რატომ არ სჯერა 13 წლის გოგონაზე პაპის მიერ ძალადობის ფაქტი, რას ასახელებს „ცილისწამების“ მოტივად და ოჯახური კონფლიქტის რა დეტალებს გვიმხელს დაზარალებული გოგონას მამა

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ აგრძელებს მუშაობას  შიდა ქართლში მომხდარი უმძიმესი საქმის მასალებზე - 13 წლის  მოზარდი გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, რომ  მამის მამა მასზე  თითქმის 5 წლის განმავლობაში ძალადობდა. ამის შესახებ ტყუპისცალმა გოგონამ დედას 2021 წლის 10 ოქტომბერს უამბო. 11 ოქტომბერს დედამ საჩივარი პოლიციაში შეიტანა, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ძალადობაში ბრალდებული მამაკაციც რამდენიმე საათში დააკავეს. გორის სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი 45 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.  

„ვერსიამ“  უკვე შემოგთავაზათ ინტერვიუ ბრალდებულის ადვოკატთან. შემთხვევის ადგილზე მოკვლეულ მასალებზე მუშაობისას, ასევე გავრცელებული ინფორმაციების გაანალიზების შედეგად, უამრავი უპასუხო კითხვა გაჩნდა. მათზე პასუხის მისაღებად   გოგონას მამას, ბრალდებულის ადვოკატსა და   სისხლის სამართლის საქმის გამოძიებელს დავუკავშირდით.

რაც შეეხება სავარაუდო დაზარალებულის მხარეს - მას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახაზინო ადვოკატი იცავს. „ვერსიას“ მასაც დაუკავშირდა, თუმცა უფლებადამცველმა  კომენტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მოზარდის დედა საჯარო საუბრისგან თავს იკავებს, ამიტომაც, ოჯახთან შეთანხმების გარეშე, ვერც ერთ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს.  „ვერსია“ მზად არის, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საუბრის მსურველ ყველა პირთან ითანამშრომლოს.

მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ სავარაუდო დაზარალებულ 13 წლის გოგონას ჰყავს ორი და (მათგან ერთი მისი  ტყუპისცალია). ბავშვები დედასთან ერთად, შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც მოზარდის მშობლები განქორწინდნენ. მოზარდის მამას ახლა სხვა ოჯახი ჰყავს და მათთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

ბრალდებული მამაკაცი 53 წლისაა.  უკვე 12 წელია მეუღლესთან გაშორებულია, დედასთან ერთად სოფელში ცხოვრობს, იგი  შშმ პირია (ახალგაზრდობის ტრავმის შედეგად, ერთი ფეხი მოკვეთილი აქვს) და  ტაქსის მძღოლობით ირჩენს თავს. მას 2 შვილი ჰყავს - გოგონების მამა და ქალიშვილი. „ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით,  ქალიშვილი  მამასთან, წლების განმავლობაში არ კონტაქტობდა, თუმცა ერთი წლის წინ შერიგდნენ.

„ვერსიამ“ ექსკლუზიურად გაარკვია, რომ დაზარალებულსა და მის დებს მამა ალიმენტის თანხას პრინციპულად არ უხდის. მიზეზად ასახელებს იმას, რომ თანხას აგროვებს, რათა ბავშვებს ბინა უყიდოს. მამა ასევე აცხადებს, რომ ალიმენტის გადაუხდელობის გამო მის ქონებას ახლა ყადაღა ადევს: „ყოფილმა მეუღლემ წელიწადნახევრის წინ მიჩივლა იმის გამო, რომ ალიმენტს არ ვიხდიდი და ამის საფუძველზე დამადეს ყადაღა. შესაბამისმა სამსახურებმაც დამიბარეს და მითხრეს, რომ ქონებას დამიყადაღებდნენ, მაგრამ ქირით ვცხოვრობ და რას დააყადაღებდნენ? მადევს უკვე ყადაღა და რომ არ გადავიხადე ალიმენტი, ჯერჯერობით, საქმე შეჩერებულია.“

„ვერსია“  დაზარალებული გოგონას მამასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

-თუ მიგაჩნიათ, რომ მამათქვენი დამნაშავე არაა, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მოტივი, რის გამოც მას ასეთ მძიმე ბრალს სდებენ?

- ვერ გეტყვით, მაგრამ კონფლიქტი ჰქონდათ მამაჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს, რაც ერთმანეთს დავშორდით. რამდენჯერმე გვქონდა კონფლიქტი იმიტომ, რომ მეორე ცოლი მოვიყვანე და აბრალებდა მამაჩემს, რომ იცოდა მან ჩემი მეორე მეუღლის შესახებ და აბრალებდა, რომ ოჯახი მან დაუნგრია. ამბობდა, რომ მამაჩემმა იცოდა, ეს გოგო მიყვარდა მანამდე, სანამ გავშორდებოდი და მას აბრალებდა, რომ ოჯახი დაგვენგრა. ფინანსურ საკითხს რაც შეეხება, ჩემთან ჰქონდა ხოლმე პრეტენზია თანხასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ალიმენტს არ ვიხდი იმიტომ, რომ მინდა, ბავშვებს თანხა შევუგროვო და ბინა ვუყიდო, მაგრამ ბავშვებს ყველანაირად ვეხმარები. რეალურად, ალიმენტის გადახდა მირჩევნია, რადგან ისე უფრო მეტი მეხარჯება და მგონი, ამას არც თავად ჩემი მეუღლე უარყოფს.

- თქვენი ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა, მოტივი შურისძიება იყოს, ეთანხმებით მას?

- შესაძლოა, რადგან ბევრი ისეთი მიზეზი მომიგონა, რომ საერთოდ არაფერ შუაში ვიყავი და შესაბამისად, კითხვა მიჩნდება და იმიტომაც ვეძებ სიმართლეს.

-  ჩვენი რედაქციის ინფორმაცით, თქვენი და წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა მამათქვენს. რატომ იყო მათ შორის კონფლიქტი?

- კი, ცოტა ხანს იყო ასეთი მომენტი, როცა არ ელაპარაკებოდა. არც მე და ჩემი და ველაპარაკობდით ერთმანეთს.

- რატომ, მიზეზი რა იყო?

- ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ჩემი და, მამაჩემი და მე, ერთმანეთს დაგვაპირისპირა. ჩემს დაზე ამბობდა ცუდ რაღაცეებს, მამამთილს ეუბნებოდა, რომ ჩემი და ვითომ ცუდად იქცეოდა. მამამ გადაწყვიტა, თუ ასე იქცევა, ჩემს სახლში აღარ დავინახო მოსულიო. მერე ბებომ უთხრა ჩემს ყოფილ მეუღლეს, ამას რას აკეთებ, მამა-შვილს ერთმანეთს როგორ აპირისპირებო და გამობრუნდა, გამოვიდა ოთახიდან ჩემი ყოფილი მეუღლე, მიუბრუნდა მამაჩემს, ახლა არაფერი უთხრა და შემდეგ, როცა რამეს დააშავებს, მერე გააგდე სახლიდანო.

- მართალია, რომ დედათქვენი საზღვარგარეთ ცხოვრობს?

- არა, საქართველოშია და რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ ჩემი ყოფილი მეუღლე მასაც აღარ ესაუბრება. იმის გამო, რომ მე არ მატანდა ხოლმე ბავშვებს, ჩემზე რაღაც საჩივარი შეიტანა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ და დედაჩემმა დაურეკა, რატომ აბოროტებ, რაღა გინდა, ხომ გაშორდით ერთმანეთსო და ამის გამო დაბლოკა და აღარ ესაუბრება.

- მამათქვენი და დედათქვენი ერთად ცხოვრობენ თუ გაშორებული არიან?

- ერთად არ ცხოვრობენ.

- როცა ბავშვები მამასთან მიგყავდათ, იმავე სახლში თქვენც იყავით ხოლმე, რაიმე განსხვავებული ქცევა ხომ არ შეგიმჩნევიათ ბავშვებისგან?

- არაფერი. ბავშვები ძალიან იშვიათად მოდიოდნენ ჩემთანაც და მამაჩემთანაც, მამაჩემთან მითუმეტეს. სულ თითზე ჩამოსათვლელად შეიძლება დარჩენილიყვნენ მამაჩემთან მარტო. თუ იყვნენ სოფელში, ჩემთან და ჩემს მეუღლეს ერთად. შემიძლია, გავიხსენო, ბოლოს რომ ერთად ვიყავით, ეზოში მწვადს ვწვავდით, მამაჩემი მაღაზიაში მიდიოდა და კამათი მოუვიდათ დებს, მანქანაში წინ დაჯდომაზე. პაპიკოს ეძახდნენ და არანაირი დაძაბულობა ან შიში არ შემიმჩნევია. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, ვერც ერთმა როგორ ვერ შევამჩნიეთ?...

- თქვენს ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- დიდხანს ძალიან ცუდი ურთიერთობა გვქონდა. ბავშვებს სკოლაში რაღაც პრობლემა ჰქონდათ ადრე და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და ბოლო ერთი წელი იქნება, რაც ცოტა გამოგვისწორდა ურთიერთობა. ბავშვებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. ჩვენს ჩხუბსა და კამათს იწვევდა ის, რომ ბავშვები არ მოდიოდნენ ჩემთან, როცა ბავშვების გამოყვანის დღე იყო, მაშინ პიკნიკები უნდა დაეგეგმა, ტორტი უნდა გამოეცხო ან ცუდად იყო და ა.შ. ბავშვებს კი ძალას ვერ ვატანდი, რომ გამოსულიყვნენ. ერთხელ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციაშიც კი ვიყავი, უნდა დამეწერა საჩივარი, ბავშვებს რომ არ მატანდა. ბავშვები ჩემთან როცა იყვნენ, უკან დაბრუნება აღარ უნდოდათ და ცდილობდნენ, მე დამერეკა დედასთან და თავად ვერ უბედავდნენ, დარჩენა რომ უნდოდათ.

- თქვენს ყოფილ მეუღლესთან მომხდარის შემდეგ რაიმე სახის კომუნიკაცია გქონიათ?

- მხოლოდ ბავშვი მოვიკითხე და ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ გვისაუბრია. „ფეისბუქზეც“ დამბლოკეს, არ მპასუხობენ, ალბათ იმიტომ, რომ სიმართლეს ვარკვევ.

- პაპა ბავშვებმა ბოლოს როდის ნახეს?

- 2020 წლის სექტემბერში, როდესაც მეც იქ ვიყავი ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად.

- თქვენ ამბობთ, რომ ბოლო ერთი წელია, ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა შედარებით გამოგისწორდათ. თუ ასეა, ბავშვები პაპასთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში რატომ აღარ მიგყავდათ?

-  მე თბილისში ვცხოვრობ და ჩემთან იყვნენ ხოლმე უმეტესად. პატარა გვყავს და იმას ეთამაშებოდნენ, ქალაქშიც ვსეირნობდით. ბავშვებს სოფელში არ სიამოვნებდათ წასვლა, არ უნდოდათ. მეუბნებოდნენ, იქ მოწყენილები ვართ და ვერ ვერთობითო, ამის გამო არ გამოდიოდნენ, თორემ სხვა დანარჩენი არაფერი ცვლილება არ ჰქონიათ.  

სკანდალური საქმის დეტალებზე „ვერსია“ ბრალდებულის ადვოკატს, ზურაბ თოდუასაც ესაუბრა, რომელმაც განმარტა: „სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც ძალაში დაახლოებით 2017 წლის იანვარში შევიდა, პარასკევს და შაბათს მამასთან უნდა ყოფილიყვნენ ბავშვები. როდესაც მამას ბავშვები პაპასთან მიჰყავდა, არანაირი ქცევის ცვლილება არ შეუმჩნევია, ჩვეულებრივი სიხალისით გამორჩეული ბავშვები არიან სამივე. რაც შეეხება ქონებას, განქორწინების შემდეგ გაყოფილია და მატერიალური პრეტენზიები ყოფილ მეუღლეს არ აქვს. ალიმენტიც განსაზღვრულია, უბრალოდ, მამა პრინციპულად არ იხდის, რადგან აგროვებს ამ თანხას, რომ ბავშვებს ბინა უყიდოს, როცა ისინი სრულწლოვანი გახდებიან. დანარჩენი რა დახმარებაც სჭირდებათ ბავშვებს, ტანსაცმელი იქნება ეს თუ სხვა საჭირო ნივთები, ყველაფერ ამით მამა უზრუნველყოფს.

ბავშვების დედის მშობლები სოფელში ცხოვრობენ და განქორწინების შემდეგ მათ შვილი არ მიიღეს სახლში და დღეს ეს ქალბატონი თავის სამ შვილთან ერთად ქალაქის ცენტრში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი საბავშვო ბაღშია დასაქმებული.“

ადვოკატი მოზარდის ჩვენების შესახებაც გვესაუბრება. მისი თქმით,  დედამ 2021 წლის 10 ოქტომბერს ბავშვთან დაიწყო საუბარი სექსუალური ძალადობის საკითხზე და ჰკითხა, მათაც ხომ არ ჰქონიათ მსგავსი პრობლემა? დედის თქმით, ამის შემდეგ ბავშვმა დეტალურად მოუყვა, როგორ ძალადობდა პაპა მასზე:  „ერთ-ერთმა ტყუპისცალმა დედას უთხრა, რომ მასზე პაპა ძალადობს უკვე 5 წელია. ბავშვი ძალადობას ყოფს 2 ეტაპად - 8-დან 10 წლამდე პერიოდი, როდესაც ბრალდებული გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა, რასაც ადგილი ჰქონდა 30-40-ჯერ, ხოლო 10-დან 12 წლამდე ისე მეფერებოდა, როგორც ქალსო, სექსუალურ აქტს ჩემთან სჩადიოდა როგორც თითით, ასევე სასქესო ორგანოს მეშვეობით და ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა 50-60-ჯერო. ეს ყველაფერი ბავშვმა უამბო დედას. ამის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში დედა მშვიდადაა და ის მეორე დღის მეორე ნახევარში მივიდა პოლიციაში და განაცხადა, ჩემი შვილი გაუპატიურებულია და მსხვერპლია პაპისგან ძალადობისო. მაშინვე დაკითხეს ეს ბავშვი და ამ გამოკითხვის საფუძველზე დააკავეს პაპა. დაკითხვის დამთავრებისთანავე-მეთქი ვამბობ იმიტომ, რომ ზუსტად ამ პერიოდში პაპა იმყოფება შვილთან თბილისში, სახლში მიადგნენ, ისე გააფორმეს, თითქოს ძებნილი იმალებოდა და თავს არიდებდა პასუხისმგებლობას.

თოდუას თქმით, ბავშვი დაკითხულია სამჯერ და როგორც ადვოკატი აცხადებს, „ბავშვი თავის ჩვენებაში ძალადობას აღწერს მოქმედებას წუთებით, როგორ მოქმედებდა სექსუალური აქტის დროს.  11 ოქტომბრის ჩვენებაში ბავშვი ყვება დეტალებს, მეორე დღეს გამოკითხულია ფსიქოლოგის თანდასწრებით და აბსოლუტურად ერთსა და იმავეს ამბობს, წერტილი და მძიმეც კი არაა შეცვლილი ტექსტში. პროკურორს ვეკითხები, როგორ მიგაჩნიათ ნორმალურად, რომ 12 წლის ბავშვმა ამხელა ტექსტის დაზეპირება შეძლოს-მეთქი, ამაზე ვერ მიპასუხა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ პირველი ჩვენება არის დაბეჭდილი სადღაც, ვიღაც დაინტერესებული პირის მიერ, რამეთუ ძალიან მეეჭვება, რომ ამ ასაკის ბავშვი ასეთი ტერმინოლოგიით საუბრობდეს და მეორე დღის ჩვენება ფსიქოლოგის თანდასწრებით „კოპი-ფეისთით“ არის გადატანილი, მხოლოდ თარიღია შეცვლილი. ამ ეჭვის საფუძველს მაძლევს აზრის გადმოცემის ტექნოლოგია, გრამატიკული შეცდომები. პირველ ჩვენებაში გამომძიებელმა დაწერა „პაპას ერი ფეხი არ აქვს“ ანუ „ერთი“ უნდა ეწეროს და გრამატიკული შეცდომაა დაშვებული. იგივე ტექსტი წერია მეორე დღის ჩვენებაშიც, რაც ბადებს ეჭვს.  ფსიქოლოგი გამოკითხული არაა და მასთანაც მაქვს უამრავი კითხვა, პირველ რიგში მაინტერესებს, როგორ ყვებოდა ამბავს ბავშვი ასე დაზეპირებული ტექსტებით... ჩვენებაში ბავშვი აღწერს, როგორ ამყარებდა სექსუალურ აქტს და რას განიცდიდა ის კაცი, სისველეს ვგრძნობდი, მერე იწმენდდაო...“  

რაც შეეხება ექსპერტიზას, ადვოკატის თქმით,  სამხარაულის ექსპერტიზაში ბავშვს დედის თანდასწრებით ჩაუტარდა კვლევა და დადგინდა, რომ საქალწულე აპკი დარღვეული არ არის: „ძალადობასა და გარყვნილ ქმედებას ჰქონდა თუ არა ადგილი, ამას ექსპერტიზა ვერ დაადგენს. ბავშვი ამბობს, გამაუპატიურესო, დედაც ამბობს, გაუპატიურებულიაო და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. პროკურორმა იცის საექსპერტო კვლევის შესახებ, დედამაც უთხრა, ფაქტობრივად, დასკვნა დევს სამხარაულში, მაგრამ კიდევ არ აქვთ ჩადებული საქმეში.“

„ვერსია“ დაინტერესდა, დაკითხული თუ არა გოგონას ტყუპისცალი და და. ზურაბ თოდუა გვიდასტურებს, რომ მეორე ტყუპისცალიც დაკითხულია: „ამბობს, რომ ჩემთან მსგავსი რამ პაპასგან არასდროს ყოფილაო. ეს დაზარალებული ბავშვი კი ამბობს, მეშინოდა, რადგან პაპა მემუქრებოდა, შენ თუ ამას იტყვი, მაშინ შენს დებსაც იგივეს ვუზამ და ამიტომ ვდარაჯობდი, რომ პაპას რამე არ დაეშავებინა ჩემი დებისთვისო. დედა გამოკითხვაში ამბობს, რომ არასდროს ქცევის  არავითარი ცვლილება არ შეუმჩნევია შვილისთვის“.

ადვოკატის იმასაც აცხადებს, რომ ბრალდებულ პაპას ფსიქიატრიული ექსპერტიზა არ ჩატარებია. იგი კარგი რეპუტაციით სარგებლობს, შეუბღალავი წარსული აქვს და არასოდეს კონფლიქტი არ ჰქონია. თუმცა „ვერსიის“ საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულს სიმთვრალეში საკმაოდ ცუდი ხასიათი აქვს და ცოთან გაყრის მიზეზიც ის გახდა, რომ მასზე ფიზიკურად ძალადობდა. თუმცა ამ კითხვაზე ადვოკატი გვპასუხობს:  „ასეთი რამ პირველად მესმის. შეიძლება, ოჯახში იყო კონფლიქტი და ამიტომაც განქორწინდა. არავინ დაგიდასტურებთ იმას, რომ სვამდა და ამის გამო ცოლზე ძალადობდა. კონფლიქტი რომ იყო ცოლ-ქმარს შორის, ამიტომაც განქორწინდნენ, დაახლოებით 12 წლის წინ“.

„ვერსია“ ხაშურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს - დიმიტრი ქიმერიძესა დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს: „არ ვესწრებოდი მე დაკითხვას, მეორე გამომძიებელმა დაკითხა, მაგრამ შინაარსი დაახლოებით ვიცი. მე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ჩემი დაკითხული არ არის ბავშვი. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ბავშვის ჩვენების გასაჯაროება არ მიმაჩნია სწორად ამ ეტაპზე. ბავშვმა სავარაუდო ძალადობის შემდეგ როგორი დიდი სტრესიც მიიღო, არანაკლები სტრესი მიიღო ასევე ზოგიერთი ტელევიზიის გაშუქებული სიუჟეტებით. ასეთმა გადაუმოწმებელმა ინფორმაციებმა, რომელიც ტელევიზიაში გადის, ბავშვი დააზარალა.

გამოძიება მიმდინარეობს, დაზარალებულს ჰყავს სახაზინო ადვოკატი.  მეორე გამოკითხვას ესწრებოდა ფსიქოლოგი. დედას არ აქვს სურვილი, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რაიმე სახით გავიდეს მედიასთან კონტაქტზე. ექსპერტიზა დავნიშნეთ იმავე დღეს, როდესაც ზარი შემოვიდა დაზარალებულისგან და ჯერჯერობით არ არის პასუხი, როდის იქნება არ ვიცით. მონაცემები, რომელსაც ბრალდებულის ადვოკატი ექსპერტიზის პასუხზე ავრცელებს ალბათ იმათგან მიიღო, ვინც მისგან ესწრებოდა ექსპერტიზას, თუმცა ეს რამდენად ზუსტია, არ ვიცი, რადგან ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არის.

ბავშვი აღწერს სავარაუდო ძალადობის რამდენიმე ფაქტს და ძალადობის სხვაგვარ ქმედებებს, მაგრამ კონკრეტული დეტალების გასაჯაროება არ შემიძლია გამოძიებიდან გამომდინარე“.

„ვერსია“ აგრძელებს მოკვლევას და მასალებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ

ავტორები: სალომე ნოზაძე და თათია გოჩაძე