ვინ და რატომ დაჭრა ნაჯახით ცნობილი ექიმი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კარგი ექიმი ყველგან ფასობს და ამის ნათელი მაგალითები დღესაც გვაქვს. არიან ექიმები, რომლებთანაც ჩაწერა და მოხვედრა რთულია, პაციენტების სიმრავლის გამო, ხალხს ლოდინი კვირებისა და თვეების განმავლობაში უწევთ. აბა, ახლა წარმოიდგინეთ, როგორი საქმეა, სოფლად კარგი ექიმის ყოფნა? ჰო, სოფლად, არსად რომ არ გადის და დადის, ნებისმიერ დროს რომ შეგიძლია მიაკითხო და ზუსტად იცი, რომ გიშველის. ჩვენი ისტორიაც სოფლის ექიმზეა, იმ ექიმზე, რომელმაც მანამდეც და მას შემდეგაც არაერთი სიცოცხლე იხსნა და სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ, ავარიას ემსხვერპლა. აი, როცა ეს ამბავი მოხდა, ის 30 წლისაც არ იყო.

 

„გამომძიებლად მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, თავიდან კი მომაყარეს საქმეები, მაგრამ მერე და მერე საქმემ იკლო, ზაფხული მოვიდა და კრიმინალები, ძირითადად, კურორტებზე გაიკრიფნენ. ერთი მარტოხელა, გაუთხოვარი დეიდა მყავდა სოფლად, მიდეპეშა, ეგებ, ჩამოხვიდე, საოჯახო საქმეებში ხელი წამიკრაო და მეც წავედი“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

პირველი დღე სოფლად „მშვიდობიანად“ დასრულდა, მეორე დღეს კი, გამომძიებელმა გადაწყვიტა, დეიდისთვის შეშა დაემზადებინა და ზამთრის მარაგზე ზაფხულშივე ეზრუნა. ამიტომ, შეშის ჩეხვა დაიწყო, მეხუთე თუ მეექვსე მორზე იქნებოდა მისული, როდესაც ნაჯახი აუცდა და კოჭის ზემოთ, გვარიანად ჩაირტყა. ჭრილობა აშკარად ღრმა იყო და გამომძიებელიც რაიონში აპირებდა წასვლას, მაგრამ დეიდამ ხელები გაასავსავა, რა რაიონში, აქ ისეთი ექიმი გვყავს, ნამდვილი ღვთის საჩუქარია, მასთან უნდა წახვიდეო. ბატონი თენგიზიც დაეთანხმა, სოფლის ექიმთან მივიდა და ძალიან გაუკვირდა, როცა ხელში ქირურგის დიპლომის მქონე, 30 წლამდე ახალგაზრდა შერჩა. მან ჭრილობა მარტივად დაამუშავა და უფრო მარტივად დაადო ნაკერები. აშკარად ეტყობოდა, ხელიც ერჩოდა და სერიოზული პრაქტიკაც უმაგრებდა ზურგს.

„როგორც წესი, ექიმები ქალაქში გარბიან და თქვენზე მითხრეს, ქალაქიდან ჩამოვიდაო. ასე გიყვართ სოფელი, თუ წარუმატებელ სიყვარულს ემალებით“, -ღიმილით ჰკითხა ბატონმა თენგიზმა და ექიმმაც ღიმილით უპასუხა, არავის და არაფერს ვემალები, უბრალოდ, ქალაქში ყოფნა მომბეზრდა და ამიტომ გადმოვსახლდი აქეთ. რაც მთავარია, ადგილობრივი რაიონის ხელმძღვანელობამაც ხელი შემიწყო, პატარა სახლი მომცა, ნელ-ნელა მოვაწყობ, მერე ოჯახსაც შევქმნი და სულ აქ ვიცხოვრებო. ექიმი ბატონი თენგიზის დარად, თევზაობის მოყვარული აღმოჩნდა და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს, დილის 6 საათისთვის, სათევზაოდ წავიდოდნენ. გამომძიებელმა უთხრა, დეიდაჩემი ხაჭაპურებს დააცხობს, კონიაკი თბილისიდან ჩამოვიტანე, ამიტომ ჭიები შენ მოაგროვე, პურ-მარილი ჩემზეაო...

დილით გამომძიებელი ექიმის სახლს მიადგა, ჯერ გარედან დაუძახა, მერე შიგნით შევიდა, ისევ დაუძახა, არავინ რომ არ გამოეხმაურა, იფიქრა, ალბათ, ღრმად სძინავსო და კარი შეაღო. შუა ოთახში, ექიმი საკუთარ სისხლში ცურავდა. ბატონ თენგიზს ბევრი არ უფიქრია, ზუსტად იცოდა, ექიმის სახლში ტელეფონი იყო, სასწრაფოში დარეკა, თავად კი, ექიმების მოსვლამდე, დაჭრილისთვის ჭრილობებში ზეწრის ნახევების ჩადებას შეეცადა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ექიმი ნაჯახით იყო დაჭრილი, ორჯერ ჰქონდა ჩარტყმული, მხრისა და თავის არეში. ორივე ჭრილობა ღრმა კი იყო, მაგრამ წესით, სასიკვდილო არ უნდა ყოფილიყო, რადგან თავის მხარეს ისეთი კუთხე ჰქონდა გაკეთებული, ტვინს არ შეეხებოდა, მხრის ძვალს კი დარტყმის სიძლიერე შეემცირებინა. ექიმები მალე მოვიდნენ, რა თქმა უნდა, ადგილზე გაჩდნენ სამართალდამცავებიც და გაუხარდათ, როცა იქ ბატონი თენგიზი დაინახეს. ჯერ ერთი, კოლეგა იყო და მეორეც, ის ყველაფერს გააკეთებდა, რომ კვალი არ წაშლილიყო და თუ დამნაშავემ რამე დატოვა, მას აუცილებლად ნახავდნენ. ცუდი ის გახლდათ, რომ იმავდროულად, გამომძიებელი მთავარი მოწმე იყო და საქმეში ოფიციალურად ვერ ჩაერთვებოდა, არაოფიციალურად კი, თანაც სოფელში, ამას მარტივად მოახერხებდა.

პირველ რიგში, ბატონი თენგიზი იმის გარკვევას შეეცადა, რა უნდოდა მართლაც ნიჭიერ ქირურგს სოფელში და ამიტომ, თბილისში დარეკა, კოლეგებს სთხოვა, ამა და ამ ექიმის საქმე გამომიგზავნეთ, მაინტერესებს, დედაქალაქში მუშაობა რატომ მიატოვაო. საქმე მალე ჩამოვიდა და გაირკვა, ორმ ორიოდე წლის წინ, ქირურგს პაციენტი შემოაკვდა, ოპერაცია ელენთაზე კეთდებოდა, სინამდვილეში კი, ბრმა ნაწლავი იყო გახეთქილა, სისხლის მოწამვლაც დაწყებულა და ოპერაცია ფატალურად დასრულდა. მას შემდეგ, ახალგაზრდა კაცმა ქალაქი და პრესტიჟული სამსახური მიატოვა და სოფლად წავიდა. ისიც გაირკვა, რომ გარდაცვლილს 19 წლის ბიჭი დარჩა და დიდი იყო შანსი, რომ მამაზე შური სწორედ მან იძია. გადაწყდა, მკვლელობის მცდელობის მომენტისთვის, ბიჭის ალიბი შეემოწმებინათ და შეამოწმეს კიდეც. მისი მონაწილეობა გამოირიცხა, რადგან გაირკვა, რომ ის სასწავლებლად მოსკოვში იყო წასული და სოფელში ყოფნას ვერ მოახერხებდა, თანაც საქმის გამომძიებელმა ბატონ თენგიზს ისიც უთხრა, ოჯახი ყველაზე ნაკლებად სწორედ ახალგაზრდა ქირურგს ადანაშაულებდაო.

უბნის რწმუნებულმა გამომძიებელს უთხრა, სოფელში ერთი მჩხიბავი გვყავს, მცენარეებისგან რაღაც ნაყენებს ამზადებდა, სოფლელებზე ჰყიდდა და მას შემდეგ, რაც ეს ქირურგი გამოჩნდა, ბიზნესი ჩაუვარდა, მისი ბევრი ნაყენი დაიწუნა ექიმმა და მოსახლეობაც ქალს აღარ ენდობაო. ქალი იმუქრებოდა, ერთხელაც იქნება, ცხელ გულზე შემომაკვდება ეგ ექიმიო და ბატონი თენგიზი მის დასაკითხად წავიდა.

„ღამე სახლში ვიყავი, მარტოხელა ვარ, ექიმისგან განსხვავებით, საყვარელი არ მყავს, ამიტომ ვერავინ დაადასტურებს ჩემს ალიბის“, - უთხრა „მჩხიბავმა“ გამომძიებელს და მის თხოვნაზე, ეგებ, ნაჯახი მანახოო (სოფლად ნაჯახი ყველას აქვს), ქალმა მხრები აიჩეჩა, დილიდან მეც ვეძებე, ვერ ვიპოვე და ვერც იმას ვხვდები, სად შეიძლებოდა შემენახაო. ბატონი თენგიზი იმითაც დაინტერესდა, ვის ჰყვარობდა ახალგაზრდა ექიმი და დიდი იყო იმის შანსი, რომ ის ეჭვიან ქმარს, მამასა თუ საყვარლის ძმას გაემეტებინა.

„სოფელში ამბობენ ერთ ქალზე, იმას ჰყვარობსო, მაგრამ მე არ მჯერა. ჯერ ერთი, იმიტომ არ მჯერა, რომ ის ქალი მასზე ათი წლით უფროსია, მეორე იმიტომ არ მჯერა, რომ ქმარი და სამი შვილი ჰყავს და მესამე იმიტომ არ მჯერა, რომ არ იყო ექიმი ისეთი სახიათის, სოფელში, გათხოვილ ქალთან რომანი გაება. ყველაფერ ამას კუდი მაშინ გამოაბეს, როცა ის ქალი რამდენჯერმე სცემა ქმარმა და მან თავი სწორედ ექიმის სახლს შეაფარა, შვილებთან ერთად. აი, ამიტომ მგონია, ხმები რომ დაყარეს, თორემ შინაგანად არ მჯერა, ექიმს ეს ეკადრა და გაეკეთებინა“, - განაცხადა სოფლის რწმუნებულმა.

ქალის ქმარი გამომძიებელს კუშტი სახით შეხვდა. იმ ღლაპთან გასარჩევი არაფერი მაქვს, ჩემი ცოლი კიდევ, ორი კვირაა, რაც დედამისთან წავიდა, გაბუტულია, ცუდი სიმთვრალე მაქვს და ალბათ, გადავამლაშეო. მას ალიბიც ჰქონდა, გვიან ღამემდე მეზობელთან სვამდა, ისე დათვრა, სახლამდე სწორედ მეზობელმა „მიიტანა“, ლოგინზე დააგდო და მასაც მაშინვე დაეძინა. მეზობელი ირწმუნებოდა, გამორიცხულია, მკვლელობა ჩაედინა, ისეთი მთვრალი იყო, ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდაო. ექიმი კვლავ უგონოდ იყო და მისი დაკითხვა ვერ ხერხდებოდა. გამომძიებელს ერთი იდეა მოუვიდა - მან გადაწყვიტა, სოფელში ნაჯახები სპეციალური სანათით დაეთვალიერებინა, რომელიც სისხლის ლაქებს, თუნდაც ისინი ძველი ყოფილიყო, მუქად აღიქვამდა, თუმცა ჩანაფიქრზე უარი მალევე თქვა, რადგან ლამის ყოველ მეორე ოჯახს, ბოლო ათი დღის განმავლობა, ქათამი მაინც ჰყავდა დაკლული და სისხლი ლამის ყველა ნაჯახს ეცხო. მალე საავადმყოფოდან დარეკეს, რომ ექიმი აზრზე მოვიდა, საუბარი არ შეეძლო, მაგრამ წერას ახერხებდა და კითხვაზე, ვინ დაესხა თავს, იმ სამი შვილის მამის სახელი დაწერა. რა თქმა უნდა, ეჭვმიტანილი მაშინვე დააკავეს და იმის მიუხედავად, რომ ამტკიცებდა, მთვრალი ვიყავიო, საბოლოოდ მაინც გამოტეხეს.

„რა თქმა უნდა, ვეჭვიანობდი, როცა ყოველი ჩხუბის შემდეგ, ცოლი მასთან გარბოდა და თან შვილებიც მიჰყავდა. სანამ ის გამოჩნდებოდა სოფელში, გასაქცევი არსად ჰქონდა, მან კი დაუწყო ტვინის არევა, ქმარს ნუ ეკვლევინები, როცა დაგჭირდეს, ბავშვები გამოიყვანე და ჩემთან გამოდი, რომ გამოფხიზლდება, შინ მერე დაბრუნდიო. ცალკე ოთახიც კი გამოუყო. დარწმუნებული ვარ, ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ, მაგრამ სოფელს ამას ხომ ვერ გააგებინებ? იმ დღეს, ის კუდიანი ექიმბაში კიდევ დაიმუქრა, ექიმს მოვკლავ, საქმიანობა ჩამიგდოო და ვიფიქრე, რომ ეს ჩემი შანსი იყო. მეზობელთან დასალევად წავედი, იმ კუდიანს მანამდე ნაჯახი მოვპარე. წყალგარეულ არაყს ვსვამდი, მეზობელს კი ეგონა, მაგრად დავთვერი და ალიბიც გავინაღდე. მერე, ექიმს თავზე დავადექი, მეგონა ეძინებოდა, მაგრამ თურმე სათევზაოდ აპირებდა წასვლას, ფეხზე დამხვდა და ამიტომ, ნაჯახი კარგად ვერ ჩავარტყი. მერე ვიღაცამ დაიძახა და მივხვდი, სალხშიც შემოვიდოდა ის ვიღაც, უკანა კარით გავედი და სახლში დავბრუნდი“, - დაასრულა მოყოლა ეჭვმიტანილმა.

ექიმი, რომელიც ფეხზე ორ თვეში დადგა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თავდამსხმელს მინიმალური სასჯელი მიეღო და თავისას მიაღწია კიდეც - მკვლელობის მცდელობისთვის კაცს მხოლოდ 3 წელი მისცეს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე