მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვიდრე ოპოზიცია საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს აგროვებს და „ქართული ოცნების“ 1 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, „ვერსია“ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, უკვე მეოთხე წრეზე გამარჯვებული პარტიის აქტიური წარმომადგენლის, აწ უკვე წინა მოწვევის პარლამენტის წევრისა და უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ. თუმცა, მანამდე, ტრადიციულად, მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ.

 

უმრავლესობის ლიდერის ბიოგრაფია

იურისტი და პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძე დაიბადა 1978 წლის 24 ნოემბერს, თბილისში. 2000 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, ხოლო 2014 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტურა.

1999-2006 წლებში, კითხულობდა ლექციებს დ. გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 2001-2004 წლებში - საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იყო; 2005 წლიდან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი და ადვოკატი იყო სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2007-2014 წლებში - შპს „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატია; 2009-2014 წლებში -  (ა)აიპ „სამართლის მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელია; 2014 წლიდან - არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარეა; 2014 წელს - იურიდიული კომპანია „ლიგალ კონსალტინგ გრუპის“ ადვოკატი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელია; 2014 წლიდან - „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის“ პრეზიდენტია; 2014 წლიდან - (ა)აიპ „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციი“ გამგეობის წევრია; 2015 წლიდან - საადვოკატო კომპანია „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია; 2016-2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, საარჩევნო ბლოკიდან: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; 2020 წლიდან - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

2015 წელს, მამუკა მდინარაძეს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მის სახელს უკავშირდება უპრეცედენტო პროექტი სამართლის ისტორიაში - „საადვოკატო გამოძიების სამსახური“, რომელიც მის სადოქტორო ნაშრომშიც აისახა.

 

მამუკა მდინარაძის დეკლარაცია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰყავს მეუღლე, ნათია კუნჭულია და ორი შვილი - გურამი და კატო. ნათია კუნჭულია საჯარო უწყების თანამშრომელია - დეპუტატის მეუღლე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ საქმის წარმოების მხარდაჭერის სამსახურს ხელმძღვანელობს.

სულ ბოლოს, ქონებრივი დეკლარაცია, მამუკა მდინარაძემ 2024 წლის 1 იანვარს შეავსო. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დეპუტატის მეუღლე ნათია კუნჭულიამ, თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში, 2022 წელს, მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელშიც 6 000 ლარი გადაიხადა. ნათია კუნჭულიას საკუთრებაშია თბილისში, 119 კვ.მ. ფართობის ბინა ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც 2008 წელს, 170 000 ლარად შეუძენია. მის საკუთრებაშია 1 509 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურთსოფელში, რომელშიც 2021 წელს, 9 600 ლარი გადაუხდია.

მართალია, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამუკა მდინარაძის სახელზე უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული, მაგრამ სამაგიეროდ, ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დეპუტატი გატაცებულია მხატვრობით. მაგალითად, ლადო გუდიაშვილის ნახატში (ფურცელზე შესრულებული, ფანქრით), 2010 წელს, 2 000 ლარი გადაუხდია. 2013-2014 წლებში, მდინარაძეს ბაღდავაძის სამი ტილო შეუძენია და ჯამში, 4 200 აშშ დოლარი გადაუხდია.

დეკლარაციის შევსებისას, მამუკა მდინარაძეს სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 6080.13 ლარი და 412.41 აშშ დოლარი. ნათია კუნჭულიას სახელფასო ანგარიშზე - 2316.53 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე - 1439.79 ლარი ერიცხებოდა.

ნათია კუნჭულიამ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“, საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე, ხელფასის სახით, 3035.65 ლარი მიიღო, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, მისი წლიური შემოსავალი 59 909.35 ლარი იყო. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, ქონებრივი დეკლარაციიდან ვარკვევთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე, მისი წლიური შემოსალია 53 449.92 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამუკა მდინარაძეს ორი იპოთეკური სესხი ჰქონია - 120 000 და 118 000 ლარის ოდენობით.

სხვადასხვა დროს, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში, მამუკა მდინარაძეს ჯერ - 55 000 ლარი; ამის შემდეგ - 50 000 ლარი; 27 000 ლარი; 20 000 ლარი და კიდევ ერთხელ - 20 000 ლარი დაუხარჯავს.

 

ავტორი: მაკა რუხაძე