კვარაცხელია არ იყიდება - „ნაპოლის“ 110 მილიონიც არ უნდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიური „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მუშაობას უკვე შეუდგა და ორი ტრანსფერიც განახორციელა. ჯერჯერობით, კლუბის პრეზიდენტი მის ყველა კაპრიზს ასრულებს და ასრულებს უმთავრესს - კონტეს ცოცხალი თავით არ სურს ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისება და გუნდის აწყობა ქართველი შემტევის გარშემო უნდა. ამის მიუხედავად, დანებებას არ აპირებს ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“, რომელსაც კვარა „რეალში“ წასული კილიან მბაპეს შემცვლელად ესახება და თუ პარიზელები თავიდან 80 მილიონს იხდიდნენ, ახლა თანხა 110 მილიონამდე ასწიეს, მაგრამ... დე ლაურენტისმა მაინც უარი თქვა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქართველი ლეგიონერი, ყველაზე ცოტა, 2025 წლის ზაფხულამდე, არსად წავა.

სამაგიეროდ, რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით. თუ აქამდე, დე ლაურენტისი მასაც ხელშეუხებელ ფეხბურთელთა სიაში მოიხსენიებდა, კონტეს მისვლის შემდეგ, ოსიმენის გასხვისება არანირ პრობლემას არ წარმოადგენს და „ნაპოლი“ მზად არის, მას 130 მილიონად შეელიოს, თუმცა ამხელა თანხას არავინ იხდის. თუ კვარაცხელია მართლაც „ნაპოლიში“ დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში მას ევროთასებზე ვერ ვიხილავთ და ასპარეზობა მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში, იტალიის თასზე და საქართველოს ნაკრებში მოუწევს, რაც ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, მაგრამ... ჩემპიონთა ლიგას კვარა ძალიან რომ უხდება, ამას ყველა აღიარებს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე