ხობი 2 ჰესი არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხობი 2 ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება - 202 მლნ კვტ/სთ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. პროცესები დაიწყო 2015 წლიდან და ჰიდროელექტროსადგური უკვე შესულია ექსპლუატაციაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას“ წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა იორდანიშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განხორციელდა ამ ჰესის მშენებლობასთან ერთად, რაც მოიცავდა, მათ შორის, მდინარის გათევზიანებას, ადგილობრივი სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლის, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას, ნიკო კვარაცხელიას ფონდის მხარდაჭერას ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად, ასევე მუხურის ენდემური ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას, გამრავლებას, ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდის მხარდაჭერას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა კომპანიას, კომპანიის ხელმძღვანელობას ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი და 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარების მაჩვენებელს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი 4 წელიწადი ეკონომიკური ზრდის კუთხით, როდესაც 40 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი გეგმის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდით ლარით უნდა გაიზარდოს. ეკონომიკურ ზრდას თან უნდა სდევდეს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა ასევე წინსვლა ჩვენი ენერგეტიკული რესურსების ათვისების თვალსაზრისით. 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, 4600 მეგავატამდეა გაზრდილი დადგმული სიმძლავრის მოცულობა გასული 12 წლის განმავლობაში. ანუ, 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები. ჩვენ გვაქვს ასევე ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს უკვე 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის უნდა გადააჭარბოს უკვე 10 000-ს. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით ვიქნებით სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ნიშნავს სახელმწიფოს უფრო ძლიერ დამოუკიდებლობას. ამისათვის შექმნილია ყველანაირი საფუძველი და მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში.
„მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს ბატონ ლევან დავითაშვილს, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობას, კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც ელექტროენერგეტიკის სფეროში საქმიანობენ. თითოეული მათგანის წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პროგრესში, რასაც ქვეყანა აღწევს ეკონომიკური თვალსაზრისით და კონკრეტულად, ენერგეტიკის სფეროში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას. ასეთ კომპანიებზე დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ჩვენი ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ენერგეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა, რომლის მიხედვითაც 4 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ენერგეტიკას, ამ მიმართულებით ჩვენ გასული 12 წლის განმავლობაში გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, დადგმული სიმძლავრე იყო მხოლოდ 3 359 მეგავატი საქართველოში 2012 წლისთვის, უკვე არის გაზრდილი 4600-მდე, აქ გვაქვს 37 პროცენტამდე ზრდა. ჩვენი ამოცანაა 2028 წლისთვის დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინოს 8 000 მეგავატზე მეტი, საუბარია რესურსების გაორმაგებაზე. 2030 წელს უნდა გადააჭარბოს 10 000 მეგავატს და ამ მიმართულებით ყველანაირი საფუძველია შექმნილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, „ხობი 2“ ჰესი ახლა შედის ექსპლუატაციაში, ის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში ამ სფეროში განხორციელდა.
„ეს არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აშენდა საქართველოში საბჭოთა პერიოდის შემდეგ. მადლობა კომპანიას, რომელმაც განახორციელა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც წარმართავდა შესაბამის პროცესებს და მომავალშიც გვჭირდება ბევრი ასეთი პროექტი, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და კონკრეტულად ენერგეტიკის სფეროს განვითარებას. ჩვენ ასე გავაგრძელებთ და 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით გახდება უკვე სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა. უკვე ნაცვლად იმპორტიორისა, ჩვენ გავხდებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რაც იქნება დიდი მიღწევა. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი პოლიტიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებასაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული სამი წლის და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა როგორც ფართო რეგიონში, ასევე ევროპაში.
„2021-2022-2023 წლები საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9,7 პროცენტი. პირველ ადგილზე ვიყავით ზრდის მაჩვენებლით ფართო რეგიონში და ასევე ევროპაში. წელსაც, პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,8 პროცენტი, იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე იყო სამწლიანი საშუალო მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ვინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვინდა, რომ სულ მცირე 40 მილიარდი ლარით გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკა. აბსოლუტურად რეალურია ეს ყველაფერი იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს. გვინდა, რომ მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი ეკონომიკა 4 წელიწადში გახდეს 36 000 დოლარზე მეტი, რითაც უკვე 4 წელიწადში გავასწრებთ აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას, რომელსაც დღეს გახსნილი აქვს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ტენდენციები არის ძალიან კარგი, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. მთავრობას ჰყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი, მენეჯმენტი არის ძალიან ძლიერი, შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ 4 წელიწადში ყველა ეს ამოცანა სრულად შესრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ვინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია" - ირაკლი კობახიძე
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი