ბულინგი რადიკალური ოპოზიციისგან არავის უკვირს, ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი იარაღი და მთავარი ხელწერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ათწუთიანი ვიდეო, სადაც ის აღწერს მოვლენებს სლოვაკეთში. მარტივად შეგიძლიათ, შეცვალოთ ერთი სიტყვა, სლოვაკეთი ჩაანაცვლოთ საქართველოთი და ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში. აქედან ჩანს, რომ ბულინგი და ლიბერალური ფაშიზმი არის მთლიანად კოორდინირებული და გარედან თავსმოხვეული. ჩვენი საზოგადოება არ არის მიდრეკილი სიძულვილისკენ. ეს არ არის ჩვენი საზოგადოების თვისება, ეს არ არის ქართული საზოგადოების ხელწერა. სიძულვილი, რაც ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ხელოვნურია და მთლიანად გარედან არის თავსმოხვეული. მინდა, ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის დათესვისგან, ქართველებს შორის სიძულვილის დათესვისგან და მით უმეტეს, თავი შეიკავონ სიძულვილის დათესვის გარე დაფინანსებისგან. ეს დაფინანსება მინიმუმ უნდა იყოს გამჭვირვალე და ამას ეხება კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. სიძულვილის დაფინანსება და ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად მიუღებელია. მათ შორის, რაც ხდება ემიგრანტების წინააღმდეგ, როცა მიმდინარეობს სიძულვილის და ბულინგის კამპანია, ეს მით უმეტეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, საზოგადოებამ თავის პოზიცია უნდა გამოხატოს ასეთი აქტების მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საჯაროდ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, ახლა მოუწევთ მისვლა პროკურატურაში და მტკიცებულებების წარდგენა.
„თუ არ მივლენ, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალია, რაც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილს, მიოს დაბარებაზეა საუბარი, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. საქართველოში მოქმედებს საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ შეუძლია ეკავოს პარტიული თანამდებობა და ის უნდა იყოს ზეპარტიული, ანუ არ შეიძლება, ის ერთვებოდეს საარჩევნო კამპანიაში რომელიმე პარტიის ან პარტიების სასარგებლოდ. სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს, რაც ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და არჩევნების დელეგიტიმაციის კამპანიას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი - ის ადამიანი, რომელიც თავად უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. ასეთ კამპანიას ხომ ვერანაირი ფასი და ვერავითარი დატვირთვა ვერ ექნება. კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის უწყებებში, ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“ თუ „ენჯეოშნიცა“, მაგრამ თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა. მას არ აქვს უფლება, ისაუბროს ზეპირად. თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოში, თუმცა დარწმუნებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვს არავითარი ფაქტი, ის ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მისცემს ვერავითარ ინფორმაციას პროკურატურას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ზეპირად აჟღერებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ გვარამიას პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოიგო.
„ზოგადად, გვარამია და ქუჩა ერთმანეთისგან ძალიან უცხო ცნებებია ყველა თვალსაზრისით. პირველ რიგში, დადებითი თვალსაზრისით, უარყოფით თვალსაზრისს არ ვგულისხმობ. ზოგადად, ქუჩას რაც შეეხება, წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. გვარამიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, მის პარტიას მოვუგეთ 890 000-ზე მეტი ხმით. ქუჩაში რა უნდა გააკეთოს ამ პირობებში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
"ეს არის ხალხის მხარდაჭერა, რაც გვარამიას არ აქვს, მის პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ" - პრემიერი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი