რამდენად უსაფრთხოა სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტები

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჯერად სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობით დაინტერესდა. აუდიტის ანგარიში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2020-2021-2022 წლებს მოიცავს. სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტები მრავალფეროვანია და მერყეობს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებიდან - მსხვილ მანქანა-დანადგარებამდე. ბაზრის ეფექტიანი ზედამხედველობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული პროდუქტები იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნებს. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება, საკუთარი პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად დაუახლოოს კანონმდებლობა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა საზედამხედველო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტები.

პროდუქტების ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაექვემდებარა სსიპ „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს“ ზედამხედველობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სისტემურ დონეზე შეაფასა სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა. აღსანიშნავია, რომ სსიპ „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ“ - მისი შექმნიდან დღემდე - განახორციელა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივ ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულების ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამის მიუხედავად, აუდიტის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული დარღვევები, რომელთა გაუმჯობესების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციებიც.

 

სტრატეგიული და წლიური დაგეგმვის არარსებობა

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული და წლიური გეგმების არარსებობის გამო, არ არის განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნები და მკაფიო საოპერაციო ჩარჩო, რასთან მიმართებითაც სააგენტო შეძლებდა ეფექტიანი დეტალური სამოქმედო გეგმების შედგენას და განხორციელებას. გარდა ამისა, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი დაგეგმვის არარსებობის გამო, რთულდება იმ გამოწვევების მართვა, რომლებიც სწრაფად ცვალებად გარემო პირობებში ყალიბდება.

„სააგენტოს 2020, 2021 და 2022 წლების პროგრამულ ბიუჯეტებში მითითებული აქვს საქმიანობის საბოლოო შეფასების ინდიკატორები, თუმცა ზოგადი ხასიათის გამო, ეს არ წარმოადგენს საზედამხედველო საქმიანობის შედეგების შეფასების გაზომვად ინდიკატორებს. საქმიანობის შეფასების კონკრეტული ინდიკატორების გარეშე, სააგენტო ვერ უზრუნველჰყოფს განხორციელებული საქმიანობის ობიექტურ შეფასებას და საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის გაზომვას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მიმართ ანგარიშვალდებულების შემცირება, ასევე სამომავლო აქტივობებზე რესურსების არაეფექტიანი განაწილება და პრიორიტეტების არასწორი განსაზღვრა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაცია ასეთია - სააგენტომ, ბაზარზე ზედამხედველობის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განისაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის პოლიტიკა და პრიორიტეტები, ორგანიზაციული განვითარების ხედვა და მიდგომები, გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და რესურსების განაწილების კომპონენტები, ცვალებადი გარემო, მათ შორის, ონლაინ-ბაზრის ზედამხედველობის საკითხები, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირება.

„სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ობიექტური შეფასების, მისი ეფექტიანობის გაზომვის, ანგარიშვალდებულების გაზრდისა და სამომავლო აქტივობებზე რესურსების ეფექტიანი განაწილების მიზნით, სააგენტომ, საუკეთესო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, უნდა შეიმუშაოს საქმიანობის ობიექტური შეფასების ინდიკატორები, რითაც შესაძლებელი იქნება სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების მიღწევის პროგრესის მონიტორინგი და შეფასება“.

 

მონაცემთა შეგროვება-დამუშავების მეთოდოლოგიის არარსებობა

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, თავისი საქმიანობის დასაგეგმად და განსახორციელებლად, სააგენტო ხელმძღვანელობს კოდექსითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუმცა არ გააჩნია რამე სახის ინსტრუქცია, ან მეთოდოლოგია ბაზარზე ზედამხედველობის დასაგეგმად და განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის კატეგორიების, მათი შეგროვების, დამუშავების და გამოყენების შესახებ.

„კონკრეტული ინსტრუქციის არარსებობის, მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების პროცესის არასათანადო დოკუმენტირების გამო, შესაძლოა, სააგენტოს თანამშრომლებმა გამოიყენონ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და დოკუმენტირების განსხვავებული მიდგომები, რაც ხელს უშლის ინსტიტუციური ცოდნის დაგროვებას და შეგროვებულ მონაცემთა ეფექტიან გამოყენებას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად“.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, სააგენტო თანამშრომლობს ყველა სათანადო უწყებასთან, თუმცა მათ საზედამხედველო არეალში შემავალი პროდუქტებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანებების შესახებ მონაცემების სტატისტიკას არცერთი უწყება არ აწარმოებს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ მოიპვა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სააგენტო თანამშრომლობს ჯანდაცვის სექტორთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სსიპ „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან“ და სხვა შესაბამის უწყებებთან, ქვეყანაში მსგავსი მონაცემების აღრიცხვისა და სისტემატიზაციის დაწყების მიზნით. ამგვარი თანამშრომლობის შედეგად მიღებული მტკიცებულებები, შესაძლოა, გამხდარიყო ბაზრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველი - რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა, განადგურება“.

გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ სააგენტოს დღემდე არ აქვს რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების თანამედროვე სისტემა და ამ მიმართულებით, DCFTA-ით განსაზღვრული მიზნის მიღწევის პროგრესი არ შეინიშნება. ეს კი, აუდიტორების მტკიცებით, ამცირებს საქართველოში სარისკო პროდუქტების იდენტიფიცირების გზით ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტიანობას და სააგენტოს შეზღუდული რესურსების გამოყენების პროდუქტიულობას.

„ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის განსაზღვრის, მათი შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და დოკუმენტირების ერთგვაროვანი და გამართული პროცედურების უზრუნველსაყოფად, სააგენტომ უნდა შეიმუშაოს მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს ბაზარზე ზედამხედველობის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, საზედამხედველო პროდუქტების საქართველოს ბაზარზე წილის, მისგან გამოწვეული დაზიანებებისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ შეგროვების, დამუშავების, დოკუმენტირებისა და გამოყენების პროცედურებს“, - ასეთია სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაცია.

 

შემოწმებების დაგეგმვის ნაკლოვანებები

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ სააგენტოს კვარტალური გეგმები არ ითვალისწინებს ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული ყველა პროდუქტის კატეგორიის შემოწმებას. იმავდროულად, სააგენტოში არ არსებობს შესაფერისი დოკუმენტური მტკიცებულებები შესამოწმებლად შერჩეული პროდუქტებისა და ეკონომიკური ოპერატორების შემოწმების პრიორიტეტულობაში დასარწმუნებლად.

„სააგენტოს კვარტალური გეგმები არ მოიცავს ბაზარზე ზედამხედველობის დეტალური დაგეგმვისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რის გამოც აღნიშნული გეგმები არსებული სახით არ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტიან სახელმძღვანელო დოკუმენტად, ერთი მხრივ, შემოწმებების უშუალოდ განმახორციელებელი პერსონალისათვის, ხოლო მეორე მხრივ, მენეჯმენტისათვის“.

გარდა ამისა, სააგენტოს არ გააჩნია ბაზარზე ცალკეული საზედამხედველო პროდუქტის წილის შესახებ, მათგან გამოწვეული დაზიანებების შესახებ და/ან სხვა არგუმენტების არსებობის შესახებ მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა მიღებულიყო ინფორმირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილება კონკრეტული ტიპის პროდუქტის კვარტალური შემოწმებების გეგმებში შეტანის ან გეგმის მიღმა დატოვების შესახებ.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, შერჩევის მეთოდის არარსებობის გამო, ვერ დგინდება, რის საფუძველზე განსაზღვრავს სააგენტო შესამოწმებელი პროდუქტის რაოდენობებს და ეკონომიკურ ოპერატორებს.

 

სააგენტოს მიერ საზედამხედველო ბაზრის მოცვის ნაკლოვანებები

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სააგენტოს ტექნიკური შემოწმებები ჩატარებული აქვს მხოლოდ პროდუქტის რეალიზაციის ადგილებიდან და საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებიდან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული შემოწმებების/პროდუქტის გამოცდის გზით. რაც შეეხება რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშის არალაბორატორიულ ტექნიკურ შემოწმებას, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს გააჩნია შესაბამისი მანდატი, აუდიტის პერიოდში, სააგენტოს ამ სახის ზედამხედველობა არ განუხორციელებია.

მეტიც, სააგენტოს არასდროს ჩაუტარებია საქართველოს ბაზარზე განთავსებული შემდეგი საზედამხედველო პროდუქტების ტექნიკურ-ლაბორატორიული შემოწმება:

 

  • თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლები;
  • წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები;
  • წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლები;
  • შეცდომაში შემყვანი პროდუქტები;
  • ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელები;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები;
  • მანქანა-დანადგარები;
  • პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები და დამცავი სისტემები.

 

ამასთან, სააგენტო სრულად არ ფლობს ინფორმაციას მის მანდატში შემავალი თითოეული საზედამხედველო პროდუქტის ლაბორატორიული მომსახურებების შესაძლო მიმწოდებლებისა და მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.

„სააგენტო არ გეგმავს ყველა საზედამხედველო პროდუქტის რეგულარულ ლაბორატორიულ შემოწმებებს და არ აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას მომავალში ამ ტიპის შემოწმებების გააქტიურებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, ლაბორატორიული მომსახურებების პოტენციური მიმწოდებლები არ არიან ინფორმირებულები საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიების შესაბამისი ტიპის მომსახურებებზე მოთხოვნის არსებობაზე და მისგან გამომდინარე სარგებელზე. ეს განაპირობებს საქართველოში შესაბამისი ლაბორატორიული მომსახურებების განვითარებისა და მიწოდების მიმართ პოტენციური მიმწოდებლების მხრიდან ინტერესის ნაკლებობას“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ტექნიკური შემოწმებების არალაბორატორიული ფორმების განუვითარებლობის გამო, საზედამხედველო პროდუქტი უშუალოდ სააგენტოს მიერ ტექნიკურად არ მოწმდება.

 

იმპორტის წინასწარი შეტყობინებების შემოწმების ნაკლოვანებები

იმპორტის წინასწარი შეტყობინებების პრაქტიკასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ევროკომისიის მიერ, 2023 წლის 1 თებერვალს გამოქვეყნებული სამუშაო დოკუმენტი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების სისტემა არ შეესაბამება ევრორეგულაციებს.

„2021-2022 წლებში, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სარისკოდ მიჩნეული იმპორტის წინასწარი შეტყობინებები სისტემამ ავტომატურად დაადასტურა სამი სამუშაო დღის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში ინტეგრირებულ რისკის პროფილთან თანხვედრილი პროდუქტი, 17 შემთხვევაში, საქართველოს ბაზარზე დაიშვა სააგენტოს შემოწმების გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ავტომატური დადასტურებების პროცენტული წილი მთლიან შეტყობინებათა რაოდენობაში მაღალი არ არის, რჩება რისკი, რომ ერთჯერადად, დიდი რაოდენობის შეუსაბამო პროდუქტი შემოვა საქართველოს ბაზარზე“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სააგენტოში არსებული კონტროლის მექანიზმები არასათანადოა იმ თვალსაზრისით, რომ უზრუნველყოფილი იყოს სარისკო პროდუქტის შესახებ თითოეული იმპორტის წინასწარი შეტყობინების შემოწმება და დროული გადაწყვეტილების მიღება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაციის მიხედვით, ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დადგენილი ჯარიმისა და შემზღუდველი ღონისძიებების აღსრულების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ უნდა მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი და წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა განისაზღვროს სამართალდარღვევის შემაკავებელი ეფექტის მქონე ჯარიმების დიაპაზონი.

„იმავდროულად, კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის, დადგინდეს ისეთი გასათვალისწინებელი კრიტერიუმები, როგორებიცაა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შინაარსი, ჯარიმის ოდენობის თანაფარდობა შეუსაბამო საზედამხედველო პროდუქციის ჯამურ ღირებულებასთან, საზოგადოების დაინტერესება და სხვა. გარდა ამისა, დაჯარიმებასთან ერთად, კანონმდებლობით განისაზღვროს იმ მოვალეობის შესრულების დაკისრება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც ხდება ჯარიმის შეფარდება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში - ჯარიმების გაზრდილი ოდენობა“.

 

ავტორი: მაკა რუხაძე