ევროპაზე თამაშის მიუხედავად, ქართული საკლუბო ფეხბურთი ჭაობშია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე თამაშით გაგვახარა და დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა. ამის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი ისეთ დღეშია, ამაზე დაბლა ფიზიკურად ვერ დავეშვებით. მარტო ის რად ღირს, რომ ევროპის 55 ქვეყანას შორის, ჩვენი ჩემპიონატი 50-ე ადგილზეა ანუ ვართ იქ, სადაც არიან ქვყნები, რომლებიც სამოყვარულო ჩემპიონატებს ატარებენ და მათი კლუბები არაპროფესიონალი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული.

ევროთასების ახალმა სეზონმა, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე ევროპა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებმა სტარტი აიღეს. ჩემპიონთა ლიგაზე მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ მეტოქედ ბულგარული „ლუდოგორეცი“ ერგო. ვერ ნახავდით გულშემატკივარს, რომელიც იტყოდა, რომ აჭარული კლუბი ბულგარეთში გამართულ შეხვედრაში ფრეს მაინც მიაღწევდა, ყველა აღიარებდა, რომ „დინამო“ მარცხისთვის იყო განწირული და ასეც მოხდა - ბულგარეთში 1-3 წავაგეთ და ეჭვი გვაქვს, უკეთესი შედეგი არც საპასუხო მატჩში გვექნება. თანაც, 90 წუთის განმავლობაში, ბათუმის ფეხბურთელებმა მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

„ჩვენ ქართული ფეხბურთის გიგანტს მოვუგეთ. თბილისის „დინამოს“ ბიუჯეტი 25 მილიონი ევროა, ეს კი, ზუსტად 50-ჯერ (!!!) მეტია, ვიდრე ჩვენი ბიუჯეტი. განმეორებითი მატჩის წინ, ძალიან დიდი იმედებით ვართ“, - ეს განცხადება მონტენეგროს კლუბ „მონრარის“ მწვრთნელს ეკუთვნის, რომელმაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 2-1 დაამარცხა და... „მონრარი“ 101 წელია არსებობს, პირველად გავიდა ევროთასებზე და პირველივე შეხვედრაში ისტორია დაწერა - მოიგო და მოიგო თბილისის „დინამოსთან“.

ყველაზე დიდი იმეედი ქუთაისის „ტორპედოსი“ გვქონდა, რადგან ამ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო და მარტო ის რად ღირს, რომ „რამაზ შენგელიაზე“ „ტორპედომ“ მატჩი 7 ლეგიონერით დაიწყო და მხოლოდ ოთხი ქართველი იყო ძირითადში. შეხვედრა კი... მაინც ფრედ, 1-1 დასრულდა და ახლა ქუთათურებს ალბანეთში უმძიმესი გასვლითი შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი. რატომღაც გვგგონია, რომ შარშანდელივით, შარშანწინდელივით, იმისწინდელივით და კიდევ იმის, იმის, იმის (და ასე დაუსრულებლად) წინდელივით, ჩვენთვის ზაფხულში დაწყებული ევროთასების გათამაშება, ზაფხულშივე დასრულდება და მერე ნუ გიკვირთ ხოლმე, საქართველოს ჩემპიონატში, მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობას, 100 კაციც რომ არ ესწრება.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე