაუდოდ, კრემლის ერთგული ბიზნესმენის სახელით მოქმედებდნენ.

პარიზში რუსეთის საელჩომ ბრალდებები უარყო. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ გაზეთმა Le Monde-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის დაზვერვის სამსახურებს პროვოკაციის მოწყობაზე ეჭვი სწორედ ФСБ-ზე ჰქონდათ მიტანილი.

2023 წლის ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა დაადანაშაულა ღამბაშიძე, ტუპიკინი და მათი ფირმები, ლათინურ ამერიკაში კრემლის დაკვეთით, ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციის კამპანიის წამოწყებაში.

კრემლიდან გაჟონილ დოკუმენტებზე დაფუძნებული სტატიების სერიაში The Washington Post-მა შეძლო Doppelganger-ის კამპანიის უფრო ნათელი სურათის დახატვა, რომელიც ასე გამოიყურება:

პოლიტიკური სტრატეგების გუნდი მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს ხელმძღვანელობით.

პოლიტტექნოლოგები იყენებენ ბოტების მომსახურებას, რომლებიც მოგვაგონებს ევგენი პრიგოჟინის ძველ „ტროლების ქარხანას“, რომელიც ზოგჯერ სოციალურ ქსელებში ვითომ რიგითი „აშშ-ის მცხოვრებლების“ სახელით პოსტავს და ეწინააღმდეგება ამერიკის მხარდაჭერას უკრაინისადმი.

ამ კამპანიის ფარგლებში, ბოტები ცდილობდნენ შიშის გაღვივებას ამერიკის საზღვრების უსაფრთხოებაზე, რასობრივი და ეკონომიკური დაძაბულობის გაზრდას საზოგადოებაში და იზოლაციონიზმის მხარდაჭერას შეერთებულ შტატებში, - წერს “ვაშინგტონ პოსტი”.

გაზეთის წყაროს ცნობით, კამპანიის ევროპული და უკრაინული მიმართულებების კოორდინატორი და მთავარი „ტვინი“ იყო ვინმე სოფია ზახაროვა - რუსეთის პრეზიდენტის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ადმინისტრაციიდან.

სოციალურ ქსელში “ვ კონტაქტე” ზახაროვასა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის სტუდენტების შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ზახაროვა ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ნამუშევარი აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროში.

“ამერიკის ხმამ” ვერ შეძლო ზახაროვასთან დაკავშირება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და აშშ-ში რუსეთის საელჩოს მეშვეობით.

სოფია ზახაროვამ, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2019 წლიდან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის თემაზე მიძღვნილ კონფერენციებსა და ღონისძიებებში.

ის ორჯერ დაესწრო ევროპის საბჭოს ეგიდით ხელოვნური ინტელექტის დროებითი კომიტეტის შეხვედრებს.

არც ილია ღამბაშიძეა შორს ხელოვნური ინტელექტისგან - რუსულ სოციოლოგიურ სააგენტო “რუსულ ველთან” კომენტარში მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური სტრატეგები „აქტიურად დაიწყებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ინტერნეტიდან ინფორმაციის შესაგროვებლად და დასამუშავებლად: ისინი შეისწავლიან კომენტარებს სოციალურ ქსელებში და პოსტების ტონს, შეაფასებენ სტატიებს მედიაში და ასე შემდეგ“.

”დიახ, რა თქმა უნდა, ბოტების ქარხნები და პოლიტიკური დაკვეთები გარკვეულ ცდომილებას მოგვცემს, - დასძინა პოლიტიკურმა სტრატეგმა, - მაგრამ საერთო სურათი ნათელი იქნება”.

პოლიტიკური ტექნოლოგიების და პიარის ბიზნესი


პოლიტიკოსებსა და კრემლზე მუშაობის გარდა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღამბაშიძემ საკუთარი თავი ბიზნესის სხვადასხვა სფეროშიც გამოცადა. 2013 წლიდან მისმა კომპანიებმა არაერთხელ მოიგეს სახელმწიფო შესყიდვების ტენდერები.

ღამბაშიძე ფლობდა კიდევ ერთ კომპანიას, Deep Communication-ს, რომელმაც, რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის თანახმად, 2014-2016 წლებში მიიღო 12 კონტრაქტი, რომელთა საერთო ღირებულება 118 მილიონ რუბლს აღემატებოდა (დაახლოებით 1,76 მილიონი აშშ დოლარი 2016 წლის საშუალო კურსით).

2014 წელს ღამბაშიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის მფლობელობაში არსებულ კომპანია Ю.СИ.ПИ.АР-ს კი სახელმწიფომ 3,2 მილიონი რუბლის ოდენობის კონტრაქტი გაუფორმა.

2013-2017 წლებში, ასევე ილია ღამბაშიძის მფლობელობაში მყოფმა Energy Communications-მა მიიღო 15 სახელმწიფო კონტრაქტი, რომლის ღირებულება თითქმის 56,9 მილიონი რუბლია.

კომპანია “ეტიუდმა” კი, რომელიც მის ახლო ნათესავს, სავარაუდოდ, დედას ეკუთვნის, 2020 წელს 1,8 მილიონი რუბლის ღირებულების კონტრაქტი მიიღო.

ღამბაშიძის კომპანიების ზოგიერთი სერვისი მოიცავდა ვებგვერდის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რეკლამას, ფოკუსჯგუფების მოწყობას და ა.შ.

იყო უფრო მოულოდნელი ამოცანებიც: ერთ-ერთი კონტრაქტის მიხედვით, კომპანია Deep Communication-ი ჩაერთო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფილმის “ჟასმინის” წარმოების პროცესში (ღია წყაროების მიხედვით, 2016 წელს გამოსული “ჟასმინი" ფილმი "ჰიტი" გახდა. მისი რეჟისორია მარგარიტა მიხაილოვა).

ღამბაშიძის ბიოგრაფიაში კინოს თემა არაერთხელ ჩნდება.

Deep Communication-მა ასევე იმუშავა ყირგიზულ-რუსულ ერთობლივ ფილმზე “სულეიმან-ტოო”. 2012 წელს კანის კინოფესტივალის ერთ ფოტოზე თავად ღამბაშიძეც ვიპოვეთ - ფოტოს წინა პლანზე იყო ამერიკელი მსახიობი ზაკ ეფრონი, რომელიც კინოფესტივალზე ჩამოვიდა.

მთლიანობაში, ღამბაშიძის კომპანიებმა მიიღეს 179,9 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები.

თითქმის ყველა კომპანია, რომლებმაც მიიღეს სახელმწიფო ხელშეკრულებები, უკვე ლიკვიდირებულია.

როდესაც 2024 წლის მარტში აშშ-ის ხაზინამ ღამბაშიძეს სანქციები დაუწესა, ასევე გაიყინა მისი ორი „საფულე“, სადაც მას Chainalysis-ის მკვლევართა აზრით, დაახლოებით 200 ათასი დოლარის კრიპტოვალუტა ჰქონდა.

ღამბაშიძე სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელიცაა, რომლებსაც სახელმწიფო კონტრაქტები არ მიუღიათ: კომპანიების ჩამონათვალი და მათი საქმიანობის სფეროები საკმაოდ ფართოა და მოიცავს კვებას, დაზღვევას და სხვა სფეროებს. მათ შორის, „ხმამაღლა კითხვის ჩემპიონატს“.

ის ასევე არის მამისგან მიღებული ბულგარული კომპანია Moi Bryag-ია ("ჩემი სანაპირო") მფლობელი. ოფიციალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას არასდროს ჰქონია შემოსავალი.

ამ კომპანიის სავარაუდო ვებსაიტი - ოფისით მოსკოვში - აღარ იძებნება, მაგრამ საიტის არქივირებული ვერსიებიდან ჩანს, რომ "ჩემი სანაპირო" უძრავი ქონების რეკლამას აქვეყნებდა ბულგარეთისა და საბერძნეთის შავი ზღვის სანაპიროზე.

ბულგარული დოკუმენტების მიხედვით, ღამბაშიძის მამას ბინა ბულგარეთის ქალაქ ბიალაში აქვს.

თუ ბულგარულ კომპანიებს ოდესღაც ღამბაშიძე აქტივების შესანარჩუნებლად ან შემოსავლის მისაღებად იყენებდა, დღეს ისინი მისთვის სანქციების გამო მიუწვდომელია და, მისი ყოფილი ახლობლების თქმით, ეს პრობლემებს უქმნის მის ამერიკელ შვილებს.

სანქცირებული მამისგან ალიმენტის მიღების ერთადერთი გზა აშშ-ის ხაზინადან სპეციალური ლიცენზიის აღებაა, ამბობენ ღამბაშიძის შვილების დედა და მათი მამინაცვალი. მათი თქმით, ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.

“სანქციები შეეხო მხოლოდ მის (ღამბაშიძის) შვილებს, რომლებიც არიან აშშ-ის მოქალაქეები და კარგი სტუდენტები, - თქვა მათმა მამინაცვალმა, - ისინი რუსეთში არ ცხოვრობენ, მუდმივად აქ ცხოვრობენ და ამერიკელები არიან. ეს მათ ყველაზე მეტად აზიანებს“.

 

წყარო: რადიო თავისუფლება

მეთიუ კუპფერი, "ამერიკის ხმა"