როგორ ცდილობდა არასრულწლოვანი გოგონა დის შეყვარებულთან დაშორებას

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იგუანას კრიმინალური ამბავი

წესითა და რიგით, ქართული მხატვრული ფილმი „უძინართა მზე“ ყველას ნანახი უნდა გქონდეთ (ვისაც არ გინახავთ, ნახეთ). ფილმში ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდია, როცა აგნესა ექსპერიმენტებისთვის შეკრებილ ვირთხებს უშვებს, რადგან ჰგონია, რომ მამამისი ამ ვირთხებით დროს კარგავდა და კიბოს საწინააღდეგო წამალს ტყუილად ეძებდა. მერე... მერე ყველამ იცის, ვინც არ იცის, ნახოს.

 

ჰოდა, ვირთხების რა გითხრათ, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, თბილისში იგუანა დაიკარგა და მას ლამის მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებდა. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ დაკარგულ იგუანაზე პასუხისმგებელი შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილი იყო.

საქმის არსი უკეთ რომ გაიგოთ, დეტალებს გეტყვით. თბილისში, ცნობილი პროფესორის შვილი, სწორედ იმ შსს-ს მაღალჩინოსნის გოგონაზე აპირებდა დაქორწინებას. პროფესორი მივლინებით საზღვარგარეთ წავიდა, მისი შვილიც მამის კვალს მიჰყვებოდა და ისიც თან ახლდა, ბიჭის დედა გარდაცვლილი იყო და ბრაზილიელი პროფესორების მიერ ნაჩუქარი იგუანასა და ამაზონის ჯუნგლებიდან ჩამოყვანილი ორი ბრაზილიური თუთიყუშის მოვლა, სწორედ მაღალჩინოსნის გოგონას სთხოვეს. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ქორწილი უნდა გამართულიყო, მაგრამ გოგონამ იგუანა დაკარგა და ეს იმას ნიშნავდა, რომ ქორწილი, შესაძლოა, არ შემდგარიყო, რადგან პროფესორს იგუანა ძალიან უყვარდა, მის დაკარგვას მომავალ სარძლოს არ აპატიებდა, შვილი კი მამის სურვილის წინააღმდეგ არ წავიდოდა.

„ჩემი ბრალი არ არის, შენს უმცროს ქალიშვილს ვთხოვე იგუანასთვის საჭმელი დაეყარა, იმან კი, ბინის კარი ღია დატოვა, იგუანა გაიპარა და ახლა, სად უნდა ვეძებო? შეიძლება, ვიღაცამ კიდეც მოკლა, შეეშინდებოდა, გველი ან დიდი ხვლიკი ეგონებოდა, ან სულაც გველეშაპი“, - მამის მკერდზე ქვითინებდა გოგონა. სწორედ ამიტომ, მთელი შსს ფეხზე დადგა, არაოფიციალურად ყველა იგუანას ეძებდა და ყველას სურდა, მაღალჩინოსნის თვალში ამაღლებულიყო, მაგრამ ეგზოტიკური ქვეწარმავალი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. პროფესორის დაბრუნებამდე კი, სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა. მაღალჩინოსანმა გამოცდილ გამომძიებელს მიმართა და უთხრა, თუ იგუანას იპოვი, მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნებიო. მეტიც, გამომძიებელს მინისტრის მოადგილემაც დაურეკა და იგივე სთხოვა, ორი-სამი დღით, სხვა საქმეები გადადე და შენს ბიჭებთან ერთად, ამ საქმეს ჩაუჯექიო. გამომძიებელსაც უარი არ უთქვამს და პირველ რიგში, სამეზობლო შემოიარა, ეგებ, ვინმემ რამე იცოდესო, მაგრამ იგუანას შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

„ეგზოტიკური ცხოველები თუ ქვეწარმავლები ბევრს არ მოსწონს და არ უყვარს, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, რომელიც მათზე გიჟდება და დიდ ფულსაც იხდის,. მოვიკითხეთ და შავ ბაზარზე ამ ზომისა და ამ შეფერილობის იგუანა 500 მანეთადაც კი იყიდება,რაც ცოტა ფული არ არის. ამიტომ, შეეცადეთ გაარკვიოთ, ვინმემ ხომ არ გაყიდა, ან ხომ არ ყიდის იგუანას და ხომ არ არის ეს ის ეგზემპლარი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ“, - უთხრა გამომძიებელმა ოპერმუშაკებს და მათაც ორ საათში საინტერესო ამბავი გაიგეს - ახალგაზრდა კაცი იგუანას ნამდვილად ყიდდა, თუმცა მას პრობლემა ჰქონდა, კუდი იყო მოწყვეტილი. ძალოვნებმა ივარაუდეს, რომ კუდი, შესაძლოა, დაჭერის დროს მოწყდა, ამიტომ ქვეწარმავლის სანახავად წავიდნენ. უფრო ზუსტად, ბიჭს, როგორც მყიდველები, ისე ესტუმრნენ. სამართალდამცავებს იმედები მალე გაუცრუვდათ, რადგან იგუანას აშკარად ეტყობოდა, რომ კუდი კარგა ხნის მოწყვეტილი ჰქონდა და ჭრილობა არ ეტყობოდა. ამიტომ, ბიჭი რომ არ დაეფრთხოთ და მათ წრეში რომ არ გახმაურებულიყო, ძალოვნები იგუანას რომ ეძებდნენ, უკუდობის გამო დაიწუნეს და უთხრეს, თუ კუდიანს და დაუზიანებელს იპოვი, ფულს არ დაგამადლითო.

დაჰკითხეს „მთავარი დამნაშავეც“, შსს-ს მაღალჩინოსნის უმცროსი შვილი, 16 წლის გოგონა, რომელიც ამბობდა, ყველაფერი შემთხვევით მოხდა, რა ვიცოდი, თუ იგუანას სირბილი შეეძლო, კარი ღია დამრჩა და რომ მოვიცალე, ვეღარსად ვნახეო. იგუანას ექსპერტებიც ამბობდნენ, რომ ამ ქვეწარმავალს შეეძლო, საათობით გაუნძრევლად მდგარიყო, მაგრამ თუ აიწყვეტდა, სირბილი არ შეეშლებოდა და ადამიანს მისი დაწევა გაუჭირდებოდა. დაწევას ვინ ჩივის, გოგონა ამბობდა, არც კი დამინახავს, როგორ გავიდა კარში და არც ის, კიბეზე როგორ დაეშვაო. ამასობაში, ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა ძალიან საინტერესო ცნობა მოიტანა. როგორც გაირკვა, სწორედ იმ დროს, როცა იგუანა გაქრა, ერთ-ერთ ოჯახს, სადარბაზოში ავეჯი შეჰქონდა და მუშები მუდმივად კიბეზე იყვნენ. ისინი კი ამბობდნენ, ხვლიკი არ დაგვინახავსო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, რომ იტყუებოდნენ, ავეჯი აიტანეს, მერე იგუანა ხელს გააყოლეს და გაყიდეს. ქურთი მუშები მალე იპოვეს და მკაცრად დაჰკითხეს.

„რა ხვლიკი და იგუანა, ხალხო? ეგ რომ დაგვენახა, ხომ გული გაგვისკდებოდა? ჩვენ ავეჯი აგვქონდა და არაფერი დაგვინახავს, ხომ შეიძლება, ის ხვლიკი ქვემოთ კი არა, ზემოთ წავიდა, ან ჭერზეა, ან რომელიმე სხვა მაცხოვრებელმა გაუღო კარი და ოთახში შეიყვანა“, - თქვეს მუშებმა და ეს მართლაც იდეა იყო - არაოფიციალურად, მაგრამ იმ სადარბაზოში ყველა ბინა გაიჩხრიკა. იგუანას ზომებიდან გამომდინარე, მას მარტივად ვერ დამალავდნენ, ამიტომ თამამად ეძებდნენ, მაგრამ ვერაფერი ნახეს. შანსი იმისა, რომ დაკარგულ ქვეწარმავალს იპოვიდნენ, სულ უფრო მცირდებოდა, მააგრამ გამომძიებელი შინაგანად გრძნობდა, რომ რაღაც გაეპარა, რომ იგუანა იქვე იყო, ახლოს და ვერ პოულობდა. ამიტომ, საქმეს კიდევ ერთხელ ჩაუჯდა, ღამე გაათენა და... ახალი ვერაფერი ნახა. მეორე დღეს, სამსახურში დაღლილი და იმედგაცრუებული წავიდა. კართან ერთ-ერთი ოპერმუშაკი დახვდა და უთხრა, საქმე მაქვსო. გამომძიებელი ხელქვეითს უყურადღებოდ უსმენდა, რადგან „მიხვდა“, მისი მონათხრობი მიმდინარე საქმესთან კავშირში არ იყო, თუმცა...

„უფროსო, ჩემი მეუღლე ცოტა უცნაური ქალია, მკითხავ-მჩხიბავების სჯერა. ჰოდა, გუშინ დაქალმა უთხრა, ერთი მკითხავი ვიცი, სასწაულებს აკეთებსო და მასთან წავიდნენ. იქიდან რომ დაბრუნდა, აღტყინებული და აღტაცებული იყო, ნამდვილი მკითხავი ვიპოვე, მარტო თავად კი არ მკითხაობს, პატარა გველეშაპი ჰყავს და ისიც საქმეშია, თავს ატრიალებს იმ მხარეს, სადაც კარტია და მერე იმ კარტზე მიდის მკითხაობა. გამეცინა, რა გველეშაპი-მეთქი და მთხრა, ხვლიკს ჰგავსო. ჯიბეში მქონდა იგუანას სურათი, ვანახე და თავი დამიქნია, ეგ არისო. მოკლედ, იმ მკითხავის მისამართი მაქვს და ახლავე უნდა წავიდეთ“, - თქვა ოპერმუშაკმა და გამომძიებელმაც ყურები ცქვიტა. ჯგუფი ადგილზე ნახევარ საათში მივიდა.

რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩხრეკა არ გამოდიოდა, ამიტომ გამომძიებელმა ის გოგო მიიყოლა, რომელსაც იგუანა ჩააბარეს და საქმროს დაკარგვის შიშით, ძალიან წუხდა. ლეგენდა ასეთი იყო - გამომძიებელი და ეს გოგონა ცოლ-ქმარი იყვნენ, ბავშვი არ უჩნდებოდათ და მკითხავის თუ მჩხიბავის რჩევა სჭირდებოდათ. ქალმა ყურადღებით მოუსმინა, მერე კი უთხრა, თუ გნებავთ, ჩემს დამხმარეს გამოვიყვან, ოღონდ მისი შეწუხება 50 მანეთი დაგიჯდებათო. „ცოლ-ქმარი“ დაეთანხმა და ქალმაც მეორე ოთახიდან იგუანა გამოაბრძანა.

„ის არის“, - თქვა გოგონამ და სიხარულისგან გული წაუვიდა. მკითხავი ვერ მიხვდა, რა მოხდა, გამომძიებელი გოგონას მოსულიერებას შეუდგა, თანაც ხმამაღლა დაიყვირა, შემოდითო და ოთახი ოპერმუშკებით გაივსო. მკითხავი დააკავეს, იგუანაც განყოფილებაში წაიყვანეს.

„მე არავისთვის არაფერი მომიპარავს. ლოთი ცოლ-ქმარი რომ არიან უბანში, მათ მომიყვანეს ეს ხვლიკი და სანაცვლოდ, 1 ლიტრი არაყი მივეცი. ვკითხე, საიდან ჰყავდათ და მითხრეს, რომ იპოვეს. არ გამიგია, პროფესორმა დაკარგა თუ ტროლეიბუსის მძღოლმა, ჩემი საქმისთვის მჭირდებოდა და გადასარევადაც ვიყენებდი“, - განაცხადა მკითხავმა. რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა ლოთი ცოლ-ქმარიც დაჰკითხეს. მათ კარგად ახსოვდათ, როგორ მოიპოვეს ხვლიკი და როგორ გადაწყვიტეს, რომ მისი ერთადერთი შემძენი მკითხავი იქნებოდა და ძალიან ბედნიერები იყვნენ იმით, რომ სანაცვლოდ არაყი მიიღეს.

„ეს ხვლიკი სადარბაზოდან ახალგაზრდა გოგონამ გამოიყვანა და ბუჩქებში ჩასვა, მერე კი, იქაურობას სირბილით გაეცალა. არ ვიცით, ის გოგო ვინ არის, ჩვენი უბნელი არ უნდა იყოს, მაგრამ მიახლოება და ხელის მოკიდება იმიტომ გავბედეთ, რომ მას არ კბენდა და ჩვენც არ გვიკბენდა“, - თქვეს ლოთებმა.

ეს რაღაც ახალი იყო - გამოდიოდა, იგუანა კი არ გაიქცა, ის ვიღაცამ, უბრლოდ, მოიშორა და... გამომძიებელმა ლოთებს მაღალჩინოსნის უმცროსი გოგოს სურათი ანახა. ცოლ-ქმარი ერთად აყვირდა, კი, ეს გოგონააო. გამომძიებელი შსს-ს მაღალჩინოსანს დაუკავშირდა და მდგომარეობა აუხსნა, რამაც ის ძალიან გააკვირვა. უმცროს შვილს ის გამომძიებელთან ერთად ესაუბრა.

„თქვენ არ იცით... არაფერი არ იცით... ის ბიჭი მეც მიყვარს და მგონია, რომ მე უფრო შემეფერება. ისიც არ უნდა იყოს გულგრილი, ერთხელ თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, რომ ძალიან კარგი ბავშვი ვარ. წელს სკოლას ვამთავრებ და ბავშვი აღარ ვიქნები“, - ატირდა გოგონა.

შსს მაღალჩინოსანმა გამომძიებელს მადლობა გადაუხადა, დანარჩენს მე მივხედავო და... ორ თვეში, გამომძიებელი ქორწილში საპატიო სტუმრად იყო მიწვეული, უმცროსი გოგონა კი მალე მიხვდა, რომ ეს ბავშვური გატაცება იყო და მის ბავშვურ გატაცებას ლამის იგუანა შეეწირა.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე