თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - უკავშირდება თუ არა 15 წლის გოგონას გარდაცვალება გარყვნილების მუხლით გასამართლებული პაპის საქმეს

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

19 ოქტომბერს ხაშურის ერთ-ერთ სოფელში, დაკრძალეს 15 წლის გოგონა, რომელიც უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. 16 ოქტომბერს, საღამოს რვა საათისთვის, ქალაქ ხაშურში, მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში შემზარავი ამბავი გაისმა:

„საღამოს რვა საათი იქნებოდა ყვირილი, რომ ატყდა, ვერავინ მიხვდა თავიდან რა ხდებოდა, ბიჭები იდგნენ ბინის წინ, ხმა გაიგეს, ეგონათ „ხალიჩა“ გადმოვარდა, მივიდნენ და დახვდათ შემზარავი სურათი, 15 წლის ბავშვი მანქანასთან უგონოდ ესვენა“ - გვიამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი,  რომელიც იმ მომენტისთვის იმავე კორპუსთან აღმოჩნდა, სადაც გოგონა დედასთან და ორ დასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

 

 „გარდაცვლილ ბავშვს ჰყავს და - ტყუპისცალი და კიდევ ერთი პატარა და, დედასთან ერთად ცხოვრობდნენ ბინაში, არ იყო აქტიური ბავშვი, დიდად არც ეზოში თამაშობდა თანატოლებთან ერთად, შეიძლება ითქვას ჩაკეტილი ბავშვი იყო. ეს უბედურება რომ დატრიალდა, ყველანი სახლში იყვნენ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებთ და არ ვიცით, რა და რატომ მოხდა,“ - გვეუბნება გოგონას მეზობელი.

15 წლის თეკლას გარდაცვალების საქმეს ხაშურის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

 

რა მოხდა სინამდვილეში?

მოზარდის გარდაცვალების ამბავი, ყველა შემთხვევაში ათასი ვერსიის გავრცელების საბაბი ხდება ხოლმე. თუმცა ამჯერად 16 წლის თეკლას საქმე ისიც ამძიმებს, რომ არასრულწლოვანი გოგო დაახლოებით ორი წლის წინ, სექსუალური ძალადობის საქმეში, დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებდა. ამ საქმეზე თეკლას ბაბუა, მამის მამა, გაუპატიურების მუხლითაა გასამართლებული და მას 16-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ბრალდების თანახმად, ბაბუა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა შვილიშვილზე. „ვერსია“ მუშაობდა ამ საქმეზე, სადაც ბევრი უპასუხო კითხვა დაგვრჩა იმის გამო, რომ დაზარალებული მხარე, ფაქტობრივად, არ გამოდიოდა არანაირ კონტაქტზე, ხოლო დასკვნების გამოტანა ცალმხრივად თითქმის შეუძლებელია.  არც გოგონა, რაც დედა, არც ბებია და ტყუპისცალი და, ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ თემაზე არ საუბრობდნენ, ხოლო სასამართლო პროცესი არასრულწლოვანის საქმეზე გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. რაც შეეხება ადვოკატს, ოჯახის ნებართვის გარეშე ვერც მან გვიპასუხა კითხვებზე.

ამ ეტაპისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება. სწორედ მან უნდა დაადგინოს, უკავშირდება თუ არა გოგონას უცნაური გარდაცვალება ორი წლის წინანდელ ხმაურიან საქმეს. კითხვა კი კვლავ უპასუხოდ რჩება თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?!

უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა?

დავიწყოთ თავიდან:

  • 2021 წლის 12 ოქტომბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთმა რაიონულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა გ.მ ანუ გარდაცვლილი გოგონას ბაბუას.
  • 2021 წლის 11 ოქტომბერს, გამოიკითხა არასრულწლოვანი თ.მ-ს ბიოლოგიური დედა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი 10 ოქტომბერს, საღამოს 18:30 საათზე, როდესაც მის სამ ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, გადაწყვიტა არასრულწლოვანი ქალიშვილებისათვის გაეცნო თუ რა იყო ძალადობა, ვინ შეიძლება იყოს მსხვერპლი. მოძალადე და ა.შ. როდესაც დაამთავრა მან საუბარი, მისმა 12 წლის ქალიშვილმა, მას მოუთხრო, რომ მასზე 5 წელზე მეტია ძალადობს პაპამისი გ.მ ამ ინფორმაციის მიღების მეორე დღეს, დაახლოებით დღის 14 საათისთვის, დედამ პოლიციაში განაცხადა. დაიწყო გამოძიება.
  • 2021 წლის 11 ოქტომბერს, მოწმის სახით გამოიკითხა თ.მ, რომელმაც გამოძიებას განუცხადა, რომ პაპამისი, გ.მ 8-დან 10 წლის ასაკამდე მასზე ძალადობდა სხვადასხვა ხასიათის სქესობრივად. არასრულწლოვანი გოგონა, გამოიკითხა ბებისა და სოციალური მუშაკის თანდასწრებით.
  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს“
  • ბაბუას, რომელსაც შვილიშვილის გაუპატიურება ედებოდა ბრალად, 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება ექსპერტიზას, ადვოკატის თქმით,  სამხარაულის ექსპერტიზაში ბავშვს დედის თანდასწრებით ჩაუტარდა კვლევა და დადგინდა, რომ საქალწულე აპკი დარღვეული არ არის:

 „ძალადობასა და გარყვნილ ქმედებას ჰქონდა თუ არა ადგილი, ამას ექსპერტიზა ვერ დაადგენს. ბავშვი ამბობს, გამაუპატიურესო, დედაც ამბობს, გაუპატიურებულიაო და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. პროკურორმა იცის საექსპერტო კვლევის შესახებ, დედამაც უთხრა, ფაქტობრივად, დასკვნა დევს სამხარაულში, მაგრამ კიდევ არ აქვთ ჩადებული საქმეში.“ - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

„„ვერსიის“  გადამოწმებული ინფორმაციით, თეკლას მშობლები გაცილებულები არიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვები მამას კვირაში ერთხელ მიჰყავდა ოჯახში და, შესაბამისად, უქმე დღეებს პაპასთან ატარებდნენ. ბრალდებული კაცი ინვალიდია და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. გოგონას მშობლებს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მამას სხვა ოჯახი ჰყავს და, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მამა ბავშვებს ალიმენტს არ უხდიდა იმ მიზეზით, რომ აგროვებდა და ბინის ყიდვას აპირებდა მათთვის.

დაზარალებული გოგონას და უკვე გარდაცვლილი ბავშვი მამა ჩვენთან ინტერვიუს დროს ამბობს:

ბავშვები ძალიან იშვიათად მოდიოდნენ ჩემთანაც და მამაჩემთანაც, მამაჩემთან მითუმეტეს. სულ თითზე ჩამოსათვლელად შეიძლება დარჩენილიყვნენ მამაჩემთან მარტო. თუ იყვნენ სოფელში, ჩემთან და ჩემს მეუღლეს ერთად. შემიძლია, გავიხსენო, ბოლოს რომ ერთად ვიყავით, ეზოში მწვადს ვწვავდით, მამაჩემი მაღაზიაში მიდიოდა და კამათი მოუვიდათ დებს, მანქანაში წინ დაჯდომაზე. პაპიკოს ეძახდნენ და არანაირი დაძაბულობა ან შიში არ შემიმჩნევია. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, ვერც ერთმა როგორ ვერ შევამჩნიეთ?..-გარდაცვლილი გოგონას მამა, რომელიც აცხადებდა, რომ მამამისი უდანაშაულოა, ხოლო რა მოტივი ჰქონდა მის ყოფილ მეუღლეს ასეთი მძიმე ბრალდება წაეყენებინა მისთვის, აბსოლუტურად გაუგებარია.

ბრალდებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა, ჩვენთან არაერთხელ აცხადებდა, რომ ითხოვდა ფსიქოლოგის კვალიფიკაციის გადახედვას, იგი ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების მიმდინარეობასაც და ფსქიოლოგსაც, რომელიც დაზარალებულ ბავშვთან მუშაობდა.

„მოვითხოვეთ ამ საკითხის მოკვლევა, მივმართეთ ზრუნვის სააგენტოს, პროკურატურას, მოვითხოვე, რომ შეესწავლათ ამ ფსიქოლოგის განათლებისა და კვალიფიკაციის საკითხი. გენერალურმა პროკურატურამ ჩემი განცხადება შიდა ქართლის პროკურატურას გადაუგზავნა, სადაც მითხრეს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობდა.“- ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.

„ახლა, გოგონას გარდაცვალების შემდეგაც, 16 ოქტომბერს, მამამ გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ და პირდაპირ დაასახელა, რომ შესაძლოა, მისი შვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არასწორმა სარეაბილიტაციო კურსმა გაართულა და კვლავ მოითხოვა, რომ ჩატარდეს სპეციალური კვლევები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულ კაცს შვილიშვილი არ გაუუპატიურებია, ამას მოწმობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნაც. ეს ფსიქოლოგი კი ბავშვს, როგორც გაუპატიურების მსხვერპლს, ასე მკურნალობდა თვეების განმავლობაში“, - ამბობს ზურაბ თოდუა, რომელსაც ხაშურის რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი გაუპატიურების მუხლით იქნა მსჯავრდებული, ამჯერად უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

2022 წლის 11 ივლის, ზურაბ თოდუა, ჩვენთან საუბრისას აცხადებს

„ვაპირებთ, გავასაჩივროთ ეს განაჩენი არამარტო სააპელაციო სასამართლოში, არამედ ამ მოსამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხიც უნდა დადგეს. მოსამართლე ვერ ერკვევა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ბრალდებულს არ აქვს სექსუალური პოტენცია წლების მანძილზე. ვერ ერკვევა იმაში, რომ საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევა შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ ჯანმრთელი სექსუალური პოტენციის მქონე მამაკაცისგან. მოსამართლე უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ ასეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. ბრალდებული არაფერს ამბობს, ჯერჯერობით, არ ელოდა მსგავს განაჩენს.“

ამ ყველაფრის მერე, დაზარალებული გოგონას ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მარტივი წარმოსადგენია როგორი რთულიც იქნებოდა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, იგი გადიოდა რაღაც დროით ფსიქოლოგის დახმარებას, ასევე ცნობილია, რომ ბოლო პერიოდის განმალობაში, მისი დედა წუხდა გოგონას მდგომარეობაზე, ამბობდა, რომ დღემდე აწუხებდა ბავშვს ეს ამბავი ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ბავშვი ჩაკეტილი იყო, დეპრესიული, ფიქრობდა, რომ ყველა მასზე საუბრობდა, დედამისი წუხდა ამ ამბავზე და გამოსავალს ეძებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედა და თავად გოგონებიც იაჰოვას მოწმეები იყვნენ. ცნობილია, რომ ბავშვები მოზრდილ ასაკში გახდნენ მათი წევრები, რასაც მამა ეწინააღმდეგებოდა, თუმცა უშედეგოდ. გარდაცვლილი გოგონას მამა ფიქრობდა, რომ მათი ამ „სექტაში“ შესვლა ზეწოლით მოხდა და არ სურდა მათი შვილები იაჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ.

თეკლას უცნაური გარდაცვალების საქმეზე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება - ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა 15 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ერთი რამ სავსებით ცხადია - ორი წლის წინანდელი ხმაურიანი საქმე არასრულქლოვანის ფსიქიკაში გარკვეულ მძიმე კვალს დატოვებდა, ბავშვს დახმარება სჭირდებოდა და იქნებ დაკრძალვის შემდეგ მაინც გაეცეს ყველა კითხვას პასუხი - ვინ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა სახელმწიფომ, ოჯახმა, ფსიქოლოგებმა, სად დაუშვა შეცდომა გამოძიებამ და სასამართლომ?

15 წლის გოგონას დღეს 19 ოქტომბერს დაკრძალეს... ალბათ, ხვალ ეს ფაქტი, ისევე როგორც სხვა უამრავი, საზოგადოებას გადაავიწყდება მორიგი ტრაგედიამდე...

„ვერსია“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და შეეცდება დამატებითი დეტალები უახლოს დღეებში შემოგთავაზოთ.

ავტორი-სალომე ნოზაძე

რა წერია ადვოკატის მიერ ომბუდსმენთან გაგზავნილ ანგარიშში - ექსკლუზივი შიდა ქართლში მომხდარ გაუპატიურების საქმეზე