როგორ გაითამაშა საკუთარი გარდაცვალება ქართველმა ქალმა ბარსელონაში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროდ, პრაქტიკულად, ყოველდღე, საქართველოში უცხოეთიდან ჩვენს მოქალაქეებს მოასვენებენ. საზღვრებს გარეთ უკვე იმდენი ასეული ათასი თუ მილიონი ჩვენებურია გასული, რომ მათი უკან ჩამოსვენებაც რიგით ამბად იქცა, ყველა შეეგუა, თითქოს. ზოგი ბუნებრივი სიკვდილით კვდება, ზოგი - ავარიით, ზოგს კლავენ და ესეც ჩვეულებრივი ამბავია, სადაც ადამიანები არიან, იქ არის სიკდილიც და საბედნიეროდ, იქ არის სიცოცხლეც. საზღვარგარეთ არაერთი ჩვენებური იბადება და წარმატებებსაც აღწევს. არც ის გვიკვირს, მაგალითად, ოლიმპიადაზე, ძიუდოისტთა შორის „ესპანელი“ ნიკო შერაზადიშვილი, ასევე „ესპანელი“ ტრისტან მოსახლიშვილი, „ნიდერლანდელი“ ერეკლე ჭკადუა, „აზერბაიჯანელი“ უშანგი კოკაური, „ფრანგი“ ლუკა მხეიძე რომ ასპარეზობდნენ და არცთუ ურიგოდ. ქართული სისხლის დუღილი იქაც ჩანდა და როგორ გინდა, არ აგეტიროს, როცა მხეიძე ფინალში მეტოქეს ხვდებოდა, მთელი დარბაზი გუგუნებდა - „ფრანსე, ფრანსე“ და ამ დროს, სუსტად, მაგრამ მაინც ისმოდა რამდენიმე ათეული გულშემატკივრის შეძახილი - „საქართველო, საქართველო“...

 

მოგეხსენებათ, ევროპაში ქართველ პოლიციის ატაშეთა რიცხვი ძალიან გაიზარდა და ეს დანაშაულის ზრდას უკავშირდება. დიახ, ბევრი ემიგრაციაში განათლების მისაღებად და სამუშაოდ კი არ მიდის, არამედ, იმისთვის, რომ მოიპაროს და ერთ დღეში თუ ერთ კვირაში გამდიდრდეს, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა „კარიერას“ ციხეში ასრულებს და ნანატრი სიმდიდრეც არსად ჩანს.

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ესპანეთში მოხდა და ესპანურმა მხარემ ქართველი სამართალდამცავების ჩართვა თავად მოითხოვა. ზოგადად, ქართულ მხარეს ყველაზე კარგად აწყობილი და დაწყობილი თანამშრომლობა, სწორედ ესპანურ და გერმანულ მხარესთან აქვს.

საქართველოდან ესპანეთში, კონკრეტულად კი ბარსელონაში, ტყუპი და წავიდა. როგორც წესი, თავიდან ორივემ მოხუცების მოვლით დაიწყო, შემდეგ ერთი და კაფეში გადავიდა სამუშაოდ და მერე, ქალაქის გარეუბანში, პატარა კაფე თავადაც აიღეს იჯარით. ნელ-ნელა საქმე აეწყო და 5-6 წლის შემდეგ, დებმა იმდენი ფული მოაგროვეს, რომ საკუთარი კაფე გახსნეს. თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მათი ცხოვრება აეწყო, ბინაც კი აიღეს კრედიტით და იცოდნენ, რომ დაახლოებით, ათ წელიწადში, ბარსელონაში უკვე საკუთარი საცხოვრებელი ექნებოდათ. ჰოდა, უბედურებაც სწორედ მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა არ ელოდები - ერთ-ერთი და ავტოავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. სანამ მეორე და მომხდარის დეტალებს არკვევდა და საქართველოში გადმოსვენების საბუთებს აგროვებდა, მას აუწყეს, თქვენი დის კრემაცია მოხდა და ფერფლს როდის წაიღებთო? სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ტყუპისცალი პოლიციაში მივიდა და განაცხადა, ეჭვი მაქვს, ჩემს დას ავარია მოუწყვეს და რაც მთავარია, იმ ავარიაში უკვე მკვდარი დააგდეს, მერე კი, კრემაცია იმიტომ გააკეთეს, ექსპერტიზას სიკვდილის ნამდვილი მიზეზი რომ არ გაეგოო. სამართალდამცავები საქმეში ჩაერთვნენ, მაგრამ ცოტა ხანში იფიქრეს, რომ მომხდარში დანაშაულის ნიშნები არ იყო, რადგან არსებობდა ოფიციალური საბუთი, რომლის მიხედვითაც, გარდაცვალების შემთხვევაში, და სწორედ კრემაციას ითხოვდა ანუ კრემაცია მისი სურვილის შესაბამისად მოხდა. აღნიშნული საბუთის არსებობის შესახებ მეორე დამ არაფერი იცოდა და გაოცებული უყურებდა საბუთს, რომელზეც აშკარად მისი დის ხელმოწერა იყო. თითქოს, ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ახლა უკვე თავად პოლიცია დაინტერესდა ერთი დეტალით - გარდაცვლილს, სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, 700 ათასი ევროს კრედიტი ჰქონდა დამტკიცებული, ეს თანხა ანგარიშზე განულებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფულს არავინ გადაიხდიდა ანუ ბანკი, უბრალოდ, იზარალებდა.

„დიახ, ამ კრედიტის აღება ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ახალი კაფე უნდა გაგვეხსნა, ცოტა უფრო დიდი და უკეთეს ადგილზე, მაგრამ... არ მეგონა, თუ ჩემმა დამ თანხა გაანაღდა, მეგონა, ანგარიშზე იყო“, - გაოცებული ამბობდა გარდაცვლილის ტყუპისცალი და იმ ვიდეოებსაც გაოცებული უყურებდა, სადაც ჩანდა, როგორ ხსნიდა მისი და ყოველდღიურად ბანკომატიდან სოლიდურ თანხას.

ჰოდა, ძალოვნებს ეჭვი სწორედ აქ გაუჩნდათ. იქნებ, გარდაცვლილი იყო არა ის ქალი, რომელმაც კრედიტი აიღო, არამედ მისი და და სინამდვილეში, კრედიტის ამღები ცოცხალი გახლდათ და სიტუაციით სარგებლობდა? იქნებ, თავად მოაწყო თავისი დის სიკვდილი და ახლა, ფულიც და ქონებაც სრულად მას რჩებოდა?! რაც მთავარია, დებს ერთმანეთისგან ვერავინ გაარჩევდა ანუ რომელი იყო ცოცხალი და რომელი გარდაცვლილი, არავინ იცოდა, ცხოვრებაშიც და საბუთების სურათებშიც, ისინი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰავდნენ. ამიტომაც მოითხოვეს ესპანელმა პოლიციელებმა ქართველების ჩართვა, იქნებ, არსებობდა რამე განმასხვავებელი ნიშანი, ან ისეთი ნათესავი საქართველოში, რომელიც მათ გაარჩევდა. რაც მთავარია, ბაზაში არ არსებობდა მათი თითის ანაბეჭდი, რომ შეედარებინათ, დნმ კი... რომელი რომლის იყო, როგორ უნდა გაერჩიათ?

დებს მშობლები გარდაცვლილი ჰყავდათ, რაც მათი მხრიდან იდენტიფიცირებას გამორიცხავდა, არ ჰყავდათ სხვა დედმამიშვილი, ნათესავი კი... ვინმეს რომც გაერჩია, იტყოდა, ცდებაო და ვერაფერს დაამტკიცებდნენ. ამიტომ, საქართველოში, მათი ავადმყოფობის ისტორია მოიძიეს და საინტერესო განმასხვავებელ ნიშანს მიაგნეს. ექიმი, რომელსაც დები კარგად ახსოვდა, ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთ დას, მხარზე ლაქა ჰქონდა, თუმცა ეს არ იყო არც ხალი და არც - სხვა რამ, ეს იყო დაბადებიდან გამოყოლილი ლაქა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, გვარიანად გამუქდა. ჰო, ლაქა არ იყო შეუმჩნეველი და ლამის ხელის გულის ზომის გახლდათ. აქ არსებული საბუთებით, ცოცხალი, სწორედ ეს და უნდა ყოფილიყო და თუ მას ლაქა აღმოაჩნდებოდა, გამოდიოდა, რომ ის არ ტყუოდა და გარდაცვლილი მართლაც ის იყო, რომელმაც კრედიტი აიღო. საქართველოდან ესპანეთში ერთი ძალოვანი წავიდა, ყველა საბუთი წაიღო და რაც მთავარია, წაიღო იმ ლაქას სურათი, რომელიც ცოტა უხარისხო კი გახლდათ, მაგრამ ზუსტად ჩანდა ფორმები და ადგილი მხარზე, სადაც ის ლაქა არსებობდა. ქართველი სამართალდამცავის ჩასვლის შემდეგ, ესპანელებმა ქალი დაკითხვაზე გამოიძახეს.

„ლაქა? დიახ, ლაქა მე მაქვს, ჩემს დას არ ჰქონდა“, - თქვა ქალმა და მხარი მოიშიშვლა. იქვე იყო ექიმიც, რომელმაც ყურადღებით დაათვალიერა ლაქა და განაცხადა, რომ ეს არ იყო ახლახან მიხატული, ან რამე ხელოვნური სვირინგი, ეს ნამდვილად ბუნებრივი ლაქა გახლდათ. სამართალდამცავებს ნანახი არ მოეწონათ, რადგან საქმე უფრო აიხლართა. გამოდიოდა, რომ ქალი არ ტყუოდა, მაგრამ მაშინ სად იყო ფული, რომელიც მან ბანკომატიდან მოხსნა? სხვა ანგარიშზე მას თანხა არ შეუტანია, სახლში ფული არ იდო და დაც გაოცებული ამბობდა, ამდენი თანხა, ნეტავ, სად უნდა წაეღოო? ხომ შეიძლებოდა, რომ ვინმემ ამ თანხის არსებობის შესახებ იცოდა და ქალი უბრალოდ მოკლა? მაგრამ... მისი ხელით დაწერილი განცხდება კრემაციაზეც დიდ ეჭვს იწვევდა.

„იქნებ, ის კრემატორიუმს მოელაპარაკა, იქნებ, უბრალოდ ფული გადაუხადა, მაგალითად, 100 ათასი და სთხოვა, რომ ვინმე უპატრონო დაეწვათ“, - „ჯიგრულ-ქართულ პონტში“ იფიქრა აქედან ჩასულმა პოლიციელმა და ესპანელი სამართალდამცავებიც აღნიშნული მიმართულებით წავიდნენ. პირველ რიგში, მათ ის კაცი ნახეს, ვინც ქალის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა და ერთადერთი კთხვა დაუსვეს - რატომ არ დაელოდა ოჯახის წევრს, რომელსაც ამოცნობა უნდა ჩაეტარებინა და რატომ გააკეთა ისე, რომ სასწრაფო წესით, გარდაცვლილი კრემატორიუმის გზას გაუყენა? ექიმს საბუთებით ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მანქანა გარდაცვლილის იყო, საბუთებით ის იყო, სახეც ის იყო და კრემატორიუმში გაშვება კიდევ, მისივე მოთხოვნა გახლდათ. თითქოს, ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ...

„გარდაცვლილის ფერფლი დამ სამშობლოში წაიღო და ის ორი დღის წინ გაფრინდა. ჰოდა, მე დღეს ზუსტად იგივე გარეგნობის ქალი დღეს, სუპერმარკეტში ვნახე, სახეს კი იფარავდა, თავშალიც ეკეთა, მაგრამ ის იყო. მგონია, რომ ეს სწორედ ის გარდაცვლილია, ქუჩაში არ დავაკავე, სახლამდე მივყევი, იქვე პატრულს ვთხოვე, რომ სახლისთვის ედარაჯა და აქ მოვედი“, - ქართველი პოლიციელი ესპანელ კოლეგებს ესაუბრებოდა. რაღა თქმა უნდა, მისამართზე ჯგუფი გავიდა და „გარდაცვლილი“ დააკავეს.

„700 ათასი ევრო ძალიან ბევრია, ამ ფულით ცხოვრებას ერთიანად ავიწყობდით. ყველაფერი მე დავგეგმე, ჩემმა შტერმა დამ არაფერი იცოდა და რომ გაეგო, არ დამანებებდა. ფული მე მაქვს, ოღონდ 600 ათასი, 100 თასი პათანატომს მივეცი, ყველაფერი ისე რომ გაეკეთებინა, ეჭვი არავის აეღო. არ ვიცი, მგონი ორი კვირის წინ ნაპოვნი უსახლკარო ქალი დაფერფლეს“, - განაცხადა დაკავებულმა.

თაღლითობისთვის ქართველ ქალს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ექიმს - 6 წელი მისცეს, ფული კი ბანკმა წაიღო და ყველაფერთან ერთად, თავისუფლებაზე დარჩენილი და, ციხეში მყოფი ტყუპისცალისთვის, ბანკის მიერ დაკისრებულ 70 ათას ევროს ეტაპობრივად იხდის.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე