აბა, ვინ წარმოიდგენს, რომ მადრიდის „რეალის“ 24 წლის შემტევი, ვინისიუს ჟუნიორი კარიერის სხვაგან გაგრძელებაზე იფიქრებს, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და დიდი შანსია, ვინის გული და სულიც გაანათოს. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ-ერთი არაბული კლუბი მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ, ერთი მილიარდი ევრო გადაიხადოს, თავად მოთამაშეს კი ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს და ამ ოთხ წელიწადში, ხელფასის სახით... ერთი მილიარდი მისცეს.
„ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და ოქროს ბურთის მოგება მინდა. წელს არსად წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ თუ ოქროს ბურთს მოვიგებ, მერე შეიძლება, წასვლაზეც დავფიქრდე“, -განაცხადა ვინისიუსმა, მაგრამ...
საქმე ის გახლავთ, რომ ბრაზილიელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ორი წლის შემდეგ უმთავრდება და მის გაგრძელებას არ ჩქარობს ანუ მიმდინარე სეზონის ბოლოს, მას „რეალთან“ მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულებაღა დარჩება, რაც ძალიან ცოტაა, თუმცა შესაძლოა, კლუბთან ვაჭრობაში, მან სწორედ ეს კონტრაქტი სათავისოდ გამოიყენოს. ვინისიუსი „რეალს“ მარტივად ეტყვის, რომ თუ მაგალითად, 100 ან 200 მილიონის სანაცვლოდ არ გაუშვებს, ერთი წლის შემდეგ, საერთოდ უფასოდ დაკარგავს, ხოლო არაბებს აუხსნის, რომ იმ ბონუსის ნახევარი მაინც, რაც სატრანსფეროდ გამოყოფილი მილიარდიდან დარჩება, მას პრემიის სახით მისცენ.
ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება - არაბეთში უკვე აღარ იციან, ფული სად და რაში დახარჯონ და მსოფლიოს უბრალოდ აგიჟებენ. მილიარდი ფეხბურთელში, ვინც არ უნდა იყოს ის, სრული სიგიჟეა, მაგრამ ეს სიგიჟე უკვე გაისად, ალბათ, რეალობად იქცევა.
მილიარდი ვინისიუსის სანაცვლოდ
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი