პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო - ვის ეხება ამნისტია?

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვა 15 ივლისიდან დაიწყო. უფრო ზუსტად, კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე შევიდა და შემდეგ მისი განხილვა კომიტეტებში გადაინაცვლებს. პარალელურად, ქუთაისის, ქსნისა და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები გაიფიცნენ - შიმშილობა დაიწყეს, რადგან ამნისტიის კანონი არ მოსწონთ. მიმდინარე კვირაში, რიგგარეშე სესიის ფარგლებში, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება დაგეგმ, ხოლო  საშემოდგომო სესიაზე განხილვა განახლდება და საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიიღებენ კიდეც.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ რატი იონათამიშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომელმაც  ეს პროექტი მოამზადა, ასევე, საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობითაც ხდებოდა ამნისტიის პროექტის შემუშავება. ეს არის საკმაოდ დაბალანსებული ამნისტიის აქტი, რომელიც პირველი ნაბიჯია იქითკენ, რაც  პრემიერ-მინისტრმა მისი არჩევის დღეს განაცხადა და შემდეგ უკვე, წლიური ანგარიშის დროს გაიმეორა და რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილია - შემცირდეს  პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რიცხოვნობა. ჩვენ, გარკვეულწილად, შიდა მიზანიც დასახული გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ერთი მესამედით შემცირდეს  პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამნისტია, დაახლოებით, 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით, ხოლო საერთო ჯამში, შეეხება პატიმრების ერთ მესამედს - სხვადასხვა სახით.

 

ამნისტიის პროექტი

„ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, აგრეთვე დანიშნული სასჯელი უმცირდებათ ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა უმცირდებათ პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს, - ვკითხულობთ ამნისტიის შესახებ კანონის პროექტში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამნისტიის შესახებ კანონის პროექტის ერთ-ერთი ავტორია. მისი თქმით, საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და იმავდროულად, აზღვევს რეციდივის რისკებს; ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს; შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს; თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან; ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთან, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება, დაახლოებით, 225 მუხლს.

„პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის ერთი მეორედით შემცირება; სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება; სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება; პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით, სიახლის სახით არის გათვალისწინებული ერთი მეექვსედით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა წრეს, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისივე განცხადებით, ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს; ნარკორეალიზატორებს; სქესობრივ დანაშაულებს; ყაჩაღობას; ტერორიზმს; კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს; ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს; ტრეფიკინგსა და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

„ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა და იქვე დასძინა, რომ თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, კანონპროექტის ინიციატორები მზად არიან, მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენების დროს გაიზიარონ.

 

ინტერვიუ კანონპროექტის ავტორთან

საზოგადოებას აინტერესებს, კონკრეტულად, ვის ეხება ამნისტია. დეტალების დასაზუსტებლად, „ვერსია“ კანონპროექტის ავტორს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, რატი იონათამიშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო რატი, ამნისტიის შესახებ კანონის პროექტის მეშვიდე მუხლში განმარტებულია, კონკრეტულად რომელ მუხლებს არ ეხება ამნისტია, თუმცა მერვე მუხლის მიხედვით, თუ დაზარალებული პირი თანახმაა, ამნისტია აღსრულდება. ასეა?

- დაზარალებულის თანხმობა მიემართება იმ მუხლებს, რომლებზეც ამნისტია ვრცელდება და არა მეშვიდე მუხლს, რომელზეც არ ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ მერვე მუხლი არეგულირებს მხოლოდ აღსრულების საკითხებს, როგორ უნდა მისცეს დაზარალებულმა თანხმობა.

ხაზგასმით განვმარტავ, რომ მეშვიდე მუხლში ჩამოთვლილი დანაშაულები აბსოლუტურად გამორიცხულია და მათზე ამნისტია საერთოდ არ ვრცელდება!

- კანონპროექტის განხილვა მხოლოდ ახლა დაიწყო და ბუნებრივია, დღეს ნაადრევია ამაზე საუბარი, თუმცა აპირებთ თუ არა შენიშვნების გათვალისწინებას?

- საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი პროცესი გვავალდებულებს, რომ ეს პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე. შესაბამისად, თუ საკომიტეტო, ან სასესიო განხილვების დროს იქნება შემოთავაზებული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, გავიზიაროთ, ან არგუმენტირებული პასუხი გავცეთ, კონკრეტულად რა შენიშვნას რატომ გავიზიარებთ, ან რატომ არ მივიჩნევთ, რომ მისი ასახვა იყოს მიზანშეწონილი.

- რა არსებითი შენიშვნები გამოითქვა უკვე?

- აქამდე, ინიციატორებს შენიშვნები არ მიგვიღია. თუმცა, პროექტის განხილვა შემოდგომაზე განახლდება და ვფიქრობ, შენიშვნების დროც საკმარისად არის.

- ჩემი წყაროს ინფორმაციით, პატიმრების სულმოუთქმელად ელოდნენ ამნისტიას... მესმის, რომ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის მუხლებს ვერ და არ შეეხებოდა ამნისტია, თუმცა სასჯელის შემსუბუქებაც ხომ ერთგვარი ამნისტია იქნებოდა, არ მეთანხმებით?

- მესმის, რომ მოლოდინი მაღალია და სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა დაბალანსებული ამნისტიის პროექტზე. ამნისტია არ ნიშნავს შეწყალებას, ამიტომ მასზე მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რადგან საზოგადოებრივი უსაფრთხოება, რეციდივის რისკები და დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. შესაბამისად, ჰუმანური აქტი ამ ბალანსის დაცვას მოითხოვს, პირველ რიგში. ამიტომ, დანაშაულის ისეთი მძიმე კატეგორიები, როგორიც არის მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, მარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, სექსუალური ძალადობა, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულები, ტერორიზმი და სხვა, ამნისტიის პროექტში არ ასახულა.

 

ავტორი: მაკა რუხაძე