ვინ ვისთან იქნება 26 ოქტომბრისთვის - როდის ჩამოყალიბდება ოპოზიცია საარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მაშ ასე: წამზომი ჩართულია - არჩევნებამდე 100 დღეზე ნაკლები რჩება. ოპოზიცია კი ისევ იმაზე ბჭობს და ბაასობს, თუ როგორ უნდა გავიდეს არჩევნებზე - ერთად თუ ცალ-ცალკე. მართალია, ოპოზიცია არ იმჩნევს, მაგრამ გარედან ისე ჩანს, რომ ამ ფლანგზე დიდი არეულობაა. ამასთან, ისიც თვალსაჩინოა, რომ „ოპოები“ 26 ოქტომბრის მოგებისთვის კი არა, უფრო იმისთვის იბრძვიან, თუ ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა ანუ ყველა ხვდება, რომ ენმ-ს დრო წავიდა და ახლა ეს ნიშა თვისუფალია, შესაბამისად, ვთქვათ, იგივე, ნიკა გვარამიას უნდა, რომ მთავარი ოპოზიციონერი გახდეს. ამ ტიტულზე უარს, ალბათ, არც ლელო იტყოდა და არც - გახარია. ისე, სიტყვამ მოიტანა და გახარია ოპოზიციის კიდევ უფრო განსაკუთრებული ფრთაა, რომელიც ერთნაირი წარმატებით ილაშქრებს, როგორც ხელისუფლების, ასევე - თავად ოპოზიციის წინააღმდეგაც.

 

ამასობაში კი პარტია ახალი, რომელსაც ზურა ჯაფარიძის გირჩი-მეტი თავისუფლება და ელენე ხოშტარიას დროა შეუერთდა, საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაში გაატარა. ამის შესახებ პარტიის თანათვმჯდომარე ნიკა გვარამიამ სოც-ქსელში დაწერა:

„ბევრი წვალების შემდეგ, საჯარო რეესტრმა ბოლო-ბოლო დაარეგისტრირა ახალი! ახალი სახელით, ახალი წესდებით, ახალი პოლიტსაბჭოთი!

საქართველოში პირველი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელსაც ორი თანათავმჯდომარე ჰყავს!

სიახლე და ერთიანობა აქ და ახლა!

ჩვენი ნომერია 4“.

რაც შეეხება ზემოხსენებულ შეერთებას, ვინაიდან ამ არჩევნებზე ბლოკები აღარ არის, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მონათესავე სულის ძალასთან დააპირებს დაწყვილებას, თუ კვალიფიციური სუბიექტია, საკუთარ ნომერთან და სახელთან მოუწევს გამომშვიდობება. ასე მოხდა იგივე ენმ-სა და გიორგი ვაშაძის სტრატეგია აღმაშენებლის დაწყვილების შემთხვევაშიც ანუ არსებული ინფორმაციით, ვაშაძე-ენმ-ს ერთობა 26 ოქტომბერს ასეთი სახელით - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ იასპარეზებს, თუმცა საარჩევნო ნომერი ისევ 5 იქნება.

ყველაფერ ამის ფონზე, საინტერესოა, ვის დაუწყვილდება ლელო, რომელზეც თავიდან ითქვა, რომ კავშირის შეკვრას, თითქოს, გვარამია-მელიასთან აპირებდა, თუმცა ამ ეტაპზე, სხვა რეალობაა.

ისე, პოლიტიკურ კულუარებში დადის ხმა, რომ ლელოს „დათრევა“ ყველა პოლიტძალას უნდა, ვინაიდან ამ პარტიას აქვს ფული. არჩევნებზე კი ფული, მოგეხსენებათ, გადამწყვეტია თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ძალამ საარჩევნო კამპანია აწარმოოს.

როგორც ამბობენ, გახარიას პარტიას ფულის პრობლემა არ აქვს, მაგრამ მარტო ეს არ უნდა იყოს საბაბი, რის გამოც ის ვინმესთან გაერთიანებისგან თავს იკავებს.

სხვათა შორის, ამას წინათ, ე.წ. გახარიებმა მინიშნებით განაცხადეს, ჩვენს პოლიტიკურ მრწამსთან ყველაზე ახლოს ლელო დგასო, რაც, ალბათ, იმას ნიშნავდა, რომ ირიბად გაერთიანება შესთავაზეს, მაგრამ ლელოსგან ცივი უარი მიიღეს და აი, ეს განცხადებებიც:

„ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არანაცური და არაოცნებური ძალები როგორ იქნებიან წარმოდგენილნი პარლამენტში. ამას აქვს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და მერწმუნეთ, რომ ბევრი მიმუშავია და კიდევ ბევრს ვიმუშავებ იმისთვის, რომ, როგორმე, ლელო განაცებისგან გადავარჩინოთ. მე ამას არც ვმალავ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩემთვის საინტერესოა. მე ვიღაცის ლამაზი თვალები კი არ მომწონს, მე მაქვს ჩვეულებრივი პრაგმატული პოლიტიკური ინტერესი. ეს პოლიტიკური ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს წარმომადგენელი ამ ორი რადიკალური პარტიიდან, ნაციონალური მოძრაობიდან და ოცნებიდან“, - თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

„ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს. გახარიას მიმართ, წლების განმავლობაში, საზოგადოებას და „ლელოს“ აქვს კითხვები წარსულთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებზე პასუხი არ მოგვისმენია, არც მომავალში ველოდებით ამ პასუხებს. გახარიასთან თანამშრომლობას „ლელო“ არ განიხილავს. არც წარსულში ყოფილა მსგავსი რამ, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება. წინასაარჩევნოდ არ განვიხილავთ მათთან თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში რიგი პროფესიონალი ადამიანები ჰყავს, რომლებიც მგონია, რომ თავის დროზე, შეიძლება, კარგი საჯარო მოხელეებიც კი იყვნენ. დამატებით კრიტიკაში არ შევდივართ იქიდან გამომდინარე, რომ ნათქვამი გვაქვს, წინასაარჩევნო კონტექსტში, მორატორიუმს ვაცხადებთ ურთიერთკრიტიკასა და თავდასხმაზე. ამიტომ, კრიტიკაში არ შევდივართ“, - თქვა გახარიას საპასუხოდ ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

მოკლედ, როგორც ჩანს, გახარიას ოცნება ოცნებად დარჩება და ლელო მასთან თანამშრომლობას არ დაიწყებს.

ჯერჯერობით, ცალკე მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს გიგა ბოკერიას ევროპული საქართველო, ანა დოლიძის პარტია და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებიც“.

ამასობაში კი, ცესკო იმის შესახებ ავრცელებს ცნობას, თუ რამდენი გაერთიანება დარეგისტრირდა ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობისთის:

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.

ცესკო-ს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკო-ს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.

გარდა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიებისა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს. კერძოდ, პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.

აღნიშნულ მოთხოვნას შემდეგი პარტიები აკმაყოფილებენ:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ლელო საქართველოსთვის

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი

კანონი და სამართალი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საქართველოს ევროპელი დემოკრატები

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

პროგრესი და თავისუფლება“.

ერთი სიტყვით, ოპოზიცია, ალბათ, მალე ჩამოყალიბდება, 26 ოქტომბერისთვის როგორი სტრატეგია და ტაქტიკა ექნება.