ექსკლუზივი - ნოდარ ნიშნიანიძე, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებს მოკვლით ემუქრებოდა, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ დაასრულა დის ქმარმა ვაკო ყაზაიშვილის სანაკრებო კარიერა

დიდი ხანია, საქართველოში მიმდინარე კრიმინალურ მოვლენებზე აღარ დამიწერია. უფრო სწორად, იმ პროცესებზე, რომლებიც რიგითი მოკვდავთათვის ხილული არ არის, მაგრამ კარგად იციან ძალოვანმა უწყებებმა და მუშაობენ, დღისით და ღამით ცდილობენ, აღმოფხვრან ის პრობლემა, რომელიც არსებოს, მაგრამ აქედანვე ვთქვათ, რომ თუ ყველაფერ ამაში, შესაბამისი კანონი არ მიაშველა პარლამენტმა, არაფერი გამოვა, თუმცა ამაზე ქვემოთ, მანამდე კი ექსკლუზივი...

 

2021 წლის 16 ნოემბეერს, კიევში, სვიატოშინსკის რაიონული სასამართლოს შენობიდან გამოსულ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტ ირაკლი მალანიას რამდენჯერმე ესროლეს. მართალია, მალანია საავადმყოფოში ცოცხალი გადაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკრაინელმა სამართალდამცავებმა თავდამსხმელების ვინაობა მალე დაადგინეს და ძებნა 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძესა და 36 წლის ლაშა სიხარულიძეზე გამოცხადდა, თუმცა ძებნაც არის და ძებნაც, ორივე მათგანი ინტერპოლის წითელ ცირკულარში ჩასვეს.

ბევრი ამბობდა, რომ ორივე კრიმინალური ავტორიტეტი იმდენად გამოცდილი იყო, რომ სასწაული უნდა მომხდარიყო, ინტერპოლის მცდელობის მიუხედავად, დაეკავებინათ.

მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ, ტელევიზიით გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ნიშნიანიძე უკვე ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების წევრებს ემუქრება. ის უკმაყოფილოა იმით, რომ ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა, ნიშნიანიძის დის ქმარი, ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. ჩანაწერში ნიშნიანიძე ფეხბურთელების მკვლელობა-დასახიჩრებით იმუქრება. ჩანაწერის გავრცელებიდან მალევე, განცხადება გაავრცელა ყაზაიშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მზად იყო, ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება მიეღო და ჩანაწერში გაჟღერებული ამბები მისთვის კატეგორიულად მიუღებელი გახლდათ. მალევე, ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ნაკრების შემადგენლობა მორიგი მატჩისთვის დაასახელა და იქ ყაზაიშვილი საერთოდ ვერ მოხვდა. სავარაუდოდ, ეს იყო პასუხი მუქარაზე და რეალურად, სწორედ ნიშნიანიძის განცხადების შემდეგ, ყაზაიშვილის სანაკრებო კარიერა, უბრალოდ, დასრულდა.

ყველაფერი ეს კი იმიტომ გაგახსენეთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, გასულ კვირას, ნოდარ ნიშნიანიძე ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში დააკავეს. დაკავება სწორედ ინტერპოლის თანამშრომლების მხრიდან მოხდა და ახლა საინტერესო ის არის, სად მოახდენენ მის ექსტრადაციას.

ოფიციალურად, ნიშნიანიძე უკრაინაში ჩადენილ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და ინტერპოლიც უკრაინელი სამართალდამცავების მოთხოვნის საუძველზე ეძებდა, თუმცა დღეისთვის, უკრაინაში არსებული საომარი ვითარების გამო, კრიმინალების დევნა და სასამართლოების გამართვა, ცოტა არ იყოს, გაჭიანურებული და შეფერხებულია.

მეორე მხრივ, საქართველოში მისი ექსტრადაციის საფუძველი არ არსებობს, რადგან ქართული მხარე უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის ვერ გაასამართლებს. მოკლედ, ამბავი ძალიან ჩახლართულია და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცალკე - ინტერპოლი და ცალკე - უკრაინული მხარე.

ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ დაკავებას შემთხვევით გადაურჩა ლაშა სიხარულიძე, თუმცა ინტერპოლი მის კვალზეც გასულია და მალანიას მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილის დაკავება დროის ამბავია. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ ივარგებს ინტერპოლი სიხარულიძის შემთხვევაში.

 

***

ახლა, რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. სამწუხაროდ, მთავარ გამოწვევად კვლავ ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება ხდება. ნარკოტიკული ნივთიერება იყიდება ყველგან და ხელმისაწვდომია ყველასთვის. სხვადასხვა აპლიკაციასა თუ სოციალურ ქსელში, ყოველდღიურად ახალ-ახალი ჯგუფები ემატება, სადაც ნარკოტიკებით ღიად ვაჭრობენ და ვაღიაროთ, რომ ამ პირობებში, საქართველოს კი არა, მსოფლიოს სამართალდამცავთა ნებისმიერი სტრუქტურა უძლურია. საქმე ის გახლავთ, რომ ჯგუფების „გატეხვას“ და იმის გარკვევას, თუ ვინ დგას მათ უკან, არაერთი დღე სჭირდება და კვალი, ყველა შემთხვევაში, უცხოეთში მიდის. იქ კი, მდგომარეობა რთულდება, კონკრეტულად რომელი ქვეყანა და რომელი ქალაქია, ძნელი გასარკვევია და თუ ესეც ირკვევა, შემდეგ უკვე... ჯგუფი ქრება ინტერნეტსივრციდან და ახალი ჯგუფი იქმნება, რომლის გარშემოც იწყება მუშაობა და ასე დაუსრულებლად. ეს პრობლემა არა მარტო ქართველ ძალოვნებს აწუხებთ, არამედ, მსოფლიოს ყველა პოლიციელმა იცის, რომ ამ ჯგუფების გაშიფვრა და სააშკარაოზე გამოყვანა ძალიან ძნელია. როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ, სამართალდამცავების ხელში მხოლოდ კურიერები ვარდებიან ანუ ის ხალხი, რომლებიც დავალებას ასევე ინტერნეტით იღებენ, ინტერნეტის მეშვეობით ერიცხებათ ფულიც და რისკავენ... ჰო, პატარა გოგო-ბიჭები რისკავენ და ნარკოტიკებს მითითებულ ადგილზე დებენ, მერე კი, როცა ძალოვნების ხელში ჩავარდებიან, აღმოაჩენენ, რომ ამ ქმედებისთვის, გისოსებს მიღმა, შესაძლოა, 20 წელი გაატარონ.

იყო შემთხვევა, როცა სამართალდამცავებმა ნარკოტიკების გასაღებაზე პენსიონერიც კი დააკავეს, რომელსაც შვილიშვილმა ურჩია, „სარფიანი საქმით“ დაკავებულიყო და პენსიის ოდენობის თანხა, შესაძლოა, ერთ დღეში გამოემუშავებინა. ჰოდა, დადიოდა ის პენსიონერი ჩვეულებისამებრ სკვერში, დებდა ნარკოტიკს, უღებდა სურათს და აგზავნიდა შვილიშვილის ტელეფონზე აპლიკაციას ანუ ატარებდა პროცესს, რომელიც მას შვილიშვილმა აუხსნა და ასწავლა, მაგრამ ის კი აღარ უთქვამს, რომ თუ დაიჭერდნენ, მთელი დარჩენილი ცხოვრება, შესაძლოა, გისოსებს მიღმა გაეტარებინა და... სავარაუდოდ, ასეც მოხდება...

 

***

ტურიზმის სეზონის პიკი გვიდგას და წვრილ-წვრილმა დანაშაულმა ზღვისპირეთში გადაინაცვლა. უკვე არა ერთი და ორი ტურისტი „აყვირდა“ იმის გამო, რომ დაკარგა პლანშეტი, ნოუთბუქი, ტელეფონი... პლანშეტებსა და ნოუთბუქებს კარგი ფასი აქვს და მარტივად იყიდება, აი, ტელეფონებს კი, მხოლოდ ნაწილებისთვის თუ აბარებენ ხელოსნებთან და ისინიც ძალიან ცოტას იხდიან, რადგან ზუსტად იციან, როგორც ტელეფონს, ისე ვერ გაყიდიან, ნაწილები კი... 1 500-ლარიან ტელეფონში ხელოსნები 100 ლარზე მეტს არ იხდიან და ამიტომ, მათი მოპარვა პრიორიტეტული არ არის და აქცენტი ისევ პლანშეტებსა და ნოუთბუქებზე კეთდება.

 

***

სამართალდამცავებისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული. სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა შესაბამისი კანონის შესახებ ვსაუბრობდით. დროა, ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები მიიღოს და მიიღოს მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც პასუხისმგებლობას არასრულწლოვნებსაც დააკისრებს. სხვაგვარად კი, რა გამოდის - ჩაიდენს არასრულწლოვანი დანაშაულს, დააკავებენ და იძულებულნი არიან, ორ საათში, ხელწერილის დაწერის შემდეგ, უბრალოდ, გაუშვან, ასეთი ხელწერილი, ზოგ არასრულწლოვანს ათეულობით აქვს დაწერილი. ისინი ძირითადად მაღაზიების ვიტრინების ჩალეწვით და იქიდან ნივთების გამოტანით არიან დაკავებული, თუმცა თუ აქამდე მხოლოდ ტექნიკის მაღაზიებს ერჩოდნენ, ახლა მათი მოქმედების არეალი გაფართოვდა და არც ქსელურ სასურსათო მარკეტებზე ამბობენ უარს. ჩატეხავენ ვიტრინას და სანამ ადგილზე დაცვის პოლიცია მივა, მანამ მიაქვთ სიგარეტი, ძვირდაღირებული ალკოჰოლური სასმელები. თუ დააკავეს, პრობლემა არ არის, ხელწერილს დაწერენ, თუ ვერ დააკავეს და მოპარულს შეირგებენ, ნაწილს თავად მოიხმარენ, ნაწილს გაყიდიან და რამდენიმე დღე ჯიბის ფული გაუჩნდებათ. სწორედ ამიტომ არის, რომ განსაკუთრებით გარეუბნებში მდებარე ქსელური მარკეტების წინ, სამართალდამცავები პაატრულირებენ და მთელი ღამე მათ კართან ათენებენ. ეს უსაფრთხოების გარანტია სულაც არ გახლავთ, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ვიდეო, რომელიც რამდენიმე თვის წინ, მაღაზიაზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. სამი არასრულწლოვანი მაღაზიის ვიტრინას უახლოვდება, ორი ადგილზე რჩება, ერთი კი იმ მანქანის კართან დგება, რომელშიც პატრულის თანამშრომელი თვლემს. ვიტრინის ჩატეხვის ხმაზე, პოლიციელს ეღვიძება, მანქანიდან სასწრაფო წესით გადმოდის და ამ დროს, კისერში მესამე არასრულწლოვანის მიერ მოქნეული რკინის ნაჭერი ხვდება. საბედნიეროდ, თავდამსხმელს ძალა არ ეყო იმისთვის, რომ პოლიციელი ერთი დარტყმით გაეთიშა და როგორც კი სამართალდამცავი მისკენ მიბრუნდა, მან რკინის ნაჭერი დააგდო და გაიქცა. პოლიციელი იმ ორს დაედევნა, რომელიც მშვიდად ელოდა ჩამსხვრეულ ვიტრინასთან, როგორ გათიშავდა მათი „პადელნიკი“ ძალოვანს, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რა მოხდა, ისინიც გაიქცნენ. პოლიციელმა ორივე ადგილზე დააკავა, მესამე, რომელმაც კეტი მოიქნია, მოგვიანებით, ადვოკატმა თავად მიიყვანა და მიიყვანა იმიტომ, რომ ხელწერილი დაეწერა და გაეშვათ. ჰოდა, ახლა, როგორ გგონიათ, რა ხასიათზე იქნება ის პოლიციეელი, რომელსაც თავს დაესხნენ, ვინ იცის, მოსაკლავადაც გაიმეტებდნენ, რომელმაც დამნაშავეები დააკავა და... ისინი იმის გამო გაუშვეს, რომ არასრულწლოვნები არიან.

ამ ქვეყანაში, პირველ რიგში, დაცულები სამართალდამცავები უნდა იყვნენ, რათა მათ შემდეგ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები დაგვიცვან, თორემ სხვანაირად არაფერი გამოვა. ამიტომ ვამბობთ, რომ პარლამენტმა, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს შესაბამისი კანონი, რომ იმავე არასრულწლოვანმა კარგად იცოდეს, მის ქმედებას, შესაძლოა, ციხე მოჰყვეს, ციხის კი ყველას, აბსოლუტურად ყველას ეშინია.

 

 

ბათო ჯაფარიძე