რატომ მოიტაცა მეზობლის შვილი გაუთხოვარმა ქალმა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ადრე, სკვერში მოთამაშე ბავშვებს დედები თვალს არ აშორებდნენ იმიტომ, რომ არც მობილური ტელეფონები იყო, არც - პლანშეტები და ყველაზე დიდი, სკვერში წიგნი ან გაზეთი შეიძლებოდა წაეღოთ გასართობად. გაზეთიდან და წიგნიდან კი თვალის მოწყვეტა ბევრად ადვილია, ვიდრე - ტელეფონიდან და ამიტომ, ბავშვები ბევრად დაცულები იყვნენ. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა ასეთ სკვერში, ერთმა ახალგაზრდა ქალმა ყვირილი ატეხა,საბავშვო ეტლიდან ბავშვი მომპარესო. რა თქმა უნდა, ყველა თავის ბავშვს ეცა, დარწმუნდნენ, რომ მათ შვილებს არაფერი სჭირდათ და ყველამ ერთად დაიწყო ბავშვის ძებნა, თან არც მილიციაში დარეკვა დაავიწყდათ.

 

სამართალდამცავები მალე მოვიდნენ, ქალი კი კიოდა, ჩემი შვილი იპოვეთ და რაც მთავარია, ქმარს არაფერი უთხრათ, შეიძლება, გული გაუსკდესო. რა თქმა უნდა, ქმარი მალე იპოვეს და ისიც სკვერში მივიდა, ცოლს მკაცრად გახედა, შემდეგ კი ძალოვნებს საქმიანი სახით მიუახლოვდა და - „მე ერთ-ერთი ქარხნის დირექტორი ვარ, ვინც ჩემს შვილს იპოვის, 2 ათას მანეთს მივცემ. გთხოვთ, ძალ-ღონე არ დაიშუროთ“. ოპერმუშაკები ისედაც არ აკლებდნენ ცდას (ბავშვის დაკარგვა უმძიმეს შემთხვევად ფასდებოდა) და 2 ათასი მანეთი მაშინ ძალიან, ძალიან დიდი ფული იყო, არანორმალურად დიდი იმისთვის, რომ ვინმეს ერთ დღეში ეშოვნა.

ამასობაში, დაკარგული ბავშვის მამას დედა მიუახლოვდა და ყველას გასაგონად მიახალა, ეს სულ შენი შვილის ბრალია, ისიც აქ იყო, ახლა კი, უბრალოდ, გაქრა და არ გამოვრიცხავ, ჩემი შვილი მან წაიყვანა და სადმე გადააგდოო. სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს, საქმე ძალიან იხლართებოდა, კაცმა კი ხელი აიქნია, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ბავშვი იმ დღეს ვერ იპოვეს, რაც მისი პოვნის შანსებს მთელი 70%-ით ამცირებდა. ერთი ეგ იყო, ძალოვნებს ეჩვენებოდათ, რომ დედაზე მეტად, ბავშვის მამა ნერვიულობდა და ძალოვნები ვერც მეორე ბავშვს ნახულობდნენ, იმას, ვისზეც დაკარგული ბავშვის დედა ამბობდა, შვილს ეგ მომპარავდაო.

„ეს ჩემი მეორე ცოლია, პირველი სიმსივნით დამეღუპა და შესაბამისად, პირველი ქორწინებიდან შვილი მყავს. ისიც ბიჭია, ეს მეორეც ბიჭია და დედინაცვალმა რატომღაც შეიძულა ჩემი შვილი. პატარა რომ არ დაბადებულიყო, სახლიდან გავაგდებდი, მაგრამ ბავშვებზე ჭკუა მეკეტება და სწორედ იმ პატარის გამო ვიტან ამ ალქაჯს, თორემ დიდი ხანია, ქალად ვეღარ აღვიქვამ, ისე ექცევა უფროს ბიჭს. ახლა იმაზეც ვნერვიულობ, როცა პატარა დაიკარგა, ამან კივილი ატეხა და ჩემი უფროსი შვილის სახელს ყვიროდა, თურმე. იმას ალბათ, შეეშინდა და დაიმალა. 10 წლისაა, უნდა ვიპოვო“, - ადგილს ვერ ნახულობდა კაცი, თუმცა სამართალდამცავებმა ივარგეს და მისი თანაკლასელი გოგონას დახმარებით, ბიჭუნას მეორე კორპუსის სხვენზე მიაგნეს, სადაც მცირე ზომის „შტაბი“ იყო მოწყობილი.

„მე ბავშვს როგორ მოვიპარავდი, ან რად მინდოდა? რამდენჯერმე გავხედე ეტლს, ვიღაც მოხუცი, თავსაფრიანი ქალი უტრიალებდა გარშემო და მერე, როცა კივილი ატყდა, აღარც ქალი ჩანდა და აღარც - ბავშვი. როცა ჩემი სახელი გავიგონე, მივხვდი, დედინააცვალი გამლახავდა და გავიქეცი“, - თქვა ბავშვმა.

სხვათა შორის, მოხუცი თავსაფრიანი ქალი სხვებმაც შეამჩნიეს და თქვეს კიდეც, საეჭვოდ იქცეოდა, შემდეგ კი, ასევე საეჭვოდ, გაუჩინარდა და როცა ბავშვი გაქრა, ისიც აღარ დაგვინახავსო. ქალის გარეგნობის აღწერილობა ძალოვნებს დიდ იმედს ვერ აძლევდა, რადგან ქალის სახე არავის დაუნახავს, თავსაფარი ნიკაპს ზემოთ ჰქონდა შეკრულიო.

გადაწყდა, რომ ოპერმუშაკებს თვალი დედ-მამისთვის და... ყოველი შემთხვევისთვის, ბავშვისთვისაც ედევნებინათ. ოჯახური ამბავი იმის საფუძველს იძლეოდა, რომ ისინი რაღაცას მალავდნენ და შესაძლოა, ბავშვი რომელიმე მხარემ გამოიყენა. თანაც, ბავშვის დედამ რამდენჯერმე გაიმეორა, ნეტავ, გამოსასყიდისთვის რატომ არ რეკავენო ანუ ის თითქოს დარწმუნებული იყო, რომ პატარა სწორედ გამოსასყიდის მიღების მიზნით მოიტაცეს.

მამის და ბავშვის თვალთვალმა შედეგი ვერ მოიტანა, აი, ბავშვის დედა კი, ვიღაც ახალგაზრდა კაცს შეხვდა. ოპერმუშაკი იმდენად ახლოს დადგა, რომ მათი საუბარი გაეგონა.

„ბავშვი როგორ არის? რატომ არ დარეკე? წამოდი, მანახე, საჭმელი ხომ მიეცი, რომ დაგიტოვე, ის უნდა ჭამოს, პატარაა“, - მიაყარა ქალმა და მამაკაცმა გაოცებულმა შეხედა, რა ბავშვი, შენ გგონია, მართლა მე მოვიტაცებდი ბავშვს და შენს ქმარს გამოსასყიდს მოვთხოვდიო? დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, ოპერმა კოლეგებს ნიშანი მისცა და ქალიც და მამაკაციც განყოფილებაში მიიყვანეს.

„ეს ქალი გადარეულია. მასთან ურთიერთობა, დაახლოებით, 4-5 წლის წინ დავიწყე. მერე მითხრა, შენგან ორსულად ვარო, ბავშვი გააჩინა, მერე შემიჩნდა, ბავშვი უნდა მოვიტაცოთ, ჩემს ქმარს გამოსასყიდი გამოვართვათ, ასე, 40-50 ათასი მანეთი და მერე დავშორდები, შენთან გადმოვალ საცხოვრებლად და ყველაფერი კარგად იქნებაო. რამდენიმე დღის წინ, ბოთლებით რძე მოიტანა, ზოგი მაცივარში შეინახა, ზოგი - კარადაში. მერე მითხრა, ამა და ამ დროს, სკვერში ვიქნები, ბავშვი მოიპარე, მერე მე ყვირილს ავტეხ, მერე ქმარს დაურეკე ქუჩის აპარატიდან და მე ვაიძულებ, რომ ფული გადაიხადოსო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს არასერიოზულად მივიღე, არც ბავშვი მომიპარავს, არც ფულის გამორთმევას ვაპირებდი და რაც მთავარია, არც ეს გოგო მინდა ცოლად. არც იმის მჯერა, რომ ბავშვი ჩემია. მე დანაშაული არ მიმიძღვის არაფერში და ამიტომ, გთხოვთ, გამათავისუფლოთ“, - განაცხადა მამაკაცმა და მისი სიტყვები ქალმაც დაადასტურა.

გამოდიოდა, რომ ვიღაცამ ამ ისტორიის შესახებ კიდევ იცოდა და ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა, მაგრამ ვინ? ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ დაკარგული ბავშვის მამამ განაცხადა, ეჭვი გამიჩნდა, რომ ცოლი მღალატობდა, ამიტომ ბავშვის ანალიზი ჩემსას შევადარე, ჩემი შვილი არ არის, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარს და მაგ ბავშვს მაინც მე გავზრდიო. ეს ცალკე სიგიჟე იყო.

სამართალდამცავებმა მეზობლების გამოკითხვა დაიწყეს და ქალმა, რომელიც მათ ზემოთ ცხოვრობდა, განაცხადა, ეს კაცი ბევრად მეტს იმსახურებს, ძალიან კარგი ცოლი ჰყავდა, ჩემი უახლოესი მეგობარი, მაგრამ გარდაიცვალა, მერე ეს კახპა მოიყვანა და ვეღარ იშორებდაო. ქალი იმასაც ამბობდა, ბავშვს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა და მხოლოდ იმას ცდილობდა, რაც შეიძლება, მეტი ფული გამოერთმია ქმრისთვის და შემდეგ ეს ფული ათას სისულელეში დაეხარჯაო. გამოძიებას ვერსიები ამოეწურა, წარმოდგენა არ ჰქონდა, სად შეიძლებოდა ბავშვი მოენახა და მეზობლებს კიდევ ერთხელ ჩამოუარა. ამჯერად, ის აინტერესებდათ, ხომ არ შენიშნეს ვინმე ისეთი, ვინც მანამდე არ ენახათ, რომელიც ეზოში საეჭვოდ ტრიალებდა, ან ზოგადად, ხომ არ ნახეს რამე უცნაური, რამაც მათი ყურადღება მიიპრო. უცხო ვერავინ გაიხსენა, აი, უცნაური კი...

„ჩვენი მეზობელი ქალი რომ არის, აი, გატაცებული ბავშვის ოჯახის ზემოთ რომ ცხოვრობს, ეგ არასდროს ყოფილა გათხოვილი, არც ქმარი, არც შვილი... ჰოდა, ერთი კვირის წინ, ბავშვის ტანსაცმელი იყიდა, საწოვარა, ბოთლი... შემთხვევით დავინახე, მაგრამ არაფერი მიკითხავს, ან რა უნდა მეკითხა, ადამიანია და გუნება“, - თქვა ერთ-ერთმა მეზობელმა.

სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე კი, ქალზე აზრი ბავშვის მამას ჰკითხეს.

„შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნვას ცდილობს. პირველ ცოლთან მეგობრობდა, სულ ჩვენთან იყო, მაგრამ არასდროს არაფერი მიუნიშნებია. მეუღლე რომ დამეღუპა, მერე მართლა გვივლიდა მეც და ჩემს შვილსაც, მეორე ცოლი რომ მოვიყვანე, ცოტა ხნით დაიკარგა. არ არის ცუდი ქალი, მაგრამ ცოლად, ალბათ, არასდროს მოვიყვანდი ასეთს, არ მიყვარს ზედმეტად მზრუნველი ქალები“, - თქვა კაცმა.

გამომძიებელმა პროკურორს მეზობელი ქალის ბინის ჩხრეკის უფლება ძლივს გამოსტყუა და... ბავშვი სწორედ იმ ბინაში იპოვეს. ყველა შოკში იყო, მაგრამ ქალს თავის სიმართლე ჰქონდა.

„ჰო, ეს კაცი მთელი ცხოვრება მიყვარს, როცა ცოლად ჩემი მეგობარი ჰყავდა, ბედს შევეგუე და გადავწყვიტე, რომ არასდროს გავთხოვდებოდი. მერე, როცა ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მეგონა, რომ ჩემი რიგი მოვიდოდა, მაგრამ არ გამოვიდა და ეს ქალი მოიყვანა, რომელსაც არც ქმარი უყვარს, არც შვილები. ამიტომ მოვიპარე ბავშვი, რომ დედობა ეგრძნო, მერე აუცილებლად დავუბრუნებდი, მაგრამ მას არც შვილის დაკარგვა უდარდია“, - განაცხადა ქალმა, რომელსაც სასამართლომ (მეზობელი კაცის ჩარევის შემდეგ), მხოლოდ 3 წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე