"არჩევნები ჩატარდა სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად და ამის გამოხატულებაა ღიაობაც ცესკოს მხრიდან" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ღიაობისთვის მადლობა გადაუხადა ცესკოს და აღნიშნა, რომ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არც ცესკოს და არც არავის დასამალი არაფერი აქვს.

„არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩვენს ქვეყანაში და ამის გამოხატულებაა ეს ღიაობაც, რომელიც დაფიქსირდა ცესკოს მხრიდან. ასევე მადლობა პროკურატურას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა ცესკოს მიმართვაზე. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ღია, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში. არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია, გადაამოწმოს ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ შესაბამის უწყებებს გამოეძიებინათ ყველა შესაბამისი სამართალდარღვევა და ამ კუთხითაც ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ცესკოს და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, პივიტი მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ ის არის გაყალბებული, თუ ის ემთხვევა ცესკოს შედეგებს, მაშინ მას არავითარი ფასი არ აქვს.

„რაც შეეხება პარალელურ დათვლას, ე.წ პივიტის, რა ფასი აქვს პივიტის, თუ ის გაყალბებული არ არის. პივიტი მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ ის არის გაყალბებული, თუ არის ხელოვნურად აცდენილი ცესკოს შედეგებს. თუ ის ემთხვევა ცესკოს შედეგებს, მაშინ მას არავითარი ფასი არ აქვს და შესაბამისად, არც უნდა გამოქვეყნდეს. ეს არის ამ ენჯეოს დამოკიდებულება საკუთარი პარალელური დათვლის მიმართ, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მინიშნება, რომელიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ გააკეთა ლიბერალურ და კონსერვატიულ ძალასთან დაკავშირებით, რელევანტურია.

„გახსოვთ, 2008 წელს, როცა ტოტალურად გაყალბდა საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ ძალიან სწრაფი დადებითი შეფასებები გაკეთდა ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შესახებ. მინიშნება, რაც გააკეთა ბატონმა სიიარტომ, არის აბსოლუტურად რელევანტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მმართველმა გუნდმა ფაქტებით დაამტკიცა 2020 წელს, რომ ენჯეოების და პარტიების ბრალდება იყო სრული ტყუილი და ამ არჩევნების შემდეგაც უკვე დამტკიცდა იგივე.

„ოპოზიცია ატყუებდა საზოგადოებას, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველს, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს, ისინი ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ საქართველოში ყოველი მეორე იყო ნაცი, რაც ბუნებრივია, ვერ იქნება სიმართლე. საქართველოში საზოგადოების უდიდესი ნაწილი აზროვნებს სახელმწიფოებრივად. ჩვენი მოქალაქეები უფრთხილდებიან მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააკეთა ის არჩევანი, რაც იყო უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მაგრამ ეს ადამიანები, ოპოზიციის წარმომადგენლები ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის, საკუთარ მხარდამჭერებს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია იგებდა არჩევნებს. ახლა მათ მოუწევთ, თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, ისინი ვერ გამოავლენენ ღირსებას იმისათვის, რომ სიმართლე უთხრან ამ შემთხვევაში მაინც საკუთარ ამომრჩეველს და მათ უწევთ ახალი ტყუილის თქმა. მანამდე ატყუებდნენ საზოგადოებას იმის შესახებ, რომ თითქოს იგებდნენ არჩევნებს, ახლა უწევთ იმის თქმა, თითქოს, გაყალბდა არჩევნები. ესეც არ არის ახალი. იგივე ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ფაქტებით დავამტკიცეთ 2020 წელს, რომ თითოეული ენჯეოს და პარტიების ბრალდება იყო სრული ტყუილი და ამ შემთხვევაშიც უკვე დავამტკიცეთ იგივე, თუმცა, გავაგრძელებთ ამ მტკიცებას მომდევნო დღეების განმავლობაშიც. ამაში პროკურატურის როლიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი იქნება გამოძიებული. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, კეთილი ინებოს და მიმართოს პროკურატურას, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ წარიმართება პროცესი - ყველა აერიდება მტკიცებულებების წარდგენას, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის შეფასებით, ამ გარე ჩარევის მიზანი იყო რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება.

„ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობაზე და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ამ არჩევნების და მეორე არჩევნების შემდეგ, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რაც ვფიქრობ, მოხდება ძალიან მალე, მომავალ წელს, შეიძლება იანვარ-თებერვალშიც, შეიძლება ოდნავ უფრო გვიან, მაგრამ, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება სამართლიანობა ურთიერთობებში. უკრაინაში ომის დაწყებამდე ასეთი პრობლემები, გაუგებრობები არ არსებობდა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად გაჩნდა ეს გაუგებრობები. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე გაუგებრობები გაქრება და შესაბამისად, აღდგება სამართლიანობა და ჯანსაღი ურთიერთობები. სანქციებს რაც შეეხება, ეს ერთ-ერთი ფაქტორია. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს სანქციებს, დააწესოს სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას. ჩვენ რომ ეს გაგვეკეთებინა, დღეს აქ ჰიდროელექტროსადგურს კი არ გავხსნიდით, გვექნებოდა საერთოდ სხვა ვითარება, რა ჰიდროელექტროსადგურებიც მუშაობდა, ისიც გაჩერდებოდა, მარტო პირველივე წელიწადს მინიმუმ 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა. ამას ითხოვს ევროპარლამენტი აბსოლუტურად ღიად. თავად უნდა გამოიტანოთ დასკვნები ამასთან დაკავშირებით. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინვე გაქრება ასეთი უსამართლო, გაუგებარი მოთხოვნები, მოთხოვნა, რომ გავანადგუროთ საკუთარი ხელით საკუთარი ეკონომიკა და მაშინვე ჯანსაღ რელსებზე გადაერთვება ურთიერთობები, როგორც ევროკაშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი, ვინაიდან ის მხარეს წარმოადგენს.


„უფრო მეტიც, მინდა შეგახსენოთ ერთი საინტერესო განცხადება, რომელიც გააკეთა ჰელსინკის კომისიამ. ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნდებოდა მადისკრედიტებელი ინფორმაცია მმართველი პარტიის შესახებ, თუმცა ნახეთ, რომ არაფერი გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში, ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო, თუმცა თავისთავად ეს მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი, რაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.