მურაბის ქილაში შენახული ოქროული და გერის შურისძიება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შესაძლოა, ახლა ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენება, მაგრამ 90-იანი წლების საქართველოში, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, მათ, ვისაც მცირედი სამკაული მაინც გააჩნდა, საგულდაგულოდ ჰქონდა სახლში გადამალული. ზოგი რბილ ავეჯში აკერებდა, ზოგი ყვავილის ქოთანში მალავდა, ზოგიც - მურაბისა თუ კომპოტის ქილაში და ყოფილა შემთხვევები, როცა ბინაში შესულ ქურდებს ასეთი სამალავისთვის ვერ მიუგნიათ. თუმცა, ხშირად, სწორედ მურაბის, კომპოტის ქილებსა და ყვავილის ქოთნებს ამტვრევდნენ.

მილიციის განყოფილებას ასაკიანმა ქალმა მიმართა, ბინიდან ოქროული დავკარგე და ეჭვი ჩემი შვილიშვილის საქმროზე მაქვს, სხვა ვერავინ მოიპარავდაო. მისი თქმით, კარი გასაღებით იყო გაღებული და რაც მთავარია, მძარცველს არაფერი უძებნია, პირდაპირ იმ მურაბის ქილასთან მივიდა, სადაც მოხუცს ოქრო ჰქონდა შენახული, ქილა პირდაპირ სამზარეულოს იატაკზე ამოაპირქვავა, ოქროული წაიღო და წავიდა. როგორც დაზარალებული ამბობდა,  უცხოთაგან მხოლოდ მისი შვილიშვილის საქმრომ იცოდა ოქროულის სამალავი და იმის გათვალისწინებით, რომ მისი ბინის გასაღები შვილიშვილსაც ჰქონდა, ასლია გაკეთება მას არ უნდა გასჭირვებოდა. რა თქმა უნდა, საქმე აღიძრა და სანამ შვილიშვილის საქმროს დაჰკითხავდნენ, მანამ ექსპერტი გაუშვეს იმის შესამოწმებლად, ბინის კარი ძირითადი ან  გასაღებით იყო გაღებული ან ასლით.

შვილიშვილის საქმრო დაკითხვაზე იყო შეყვანილი, როცა ექსპერტმა დაბეჯითებით უთხრა გამომძიებელს, რომ კარი არა ძირითადი გასაღებით, ან ასლით, არამედ ე.წ. „ატმეჩკებით“ იყო გაღებული და ნამუშევარი პროფესიონალს ჰქონდა, რადგან შიდა მექანიზმს მინიმალური დაზიანებები ჰქონდა. მთავარი ეჭვმიტანილის როლს დაკავებული იდეალურად ერგებოდა - ერთი წლის წინ ექვსი თვით, ხულიგნობის ბრალდებით ციხეში იჯდა და გაარკვიეს, რომ მისი თანამოსაკნეები, ბინის გამოცდილი ქურდები იყვნენ. შესაბამისად, დიდი იყო იმის შანსი, რომ მას მეგობრებისთვის ეთხოვა კარის გაღება და საცოლის ბებიის ოქროულის მოპარვა. დაკავებულმა ბრალდებას პირდაღებულმა მოუსმინა და კბილებში გამოსცრა - „მაშინაც ტყუილად დამაკავეს, ახლაც ტყუილად მიკერავთ საქმეს. მე პატიოსანი ადამიანი ვარ, ის გოგოც გულწრფელად მიყვარს და არ ვიცი, რამდენის იყო ის ოქროული, შეაფასოს, მითხრას, ორმაგს გდავუხდი და შემეშვას. მე მაგ ბებერს თავიდანვე არ მოვეწონე, ნასამართლევიაო, ასე ამბობდა, ამიტომ მტენის ახლა ქურდობას, შეიძლება ის ოქროული თავადაც კი დამალა...“

გამომძიებლები მხოლოდ წამით დაფიქრდნენ, შეეძლო თუ არა მოხუცს ტყუილის თქმა, მაგრამ მაშინვე უარყვეს ეს მოსაზრება - „ატმეჩკებით“ 80 წელს გადაცილებული ქალი ნამდვილად ვერ ირბენდა. არც შვილიშვილის საქმრო ჩანდა იმ ოქროულის წამღები და მართლაც მზად იყო, ოქროს საფასურის ორმაგი თანხა დაებრუნებინა, ოღონდ კი მას ყველა შეშვებოდა. შესაბამისად, ოქროს მოპარვას მისთვის აზრი არ ჰქონდა და არც ისე უჭირდა, ბებიის ოქროს დახარბებოდა. გამოდიოდა, რომ იყო კიდევ ვიღაც, ვინც ზსტად იცოდა, რომ მოხუცი ძვირფასეულობას სწორედ მურაბაში ინახავდა, მაგრამ ქალი ჯიუტობდა, გამორიცხულია, ამის შესახებ მხოილოდ ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ იცოდნენ, რომლებიც 15 წლის წინ, ავარიაში გარდაიცვალნენ, შვილიშვილი მარტომ გავზრდე და თუ ვინმემ მათგან იცოდა რამე, აქამდე არ მოიცდიდაო. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა მოხუცს სთხოვეს, კარგად გაეხსენებინა ბოლო ერთი, ან ორი თვის განმავლობაში მომხდარი ისეთი რამ, რაც მას უცნაურად ეჩვენა. ქალმა მხრები აიჩეჩა და დაიწყო.

„ერთადერთი, რაც ბოლო ორ თვეში მოხდა და ცოტა არ იყოს, ჩემი ყოველდღიური ერთფეროვნება შეცვალა, ჩემი გერის გამოჩენა გახლდათ. სკვერში სასეირნოდ დავდივარ ხოლმე. დაახლოებით 4-5 კვირის წინაც ასე გავედი, დავჯექი, სუფთა ჰაერი ჩავყლაპე და შინ რომ დავბრუნდი, მხოლოდ ორი საათის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სკვერში სკამზე ჩანთა დამრჩა. წასვლა დავაპირე, როცა კარზე დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა დამიკაკუნა, ჩანთა მომაწოდა და გამიღიმა, ვერ მიცანიო? ვერ ვიცანი და ჩემი გერი აღმოჩნდა. თურმე, შემთხვევით იპოვა ჩანთა, ჩანთაში პასპორტი იდო, მერე იქვე ჰკითხა მოხუცებს, ხომ არ იცნობთო და მომაგნო. შემოვიპატიჟე, ჩაი დავალევინე, სხვათა შორის, მურაბით და წავიდა. თუმცა, მასზე ეჭვს ვერ მივიტან, ჯერ ერთი, ყველაფერი მართლა შემთხვევით იყო, მეორე - ჩანთა ბოლო დროს ხშირად მრჩება და მესამეც, მან არ იცოდა, ოქროულს მურაბის ქილებში რომ ვინახავდი“,- განაცხადა მოხუცმა.

მისი მონაყოლიდან ერთ საათში, გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ მისი გერი ბინის ქურდობისთვის სამჯერ ნასამართლევი რეციდივისტი იყო. მის დასაკავებლად ოპერ-ჯგუფი გავიდა და დაკავების შემდეგ, მისი ბინის ჩხრეკის დროს, დაკარგული ოქროული იპოვეს.

„რა უნდა ვთქვა? უკვე სტუდენტი ვიყავი, მამაჩემს ეს ცანცარა ქალი რომ შეუყვარდა და მე და დედა მიგვატოვა. არადა, სწორედ მაშინ მჭირდებოდა მისი ყურადღება, მაგრამ ვეკიდეთ მეც და დედაც. მერე ყველაფერი ამერია, ჯერ ერთხელ მოვხვდი ციხეში, მერე მეორედ, მესამედ... მამა არც მიძებნია, მთხრეს გარდაიცვალაო და შევეშვი. მანამდე, მასთან და ამ ქალთან სტუმრად ორჯერ ვიყავი და ერთხელ მარტო მამა დამხვდა. მურაბა მიყვარს, ქილა დავინახე, გახსნა დავაპირე და მამა მითხრა, სხვა გახსენი, მანდ ოქროულს ინახავსო. სკვერში ჩანთა მართლა შემთხვევით ვიპოვე და როცა პასპორტს ჩავხედე, ელდა მეცა. მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა ქალი, რომელმაც ცხოვრება დამინგრია. მოვედი, ჩაიზე დამპატიჟა და როცა მურაბას იღებდა, კუთხეში გადადებული, ცალკე მდგარი მურაბის ქილა დავინახე. მივხვდი, იქ ოქრო იქნებოდა და ცოტა პერიოდი გავუშვი, ჩემი ამბავი რომ მივიწყებოდა, მერე მოვედი და არც შევმცდარვარ, ოქრო ვიპოვე. როგორც ჩანს, ამ კუდიანმა მაინც გამიხსენა და დამაკავშირა ამ ამბავთან“,- თავი გადააქნია მამაკაცმა, რომელსაც სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პატიმარი #0578